პეკინზე ოთხი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.

ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმეზე დანიშნულია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა. ასევე, ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს.

27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე ოთხი წლის ბავშვს თავს დაესხნენ. ის ოჯახთან ერთად ქუჩაში მიდიოდა, როდესაც გამვლელმა ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობები მიაყენა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თავდამსხმელმა მეორე ბავშვის დაჭრაც სცადა.