მოგონებები გვაქცევენ იმად, რაც ვართ. ისინი სამყაროს ჩვენეულ აღქმას განსაზღვრავენ და მომდევნო ნაბიჯების განჭვრეტაში გვეხმარებიან. საუკუნეზე მეტია, მკვლევრები იმის გასაგებად მუშაობდნენ, თუ როგორ იქმნება მოგონებები და როგორ რჩებიან ისინი ჩვენს გონებაში დღეების, კვირებისა და წლების განმავლობაში ისე, რომ მათი გამოხმობა შეგვეძლოს. მაგრამ არის შანსი, რომ ისინი მთლიანი სურათის მხოლოდ ნახევარს უყურებდნენ. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ ვიმახსოვრებთ, ისიც უნდა ვიცოდეთ, როგორ და რატომ ვივიწყებთ.

ჯერ კიდევ ათი წლის წინ მეცნიერების უმეტესობა ფიქრობდა, რომ დავიწყება პასიური პროცესია, რა დროსაც გამოუსადეგარი მოგონებები მზის შუქზე დიდხანს დატოვებული ფოტოსავით ხუნდება. მაგრამ შემდეგ მეხსიერების მკვლევრების მცირე ჯგუფი ისეთ აღმოჩენებს გადააწყდა, რომლებიც ათწლეულების ცოდნაზე დამყარებულ წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდა. მათ იმ რადიკალური იდეის წამოწევა დაიწყეს, რომ ტვინი დასავიწყებლადაა მოწყობილი.

გასული ათწლეულის მანძილზე განხორციელებული კვლევა ვარაუდობს, რომ მოგონებების დაკარგვა პასიური პროცესი სულაც არაა. ამის სანაცვლოდ, დავიწყება, როგორც ჩანს, ტვინში გამუდმებით მომუშავე აქტიური მექანიზმია. ზოგიერთ ცხოველში – შეიძლება, ყველაშიც კი – ტვინის სტანდარტული მდგომარეობა დამახსოვრებისთვის კი არაა მომართული, არამედ – დავიწყებისთვის. ამ მდგომარეობის უკეთ შესწავლას, შეიძლება, ისეთი დაავადებების მკურნალობის გზების გაუმჯობესება მოჰყვეს, როგორებიც შფოთვა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) და ალცჰაიმერია.

"რა არის მეხსიერება დავიწყების უნარის გარეშე?", – კითხულობს ოლივერ ჰარდტი, კოგნიტური ფსიქოლოგიის სპეციალისტი, რომელიც კანადაში, მონრეალის მაკგილის უნივერსიტეტში მეხსიერების ნეირობიოლოგიას შეისწავლის. "არც არაფერი", – პასუხობს ის საკუთარ კითხვას, – "მეხსიერების გამართული ფუნქციონირებისთვის შენ აუცილებლად უნდა შეგეძლოს დავიწყება".

დავიწყების ბიოლოგია

ფოტო: Sam Falconer

განსხვავებული სახის მოგონებები განსხვავებული გზებით იქმნება და ტვინის განსხვავებულ ნაწილებში ინახება. მეცნიერები ჯერ კიდევ აზუსტებენ დეტალებს, მაგრამ ის კი უკვე იციან, რომ ავტობიოგრაფიული მოგონებების – ანუ პირადი გამოცდილებების – გრძელვადიან მოგონებებად ჩამოყალიბების პროცესი ტვინის იმ ნაწილში იწყება, რომელსაც ჰიპოკამპი ეწოდება და მოვლენიდან საათებისა და დღეების განმავლობაში მიმდინარეობს. ნეირონები ერთმანეთთან კავშირს ამყარებენ სინაფსების მეშვეობით – ესენია ამ უჯრედებს შორის არსებული მაერთებლები, რომლებიც შეიცავენ მცირე ზომის ნაპრალებს ქიმიური მესენჯერების გასაგზავნად. ამ გზით ერთი ნეირონი ათასობით სხვა ნეირონს უკავშირდება. სინაფსური პლასტიკურობის სახელით ცნობილი პროცესის მეშვეობით, ნეირონები მუდმივად აწარმოებენ ახალ ცილებს. ეს ცილები სინაფსის ისეთი ნაწილების რეკონსტრუქციისთვის მუშაობენ, როგორიცაა იმ ქიმიკატების რეცეპტორები, რომლებიც ნეირონებს საჭიროების მიხედვით ერთმანეთთან კავშირის გაძლიერებაში ეხმარებიან. ეს ქმნის უჯრედების ქსელს, რომელიც მოგონებას აკოდირებს. რაც უფრო ხშირად იხსენებ მოგონებას, მით უფრო ძლიერდება ნეირონული კავშირი. დროთა განმავლობაში – და მუდმივი გახსენების მეშვეობით – მოგონება ჰიპოკამპში და თავის ტვინის ქერქში ჩაიწერება. საბოლოოდ, ის ქერქში დამოუკიდებელ არსებობას იწყებს და ხანგრძლივი მეხსიერების ნაწილი ხდება.

ნეირომეცნიერები მეხსიერების ამ ფიზიკურ გამოხატულებას ხშირად ენგრამად მოიხსენიებენ. ისინი ფიქრობენ, რომ თითოეულ ენგრამას გარკვეული რაოდენობის სინაფსური კავშირი აქვს – ზოგჯერ ტვინის სხვადასხვა უბანშიც კი – და რომ თითოეული ნეირონი და სინაფსი რამდენიმე ენგრამას ნაწილი შეიძლება იყოს.

ჯერ კიდევ ბევრი რამ არაა ცნობილი იმაზე, თუ როგორ ფორმირდება და გამოიხმობა მოგონებები, ამიტომ მეხსიერების მკვლევრები ამ საიდუმლოებების ამოხსნაზე დიდ დროს ხარჯავენ. ამ ტიპის კვლევებთან შედარებით, იმით, თუ როგორ ივიწყებს ტვინი, ჯერ კიდევ ცოტა ინტერესდება. "ეს აშკარა დაუდევრობაა", – ამბობს მაიკლ ანდერსონი, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში კოგნიტურ ნეირომეცნიერებას შეისწავლის, – "ყველა სახეობა, რომელსაც მეხსიერება აქვს, ივიწყებს კიდეც. ეს ასეა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მარტივია ორგანიზმი: თუ მას გამოცდილებიდან გაკვეთილის მიღება შეუძლია, ამ გაკვეთილის დავიწყების უნარიც აუცილებლად შესწევს. ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, სრულიად გასაოცარია, რომ ნეირობიოლოგია დავიწყების პროცესს ასე ზერელედ უყურებს".

როდესაც რონ დეივისმა 2012 წელს ხილის ბუზებში აქტიური დავიწყების მტკიცებულება აღმოაჩინა, ეს მის მთავარ განზრახვას სულაც არ წარმოადგენდა. დეივისი, რომელიც ფლორიდაში სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ნეირომეცნიერია, ბუზების სოკოსებრ სხეულებში (იგულისხმება მწერის ტვინში არსებული ნეირონების რთული ქსელი, რომელიც ყნოსვით და სხვა მგრძნობელობით მოგონებებზეა პასუხისმგებელი) გრძელვადიანი მეხსიერების ფორმირების რთულ პროცესს შეისწავლიდა. მას განსაკუთრებით ამ სტრუქტურებთან დაკავშირებული დოპამინის მწარმოებელი ნეირონების გავლენის შესწავლა აინტერესებდა. ნეიროგადამცემი დოპამინი მწერის ტვინში რიგი ქცევების კონტროლზეა პასუხისმგებელი. დეივისმა წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ეს ქიმიური მესენჯერი, შესაძლოა, გარკვეულ როლს მეხსიერებაშიც ასრულებდეს.

ფოტო: Sam Falconer

დეივისმა აღმოაჩინა, რომ დოპამინი აუცილებელია დავიწყებისთვის. მან და მისმა კოლეგებმა ტრანსგენურ ბუზებში გარკვეული სუნები ასოციაციურად ელექტროშოკთან დააკავშირეს და ამ გზით ისინი შოკისგან თავის არიდებაში გაწვრთნეს. შემდეგ მათ დოპამინის შემცველი ნეირონები გაუაქტიურეს და აღმოჩნდა, რომ მწერებს დასწავლილი ასოციაცია ძალიან სწრაფად დაავიწყდათ. მაგრამ იმავე ნეირონების დაბლოკვამ სუნსა და შოკს შორის კავშირის მოგონება კვლავ აღადგინა. "ეს ნეირონები არეგულირებდნენ, როგორ გამოიყენებდნენ მწერები მოგონებებს", – ხსნის დეივისი, – "არსებითად, ისინი ბუზებს დავიწყების სიგნალით უზრუნველყოფდნენ".

უფრო ღრმა შესწავლისას მკვლევრებმა გამოიყენეს ტექნიკა, რომელიც მათ ცოცხალი ბუზების აქტიური ნეირონების მონიტორინგის საშუალებას აძლევდათ. დაკვირვებამ აჩვენა, რომ დოპამინიანი ნეირონები დიდხანს არიან აქტიურები – ყოველ შემთხვევაში, ბუზებში მაინც. "ტვინი ყოველთვის ცდილობს იმ ინფორმაციის დავიწყებას, რომელიც უკვე ისწავლა", – ამბობს დეივისი.

ბუზებიდან მღრღნელებამდე


რამდენიმე წლის შემდეგ ჰარდტმა მსგავსი რამ თაგვებშიც აღმოაჩინა. ის აკვირდებოდა, რა ემართებოდათ იმ ნეირონების სინაფსებს, რომლებიც ხანგრძლივი მოგონებების შენახვაში მონაწილეობენ. მეცნიერებმა იციან, რომ მოგონებები ძუძუმწოვრის ტვინში მაშინ იწერება, როდესაც ნეირონებს შორის კავშირის სიძლიერე იზრდება. ამ კავშირის სიძლიერეს სინაფსში არსებული სპეციფიკური ტიპის, AMPA რეცეპტორების რაოდენობა განსაზღვრავს. იმისათვის, რომ მოგონება ხელუხლებელი დარჩეს, ეს სტრუქტურა უცვლელად უნდა შენარჩუნდეს. "პრობლემა", – ჰარდტის თქმით, – "ამ რეცეპტორების არასტაბილურობაა. ისინი მუდმივად იცვლიან მდებაროებას, გადიან სინაფსიდან და რამდენიმე საათში ან დღეში ბრუნდებიან".

ჰარდტის ლაბორატორიულმა სამუშაოებმა აჩვენეს, რომ საგანგებო მექანიზმი სინაფსში AMPA რეცეპტორების გამოყოფას მუდმივად უზრუნველყოფს, მაგრამ ზოგიერთი მოგონება მაინც ქრება. მეცნიერმა ივარაუდა, რომ ამ რეცეპტორების მოშორებაცაა შესაძლებელია. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ დავიწყება აქტიური პროცესი შეიძლება იყოს. თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ AMPA რეცეპტორების დაცვით, შეიძლება, დავიწყების პროცესიც აღიკვეთოს. მართლაც, თაგვების ჰიპოკამპში AMPA-რეცეპტორის მოშორებაზე პასუხისმგებელი მექანიზმის დაბლოკვამ, როგორც მოსალოდნელი იყო, მღრღნელებში საგნების განლაგებების დავიწყებას შეუშალა ხელი. კონკტრეტული მოგონებების დასავიწყებლად, როგორც ჩანს, თაგვის ტვინი სინაფსში კავშირებს აქტიურად უნდა ანადგურებდეს. დავიწყება, ჰარდტის თქმით, "მეხსიერების შეცდომა კი არა, მისი ერთ-ერთი ფუნქციაა".

ახლა უკვე ცნობილია, რომ ნეიროგადამცემი დოპამინი მეხსიერებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ფოტო: Alfred Pasieka / SPL

პოლ ფრენკლენდმა, ტორონტოს ბავშვთა საავადმყოფოს ნეირომეცნიერმა, ასევე აღმოაჩინა იმის მტკიცებულება, რომ ტვინი დასავიწყებლადაა დაპროგრამებული. ფრენკლენდი ზრდასრულ თაგვებში ახალი ნეირონების წარმოქმნას, ნეიროგენეზისს, შეისწავლიდა. ეს პროცესი ახალგაზრდა ცხოველის ტვინში რომ მიმდინარეობდა, იქამდეც ცნობილი იყო, თუმცა ზრდასრული ცხოველის ჰიპოკამპში ამ ფუნქციის არსებობა მხოლოდ ოცი წლის წინ აღმოაჩინეს. რადგან ჰიპოკამპი მოგონებების წარმოქმნაში მონაწილეობს, ფრენკლენდს და მის გუნდს აინტერესებდა, მოზრდილ თაგვებში ნეიროგენეზისის პროცესის გაზრდა მღრღნელებს დამახსოვრებაში თუ დაეხმარებოდა.

2014 წელს გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში აღწერილ კვლევაში ზუსტად ამ მტკიცების საწინააღმდეგო შედეგს მიაგნეს: ცხოველების მეხსიერების გაუმჯობესების ნაცვლად, გაზრდილმა ნეიროგენეზისმა თაგვებში მოგონებების დავიწყებას შეუწყო ხელი. თავდაპირველად ფრენკლენდს ეს შედეგი ულოგიკო ეჩვენა, რადგან მისი ვარაუდით, ახალი ნეირონების წარმოქმნა პოტენციურად უკეთეს მეხსიერებას ნიშნავდა. შემდეგ კი მისთვის ყველაფერი ნათელი გახდა. "როდესაც ნეირონები ზრდასრულ ჰიპოკამპში ინტეგრირდებიან, ისინი უკვე არსებულ, დამკვიდრებულ წრედს ერწყმიან. თუ ამ წრედში ინფორმაცია გაქვს შენახული და მის გადაწერას დაიწყებ, ამ ინფორმაციაზე წვდომა უფრო ძნელი გახდება", – განმარტავს ის.

რადგანაც ჰიპოკამპი ტვინის ის ნაწილი არაა, რომელშიც გრძელვადიანი მოგონებებია შენახული, მისი დინამიური ბუნება ნაკლი კიარა, მახასიათებელია, – ამბობს ფრენკლენდი, – ის სწავლისთვის ხელის შესაწყობად განვითარდა. გარემო მუდმივად იცვლება და გადასარჩენად ცხოველებს ახალ სიტუაციებთან უწევთ ადაპტაცია. ამის მიღწევაში კი ძველი ინფორმაციის ახლით ჩანაცვლების უნარი ეხმარებათ.

ადამიანის ბუნება

ფოტო: Sam Falconer

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადამიანის ტვინიც მსგავსად მოქმედებს. "ჩვენი უნარი, განვაზოგადოთ ახლადშეძენილი გამოცდილება, ნაწილობრივ მაინც იმ ფაქტის დამსახურებაა, რომ ტვინი გამიზნული დავიწყების ფუნქციას ითავსებს", – განმარტავს ბლეიკ რიჩარდსი, რომელიც ტორონტოს სკარბოროს უნივერსიტეტში ნერვულ წრედებსა და მანქანურ დასწავლას იკვლევს. რიჩარდსი ვარაუდობს, რომ ტვინის უნარი, დაივიწყოს მოგონებები, თავიდან გვაცილებს შედეგს, რომელსაც ზედმეტ დასწავლას, იმავე ოვერფიტს ეძახიან; ხელოვნური ინტელექტის სფეროში ამ ტერმინით მოიხსენიებენ ფენომენს, როცა მათემატიკური მოდელი იმდენად ზედმიწევნით ემთხვევა იმ მონაცემებს, რომლითაც დაპროგრამდა, რომ ახალი მონაცემების დამუშავებას ვეღარ ახერხებს.

მსგავსად ამისა, თუ ადამიანი ისეთი შემთხვევიდანაც კი ყველა დეტალს შეინარჩუნებდა, როგორიც, მაგალითად, ძაღლის თავდასხმაა, მაშინ არამარტო ის უეცარი მოძრაობა ემახსოვრებოდა, რომელმაც პარკში მოსეირნე ძაღლი შეაშინა, ააყეფა და საკბენად გამოწევაზე გამოიწვია, არამედ - მისი ფართხუნა ყურები, მეპატრონის ტანსაცმლის ფერი და იმ მომენტში მზის დაცემის კუთხეც კი. ამის გამო მას ამ გამოცდილების განზოგადება გაუჭირდებოდა, რაც მომავალში მსგავსი შემთხვევისგან თავის დაცვის უნარს დაუქვეითებდა. "როდესაც რამდენიმე დეტალს მეხსიერებიდან ამოშლი, მაგრამ მთავარს დაიტოვებ, ეს ინფორმაციის ახალ სიტუაციაში გამოყენებაში გეხმარება", – ამბობს რიჩარდსი, – "სრულიად შესაძლებელია, ჩვენი ტვინი კონტროლირებული დავიწყების წყალობით გამოცდილებით გადატვირთვისგან გვიცავდეს".

ამ მოსაზრებას ამყარებს იმ ადამიანთა შესწავლაც, რომლებიც განსაკუთრებულად განვითარებული ან დაქვეითებული ავტობიოგრაფიული მეხსიერებით გამოირჩევიან. აღმატებული ავტობიოგრაფიული მეხსიერების მქონე ადამიანები (HSAM) საკუთარი ცხოვრებიდან უმნიშვნელო დეტალებსაც იმახსოვრებენ. მაგალითად, მათ ახსოვთ, რა ეცვათ ნებისმიერ დღეს. მიუხედავად მათი გამორჩეული უნარისა, გაიხსენონ მსგავსი ინფორმაცია, ეს ინდივიდები, როგორც წესი, განსაკუთრებული მიღწევებით არ გამოირჩევიან და, როგორც ჩანს, ობსესიურობისადმი გაზრდილი მიდრეკილებაც ახასიათებთ. "ეს ზუსტად ის არის, რასაც იმ ადამიანისგან შეიძლება მოელოდე, რომელიც საკუთარ თავს კონკრეტული შემთხვევებისგან ვერ აცალკევებს", – ამბობს ბრაიან ლევინი, როტმანის კვლევითი ინსტიტუტის კოგნიტური ნეირომეცნიერი.

მეორე მხრივ, არასარულფასოვანი ავტობიოგრაფიული მეხსიერების მქონე ადამიანები (SDAM) ცხოვრების კონკრეტულ მოვლენებს ნათლად ვერ იხსენებენ. შედეგად, მათ იმის წარმოდგენაც უჭირთ, რა შეიძლება მოხდეს მომავალში. მაგრამ, ლევინის გამოცდილებით, ისინი განსაკუთრებით კარგად ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რომლებიც აბსტრაქტულ ფიქრს მოითხოვს – ალბათ იმიტომ, რომ პრაქტიკული მნიშვნელობის დეტალები არ ამძიმებთ. "ჩვენ ვფიქრობთ, ასეთ ადამიანებს, ეპიზოდური მეხსიერების არარსებობის გამო, გარკვეული ცხოვრებისეული შემთხვევების გავლენისგან გათავისუფლება შეუძლიათ", – ამბობს ლევინი, – "ისინი პრობლემების გადაჭრას კარგად ახერხებენ".

ჰიპოკამპში (წითელი ზოლები) ახალი ნეირონების (მწვანე გროვები) ინტეგრაცია შენახულ მოგონებებს აქვეითებს.

ფოტო: Jagroop Dhaliwal

ჯანმრთელი ტვინისთვის დავიწყების მნიშვნელობას HSAM ან SDAM სინდრომების არმქონე ადამიანებზე ჩატარებული კვლევებიც ადასტურებენ. ანდერსონის გუნდი ადამიანის ტვინში აქტიური დავიწყების პროცესის უფრო ღრმად შესასწავლად ფუნქციონალური მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული სპექტროსკოპიის კომბინაციას იყენებს. ამ გზით ისინი ჰიპოკამპში მაინჰიბირებელი ნეიროგამტარების გამა-ამინო-ერბო მჟავის (GABA) დონეებს აკვირდებიან. კვლევაში მონაწილე იმ პირების ტვინების სკანირებისას, რომლებიც გარკვეული ფიქრების უკუგდებას ცდილობდნენ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო მაღალი იყო ადამიანში GABA კონცენტრაცია, მით მეტად ახშობდა შუბლისწინა წილის ქერქი ჰიპოკამპის ფუნქციონირებას; რაც, თავის მხრივ, დავიწყებას აადვილებდა. "ჩვენ შევძელით, წარმატებული დავიწყების პროცესი ტვინში არსებულ კონკრეტულ ნეიროგამტართან დაგვეკავშირებინა", – ამბობს ანდერსონი.

დავიწყების მცდელობა


ბიოლოგიისა და კოგნიტური ფსიქოლოგიის პრიზმიდან იმის უკეთ გაგება, თუ როგორ მუშაობს დავიწყების მექანიზმი, ანდერსონსა და სხვა მეცნიერებს შფოთვის, პოსტტრავმული სტრესული აშლილობისა და ალცჰაიმერის მკურნალობის გაუმჯობესებაში შეიძლება დაეხმაროს.

ანდერსონის მიერ ტვინში GABA დონის გასაზომად ჩატარებულმა კვლევებმა შეიძლება გამოავლინოს მექანიზმი, რომელიც ბენზოდიაზეპინების – დიაზეპამის მსგავსი შფოთვის საწინააღმდეგო მედიკამენტების – ეფექტიანობას გაამყარებს. მკვლევრებმა დიდი ხანია იცოდნენ, რომ ასეთი მედიკამენტები GABA რეცეპტორების გაუმჯობესების საფუძველზე მოქმედებს, რადგან ეს შფოთვის შემცირებას ეხმარება; მაგრამ არ ესმოდათ, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი. ანდერსონის შრომა ამის ახსნას გვთავაზობს: თუ შუბლისწინა წილის ქერქი ჰიპოკაპმს უბრძანებს, ფიქრი დათრგუნოს, ჰიპოკამპს საპასუხო რეაგირებისთვის გარკვეული რაოდენობის GABA სჭირდება. "შუბლისწინა წილის ქერქი გენერალია, რომელიც ზემოდან ჰიპოკამპში დამთრგუნავი აქტივობების დაწყების ბრძანებას გასცემს", – ამბობს ანდერსონი, – "თუ დაბლა ჯარისკაცები არ დგანან, რომ მოუსმინონ, ეს ბრძანება შეუსრულებელი დარჩება".

არასასურველი აზრების დათრგუნვაში შესრულებული GABA-ს როლი ფობიების, შიზოფრენიისა და დეპრესიის გამოვლენის დროსაც მნიშვნელოვანია. ამ მდგომარეობების მრავალი სიმპტომი – მათ შორის, უნებლიედ გამოხმობილი მოგონებები ანუ ეგრეთ წოდებული ფლეშბექები, აკვიატებული აზრები, დეპრესიული რუმინაცია და აზრების გაკონტროლების პრობლემა – ზედმეტად აქტიურ ჰიპოკამპთანაა დაკავშირებული. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებს აქვთ საკვანძო სტრუქტურული მექანიზმი, რომელიც ყველა ამ განსხვავებულ სიმპტომსა და აშლილობას ერთმანეთთან აკავშირებს", – აცხადებს ანდერსონი.

ფოტო: Sam Falconer

მისმა კვლევამ, შესაძლოა, გავლენა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობაზეც იქონიოს. ამ მდგომარეობისას პრობლემას, როგორც წესი, წარსულში გადატანილი ტრავმული ეპიზოდის მკაფიოდ გახსენების შეუძლებლობა წარმოადგენს. მაგრამ სიღრმისეულად თუ მივუდგებით, პრობლემის სათავე დავიწყების მექანიზმში უნდა ვეძიოთ. იმის უკეთ გაგება, როგორ გავუფერმკრთალოთ ადამიანებს ტრავმული მოგონებები, შესაძლოა, მკვლევრებს ყველაზე მძიმე შემთხვევების გადაჭრაშიც კი დაეხმაროს. როდესაც ანდერსონი და მისი კოლეგები მოხალისეებში არასასურველი მოგონებების დავიწყების პროცესს აკვირდებოდნენ – ის ამ პროცესს მოტივირებულ დავიწყებას უწოდებს – მათ აღმოაჩინეს, რომ ადამიანები, რომელთაც უფრო მეტი ტრავმული გამოცდილება ჰქონდათ, უკეთ ახერხებდნენ კონკრეტული მოგონების დაბლოკვას. იმ გონებრივი გამძლეობის მექანიზმის გაგება, რომელიც ამ უნარის განვითარებისთვისაა საჭირო, შესაძლოა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის მკურნალობის გაუმჯობესების გზას წარმოადგენდეს.

ჰარდტი მიიჩნევს, რომ ალცჰაიმერის დაავადების უკეთ გაგებაც შესაძლებელია, თუ მას ისე მივუდგებით, როგორც არა დამახსოვრების, არამედ დავიწყების პროცესის დარღვევას. "თუ დავიწყება მესხიერებაში მიმდინარე კარგად რეგულირებული, თანდაყოლილი პროცესია", – ამბობს ის, – "მაშინ აშკარაა, რომ მის დარღვევას ნეგატიური შედეგები მოჰყვება. იქნებ, სინამდვილეში რაც ხდება, ისაა, რომ როდესაც დავიწყების პროცესი ზეაქტიურად მიმდინარეობს, მეხსიერება უმართავი ხდება და გონებიდან საჭიროზე მეტი იშლება".

ეს დაშვება ჯერ კიდევ დასამტკიცებელია. მაგრამ სულ უფრო მეტი მეხსიერების მკვლევარი ცდილობს, ტვინის დამახსოვრების ფუნქციასთან ერთად, დავიწყების პროცესის შესწავლაზეც ფოკუსირდეს. "ნელ-ნელა ვთანხმდებით, რომ დავიწყება დამოუკიდებლად მიმდინარე პოცესების ერთიანობაა და კოდირებისგან, განმტკიცებისა და გამოხმობისგან განცალკევებით მოქმედებს", – აცხადებს ანდერსონი.

გასულ ათწლეულში მეცნიერებმა დავიწყების, როგორც მეხსიერებასთან დაკავშირებული მთლიანი სისტემის, მნიშვნელობის გააზრება დაიწყეს. "საერთოდ, რატომ გვაქვს მეხსიერება? ჩვენ, ადამიანები, იმ ფანტაზიის დაჯერებას ვცდილობთ, რომ ავტობიოგრაფიული დეტალები უმნიშვნელოვანესია", – ამბობს ჰარდტი, – "დიდი ალბათობით ეს არასწორი შეხედულებაა. მეხსიერების პირველი და მთავარი საზრუნავი ადაპტირების მექანიზმის სრულყოფაა. ის ჩვენ სამყაროს შესახებ ცოდნით უზრუნველგვყოფს და შემდეგ ამ ცოდნის მუდმივად განახლებაში გვიწყობს ხელს". დავიწყება ჩვენ ინდივიდუალურ და სახეობრივ დონეზე გვეხმარება იმაში, რომ პროგრესირება შევძლოთ.

"ევოლუციამ დამახსოვრებისა და დავიწყების სიკეთეებს შორის დიდებული ბალანსი დაამყარა", – ამბობს ანდრესონი, – "ის როგორც სტაბილურობასა და გამძლეობას, ასევე ზედმეტის მოშორებასაც უზრუნველყოფს".