გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
ფოტო: iStock/Getty
დემენციის ზოგ რისკ-ფაქტორს ვერ შევცვლით (მაგალითად, გენეტიკას), თუმცა სხვების გაკონტროლება შეგვიძლია: იქნება ეს დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა თუ არაჯანსაღი ჩვევები. ახალი ნაშრომის ავტორებმა 3 რისკ-ფაქტორი დაასახელეს, რომლებიც შუა ხნის ასაკში იჩენს თავს და მათზე ყურადღების გამახვილებით შეიძლება დემენცია გადავავადოთ.
მკვლევრებმა 12 409 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები შეისწავლეს. სისხლის წნევის ნორმალური მაჩვენებელი, დიაბეტის არქონა და მოწევისგან თავის შეკავება დემენციის დაახლოებით 13 წლით გადავადებასთან დააკავშირეს. აღნიშნული რისკ-ფაქტორები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 45-იდან 65 წლამდე ასაკში აღმოჩნდა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ შუახნის ასაკში ჯანმრთელობის შენარჩუნება კიდევ უფრო აუცილებელია.
კვლევის ფარგლებში რამდენიმე სხვა ფაქტორიც გააანალიზეს, მათ შორისაა: სქესი, წარმომავლობა, ასაკი, ფიზიკური აქტივობის დონე და APOE4 გენის არსებობა. ეს უკანასკნელი ალცჰაიმერის დაავადების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ამასთან, აღმოჩნდა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სამივე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორი ადრეულ ასაკში სიკვდილთანაც იყო ასოცირებული.
ისიც უნდა ითქვას, რომ ეს რისკ-ფაქტორები დემენციასთან აქამდეც დაუკავშირებიათ, თუმცა ძირითადად მხოლოდ ერთად გაანალიზებისას. სამივე მათგანი, საბოლოოდ, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას ეხება.
ახალ ნაშრომში სხვა საინტერესო მიგნებებიცაა წარმოდგენილი. მაგალითად, ქალებმა, რომლებსაც სამივე რისკ-ფაქტორი ჰქონდათ, კვლევის დაწყებიდან დემენციის გარეშე საშუალოდ 18.1 წელი იცოცხლეს, კაცებმა 16.6, თეთრკანიანმა ცდისპირებმა 19.6, ფერადკანიანებმა კი — 16. ეს ნიშნავს, რომ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნება ყველა დემოგრაფიულ ჯგუფს არგებს, თუმცა ზოგს (მაგალითად, ფერადკანიანებს) — უფრო მეტად.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს კვლევა კონკრეტულ რისკ-ფაქტორებსა და დემენციის განვითარების ალბათობას შორის პირდაპირი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დასადგენად საკმარისი არ არის. ამის ნაცვლად, ნაშრომი ცხადყოფს, რომ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობის შენარჩუნება, მოწევისთვის თავის დანებება და დიაბეტის კონტროლი ყველასთვის აუცილებელია, თუმცა 45 წლის ზემოთ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
ნაშრომი გამოცემაში Neurology Open Access გამოქვეყნდა.
კომენტარები