ინფექციის დაფიქსირებისას ეს სახვევები ფერს იცვლის და თანაც ბაქტერიებს ებრძვის
მეცნიერებმა ახალი ტიპის სახვევები შექმნეს, რომლებიც ბაქტერიული ინფექციის დროს ფერს იცვლიან და პარალელურად, შესაბამის ანტიბაქტერიულ მედიკამენტებს გამოყოფენ. სახვევები თაგვებზე გამოსცადეს და მან ნაწლავური ჩხირის ინფექციები წარმატებით განკურნა.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ახალი სახვევები რეზისტენტულ ბაქტერიებთან ბრძოლაშიც გამოსადეგი იქნება, რადგან მათ რეზისტენტული შტამების ამოცნობა შეუძლიათ.
სახვევს სამი სხვადასხვა ფერის მიღება შეუძლია. მწვანე ფერი ბაქტერიის არარსებობას ან მის დაბალ კონცენტრაციას აღნიშნავს. ყვითელი ფერი სტანდარტული ანტიბიოტიკების მიმართ ბაქტერიის მგრძნობელობაზე (DS) მიგვანიშნებს, ხოლო წითელი ფერი ნიშნავს, რომ ბაქტერია რეზისტენტულია (DR) და დამატებითი ჩარევაა საჭირო. ფერის სიმუქე ბაქტერიის კონცენტრაციასთან ერთად იზრდება.
რეზისტენტულობის აღმოჩენის შემთხვევაში, შეგვიძლია რეაქტიული ჟანგბადის რადიკალები სინათლის ინტენსიური დასხივებით გავააქტიუროთ, რათა მან ბაქტერია დაასუსტოს და სახვევში ინტეგრირებული ანტიბიოტიკების მიმართ ის უფრო მგრძობიარე გახადოს.
"ბაქტერიულ ინფექციებზე და რეზისტენტობაზე დაკვირვება მკურნალობის გზების პოვნის დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებს", — განაცხადეს მეცნიერების ჩინური აკადემიის მკვლევარებმა გამოქვეყნებულ ჟურნალში.
სახვევების უპირატესობა ისაა, რომ მისი ტრასპორტირება და მოსახლეობისთვის მიწოდება საკმაოდ მარტივია. იგი ბაქტერიებთან ბრძოლას მყისიერად იწყებს და დამატებით რესურსებსაც არ საჭიროებს.
სამეცნიერო მიღწევების წყალობით, ბოლო წლებში ტრადიციული სახვევები ბევრად გაუმჯობესდა. ბოჭკოვანი ბადის ტიპის სახვევები ბაქტერიებს იზიდავს და მათ გამოდევნის, რაც განკურნების პროცესს აჩქარებს. სახვევების კიდევ ერთი ტიპი დამწვრობებისთვის გამოიყენება. იგი ბაქტერიებს გამრავლების საშუალებას არ აძლევს და ინფექციების რისკს ამცირებს.
"მოცემული სამუშაოები ანტიბიოტიკების რაციონალურად გამოყენების ახალ გზებს გვთავაზობს", — განაცხადეს მკვლევარებმა.
კვლევა ჟურნალ ACS Central Science-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები