თანამედროვე მეცნიერება ცნობიერების არსს ვერ ხსნის, თუმცა ეს შეიძლება შეიცვალოს
იმის ახსნა, თუ როგორ წარმოიშობა ნაცრისფერი, რბილი ქსოვილიდან ისეთი რთული ფენომენი, როგორიც ცნობიერებაა, თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. ტვინი უაღრესად რთული ორგანოა ას მილიარდამდე ნერვული უჯრედით, იმავე ნეირონებით, რომელთაგანაც თითოეული სხვა 10 ათასამდე უჯრედს უერთდება და ათ ტრილიონამდე ნეირონულ კავშირს ქმნის.
უკვე ბევრია ცნობილი ტვინის აქტივობისა და იმის შესახებ, თუ რამდენად განაპირობებს ის ჩვენს ქცევას. მაგრამ ჯერჯერობით ვერავინ ხსნის, თუ როგორ განსაზღვრავს ეს ყოველივე ჩვენს გრძნობებს, ემოციებსა თუ გამოცდილებებს. როგორ გარდაიქმნება ნეირონებში გამავალი ელექტრული თუ ქიმიური სიგნალები ტკივილად ან, თუნდაც, წითელი ფერის აღქმად?
არსებობს ეჭვი, რომ ტრადიციული სამეცნიერო მეთოდები ვერასოდეს გასცემენ პასუხს ამ კითხვებს. მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ალტერნატიული მიდგომაც არსებობს, რომელსაც თემისთვის ნათელის მოფენის პოტენციალი აქვს.
თითქმის მთლიანი მეოცე საუკუნის განმავლობაში საიდუმლოებით მოცული ცნობიერების შინაგანი სამყაროს გამოკვლევა ტაბუირებულ თემად ითვლებოდა ან მეცნიერებისთვის "არასერიოზულ საკითხად" განიხილებოდა. თუმცა დღეისათვის ბევრი რამ შეიცვალა და უკვე მიღებულია მოსაზრება, რომ ცნობიერება თანამედროვეობის სერიოზულ საკვლევ პრობლემას წარმოადგენს. ფილოსოფოს ფილიპ გოფის აზრით, ცნობიერების ბევრი მკვლევარი ბოლომდე ვერ აფასებს ამ გამოწვევის სიღრმეს და არასწორად სჯერა, რომ მარტოოდენ ტვინის ფიზიკური სტრუქტურის ბოლომდე გაანალიზება საკმარისია იმის მისახვედრად, თუ როგორ წარმოქმნის ის ცნობიერებას.
ცნობიერების პრობლემა რადიკალურად განსხვავდება სხვა სამეცნიერო საკითხებისგან. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მასზე პირდაპირ დაკვირვება შეუძლებელია. ჩვენ ვინმეს თავში ჩახედვით ვერ დავინახავთ მის გრძნობებსა და გამოცდილებებს. ამიტომ თუ ჩვენ მხოლოდ მესამე პირის პერსპექტივიდან დავაკვირდებით ამ ფენომენს, მასზე დასკვნების გასაკეთებლად არანაირი ხელჩასაჭიდი არ გვექნება.
რა თქმა უნდა, მეცნიერები მიჩვეულნი არიან ისეთ მოცემულობებზე მუშაობას, რომლებსაც პირდაპირ ვერ დააკვირდები. მაგალითად, ელექტრონები ზედმეტად პატარები არიან იმისთვის, რომ მათი დანახვა შევძლოთ. მაგრამ მეცნიერები მაინც იმუშავებენ დებულებებს ასეთ ფენომენებზე, რათა ახსნან ის მოვლენები, რომლებზე დაკვირვების უნარიც გვაქვს — იქნება ეს ელვა თუ უილსონის კამერაში წარმოქმნილი ზეგაჯერებული ორთქლი. მაგრამ ცნობიერების შემთხვევა უნიკალურია, რადგან თავად ასახსნელ საკითხზე დაკვირვებაც შეუძლებელია. ჩვენ არა ექსპერიმენტების მეშვეობით ვიცით, რომ ის არსებობს, არამედ — ჩვენს უშუალო გრძნობებსა თუ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ამგვარად, ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება მეცნიერებამ ახსნას ცნობიერება? როცა ჩვენ დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემები გვაქვს, შეგვიძლია, ექსპერიმენტები ჩავატაროთ, რათა ვნახოთ, ემთხვევა თუ არა დაკვირვებადი მოვლენა თეორიით განსაზღვრულ პროგნოზს. მაგრამ როცა საქმე ეხება ცნობიერების უჩინარ მონაცემებს, ყველა მსგავსი მეთოდოლოგია ხელიდან გვეცლება. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მეცნიერებს შეუძლიათ, არის ის, რომ ადამიანების ტვინის სკანირების საფუძველზე ხილული პროცესები უხილავ გამოცდილებებს დაუკავშირონ და იხელმძღვანელონ დაკვირვების ქვეშ მყოფი პირების პირადი ცნობიერი შეგრძნებებით.
ამ მეთოდით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ, მაგალითად, შიმშილის უჩინარი შეგრძნება უკავშირდება ტვინის ჰიპოთალამუსში მიმდინარე ხილულ აქტივობას. მაგრამ მსგავსი კავშირების დაგროვება ცნობიერების თეორიის შექმნისათვის შეიძლება საკმარისი არ იყოს. საბოლოოდ რისი დადგენაც ჩვენ გვინდა, არის ის, თუ რატომ უკავშირდება ცნობიერი გამოცდილება ტვინის აქტივობებს. რატომ ხდება, რომ ჰიპოთალამუსში გაჩენილ აქტივობას თან შიმშილის შეგრძნება ახლავს? ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მეცნიერებას, თავისი სტანდარტული კვლევის მეთოდებით, უჭირს ცნობიერების ფენომენის ახსნა. გოფის წიგნის, გალილეოს შეცდომა: ცნობიერების ახალი მეცნიერების საფუძვლები, მიხედვით, თანამედროვე მეცნიერება იმგავარადაა მოწყობილი, რომ ცნობიერებას საკუთარი თავიდან გამორიცხავს.
თანამედროვე მეცნიერების მამად წოდებულ გალილეო გალილეიმდე ფიქრობდნენ, რომ ფიზიკური სამყარო სავსე იყო ისეთი მახასითებლებით, როგორიც ფერი და სუნია. თუმცა გალილეოს სურდა, სამყაროს ამხსნელი წმინდად რაოდენობრივი მეცნიერების შექმნა და ამიტომ მან ივარაუდა, რომ ეს მახასიათებლები, სინამდვილეში, არა ფიზიკურ სამყაროში, არამედ ჩვენს ცნობიერებაში არსებობდა, რაც, მისივე აზრით, მეცნიერების საკვლევ საკითხთა საზღვრებს სცდებოდა.
ეს მსოფლმხედველობა ფონად გასდევს დღევანდელ მეცნიერებას. მის საზღვრებში მუშაობისას, საუკეთესო, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, არის კორელაციის დადგენა ტვინის ხილულ პროცესებსა და ჩვენს უხილავ გამოცდილებას შორის, ოღონდ იმის აუხსნელად, თუ რატომ უკავშირდებიან ისინი ერთმანეთს.
გონება როგორც მატერია
გოფი მიიჩნევს, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი არსებობს და ის ფილოსოფოს ბერტრან რასელის 1920-იან წლებში შექმნილ ნაშრომებსა და მეცნიერ ართურ ედინგტონის ნააზრევში უნდა ვეძიოთ. მათი ამოსავალი წერტილი ისაა, რომ ფიზიკის მეცნიერება რეალურად არაფერს გვეუბნება იმაზე, თუ რას წარმოადგენს მატერია.
ეს, ერთი შეხედვით, ალოგიკური დაშვებაა, მაგრამ თუ დავუფიქრდებით, ვნახავთ, რომ ფიზიკა მხოლოდ იმას გვაჩვენებს, თუ როგორ იქცევა მატერია. მაგალითად, მატერიას აქვს მასა და მუხტი, ანუ თვისებები, რომლებიც მთლიანად აღიწერებიან ქმედებით — მიზიდულობით, უკუგდებით, წინააღმდეგობითა თუ აჩქარებით. ფიზიკა არაფერს გვეუნება იმაზე, რასაც ფილოსოფოსები "მატერიის შინაგან ბუნებას", მის არსს უწოდებენ. როგორც ამ დაშვებიდან ჩანს, მეცნიერულ მსოფლმხედველობაში უზარმაზარი ნაპრალია — ფიზიკა უძლურია იმისთვის ნათელის მოფენაში, თუ რას წარმოადგენს მატერია.
რასელისა და ედინგტონის შემოთავაზება გახლავთ ის, რომ ეს ნაპრალი ცნობიერებით ამოვავსოთ. ამის შედეგი ერთგვარი პანფსიქიზმია — უძველესი შეხედულება, რომ ცნობიერება ფიზიკური სამყაროს ფუნდამენტური და ყველგანმყოფი მახასიათებელია. მაგრამ პანფსიქიზმის ახალი ტალღა მისი უწინდელი ინტერეპრეტაციისთვის ნიშნეული მისტიკურობისგან სრულიად განძარცვულია. არსებობს მხოლოდ მატერია — მასში არაფერია არც ზემიღმური და არც ზებუნებრივი — მაგრამ მისი აღწერა ორი პერსპექტივიდანაა შესაძლებელი. ფიზიკა მატერიას "გარედან" აღწერს, რადგან მის ქცევას ააშკარავებს; მაგრამ "შიგნიდან" მატერია ცნობიერების ფორმისგან შედგება.
ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ გონებაც მატერიაა და ყველაზე ელემენტარულ ნაწილაკებსაც კი აქვთ ცნობიერების საოცრად ბაზისური ფორმები. სანამ ამ დაშვებას ფანტასტიკურს უწოდებდეთ, გოფი გვთავაზობს, ამაზე დავფიქრდეთ: ჩვენ ერთობ დასაბუთებულად ვიცით, რომ ცხენის ცნობიერი გამოცდილებები ადამიანისაზე გაცილებით მარტივია; და რომ კურდღლის ცნობიერი გამოცდილებები კომპლექსურობით ცხენისას საგრძნობლად ჩამოუვარდება. ორგანიზმთა გამარტივებისას, შესაძლოა, დგება რაღაც ეტაპი, როცა ცნობიერება, უბრალოდ, ითიშება; თუმცა ისიც შესაძლებელია, რომ ის ნელ-ნელა იცრიცება, მაგრამ მთლიანად არასოდეს ქრება; რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ ელექტრონსაც კი აქვს ცნობიერების უმცირესი ელემენტი.
პანფსიქიზმი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენს მეცნიერულ მსოფლაღქმაში ცნობიერება შემოვიტანოთ. მკაცრი გაგებით, ამ დაშვების ემპირიულად გამოცდა შეუძლებელია; რადგან ცნობიერებას ვერ დავაკვირდებით, ნებისმიერი თეორია, რომელიც კორელაციაზე მიღმა მიდის, ტესტირებებით ვერ დამტკიცდება. მაგრამ გოფი მიიჩნევს, რომ მისი არსებობა ინფერენციული დასკვნით მყარდება. ის აღნიშნავს, რომ პანფსიქიზმი ყველაზე მარტივი თეორიაა იმის ასახსნელად, თუ როგორ ეწერება ჩვენს მეცნიერულ ნარატივში ცნობიერება.
მაშინ, როცა ახლანდელი მეცნიერული მიდგომა ვერანირ თეორიას ვერ გვთავაზობს, — ამბობს ფისოლოფოსი, — ტრადიციულ ალტერნატივას, რომლის მიხედვითაც, ცნობიერება სულშია, ბუნების ზედმეტად ექსტრავაგანტულ დახასიათებამდე მივყავართ. ამ ხედვის მიხედვით, გონება და სხეული ერთმანეთისგან არსებითად განსხვავებული ფენომენებია. პანფსიქიზმი ამგვარ რადიკალურ ხედვას განაგდებს და სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ნეირომეცნიერი ხედავს მასში ცნობიერების საუკეთესო თეორიულ ჩარჩოს. "მე მჯერა, რომ ერთ დღეს ცნოებიერების მეცნიერებას შევიმუშავებთ და ის სრულიად განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც დღევანდელი მეცნიერება წარმოადგენს. ეს მართლაც რევოლუციური ცვლილება იქნება და გარდატეხის წერტილი ჰორიზონტზე უკვე მოჩანს ", — დასძენს გოფი.
კომენტარები