სიმარტოვე დადუმებულ ქალაქში — შეცვლილი ცხოვრება კორონავირუსით მოცულ უხანში
გუო ჯინგი ცხოვრობს ჩინეთის ქალაქ უხანში, რომელიც კორონავირუსის — ბოლო დღეების საყოველთაო ღელვის მიზეზის — გავრცელების ეპიცენტრია.
უხანი 23 იანვრიდან მოყოლებული კარანტინშია. ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, მაღაზიათა უმრავლესობა — დაკეტილი, ხალხს კი სახლებში დარჩენას ურჩევენ.
ჯინგი 29 წლის სოციალური მუშაკი და ადამიანის უფლებებისთვის მებრძოლია. ის თავის ბინაში მარტო ცხოვრობს. კარანტინის გამოცხადებიდან მოყოლებული მან დღიურში ჩანაწერების შეტანა დაიწყო და თავისი ეს ნააზრევი BBC-ის გაუზიარა.
23 იანვარი (ხუთშაბათი) — კარანტინის დაწესების დღე
როდესაც ავდექი და საზღვრების ჩაკეტვის შესახებ შევიტყვე, არც კი ვიცოდი, როგორ უნდა მემოქმედა. არ ვიცი, რას ნიშნავს ეს, რამდენ ხანს გაგრძელდება ან რა ზომები უნდა მივიღო.
სოციალურ ქსელში უამრავი აღმაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება: ამბობენ, რომ ადგილების სიმცირის გამო ბევრი დიაგნოზირებული პაციენტი ვერ გადაჰყავთ საავადმყოფოებში, რომ სიცხიან ადამიანებს შესაბამისი მკურნალობა არ უტარდებათ.
სულ უფრო ბევრი ადამიანი ატარებს პირბადეს. მეგობრებმა გამაფრთხილეს, რომ საკვები უნდა მომემარაგებინა. მაღაზიებში ბრინჯი და ატრია უკვე ლამის ამოწურულია. ერთი კაცი ზედმეტად ბევრ მარილს ყიდულობდა და ვიღაცამ მიზეზი ჰკითხა. მან შეკითხვითვე უპასუხა: "ხომ შეიძლება, კარანტინი მთელი წლით გაგრძელდეს?".
აფთიაქში წავედი. იქ უკვე აკონტროლებდნენ მყიდველთა რაოდენობას. პირბადეები და სპირტის შემცველი სადეზინფექციო საშუალებები უკვე გაყიდული იყო.
საკვების მომარაგების შემდეგაც შოკირებული ვარ. ქუჩაში მანქანებისა და ფეხით მოსიარულეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. სრულიად მოულოდნელად ქალაქი თითქოს გაჩერდა.
როდის გაცოცხლდება ქალაქი?
24 იანვარი (პარასკევი) — ახალი წელი ზეიმის გარეშე
მსოფლიო დუმს, სიჩუმე კი შემაძრწუნებელია. მე მარტო ვცხოვრობ, სხვების არსებობას მხოლოდ დროდადრო, კორიდორში მცირედი ხმაური თუ შემახსენებს. ბევრი დრო მაქვს იმაზე საფიქრელად, თუ როგორ გადავრჩე. არც რესურსები მაქვს და არც — კავშირები.
ჩემი ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ავად არ გავხდე, ამიტომაც ვვარჯიშობ. საკვებსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ხშირად ვამოწმებ ჩემს მარაგს.
მთავრობას არ უთქვამს არც ის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა და არც ის, თუ როგორ უნდა განვაგრძოთ არსებობა. ხალხის აზრით, ასე მაისამდე გაგრძელდება.
ჩემ ქვევით აფთიაქი და მაღაზია, რომლებიც, ჩვეულებისამებრ, გვიანობამდეა ხოლმე ღია, დღეს დაკეტილი იყო. მაგრამ საკვების მიმტანი კურიერები მაინც აგრძელებენ მუშაობას, რაც მამშვიდებს. სუპერმარკეტებში ატრია მთლიანად გაიყიდა, თუმცა ბრინჯი დარჩენილია. დღეს ბაზარში წავედი საყიდლებზე. შევიძინე ნიახური, ნივრის ღეროები და კვერცხები. სახლში მისვლის შემდეგ ტანსაცმელი მთლიანად გავრეცხე და შხაპი მივიღე. პირადი ჰიგიენა მნიშვნელოვანია — ხელებს დღეში დაახლოებით 20-30-ჯერ ვიბან.
გარეთ გასვლა მსოფლიოსთან მაკავშირებს. რთულია, იმის წარმოდგენა, თუ როგორ უმკლავდებიან ამ სირთულეებს მარტო მცხოვრები მოხუცები და შშმ პირები.
არ მინდოდა, ჩვეულებრივზე ნაკლები კერძის მომზადება. ეს ხომ გოჭის წლის ბოლო დღე იყო და სუფრაც სადღესასწაულოდ უნდა გაშლილიყო.
სადილის დროს ვიდეოჩატით ვესაუბრებოდი მეგობრებს. შეუძლებელი იქნებოდა, ვირუსზე სიტყვა არ ჩამოვარდნილიყო. ხალხის ნაწილი უხანის ახლოს მდებარე დასახლებებში რჩება, ნაწილი ვირუსის გამო უარს აცხადებს სახლში დაბრუნებაზე, ნაწილი კი, ეპიდემიის მიუხედავად, მაინც თავყრილობის მომხრეა. ერთ-ერთმა მეგობარმა საუბრის დროს დაახველა. მეორემ ხუმრობით ვიდეოჩატიდან გასვლა მოსთხოვა.
ერთმანეთს სამი საათის განმავლობაში ვესაუბრებოდით და წესით ბედნიერად უნდა ჩამძინებოდა, მაგრამ როგორც კი თვალები დავხუჭე, წარსული რამდენიმე დღის მოგონებებმა გამიელვა. ცრემლები ჩამომცვივდა. თავი უმწეოდ, გაბრაზებულად და მოწყენილად ვიგრძენი. სიკვდილზეც კი ვფიქრობდი.
არადა, სიცოცხლის სტიმული ნამდვილად მაქვს, ჩემი საქმე მნიშვნელოვანია. არ მინდა, ეს ყველაფერი დასრულდეს.
25 იანვარი (შაბათი) — ჩინური ახალი წელი სიმარტოვეში
დღეს ჩინეთში ახალი წელია. დღესასწაულების აღნიშვნის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ და მით უმეტეს ახლა, როცა საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, საახალწლო ზეიმი კიდევ უფრო შეუსაბამოდ მიმაჩნია.
დილით სისხლით დამაცემინა და ძალიან შემეშინდა. გონება ავადმყოფობაზე ფიქრით ამევსო. ვერ გადამეწყვიტა, გარეთ გავსულიყავი თუ არა. მაგრამ სიცხე არ მქონდა, არც უმადობას ვუჩიოდი, ამიტომაც გასვლა ვარჩიე.
ხალხის თქმით, ორი პირბადის ტარებას აზრი არ აქვს, მაგრამ მე მაინც თავს ვიზღვევ. ასე უფრო დაცულად ვგრძნობ თავს. თანაც, ვინ იცის, შემთხვევით დაბალი ხარისხის ნიღაბი რომ შემხვდეს?!
ქალაქში ჯერაც სიჩუმე სუფევდა.
ყვავილების მაღაზია ღია იყო. მის მფლობელს კართან ქრიზანთემები ჰქონდა გამოფენილი [ქრიზანთემებს ხშირად სამგლოვიარო ყვავილად მიიჩნევენ], თუმცა ვერ მივხვდი, ეს რამეს თუ ნიშნავდა.
სუპერმარკეტში ბოსტნეულის თაროები ცარიელი დამხვდა, დამპლინგებიც და ატრიაც თითქმის მთლიანად გაყიდული იყო. სულ რამდენიმე ადამიანი იდგა რიგში.
მაღაზიაში ყოველ მისვლაზე ჯერაც ბევრი პროდუქტის ყიდვის სურვილი მიტანს. კიდევ 2.5 კილოგრამი ბრინჯი ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ სახლში 7 კილოგრამი უკვე მქონდა. ასევე თავი ვერ შევიკავე, რომ ტკბილი კარტოფილი, დამპლინგები, ძეხვეული, წითელი და მწვანე ლობიო, ფეტვი და დამარილებული კვერცხები არ წამომეღო. დამარილებული კვერცხები არც კი მიყვარს! ალბათ მეგობრებს მივცემ ევაკუაციის დასრულების შემდეგ.
ერთი თვის სამყოფი საკვები მაქვს, ყიდვის ეს დაუოკებელი ჟინი კი სიგიჟეს ჰგავს. თუმცა მსგავსი გარემოებების დროს ალბათ ესეც გასაგებია.
სასეირნოდ მდინარის ნაპირს გავუყევი. სასუსნავის ორი მაღაზია ღია იყო, რამდენიმე ადამიანი კი ძაღლებს ასეირნებდა. ვხედავდი, რომ სხვებიც სეირნობდნენ. ვფიქრობ, მათაც არ უნდოდათ სახლის ოთხ კედელში დარჩენა. ამ გზაზე არასოდეს მისეირნია. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ჩემი მსოფლიო ოდნავ გაფართოვდა.
26 იანვარი (კვირა) — ხმის ამაღლება
ეს არაა მხოლოდ ხაფანგში მომწყვდეული ქალაქი. ეს ხალხის ხმაცაა.
ევაკუაციის პირველ დღეს სოციალურ ქსელში ცენზურის გამო მიმდინარე ამბების შესახებ ვერაფერს ვაქვეყნებდი. [პირადი შეტყობინებების გასაგზავნ ჩინურ აპლიკაციაში], WeChat-შიც კი ვერაფერს ვწერდი. ინტერნეტს მუდმივად აკონტროლებენ ჩინეთში, მაგრამ ახლა მსგავსი ცენზურის სისასტიკე კიდევ უფრო ძლიერ იგრძნობა.
როცა ცხოვრება უკუღმა ტრიალდება, ყოველდღიური ყოფის შენარჩუნება დიდი გამოწვევაა. დილაობით კვლავ ვაგრძელებ ვარჯიშს აპლიკაციის დახმარებით, თუმცა ვერ ვკონცენტრირდები, გონება სხვადასხვა აზრით მაქვს გადატვირთული.
სახლიდან დღესაც გამოვედი და შემხვედრი ადამიანების დათვლა ვცადე. სუპერმარკეტისკენ მიმავალ გზაზე, 500 მეტრის მანძილზე, რვა ადამიანი შემხვდა.
სულ რაღაც ორი თვეა, რაც უხანში საცხოვრებლად გადმოვედი. აქ არც ბევრი მეგობარი მყავს და არც ქალაქს ვიცნობ ძალიან კარგად, ამიტომ მისი უკეთ დათვალიერების სურვილი გამიჩნდა და სახლში დაბრუნება არ მინდოდა.
ვფიქრობ, დღეს დაახლოებით 100 ადამიანი ვნახე. არ უნდა დავეცე სულით და თავი გამომწყვდეულად არ უნდა ვიგრძნო. ვიმედოვნებ, ყველა ინარჩუნებს მხნეობას. მეგობრებო, იმედია, მომავალში შევხდებით და ვისაუბრებთ.
დაახლოებით საღამოს 8 საათისკენ ფანჯრებიდან ხალხის ყვირილი მომესმა: "მიდით, უხანელებო!". მსგავსი კოლექტიური შეძახილები ერთმანეთის გაძლიერების კარგი საშუალებაა.
28 იანვარი (სამშაბათი) — მზის სინათლის გამოჩენა
პანიკამ ხალხში მტრობა გამოიწვია.
ბევრ ქალაქში ხალხს ქუჩებში პირბადეებით გადაადგილებას სთხოვენ. ამით ეპიდემიის პრევენცია სურთ. მაგრამ, სინამდვილეში, ამან არასაჭირო ძალადობა შეიძლება გამოიწვიოს.
პირბადის უქონლობის გამო რამდენიმე მოქალაქე საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოსვეს. ჩვენ არ ვიცით, რატომ არ ატარებდნენ ისინი პირბადეს. შესაძლოა, ყიდვა ვერ მოასწრეს ან არ იყვნენ გაფრთხილებულნი ამის შესახებ. მიზეზს მნიშვნელობა არც აქვს, მათ გარეთ გასვლის უფლება არ უნდა ეზღუდებოდეთ.
ინტერნეტით გავრცელებული ზოგიერთი ვიდეოს მიხედვით, სახლში თვითნებურად გამოკეტილ ოჯახებს ზოგან კარი ამოუქოლეს. ხუბეის პროვინციაში [სადაც უხანი მდებარეობს] მცხოვრებლებს სახლების დატოვება აიძულეს, მიუხედავად იმისა, რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ. მაგრამ, იმავე დროს, ზოგი ამ ხალხს თავშესაფარს სთავაზობს.
სახელმწიფოს მრავალნაირად შეეძლო, ადამიანებისთვის სახლში დარჩენის მოტივაცია მიეცა. მან თითოეული მოქალაქე პირბადეებით უნდა უზრუნველყოს ან, თუნდაც, ფულადი ჯილდო გადასცეს მათ, ვინც სახლში რჩებიან.
დღეს, ბოლოსდაბოლოს, მზემ გამოანათა — განწყობაც გამომიკეთდა. ჩემს საცხოვრებელ კომპლექსში მეტი ხალხი შევნიშნე, მათ შორის იყვნენ სათემო მუშაკებიც, რომლებიც სიცხეს უზომავდნენ ჩვენი კორპუსის დროებით მაცხოვრებლებს.
ევაკუაციის პირობებში არაა მარტივი ურთიერთნდობა და კავშირების გაბმა. ქალაქს მდგომარეობის სიმძიმე ტვირთად აწევს.
მეც მეტად ფრთხილი გავხდი.
ჩემი ღელვა თვითგადარჩენაზე ნელ-ნელა მცირდება. გადავწყვიტე, ხალხთან მეტად კომუნიკაბელური ვიყო. სოციალური ჩართულობა მნიშვნელოვანია. ყველამ უნდა იპოვოს თავისი როლი საზოგადოებაში და ამით ცხოვრებას აზრი მისცეს.
ამ მარტოსულ ქალაქში უნდა ვიპოვო ჩემი როლი.
კომენტარები