ბესლანი — პუტინის ამბიციებს შეწირული ქალაქი
თეთრბაფთიანი ბავშვები ყვავილებით ხელში დგანან და ლექსებს ყვებიან. მასწავლებლები იღიმიან, მშობლები ატირებულ პატარებს ამშვიდებენ. უცებ ბნელდება და ჩნდება წარწერა — მხიარულების დრო. შეიარაღებულ პირებსა და მუხლებზე დაჩოქილ ბავშვებს ვხედავთ, ჩანს სისხლიანი იატაკიც, ხელნაკეთი ბომბები და ისევ სიბნელე. ამ კადრების გადაღება 2004 წელს ბესლანის სკოლის მოსწავლის მშობელმა დაიწყო და თავდამსხმელმა გააგრძელა.
2004 წლის პირველ სექტემბერს ბესლანის სკოლაში რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი შეიჭრა და 1 128 მძევალი აიყვანა. მათ მოლაპარაკება და საკუთარი პირობების დაკმაყოფილება მოითხოვეს, სახელმწიფომ კი უხეში ძალა აირჩია. სამდღიანი ჯოჯოხეთის შემდეგ, რომელიც მძევლებმა ორივე მხარის გამო გამოიარეს, ბესლანში დღემდე ითხოვენ პასუხებს. თუმცა, პუტინის ხელისუფლება სიმართლეს არც მაშინ ამბობდა და არც ახლა შეუცვლია აზრი.
რუსეთის პირველი პირები რეალობის საკუთარ ინტერესებზე მორგებას ცდილობდნენ, ამიტომ მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვერსია არსებობს.
- მოვლენების ქრონოლოგია რუსული სახელისუფლებო და კრიტიკული მედიის ხედვით;
- მოვლენების ქრონოლოგია უცხოური მედიის ხედვით;
- მოვლენების ქრონოლოგია ადგილობრივების ხედვით.
საერთო სურათის ყველაზე ზუსტად აღსაქმელად თვითმხილველების მოგონებებია საჭირო. მართალია, მათთვის მომხდარის გახსენება რთულია, მაგრამ არ ჩუმდებიან, რადგან პასუხები სჭირდებათ და უნდათ მსოფლიომ სიმართლე იცოდეს.
თავდამსხმელების შეჭრა სკოლაში
9 საათზე პირველ საჯარო სკოლაში ტრადიციული ღონისძიებები იმართებოდა. სანამ ოჯახები მხიარულობდნენ, სკოლას ტენტით დაფარული Gaz-66 მიუახლოვდა. ოფიციალური ვერსიით, მხოლოდ ერთი. თუმცა, თვითმხილველები ამტკიცებდნენ, რომ სკოლასთან 2-4 მანქანა მივიდა.
მათი თქმით, ერთი მანქანიდან იარაღი გადმოტვირთეს და სკოლის ტერიტორია დატოვა. მეორე ვერსიით, თავდამსხმელებმა იარაღი სკოლაში წინასწარ, რემონტის დროს დამალეს, ამიტომ მანქანით შეტანა არ დასჭირვებიათ.
09:15-დან 09:30-მდე შუალედში ავტომობილიდან შეიარაღებული პირები გადმოვიდნენ, სკოლიდან გასასვლელი ყველა გზა ჩაკეტეს და იარაღის მუქარით ბავშვები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები შენობაში შეყარეს. გაქცევა მხოლოდ 50-მდე უფროსკლასელმა შეძლო.
10:30 საათზე სკოლის მიმდებარედ საგანგებო შტაბი შეიქმნა. ამ დროისთვის ფედერაციის მაშინდელი და ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვიზიტით სოჭში იმყოფებოდა. პუტინმა შეხვედრა შეწყვიტა და ბესლანის ნაცვლად მოსკოვში გაფრინდა, საიდანაც ანტიტერორისტული სპეცოპერაციისთვის უნდა ეხელმძღვანელა. ეს ფაქტები ბესლანზე ინფორმაციების ის მცირე ნაწილია, რომელზეც სახელმწიფო და საზოგადოებრივი პოზიციები თანხვედრაშია.
სანამ საგანგებო შტაბი იკრიბებოდა სკოლაში მძევლებს ბარიკადები გაამზადებინეს. ყველა ფანჯარა და კარი სკამებით, მაგიდებით და ადამიანებით ჩაიხერგა. მათ მინები წინასწარ ჩაამტვრიეს, რომ დამაძინებელი გაზით თავდასხმა აერიდებინათ (წინა ტერორისტული აქტისას რუსეთის ხელისუფლებამ სწორედ ასე იმოქმედა). ფანჯრებთან ცოცხალი ფარები მათი გარანტია იყო, რომ სნაიპერები სროლას არ დაიწყებდნენ.
მძევლები სკოლის სხვადასხვა სივრცეში გადაანაწილეს: კლასებში, გასახდელებში, სამზარეულოში. მათი დიდი ნაწილი სპორტდარბაზში მოხვდა. თავდამსხმელებმა დარბაზში ხელნაკეთი ბომბები დაამაგრეს.
თავდამსხმელების გადაღებულ კადრებში სახელად "მხიარულების დრო", რომელიც რუსულმა ტელეკომპანია NTV-მ გაავრცელა ჩანს, რომ პრაქტიკულად მთელი დარბაზი დაქსელილია მავთულებით, რომლებიც ბომბებს უკავშირდება. ერთი ფეთქებადი მოწყობილობა დამაგრებულია კალათბურთის კალათაში, ერთ დეტონატორზე ფეხი უდევს სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირს, კარებთან კი ქალი დგას შაჰიდის ქამრით. ამავე კადრებში ისმის რუსულენოვანი საუბარი: "მოიცადეთ, ბავშვები ჯერ არ შემოიყვანოთ". ჩანს, რომ მძევლებს საპირფარეშოში გასვლისა და დარბაზში გადაადგილების უფლებას აძლევენ.
გადარჩენილები ყვებიან, რომ სიტუაცია მალევე შეიცვალა. მათ ოსურად და ნებისმიერ სხვა ენაზე საუბარი აუკრძალეს, რუსულის გარდა. აიკრძალა ხმაური, ტირილი და ერთმანეთთან საუბარიც.
სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა დარბაზშივე მოკლეს მძევალი, რომელმაც ოსურ ენაზე მიმართა ბავშვებს და მათ დამშვიდებას ცდილობდა. ყვებიან იმასაც, რომ ერთი კაცი ყველას დასანახად სიკვდილით დასაჯეს, რადგან ბავშვებისთვის წყალს ითხოვდა. ერთი კი მუხლებზე დადგომაზე უარის თქმის გამო ჩაცხრილეს. კადრებში ჩანს სისხლის კვალი, რომელიც, სავარაუდოდ, ცხედრის გატანისას დარჩა.
მძევლებს მასწავლებლებისთვის მიტანილი ყვავილებისა და ფოთლების ჭამა მოუწიათ. წყალს კი ბინძური ვედროდან სვამდნენ, რომელიც ძალიან იშვიათად შეჰქონდათ. სიცხის გამო ბავშვების უმეტესობა ან ტანსზევით შიშველი იყო, ან საცვლებით იჯდა.
პარალელურად, სკოლასთან ხალხი იკრიბებოდა და პასუხებს ითხოვდა. მძევლების ოჯახის წევრები და ნათესავები სიებს ადგენდნენ, რომ ოფიციალურ ორგანოებს დატყვევებულთა ზუსტი რაოდენობა სცოდნოდათ.
პირველივე დღეს ბესლანში თავი არამხოლოდ რუსულმა, არამედ მსოფლიო მედიამ მოიყარა. მედიასთან ურთიერთობა რუსეთის ფედერაციის პრესსპიკერის მოვალეობის შემსრულებელსა და ამჟამინდელ პრესსპიკერს, დმიტრი პესკოვს დაევალა. პირველი ოფიციალური ინფორმაცია, 120 მძევალზე გავრცელდა.
ეს რიცხვი ახლოსაც კი არ იყო რეალობასთან, რომელიც მოსახლეობამ იცოდა. მოგვიანებით ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის სპიკერმა, ლევ ძაგოევმა განაცხადა, რომ მძევლად 354 ადამიანი ჰყავდათ. ადგილობრივებისთვის ეს ვერსიაც არ იყო სარწმუნო.
პრესკონფერენციის დროს გადაღებულ კადრებში ისმის ოჯახის წევრებისა და ნათესავების ხმები, რომლებიც ამ რიცხვის გაჟღერებას აპროტესტებენ და შტაბის წარმომადგენელს ეუბნებიან, რომ სკოლაში მინიმუმ 800 ბავშვია. თუმცა, უშედეგოდ. ხელისუფლება 354 მძევალზე ინფორმაციას ბოლო დღემდე არ ცვლიდა.
გადარჩენილები იხსენებენ, რომ ეს ამბავი თავდამსხმელებმა გაიგეს და მათ შესაშინებლად იყენებდნენ. ეუბნებოდნენ, რომ უმეტესობას დახოცავდნენ და 354 ადამიანს დატოვებდნენ, რადგან მათ ხელისუფლებას ყველას სიცოცხლე არ ადარდებდა.
11-დან 11:30-მდე სკოლისკენ პროფესიონალი მომლაპარაკებელი და ჩრდილოეთ ოსეთის მუფტი წავიდნენ. თეთრი ნაჭრით მიმავლებს სკოლიდან ცეცხლი გაუხსნეს და უკან გააბრუნეს. მალე კი თავად დაიწყეს მოლაპარაკება. ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ თამაშის წესებს თვითონ ადგენდნენ. რუსეთის ხელისუფლება ჯიუტად ამბობდა უარს ამასთან შეგუებაზე.
თავდამსხმელებმა ერთ-ერთ მძევალს წერილი გაატანეს, რომელშიც ტელეფონის ნომერი და მათი პირობები ეწერა. ისინი მოსალაპარაკებლად ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის პრეზიდენტსა და საბავშვო ექიმ როშალს ითხოვდნენ.
ასევე, იმუქრებოდნენ, რომ თუ 1 მათგანს მოკლავდნენ, საპასუხოდ 50 მძევალს დახვრეტდნენ, 1 მათგანის დაჭრის შემთხვევაში — 20 მძევალს მოკლავდნენ. ქსელისა და შუქის გათიშვის შემთხვევაში კი, ისინი 10 მძევლის მოკვლით იმუქრებოდნენ.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ნოვაია გაზეტა ბესლანზე გადაღებულ საგამოძიებო ფილმში ყვება, რომ თავდამსხმელებმა თან გამოგზავნეს ამ ოპერაციის ხელმძღვანელის, ჩეჩენი ტერორისტის, შამილ ბასაევის ვიდეომიმართვაც, სადაც მოთხოვნები იყო გაჟღერებული. თუმცა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფირი ცარიელი იყო.
ეს წერილი კიდევ ერთი ეჭვის მიზეზად იქცა. ოფიციალური უწყებები აცხადებდნენ, რომ მითითებული ნომერი არასწორია და სკოლაში მყოფებთან კავშირს ვერ ამყარებდნენ. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება მათ მალევე დაუკავშირდა და ამას გარდა, იმ სატელეფონო საუბრებსაც ისმენდა, რომელიც თავდამსხმელებს გარეთ მყოფებთან ჰქონდათ.
ამ დროისთვის ჩრდილოეთ ოსეთში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. ჩაიკეტა საზღვარი საქართველოსთან, საჯარო თავშეყრის ადგილებში პოლიციის რაოდენობა გაიზარდა, სკოლის მიმდებარედ კი ჯავშანტექნიკა გამოჩნდა.
რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, კონტროლის გამკაცრებასთან ერთად პრობლემები შეექმნათ კრიტიკულ ჟურნალისტებსაც. ნოვაია გაზეტას მტკიცებით, მოსკოვში თვითმფრინავში არ აუშვეს ჟურნალისტი, რომელსაც ტერორისტებთან მოლაპარაკების გამოცდილება ჰქონდა. მეორე ჟურნალისტი კი ასეთივე გამოცდილებით თვითმფრინავში მოწამლეს, რის გამოც ბესლანში ვერ ჩავიდა. გარდა ამისა, ბესლანში დააკავეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტი და ოპერატორი. ნოვაია გაზეტას ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში მიზეზები არაარგუმენტირებული იყო.
პირველის ნახევრისკენ სკოლიდან 15 ადამიანი გამოიყვანეს, რომლებიც ერთ-ერთ ფლიგელში დაიმალნენ შტურმის დროს. ამ დროისთვის ხელისუფლებამ მიიღო დაახლოებითი ინფორმაცია თავდამსხმელების რაოდენობაზე. თვითმხილველები ამბობდნენ, რომ სკოლაში 70-მდე პირი შეიჭრა და ისინი 2 მანქანით მოვიდნენ. ოფიციალური წყაროები კი ამტკიცებდა, რომ სკოლა 32-მა შეიარაღებულმა პირმა აიღო.
16:00-დან 16:30-მდე პერიოდში სკოლაში პირველი აფეთქების და სროლების ხმა გაისმა. რუსული მედიის ინფორმაციით, მძევლების მიმდებარედ ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი შემთხვევით აფეთქდა. შედეგად დაშავდა ერთი თავდამსხმელიც. ოფიციალური წყაროები ამბობენ, რომ წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად ამ დროს 21 მძევალი დახვრიტეს. საგანგებო შტაბს კი აცნობეს, რომ ამის მიზეზი მათი პასიურობა იყო, რადგან აღნიშნულ ნომერზე არ დაუკავშირდნენ. 21 მძევლის დახვრეტა დაადასტურა ინგუშეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რუსლან აუშევმაც, რომელიც სკოლაში მეორე დღეს მოსალაპარაკებლად შევიდა.
მძევლებს მოკლულების ფანჯრიდან გადაყრა დაავალეს, რა დროსაც რამდენიმე მათგანი გადახტა და გაქცევა შეძლო.
ამჯერად საგანგებო შტაბმა ზუსტი ინფორმაცია მიიღო იმაზე, თუ რა პირობებში იყვნენ სკოლაში დაკავებულები და დაახლოებით რამდენი თავდამსხმელი მართავდა სიტუაციას.
მალევე, ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელებთან კონტაქტი დამყარდა. 21 საათზე საგანგებო შტაბის წევრმა, ვალერი ანდრეევმა განაცხადა, რომ სკოლიდან მიწოდებული ინფორმაციით, ბავშვებიდან არავინ იყო დაშავებული.
21 საათისთვის ბესლანში თავდამსხმელების მიერვე მოთხოვნილი საბავშვო ექიმი ლეონიდ როშალი ჩავიდა. მან წყლისა და მედიკამენტების შეგზავნა სცადა, თუმცა თავდამსხმელები არ დათანხმდნენ.
ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ სკოლაში ორგანიზაცია რიადუს-სალაჰინის წევრები იყვნენ შეჭრილი, რომელსაც შამილ ბასაევი მართავდა.
შამილ ბასაევი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეჩენი სამხედრო მეთაურია. ბესლანამდე მის სახელს უკავშირდება არაერთი ტერორისტული აქტი რუსეთის ფედერაციაში. მათ შორის, 2004 წლის 21-22 ივნისს ქალაქ ნაზრანზე თავდასხმა, როცა 95 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბასაევის დაჯგუფებამ ნაზრანში იარაღის საცავი გაძარცვა, რომელიც შემდგომში ბესლანის სკოლის ასაღებად გამოიყენა.
ბასაევმა აიღო პასუხისმგებლობა ამავე წლის აგვისტოში რუსული თვითმფრინავების ჩამოგდებაზე, რა დროსაც 90 მგზავრი დაიღუპა. ასევე, ორ ტერორისტულ აქტზე, რომელიც მოსკოვში მეტროსთან მოხდა. შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა.
საღამოს 23 საათზე რუსეთის ხელისუფლებამ ექიმ როშალის დახმარებით თავდამსხმელებს ბავშვი მძევლების გათავისუფლება და მათი უფროსებით ჩანაცვლება შესთავაზა. ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, თანახმა იყვნენ თავდამსხმელებისთვის ინგუშეთსა და ჩეჩნეთში თავისუფლად გადასვლა შეეთავაზებინათ, თუმცა არცერთ შეთავაზებას არ დათანხმდნენ.
მოთხოვნები და ხელისუფლების რეაგირება
მეორე დილას, 2 სექტემბერს მძევლების მდგომარეობა უფრო დამძიმდა და თავდამსხმელების დამოკიდებულებაც უფრო აგრესიული გახდა. დაცინვასა და შეურაცხმყოფელ მიმართვას დაემატა ისიც, რომ ტყვეებთან ბინძური წყლის შეტანაც აიკრძალა. მათ ოფლისგან დასველებული მაისურების გაწურვას და ამ სითხის, ან საკუთარი შარდის დალევას აიძულებდნენ.
მეორე დღეს ტერორისტების ნებართვით რამდენიმე ადამიანი ტუალეტში გაგვიშვეს. დერეფანში პოლკოვნიკს შევეჯახე, რომელიც ტერორისტებს ხელმძღვანელობდა. საით წავიდეთ ვკითხე მე. უცნაურად შემომხედა, მოქნეული ხელი დამარტყა და მითხრა: "იქეთ წადი. იქ საპირფარეშოა თქვენთვის. ეი, თუ გავიგებ, რომ წყალს სვამთ, ჩემი ხელით მოგკლავთ. გასაგებია?". ჩვენ ენა გადავყლაპეთ. იმედი მქონდა, რომ მოვახერხებდი წყალი ტუალეტის ჩასარეცხიდან დამელია. მინდოდა ცოტა მამისთვისაც წამომეღო, თუნდაც პირით. მას დიაბეტი ჰქონდა და ვნერვიულობდი. მაგრამ ყველა ჩასარეცხი დამაგრებული დამხვდა
14 საათზე პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირველი ბრიფინგი გამართა. მიმართვის დასაწყისში მან დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, უმეტესი დრო კი არა მომხდარზე, არამედ რუსეთის ფედერაციასა და საბჭოთა კავშირის დაშლაზე საუბარს დაუთმო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო რუსეთის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი ომი, რომელშიც დათმობას არ აპირებდა. მანვე წინააღმდეგობის გაწევის მნიშვნელობაზე ისაუბრა და საზოგადოებას ტერორისტების ერთობლივი ძალისხმევით დამარცხებისკენ მოუწოდა.
"ჩვენ სისუსტე გამოვიჩინეთ და სუსტებს სცემენ... ტერორისტები ფიქრობენ, რომ ჩვენზე ძლიერები არიან. მათ ჰგონიათ, რომ შეგვაშინებენ თავისი სისასტიკით და გახლეჩენ ჩვენს საზოგადოებას.
ერთი შეხედვით თითქოს არჩევანი გვაქვს: შევეწინააღმდეგოთ მათ ან დავეთანხმოთ მათ მოთხოვნებს, დავნებდეთ, მივცეთ უფლება, რომ დაანგრიონ რუსეთი. იმის იმედით, რომ ბოლოს და ბოლოს შეგვეშვებიან. როგორც პრეზიდენტი და რუსეთის ფედერაციის პირველი პირი, როგორც ადამიანი, რომელმაც სიტყვისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პირობა დავდე, როგორც უბრალო მოქალაქე, მე დარწმუნებული ვარ, რომ სინამდვილეში არანაირი არჩევანი არ გვაქვს. თუ შანტაჟისა და პანიკის უფლებას მივცემთ, მილიონ ადამიანს დაუსრულებელ სისხლიან კონფლიქტებში ჩავრთავთ", — განაცხადა პუტინმა.
საუბრის დასასრულს პრეზიდენტმა მოკლე გეგმაც წარადგინა იმისა, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს რუსეთი მსგავს პრობლემებს. აშკარა იყო, რომ არც მოთხოვნების დაკმაყოფილებას და არც მოლაპარაკებებით დროის გაწელვას რუსეთი არ აპირებდა.
ამავე დღეს ბესლანში ინგუშეთის ყოფილი პრეზიდენტი რუსლან აუშევი ჩავიდა და თავისი ინიციატივით მოსალაპარაკებლად შევიდა. თავდამსხმელებს გადაღებული აქვთ აუშევისა და სკოლის მძევალი დირექტორის შეხვედრაც. წარწერის მიხედვით 2 სექტემბრის 16:17 საათია.
დირექტორი აუშევს უამბობს, რომ მათ კარგად ექცევიან, თავდამსხმელებს სთხოვს, რომ ბავშვებს არაფერი დაუშავონ, რაზეც პასუხად იღებს: "ეს ჩვენზე არა, პუტინზეა დამოკიდებული". ამ დროს დირექტორი აუშევს მიმართავს:
"მე, რა თქმა უნდა, პუტინთან ვერ მოვხვდები, მაგრამ მასაც ძალიან, ძალიან ვთხოვ ბავშვებისთვის, არა 354-სთვის, როგორც გამოაცხადეს, შემთხვევით ვნახე ტელვიზორში. თქვენ ნახეთ, იქ 1 270, დაახლოებით, 1 300 ადამიანია".
აუშევმა ამ ინფორმაციასთან ერთად სკოლიდან 24 ადამიანი გამოიყვანა. ეს იყო პირველი შედეგიანი მოლაპარაკება 2 დღის განმავლობაში.
"ვუთხარი, რომ ჩვილები გამოეშვათ. უარზე იყვნენ. ავუხსენი, რომ მეძუძური ბავშვები არაფერში სჭირდებოდათ და ისინი სრულიად უდანაშაულოები იყვნენ, დამთანხმდნენ. დავთვალეთ 15 ბავშვი აღმოჩნდა. ვუთხარი, რომ დედებიც უნდა გამოეშვათ, რადგან ბავშვები რძის გარეშე დარჩებოდნენ. მტკივნეულ ადგილას ვაჭერდი. გამოვიდა", — იხსენებს რუსლან აუშევი 15 წლის შემდეგ ნოვაია გაზეტას ფილმში.
ტერორისტები რუსლან აუშევს მცირეწლოვან ბავშვს აწვდიან
ფოტო: კადრები ვიდეოდან / მხიარულების დრო
გათავისუფლებული დედები შვილებთან ერთად ტოვებენ სკოლას
ფოტო: კადრები ვიდეოდან / მხიარულების დრო
აუშევს თავდამსხმელებმა გადასცეს შამილ ბასაევის წერილი და მოთხოვნები, რომლის გამოც ტერაქტი დაიგეგმა. ეს წერილი წლების წინ პრავდა ბესლანას ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მის ავთენტურობას ადასტურებს აუშევის კომენტარები წერილის შინაარსზე და სასამართლო პროცესზე პროკურორის მიერ წაკითხული ტექსტის ნაწილი, რომელიც სრულ თანხვედრაშია აღნიშნულთან.
ბასაევის შეთავაზების მთავარი გზავნილი იყო "დამოუკიდებლობა უსაფრთხოების სანაცვლოდ". ის ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანასა და რესპუბლიკის დამოუკიდებლობას ითხოვდა. ასევე, მოითხოვდა მუსლიმებისთვის რელიგიის თავისუფლებას რუსეთის ფედერაციის მთელ ტერიტორიაზე. ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში კი პირობას დებდა, რომ არცერთი რუსი მუსლიმი ხელისუფლების წინააღმდეგ არ იბრძოლებდა, ჩეჩნეთი დსთ-ში შევიდოდა და რუსეთის წინააღმდეგ არცერთ პოლიტიკურ ან ეკონომიკურ გაერთიანებაში არ ჩაერთვებოდა.
"ვლადიმერ პუტინ, ეს ომი შენ არ დაგიწყია, მაგრამ შენ შეგიძლია დაასრულო, თუ გეყოფა კაცობა", — წერდა ბასაევი.
ტერაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ბასაევმა მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო განაცხადა, რომ პუტინს მძევლების ვიდეომიმართვაც გაუგზავნა, სადაც ისინი დახმარებას ითხოვდნენ. ბასაევი ამბობდა, რომ მზად იყვნენ ეტაპობრივად გაეთავისუფლებინათ მძევლები. მისი თქმით, ბავშვებს წყალს მისცემდნენ მაშინ, როცა პუტინი ხელს მოაწერდა ბრძანებას ჯარების გაყვანის შესახებ, ხოლო საჭმელს მაშინ, როცა ჯარების გაყვანას დაიწყებდა. მისივე თქმით, ამის შემდეგ ჯერ ბავშვებს გაათავისუფლებდნენ და შემდეგ უფროსებს.
გეგმამ არ იმუშავა. პუტინი ჩეჩნეთის დაკარგვას არაფრის ფასად აპირებდა. სხვანაირად ფიქრობდნენ თავდამსხმელები. ერთ-ერთი მძევალი ამბობს, რომ აუშევის ვიზიტის შემდეგ მათდამი უხეში დამოკიდებულება შემცირდა და მათ უთხრეს, რომ მალე ყველა სახლში დაბრუნდებოდა.
21 საათისთვის, ექიმმა როშელმა განაცხადა, რომ ისევ სთავაზობდა საკვებსა და წყალს მოლაპარაკებებზე, თუმცა თავდამსხმელებისგან პასუხი მიიღეს, რომ შიმშილობა მძევლებმა თავად გადაწყვიტეს, რადგან მათ იდეებს მხარს უჭერდნენ.
მესამე დღეს წყურვილისგან ენა გამისივდა და ღრძილების ანთება დამეწყო. ნერწყვი აღარ მქონდა. შიგნით ყველაფერი ისე გამომიშრა, რომ საკუთარ კანს ვაფურთხებდი. ჩემ გვერდით პატარა გოგო იჯდა გადმოცვენილი თვალებით. თევზს გავდა, რომელსაც წყლიდან ამოიყვანენ
შტურმისთვის განწირული მძევლები
ლევ ძუგაევის განცხადებით, გვიან ღამე მოლაპარაკებები თავდამსხმელების ინიციატივით შეწყდა. მისივე თქმით, დილას 6 საათისთვის სკოლიდან სროლა დაიწყო, რაც თავდამსხმელებმა იმით განმარტეს, რომ ეზოში მოძრაობა შენიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, სროლისას რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, თუმცა შტაბი ამას უარყოფდა.
09:20 საათზე საგანგებო შტაბის ბრძანებით სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხო ზონამ 100 მეტრით უკან დაიწია. მოსახლეობა ამ ფაქტმა შეაშინა, მაგრამ შტაბმა განუმარტა, რომ ამის მიზეზი სკოლიდან სროლა გახდა. 11:15 საათზე ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა, და პირველად გააჟღერა ინფორმაცია დაახლოებით 900 მძევალზე.
სავარაუდოდ, აუშევის შუამდგომლობით თავდამსხმელებმა უფლება მისცეს საგანგებო შტაბს, რომ ეზოდან ცხედრები გაეტანათ. 12:55 საათზე ეზოში 4-კაციანი ჯგუფი შევიდა. მათ თან ჰქონდათ მობილური, რომლითაც სკოლაში მყოფებთან იყვნენ კონტაქტზე.
ეზოში შესვლიდან რამდენიმე წუთში, 13:03 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა. თავდამსხმელებმა მაშველებს ცეცხლი გაუხსნეს. ორ წუთში გაისმა მეორე აფეთქებაც და დარბაზში ცეცხლი გაჩნდა. ეზოში მძევლები გამოჩნდნენ.
ნახევრად შიშველი ბავშვები გასასვლელისკენ გარბოდნენ. თავდამსხმელებმა მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ფოტო: EPA
ფოტო: Reuters
ფოტო: Commarts
ბოევიკებს ცეცხლით უპასუხა 58-ე არმიამ, სპეცრაზმმა და ადგილობრივებმა, რომლებიც საკუთარი ინიციატივით მივიდნენ შეიარაღებულები. ეზოში დარბოდნენ შეუიარაღებლებიც და ორმხრივი ცეცხლის მიუხედავად ბავშვები გამოჰყავდათ.
ევაკუაციის დროს კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა — არასაკმარისი საკაცეები. მაცხოვრებლები სხვადასხვა ნივთებისგან ადგილზევე ამზადებდნენ საკაცეებს.
"14:01 საათზე დარბაზის ნანგრევების გარეთ ბავშვი ბალახზე ზის და ადგომას ცდილობს. ფეხებითა და ხელებით დგება, მაგრამ მიწიდან წამოწევის ძალა არ აქვს. მარჯვენა ფეხის ზედა ნაწილში ჭრილობა აქვს და სისხლი სდის. ყვირის, ძალიან ხმამაღლა. იმდენად ხმამაღლა, რომ სროლის ხმაშიც ისმის: დედა.
14:03 საათზე ადგა. ფანჯარაში გადაძვრომა სცადა, მაგრამ ვერ მიწვდა და ბალახზე დაეცა. ისევ ადგა. ამჯერად ტირილნარევი ხმით მესმოდა: დედა. ფანჯარასთან მივიდა. დაჭრილი ფეხი ძლივს აითრია. წარმოუდგენელი ძალით შეხტა და ფანჯრის თაროზე ჩამოეკიდა. დარბაზში დაჭრილი და აგონიაში მყოფი ხალხი მას ვერ ამჩნევდა. ამ დროს სპეცრაზმელმა დაინახა და იყვირა: "სად მიდიხარ, შეჩერდი"... ბოლოჯერ მოიკრიბა ძალა და თავით ჩახტა დარბაზში. რამდენიმე წამში გაქრა. კამერა დავუშვი. ჩემს ირგვლივ ყველა დუმდა. ვერ ვიაზრებდით რა ძალამ დააბრუნა ბავშვი იქ, საიდანაც გამოქცევას ცდილობდა", — იხსენებს ფოტოგრაფი დმიტრი ბელიაკოვი შტურმის მომენტს.
ორმხრივი სროლა რამდენიმე საათი გაგრძელდა. ადგილზე არ იყო საკმარისი რაოდენობის სასწრაფო დახმარება ან მედპუნქტი, რომელიც დაშავებულებს დაიტევდა. მძევლები დასისხლიანებული იყვნენ და წყალს ითხოვდნენ. ადგილობრივებმა ისინი პირადი მანქანებით გადაიყვანეს საავადმყოფოებში.
ფოტო: RT
ფოტო: რამაზან ლაკუევი
სპეცრაზმს შტურმი გაუჭირდა, რადგან თავდამსხმელებს შენობაში ბარიკადები ჰქონდათ მოწყობილი და მძევლებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ.
"სამზარეულოში ფანჯრის რაფაზე იდგნენ ლორა კაკრუზაშვილი და აიდა არჩეგოვა. მათ შორის აბდულა ჩნდებოდა, ისვრიდა და ისევ იმალებოდა. მეორე კუთხიდან კი იბრაგიმი ისროდა. გარედან ტყვიების წვიმით პასუხობდნენ. ლორა მკერდში დაიჭრა და დაეცა. აღარ ინძრეოდა. აიდა იდგა, თეთრ ნაჭერს აფრიალებდა და ყვიროდა: არ ისროლოთ.
დგომა 20 წუთი მოუწია. რაღაც სასწაულით ტყვიები მას არ ხვდებოდა... რამდენიმე წუთში სახეში რაღაც მძიმედ მოხვდა. ტყვიამ ქვედა ყბის ნაწილი ჩაუმსხვრია. აბდულას შეხედა და ჰკითხა: შეიძლება დავჯდე? ცუდად ვარ. პასუხად მიიღო: "არ მაინტერესებს როგორ ხარ. დადექი იქ ცხოვრება თუ გინდა და იყვირე: არ ისროლოთ". აიდა ყვიროდა", — წერს არჩეგოვას მოგონებებზე გამოცემა Esquire.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ არასწორი ბრძანების გამო შტურმის დროს სპეცრაზმისა და არმიის ქმედებებმა მძევლების დიდი ნაწილი იმსხვერპლა. ბესლანელები დღემდე ამტკიცებენ, რომ ხელისუფლებამ ჯავშანტექნიკა ჯერ კიდევ მაშინ გამოიყენა, როდესაც სკოლაში მძევლები იყვნენ. პასუხისმგებელი პირები ბრალდებას უარყოფენ. მათი თქმით, 18 საათზე ყველა მძევალი გაათავისუფლეს და სპეცდანიშნულების რაზმებმა შენობის გაწმენდა დაიწყეს.
ადგილობრივების მტკიცებით, ხელისუფლების დანაშაულზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სახანძრო მანქანა დარბაზში ცეცხლის ჩასაქრობად მხოლოდ ორსაათ ნახევრის შემდეგ შეიყვანეს, როცა ყველაფერი დაიწვა, ჭერი ჩამოინგრა და მხოლოდ კონსტრუქცია დარჩა. საგანგებო შტაბის ეს გადაწყვეტილება აძლიერებს მათ არგუმენტს იმის შესახებ, რომ დარბაზში არა თავდამსხმელების დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, არამედ ხელისუფლებამ თავად დაბომბა სკოლა გვერდით სახლის სახურავიდან, სადაც მოგვიანებით ჭურვებიც აღმოაჩინეს.
ოპერაცია შუაღამემდე გაგრძელდა. 4 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოპერაციამ "წარმატებით" ჩაიარა "ოფიცრების სიცოცხლის ხარჯზე". მალე კი ცნობილი გახდა, რომ "წარმატებულმა ოპერაციამ" 333 ადამიანი იმსხვერპლა. თითქმის იმდენი, რამდენ მძევალზეც ავრცელებდნენ ინფორმაციას.
ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულთა შორის 186 ბავშვია, 111 ნათესავი ან მშობელი, 17 სკოლის თანამშრომელი, 6 სამოქალაქო პირი, რომელიც დახმარებას ცდილობდა და 13 სპეცდანიშნულების რაზმის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგანგებო სამსახურის წევრი. ეს ყველაზე დიდი დანაკარგი იყო რუსული სპეცსამსახურების ისტორიაში. საავადმყოფოში გადაიყვანეს 652 ადამიანი, მათ შორის 228 ბავშვი.
ხელისუფლების განცხადებით, სპეცოპერაციისას მოკლეს 28 თავდამსხმელი, 1 — დააპატიმრეს. 3 მათგანი წინა დღეებში დაიღუპა.
ყველაზე მეტი მოკლული ერთ ოჯახს ჰყავდა — დაიღუპა 6 ადამიანი.
ანგელოზების ქალაქი
4 სექტემბერს ბესლანელები პირველი სკოლის დარბაზის ნანგრევებში შეიკრიბნენ. აქ დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად მემორიალური კედელი მოეწყო.
დარბაზი დაღუპულთა ფოტოებით, სათამაშოებით, პირადი ნივთებით, ყვავილებითა და წყლის თავღია ბოთლებით მოირთო. წყალს ყველაზე დიდი სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მძევლებს ყველაზე მეტად ის აკლდათ.
მომდევნო დღეებში ბესლანში განვითარებული მოვლენების აღსაწერად ქრონოლოგია საჭირო არ არის. ქალაქი სრულად გლოვამ მოიცვა.
დაღუპულები ძველმა სასაფლაომ ვერ დაიტია. ახალ სასაფლაოზე 333 ადამიანი ტალახსა და ცრემლში დამარხეს. მოგვიანებით საფლავები მოაპირკეთეს და ორი მემორიალი აღმართეს. სასაფლაოს ანგელოზების ქალაქი უწოდეს.
ერთ-ერთ მემორიალზე ბესლანელი დედები ხელაწვდილები ქმნიდნენ ხის მონუმენტს, რომლის ტოტებზეც ანგელოზები, ანუ დაღუპული ბავშვები ისხდნენ.
მეორე მონუმენტზე კი ძირს ჯარისკაცის მოსასხამი ეგო, რომელზეც სპეცრაზმელის ტყვიაგაუმტარი ჟილეტი და თავსაბურავი იდო. ჟილეტი ბავშვის სათამაშოს და წიგნს ფარავდა. ამ ფორმით პატივი მიაგეს სამხედროებსა და სპეცრაზმელებს, რომლებიც შტურმისას დაიღუპნენ.
ხელისუფლება პირველი სკოლის დანგრევას აპირებდა. მოსახლეობამ არაფრით დათმო ადგილი, რომელიც ერთდროულად უდიდესი ტანჯვის და შვების სიმბოლოდ მიაჩნდა. საბოლოოდ, ხელისუფლებამ ადგილობრივები დაითანხმა იმაზე, რომ სკოლის ძირითადი ფლიგელი და დარბაზის ნანგრევები შეენარჩუნებინათ. დანარჩენი კედლები კი დაშალეს.
დარბაზი რკინის კონსტრუქციით შემოღობეს და ოქროსფრად შეღებეს. შიგნით ჯვარი აღმართეს. იყო იდეა ეკლესიის აშენებაზეც, რასაც მოსახლეობა არ დათანხმდა, რადგან დაღუპულთა ნაწილი სხვა აღმსარებლობის იყო.
ფოტო: Reuters
ფოტო: RT
ბრძოლა პასუხებისთვის
5 სექტემბრიდან ბესლანის ქუჩებში საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა დამნაშავეების დასჯას ითხოვდა. აქციები 2 კვირა გაგრძელდა. პარალელურად, სოლიდარობის აქციები იმართებოდა მოსკოვში, სტავროპოლში, როსტოვსა და სხვა ქალაქებში.
ბესლანელებს მთავრობამ ვერ უპასუხა კითხვებზე, თუ რატომ მალავდნენ მძევლების რეალურ მონაცემებს და რატომ დაიწყეს შტურმი, როცა აცხადებდნენ, რომ მთავარი მძევლების გადარჩენა იყო. პასუხი არ გაეცა იმასაც, როგორ გადარჩა კალათბურთის კალათა თითქმის მთელი, თუ მართლა მასში ჩამაგრებული ბომბი აფეთქდა და არა გარედან ნასროლი, ან როგორ გადარჩა ცოცხალი მძევალი, რომლის გვერდითაც ტერორისტების დამონტაჟებული მეორე ბომბი იდო.
ბესლანელი დედები და ბესლანის სიმართლე
პასუხგაუცემელმა კითხვებმა დაღუპულთა ოჯახები გააერთიანა და ორგანიზაცია ბესლანელი დედები შეიქმნა, რომელსაც მოგვიანებით ერთი ჯგუფი გამოეყო და მეორე ორგანიზაცია — ბესლანის ხმა დააარსა. ისინი აგროვებდნენ თვითმხილველების მონაყოლს და ადარებდნენ სახელმწიფო პოზიციებთან, შემდეგ კი განსხვავებებს აჯამებდნენ და კვალიფიციური გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობდნენ.
ბესლანელი დედები ამბობდნენ, რომ გამოძიება, რომელიც პირველ სექტემბერს სკოლის აღებისას დაიწყო პროკურატურამ, ცუდად ჩატარდა. მათ არაერთხელ მიმართეს ჯერ პუტინს სანამ ის იყო პრეზიდენტი, შემდეგ დიმიტრი მედვედევს. საბოლოოდ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო იმაზე, თუ რამდენად მართლზომიერი იყო საგანგებო შტაბის ქმედებები. 2 წელში გამოძიებამ დაასკვნა, რომ შტაბმა კანონის სრული დაცვით იმოქმედა, "სიტუაციის შესაბამისად". ბესლანელმა დედებმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა პროკურატურამ საპასუხო სარჩელი შეიტანა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ სასამართლომ ორგანიზაციის დარღვევებით შედგენილი სარჩელი მიიღო. უზენაესმა სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
საგამოძიებო კომისიები
2004 წლის 22 სექტემბერს მოსკოვში პარლამენტის საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის მიზანი იყო ტერაქტის გამომწვევი მიზეზები დაედგინა. კომისიამ ორი წელი იმუშავა და ორი დასკვნა დადო. პირველი დასკნა, რომელსაც კომისის თავმჯდომარის, ტორჩინის სახელი უწოდეს ამტკიცებდა, რომ ტერორისტები მიზანმიმართულად ხოცავდნენ ხალხს და სახელმწიფომ ძალა მხოლოდ აფეთქების შემდეგ გამოიყენა. ასევე, ამტკიცებდა, რომ ჯავშანტექნიკა მხოლოდ მაშინ ჩაერთო საქმეში, როცა სკოლაში მძევლები აღარ იყვნენ.
მეორე დასკვნა კომისიის წევრ იური სავალიოვს ეკუთვნოდა, რომელიც ხელისუფლების ვერსიას არ ემთხვეოდა და მეტიც, მის ბრალეულობას ამტკიცებდა. ის წერდა, რომ სკოლაში 56-78 თავდამსხმელი შეიჭრა, სავარაუდოდ, 4 მანქანით. მისი თქმით, სკოლას გვერდით მდებარე კორპუსიდან ესროლეს თერმობარული ბობმა, რის შემდეგაც დაგეგმილი შტურმი დაიწყო. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ არ ჩააქრეს ხანძარი დროულად, რომ სხვა მხარეს დაბომბილი კედელი მოსახლეობას არ ენახა და მტკიცებულება გამქრალიყო.
სავალიოვის დასკვნა "არგუმენტების ნაკლებობის" გამო კრიტიკის ობიექტი გახდა. ერთ-ერთი დაწუნებული არგუმენტი იყო საგანგებო შტაბის მიერ სკოლის დაბომბვა. ბესლანელმა დედებმა კომისიას ურჩია მტკიცებულებად ენახა იმ კორპუსის ზედა სართული, სადაც ჭურვების ნარჩენები აღმოაჩინეს. კომისიამ ჭურვები მტკიცებულებად აიღო და გამოძიებას გადასცა. ნოვაია გაზეტას ინფორმაციით, გამოძიებამ განაცხადა, რომ ჭურვების ნომრები არასწორად იყო ამოწერილი და ისინი მტკიცებულებების სიიდან გაქრა.
გარდა ამისა, საგამოძიებო კომისია შეიქმნა ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტში. ეს დასკვნა უფრო ადრე გამოქვეყნდა, ვიდრე რუსეთის კომისიისა. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს შეფასება ბევრ საკითხში ეწინააღმდეგებოდა ტორჩინის ვერსიას და უფრო მეტად ჰგავდა სავალიოვისას. დასკვნაში ეწერა, რომ პირველი აფეთქების მიზეზი ნაღმტყორცნიდან სროლა გახდა, რაც სნაიპერის შეცდომა იყო, სავარაუდოდ, ცუდი ხილვადობის გამო. ასევე, ეწერა, რომ ტანკმა სკოლის მიმართულებით ჯერ კიდევ შუადღისას დაიწყო სროლა (ამ დროს მძევლები შიგნით იყვნენ).
კულაევის სასამართლო
ამ მოვლენების პარალელურად მიმდინარეობდა ერთადერთი გადარჩენილი თავდამსხმელის, ნურპაში კულაევის სასამართლო პროცესი. ის ამბობდა, რომ ემუქრებოდნენ და თავდამსხმელების იდეებს არ იზიარებდა. ასევე, ამტკიცებდა, რომ ტყვეებს კარგად ექცეოდა. თუმცა, მოწმეთა ჩვენებები საპირისპიროზე მეტყველებდა. სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, თუმცა მორატორიუმის გამო სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
როცა საკუთარ სახელმწიფოში პასუხები ვერ მიიღეს, დაზარალებულთა და დაღუპულთა ოჯახებმა ევროპულ სასამართლოში იჩივლეს. სტრასბურგში 477 მოქალაქის მიერ შედგენილი 7 საქმე შევიდა. სასამართლომ 409 მათგანის სარჩელი დააკმაყოფილა.
დაზარალებულები ამტკიცებდნენ, რომ სკოლის შტურმის აღებისას დაირღვა მათი უფლებები. კერძოდ: სიცოცხლის უფლება და ეფექტური დაცვის ქონის უფლება. ევროპულმა სასამართლომ ორივე მუხლის დარღვევა დაადგინა და რუსეთის ფედერაციას დაზარალებულებისთვის 2, 955 მლნ ევროს გადახდა დააკისრა.
იუსტიციის სამინისტრომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუსაბუთებელი უწოდა, ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და გაასაჩივრა. სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმე წარმოებაში არ მიიღო და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
სიცოცხლე მკვდარ ქალაქში
15 წელი, 2 საგამოძიებო კომისია, 2 სახელმწიფო გამოძიება, 2 სასამართლო პროცესი და არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება დღემდე არ აპირებს დანაშაულის აღიარებას. ბესლანში ამას არ ივიწყებენ და არც პატიებას აპირებენ.
ქალაქში სიცოცხლე გრძელდება, თუმცა რთულად. პირველ სექტემბერს ისევ იკრიბებიან პირველი სკოლის ეზოში, ისევ ყვავილებით, მაგრამ საზეიმო განწყობის გარეშე. გადარჩენილების ნაწილი დამოუკიდებლად გადაადგილებას ვეღარ ახერხებს, რადგან "სამაშველო ოპერაციამ" თავისი კვალი დატოვა. ნაწილი ოჯახის წევრების ფოტოებთან სანთლებს ახალ ოჯახთან ერთად ანთებს, რადგან ობლები ბესლანელებმა არ მიატოვეს და ბავშვთა სახლებში არ გაუშვეს.
მძევლობიდან თავის დაღწევის შემდეგ ისევ გადარჩენისთვის იბრძვიან. ამბობენ, რომ ამჯერად გადასარჩენად სიმართლე სჭირდებათ და მას აუცილებლად მიიღებენ.
"შიში რჩება. სულ ერთია, რამდენი დრო გავიდა, ნებისმიერი ხმა მაშინებს. მეშინია, აქ როცა ვარ, მოსკოვში ცოტა ყურადღება გადამაქვს, აქ კი სკოლის გვერდით ვცხოვრობ. ახლა კი ისევ ეს დღეებია", — ამბობს რადიო თავისუფლების რუსულ გამოცემასთან საუბარში ქრისტინა ძაგოევა, რომელიც ტერაქტის დროს 6 წლის იყო.
"ჩვენ სხვებისგან განვსხვავდებით იმიტომ რომ სიკვდილს ჩავხედეთ თვალებში. როცა ეს ხდება, შენ იაზრებ, რომ მთავარი სიცოცხლეა... ჩვენ სხვანაირები ვართ. მაგალითად, მე ბომბები არ მიყვარს. ვერ ვიტან, როცა საახალწლოდ ისვრიან. ეს ხმა მაღიზიანებს და ის ბიჭებიც, ვინც ბომბებს ისვრის. ბესლანში ამბობენ ფრაზებს "ნატერაქტალი" და "არატერაქტული". მე "არატერაქტულებთან" ურთიერთობა უფრო გამომდის. სხვა თემებზე შემიძლია ველაპარაკო", — ამბობს ამინა კაჩმაზოვა.
პუტინის პასუხი კრიტიკას
ტელეკომპანია დოჟდის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი 15 წლის განმავლობაში ტერაქტის წლისთავზე ბესლანში არცერთხელ არ ჩასულა. პუტინი ბესლანელებს ან მოსკოვში ხვდება, ან ქალაქში რამდენიმე თვით ადრე ჩადის. ან, სულაც მონღოლეთში მიფრინავს და ხალხინ-გოლეში გამარჯვების წლისთავს ზეიმობს.
პრეზიდენტი თავს არიდებს შეხვედრას ხალხთან, რომელთა ოჯახის წევრებიც ჩეჩნეთის დამორჩილების ამბიციას შესწირა და რომლებიც მას ბესლანის ჯალათად მიიჩნევენ.
მასალა მომზადებულია თვითმხილველების ჩანაწერებსა და ნურპაში კულაევის სასამართლო სხდომების ოქმებზე დაყრდნობით, რომლებიც pravdabeslana.ru-ზე ქვეყნდებოდა.
კომენტარები