თუ 90-იანებში გაიზარდეთ, გასაკვირი არ იქნება, ამ სტატიის კითხვისას გონებაში ჩენდლერ ბინგი რომ ამოგიტივტივდეთ. პოპულარული სერიალის, მეგობრების ამ პერსონაჟის უუნარობა, შენიშნოს, რამდენად გამაღიზიანებელია ჯენისის სიცილი, სიყვარულით დაბრმავების იდეის შესანიშნავი ილუსტრაციაა. უჩვეულო რომანტიკული წყვილი, რომელიც ერთმანეთს შესაშურად ეწყობა, ამ დროს კი მათ შეუფერებლობას გარშემო ყველა ამჩნევს, რომანტიკული კომედიების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტროპია. მაგრამ როცა ჩვენი ნაცნობები თავიანთი მეწყვილეების ახირებულ თავისებურებებს ვერ ამჩნევენ, მათი მიზანი კომედიური ეფექტის მიღწევა სულაც არ არის ხოლმე.

მეგობრის ისეთ ურთიერთობაში ყოფნამ, რომელიც მისთვის შეუფერებლად გვეჩვენება, შესაძლოა, ძალიან გაგვაღიზიანოს. მაგრამ შეგინიშნავთ, რომ ხშირად ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეგიძლიათ იმისათვის, რომ მათი ყურადღება პარტნიორის ნაკლოვანებებისკენ მიაპყროთ? თქვენი მეგობარი, შესაძლოა, თავისი ახალი პარტნიორისადმი ისეთ ქება-დიდებას არ იშურებდეს, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში გაზვიადებულია, უარესში კი - სრულიად მცდარი.

იმის სიღრმისეული გაგება, თუ როგორ მუშაობს განსჯის უნარი ურთიერთობებში, ნამდვილი თავსატეხია. ერთი მხრივ, ზუსტად უნდა შევაფასოთ, რამდენადაა კონკრეტული ადამიანი ჩვენთვის შესაფერისი; ეს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა - აღნიშნულ პიროვნებასთან, შესაძლოა, მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება მოგვიწიოს. მეორე მხრივ კი, ბევრი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანების თვისებების შეფასება ძალიან ცუდად გამოგვდის.

დიდი შანსია, რომ მეგობრები ჩვენი პარტნიორის ხასიათს ჩვენზე ზუსტად აფასებდნენ.

ფოტო: Getty

სიყვარული ჩვენ იმის დანახვის უნარს გვართმევს, რასაც გარშემომყოფები უპრობლემოდ ამჩნევენ. ერთ-ერთ კვლევაში რომანტიკულ ურთიერთობაში მყოფ მონაწილეებს მიმზიდველი უცნობის ფოტო აჩვენეს, შემდეგ კი დაავალეს, პარტნიორთან ერთად ბოლო დროს განცდილი რომანტიკული მომენტების ან რიგითი მოვლენების შესახებ დაეწერათ. წერისას ყოველ ჯერზე, როცა ფიქრები უცნობის ფოტოსაკენ გაექცეოდათ, ისინი ამას სპეციალურ გრაფაში ინიშნავდნენ. მონაწილეებმა, რომლებიც რიგით მოვლენებზე წერდნენ, გრაფა ექვსჯერ უფრო ხშირად მონიშნეს, ვიდრე - მათ, ვინც რომანტიკულ თავგადასავლებზე წერდა. როგორც ჩანს, მიმზიდველი ალტერნატივის გამო ყურადღების გაფანტვა ნაკლებად მოსალოდნელია მაშინ, როცა იმაზე ვკონცენტრირდებით, რაც ჩვენს პარტნიორში გვიყვარს.

ლოგიკურია, რომ მეორე ნახევრისადმი ერთგულებამ გვერდით გახედვის სურვილი შეგვისუსტოს, მაგრამ სიყვარული, ამასთან ერთად, ჩვენი პარტნიორების ცუდ მსაჯულებადაც გვაქცევს.

კულტურათა უმრავლესობაში იმის მრავალი მტკიცებულება მოიპოვება, რომ ახალი პარტნიორის ძიებისას ადამიანები პრიორიტეტს ფიზიკურ მიმზიდველობას, სიკეთესა და სტატუსს (ან რესურსებზე წვდომას) ანიჭებენ. ეს კომპონენტები დიდ სამეულად მოიხსენიება. ის, თუ ამ თვისებათა როგორ გამოვლინებას ვანიჭებთ უპირატესობას, კულტურიდან კულტურაში განსხვავდება. მაგალითად, ყველა კულტურას სილამაზის განსხვავებული სტანდარტები აქვს. ან, როცა საქმე სტატუსს ეხება, ზოგმა, შესაძლოა, კონკრეტული სამსახური ან შემოსავლის დონე დააფასოს, მაშინ, როცა სხვებისათვის რანგი ან სოციალური კლასი გაცილებით მნიშვნელოვანია. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ეს ფაქტორები განვაზოგადოთ და ვთქვათ, რომ ყველა ადამიანი დაინტერესებულია ფიზიკური მიმზიდველობით, კარგი პიროვნული თვისებებითა და იმით, შეუძლია თუ არა პარტნიორს მისი მატერიალურად უზრუნველყოფა. ამის გამო შესაძლოა იფიქროთ, რომ აღნიშნული თვისებების გაზომვა და შეფასება კარგად გამოგვდის - წინააღმდეგ შემთხვევაში ხომ მსგავსი ქცევა ადამიანებში ვერ განვითარდებოდა.

"ევოლუციური გადმოსახედიდან, პარტნიორის თვისებათა ასე თუ ისე ზუსტ განსჯას უნდა ვახერხებდეთ", - ამბობს ფსიქოლოგიის პროფესორი, გართ ფლეტჩერი. ავიღოთ, მაგალითად, მამალი და დედალი ფარშევანგების შემთხვევა. დედალი პარტნიორს კუდის მიხედვით ირჩევს - რაც უფრო ექსტრავაგანტულია სხეულის ეს ნაწილი, მით უკეთესი. დედალი ამ თვისებას სწორად უნდა აფასებდეს, სხვა შემთხვევაში ეს მეთოდი ვერ იმუშავებდა. "რადგან ადამიანებს მეწყვილეებთან სამუდამო კავშირის დამყარება გვახასიათებს, პარტნიორის შერჩევისას ერთობ პრეტენზიულები უნდა ვიყოთ. ასე რომ, თუ პარტნიორის თვისებებს მთელი სიზუსტით ვერ ვაფასებთ, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მიმზიდველობისა და სიკეთის მსგავსი მახასიათებლები დიდად მნიშვნელოვანი აღარ არის".

ევოლუციური კუთხით, მომავალი პარტნიორის თვისებათა ზუსტად შეფასებას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს.

ფლეტჩერი პარტნიორის არასწორი შეფასებისას ორ ფენომენს - მიმართულებით მიკერძოებასა და მიმდევრობის სიზუსტეს გამოყოფს.

თუ ვინმეს იმაზე მიმზიდველად თვლით, ვიდრე რეალურად არის (ან ვიდრე მას რიგითი ადამიანი ჩათვლიდა), თქვენზე იტყვიან, რომ პოზიტიურ მიმართულებით მიკერძოებას ავლენთ; სხვა სიტყვებით, თითქოს, ვარდისფერი სათვალე გიკეთიათ. იგივე წესი სხვისი მიმზიდველობისადმი მეტისმეტად კრიტიკულ დამოკიდებულებაზეც ვრცელდება და ამ ფენომენს უარყოფითი მიმართულებითი მიკერძოება ეწოდება. ურთიერთობაში მყოფი ადამიანის მიერ პარტნიორის მიმზიდველობის, სიკეთისა და სტატუსის გაზვიადებულად წარმოდგენა სრულიად ნორმალურია.

საქმე ოდნავ მაშინ რთულდება, როცა მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ რა თანმიმდევრობით ვაფასებთ ამ თვისებებს. ამ ფენომენს ფსიქოლოგები მიმდევრობის სიზუსტეს უწოდებენ. "წარმოიდგინეთ, რომ პარტნიორი მიმზიდველობის მხრივ შვიდიდან შვიდი ქულით შევაფასე, სიკეთის მხრივ - შვიდიდან ექვსით, ხოლო სტატუსის მხრივ - შვიდიდან ხუთით", - ამბობს ფლეტჩერი. თუ ინდივიდს მიმდევრობის სიზუსტე კარგად აქვს გამომუშავებული, თვისებათა ზემოთაღნიშნული თანმიმდევრობა სწორი იქნება - უცნობი ადამიანიც გაიზიარებს იმ აზრს, რომ შეფასებული პიროვნება უფრო მიმზიდველია, ვიდრე კეთილი და მისი ეს სიკეთე მის სოციალურ სტატუსს აღემატება. მაგრამ იმ ვარდისფერი სათვალის გამო, რომელიც ჩვენ დადებითი მიმართულებითი მიკერძოების გამო მოვირგეთ, უცნობმა, შესაძლოა, ჩვენი პარტნიორი გარეგნობის მხრივ შვიდიდან ექვსით, სიკეთის მხრივ - ხუთით, სოციალური სტატუსის მხრივ კი ოთხი ქულით შეაფასოს.

"ადამიანები პარტნიორის შეფასებისას მეტისმეტ ოპტიმიზმს კი ავლენენ, მაგრამ, ამასთან, მიმდევრობის სიზუსტის მაღალ დონესაც აჩვენებენ. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ პიროვნების თვისებებს სწორად ვაფასებთ, მაგრამ, მოგვიანებით ამა თუ იმ მიზეზის გამო მათ ოდნავ ვაზვიადებთ", - ამბობს ფლეტჩერი.

კვლევებით დასტურდება, რომ პარტნიორებს იმაზე დადებითად ვაფასებთ, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან.

ფოტო: Getty

მიმართულებით მიკერძოებასა და მიმდევრობის სიზუსტეს შორის არსებულმა ამ შეუსაბამობამ შესაძლოა ახსნას, როგორ განვითარდა სიყვარულით დაბრმავების ფენომენი. ჩვენ ერთმანეთის თვისებებს სწორად ვაფასებთ: თუ თქვენთვის სტატუსია პრიორიტეტული, სავარაუდოდ, ის ადამიანი მიგიზიდავთ, რომლის საუკეთესო ატრიბუტიც სწორედ ეს თვისებაა. ის, თუ რამდენად მაღლაა თქვენთვის მათი სტატუსი შვიდქულიან სკალაზე, სავარაუდოდ, განსხვავებული იქნება სხვების ინტერპრეტაციისგან - მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან საყვარელი ადამიანების დადებით თვისებებს ყველა ჩვენგანი აზვიადებს.

მიმართულებითი მიკერძოება - პარტნიორის თვისებების იმაზე დადებითად შეფასება, ვიდრე სხვები შეაფასებდნენ - ურთიერთობაში ჩვენი ბედნიერების განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ადამიანებს ჰკითხავთ, რა სურთ ურთიერთობისაგან, შესაძლოა გიპასუხონ, რომ უნდათ, მეწყვილეებმა ისინი ისეთებად აღიქვან, როგორებადაც საკუთარ თავს თავად ხედავენ. მაგრამ ხალხს ასევე ისიც მოსწონს, როცა პარტნიორები მათ იმაზე ცოტათი უკეთესად აღიქვამენ, ვიდრე რეალურად არიან. ასე რომ, როცა ურთიერთობის სიმყარეში თავდაჯერებულები ვართ, ეს გადაჭარბებული პოზიტიურობით გამოიხატება.

"ურთიერთობაში თქვენი მოვალეობა პარტნიორის წახალისებაა. თქვენ მისი მხარდამჭერი უნდა იყოთ", - ამბობს ფლეტჩერი, - "ადამიანებს სურთ, რომ პარტნიორებმა მათი დადებითი მხარეები დაინახონ და ყურადღებაც მათზე გაამახვილონ. თუ გსურთ, რომ კარგი, ბედნიერი ურთიერთობა გქონდეთ, ამაში თქვენი პარტნიორისადმი ლმობიერი მიკერძოების ქონა დაგეხმარებათ. როცა ამის კეთებას შეწყვეტთ, თქვენი პარტნიორი დიდი ალბათობით იფიქრებს, რომ მათ შეცვლას ცდილობთ. ასეთი ქცევა მათ იმაზე მიანიშნებს, რომ თქვენთვის საკმარისად კარგები არ არიან".

თუმცა მხარდაჭერას და წახალისებას რომანტიკული პარტნიორების გარდა ჩვენი მეგობრებისადმიც თუ გამოვავლენთ, ესეც მომგებიანი იქნება. "ქალები ქალი მეგობრების მიმართაც ავლენენ მიკერძოებას", - ამბობს ფსიქოლოგი ეიპრილ ბლესკ-რეჰეკი, - "მართალია, არსებობს მოსაზრება, რომ ქალები მიმზიდველობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ ისიც დადგენილია, რომ ახლო მეგობარი ქალები ერთმანეთს საკუთარ თავზე მიმზიდველად აღიქვამენ".

ჩვენ ისეთი პარტნიორების არჩევისკენ ვართ მიდრეკილები, რომლებიც ჩვენს დადებით მხარეებს გაზვიადებულად აღიქვამენ.

ფოტო: Getty

ეს, შესაძლოა, ევოლუციურადაც გამართლებული იყოს, რადგან მიმზიდველი ქალების ჯგუფს მიმზიდველი კაცების ჯგუფის ყურადღების მიპყრობა გაცილებით ეფექტიანად შეუძლია. "ეს ტენისის შენს ან შენზე ოდნავ მაღალ დონეზე მყოფებთან ერთად თამაშს ჰგავს", - ამბობს ბლესკ-რეჰეკი, - "ამ გზით შენ არც ყოველთვის წაგებული ხარ და თან უკეთესი მოთამაშეც ხდები".

ურთიერთობის კეთილდღეობისათვის ისიც მნიშვნელოვანია, თქვენი პარტნიორის თქვენდამი დამოკიდებულებას თავად როგორ აფასებთ. "ასეთი რამის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები ვართ", - ამბობს ფლეტჩერი, - "ჩვენ კარგად ვამჩნევთ იმას, თუ რა სურს ჩვენგან ჩვენს პარტნიორს. როგორც კი კომუნიკაციის რეალური პრობლემები იქმნება და ადამიანები ნეგატიურ მიკერძოებას ივითარებენ, ისინი პარტნიორის იმაზე ნაკლებად მიმზიდველად დანახვას იწყებენ, ვიდრე სინამდვილეში არიან. ეს კი იმის ცხადი ნიშანია, რომ ურთიერთობას საფრთხე ემუქრება".

გარდა ამისა, შეყვარებულობისას ადამიანები თავიანთ ბედნიერებაზე გარემო ფაქტორების გავლენასაც ვერ აფასებენ სათანადოდ (მაგალითად, ვერ ამჩნევენ იმას, თუ რამდენად კარგად ეწყობიან პარტნიორის მეგობრებს ან მშობლებს). "ასე იმიტომ ხდება, რომ პარტნიორი მათ ყურადღებას მთლიანად იპყრობს", - ამბობს თაი ტაშირო, წიგნის, დიდხანს და ბედნიერად ცხოვრების მეცნიერება, ავტორი, - "ისინი მათ გარშემო არსებულ შედარებით რთულად შესამჩნევ დეტალებს ვერ ხედავნ. ადამიანები იმას, რომ გარემო ფაქტორები მათ ბედნიერებაზე გავლენას ახდენს, ერთად გატარებული დროის მხოლოდ 5 პროცენტის დროს ამჩნევენ. ეს კი რეალობის ერთობ დამახინჯებული ხედვაა".

თუმცა დაშორების შემდეგ სიყვარულით გამოწვეული უწინდელი სიბრმავე ჩვენთვის აშკარა ხდება ხოლმე. როცა პარტნიორი ფიზიკურად ჩვენ გვერდით არ არის, ტაშიროს თქმით, მასზე უფრო ობიექტურ შეხედულებას ვიმუშავებთ და გარემო ფაქტორების როლსაც უკეთ ვამჩნევთ.

მეგობრისთვის მისი პარტნიორის უარყოფითი მხარეების დანახების მცდელობა, შესაძლოა, კედელზე ცერცვის შეყრის ტოლფასი იყოს.

ფოტო: Getty

"ადამიანები მეგობრებისაგან მიღებული კარგი რჩევებისადმი გულგრილები არიან", - აღნიშნავს ტაშირო, - "თუ მეგობარი ცუდ ურთიერთობაშია, ძალიან რთულია, მას ეს გავაგებინოთ, რადგან ის პარტნიორის მხოლოდ დადებით მხარეებს ამჩნევს. როცა ურთიერთობა მთავრდება, მაშინ კი ჩნდება ობიექტურობის დაბრუნების შანსი, რაც სამომავლოდ ერთობ გამოსადეგი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ დროს ადამიანს უბრუნდება უნარი, დაფიქრდეს და გაიაზროს, რომ მის ურთიერთობაში პრობლემები არსებობდა".

ფლეტჩერი გვაფრთხილებს, რომ თუ პარტნიორისათვის საკუთარი თავის მიძღვნას სერიოზულად ვაპირებთ, ეს საკმარისი მიზეზია იმის გასაცნობიერებლად, რომ მას ვარდისფერი სათვალით შევხედავთ. "რომანტიკული ურთიერთობა გარკვეულ მოვალეობათა აღებას გულისხმობს", - ამბობს იგი, - "პარტნიორის იმაზე უკეთესად აღქმა, ვიდრე ის რეალურად არის, ამ მოვალეობათა ნაწილია. პოზიტიური მიკერძოება პატარა პრობლემებზე თვალის დახუჭვისა და ურთიერთობის ხანგრძლივად შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს".

მაგრამ ფლეტჩერი ასევე აღნიშნავს, რომ რეალობისაგან მეტისმეტად მოწყვეტის უფლება საკუთარ თავს არ უნდა მივცეთ. გადაჭარბებულ პოზიტიურობაში კარგი არაფერია, რადგან პარტნიორის ზოგიერთ ნაკლზე თვალის დახუჭვამ ცუდ შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოთ. რომანი ობიექტურობას არ ემყარება, მაგრამ იგი ემოციისა და შემეცნების ერთობლივ მუშაობას მოითხოვს.

როცა თქვენი მეგობრები მათთვის შეუფერებელ ურთიერთობაში არიან, გახსოვდეთ, რომ ისინი თავიანთ პარტნიორს, სავარაუდოდ, გადამეტებულად ნათელ ფერებში ხედავენ. ამიტომ დიდი შანსია, რომ თქვენი რჩევისადმი გულგრილები იყვნენ, გარშემო არსებული უკეთესი ვარიანტების დანახვა კი საერთოდ არ შეეძლოთ. მათი შეფასებები, შესაძლებელია, სრულიად მცდარი იყოს, მაგრამ ამ კუთხით არავინ ვართ უცოდველნი.