ფოტოები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის დაფარულ ისტორიებს გვაცნობს
ახალი არქივი, რომელიც არაბული ფოტოების ფონდმა ინტერნეტში გამოაქვეყნა, ახლო აღმოსავლეთს უცხო პერსპექტივიდან გვანახებს და მივიწყებულ მომენტებსა და მოუყოლელ ისტორიებს აცოცხლებს.
ერთნაირსქესიანთა კოცნებიდან თუ დრეგში გამოწყობილი კაცებიდან დაწყებული, შიშველი მოდელების პორტრეტებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მოპოზიორე ბავშვებით დამთავრებული, არაბული ფოტოების ფონდი სავსეა ახლო აღმოსვლეთის განსაცვიფრებელი სურათებით. ფოტომასალაში მოხვედრილი ათასობით კადრი, რომლებზეც ყოველდღიური ყოფა, მივიწყებული ტრადიციები და ცხოვრების გამქრალი სტილია ასახული, ფონდის არქივს უნიკალურ და მიმზიდველ ისტორიულ წყაროდ აქცევს. ოც წელზე მეტია, რაც ორგანიზაცია თავის არქივებს ინახავს, წიგნებს აქვეყნებს და გამოფენებს აწყობს, თუმცა მათი კოლექციები ფართო საზოგადოებისთვის მაინც ძნელად მისაწვდომი იყო. ახლა კი, ახალი ონლაინ პლატფორმის შექმნით, აქამდე უცნობმა ათასობით ფოტოსურათმა, რომლებზეც მივიწყებული მომენტები და გაუჟღერებელი ისტორიებია აღბეჭდილი, მზის შუქი იხილა.
არაკომერციული ფონდი 1997 წელს, ბეირუთში ჩრდილოეთ აფრიკის, ხმელთაშუა აღმოსავლეთ ზღვისპირეთის და სპარსეთის ყურის ქვეყნების ფოტოგრაფიული ისტორიების მოსაძებნად, დასაცავად და შესანახად დაარსდა. ამჟამად ფონდში შემოწირულობების სახით მიღებული 500 ათასზე მეტი ნეგატივი და პრინტია დაცული. "ჩვენ ვართ პლატფორმა, რომელიც იკვლევს ფოტოგრაფიის მეთოდებსა და პრაქტიკას, დღევანდელ დღეს მის განსხვავებულ გამოყენებას და აფართოებს ამ დარგის მნიშვნელობის საზღვრებს", - ხსნის მარკ მუარკეჩი, ფონდის მმართველი დირექტორი, - "ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ისეთი ახალი დისკურსების შექმნას, რომლებიც თანამედროვე აუდიტორიის დაინტერესებას შეძლებს".
ონლაინ პლატფორმის მთავარ გვერდზე შემთხვევით შერჩეული ბმულები გვერდის სტუმრებს კოლექციებთან, ფოტოგრაფებთან და ფოტოებთან აკავშირებს და მნახველებს ყოველ სტუმრობაზე ახალ აღმოჩენებს ჰპირდება. ფოტოსურათები ასევე კატეგორიების მიხედვითაა დალაგებული და მათი მოძებნა საკვანძო სიტყვებით არის შესაძლებელი, რაც ცნობისმოყვარეებს კონკრეტული ეპოქის, ქვეყნის ან თემის სიღრმისეულად გაცნობის საშუალებას აძლევს. მნახველებს დამალული დეტალების აღმოსაჩენად ფოტოების გადიდება, მათი სოციალურ მედიაში გაზიარება და ვებგვერდზე საკუთარი თეგებისა და ინფორმაციის დამატება შეუძლიათ. "ჩვენ გვსურს, რომ ეს იყოს პლატფორმა, რომელსაც ფონდი და საზოგადოება ერთად ააშენებს", - განმარტავს მუარკეჩი.
ნეგატივთა და დაბეჭდილ მასალათა დიდი ნაწილი წლების სვლამ დააზიანა. იმის ნაცვლად, რომ აღედგინათ ან ციფრულად დაემუშავებინათ, ისინი პირვანდელი სახით არიან წარმოდგენილნი და ისტორიულ არტეფაქტებად განიხილებიან. მაგალითად, ბალერინა თუმანოვას გასაოცარი პორტრეტი, რომელიც 1901 წელს თურქეთში დაბადებული სომეხი-ეგვიპტელი ფოტოგრაფის, არმანდის მიერაა გადაღებული, თეთრი ფერის, თითის ანაბეჭდის მსგავსი ლაქებითაა დაზიანებული. ეს მდგომარეობა ფოტოსურათს მეტ დრამატულობას სძენს - ბალერინას მაღლა აწეული სახისა და მისი თეთრი ჰაეროვანი კაბის გარშემო დახვეწილი ბზინვარება იქმნება.
ამ ფოტოთაგან ბევრი ასახავს ახლა უკვე მივიწყებულ ტრადიციას. ფოტოგრაფი კამილ ელ-კარე ცნობილი იყო მისი პოსტ-მორტემ ფოტოებით, რომლებიც ჩრდილოეთ ლიბანში 1920-30-იან წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე გარდაცვლილის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გადაღებით ფოტოგრაფი ისეთ ფორმალურ ოჯახურ პორტრეტებს ქმნიდა, რომლებშიც ცენტრალური ფიგურა გარდაცვლილის სხეული იყო. ერთ-ერთ მსგავს ფოტოში, რომელსაც მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი ჩუმი ღირსების ბეჭედი ასვია, ასახულია შავ კოსტუმში გამოწყობილი მოხუცი კაცის სხეული. გარდაცვლილს მოკეცილ ხელებსა და პირზე ყვავილები აფენია. კაცის ოჯახი მისი საწოლის უკან ჩამწკრივებულა, ამ დროს კი მგლოვიარენი, რომლებიც ფოტოს მარცხენა კუთხეში მოჩანან, მიცვალებულისთვის თვალის ბოლოჯერ შესავლებად წინ მიიწევენ.
სირიაში 1900 წელს დაბადებული აკადემიკოსისა და ფოტოგრაფის, ჯიბრაილ ჯაბურის კადრი ასახავს სირიის უდაბნოში მყოფ ბედუინ მამაკაცს ქათქათა თეთრი თავსაბურავითა და ხელზე შემოსმული შევარდნით. ჯაბურის ნამუშევრები მეოცე საუკუნის დასაწყისში უდაბნოში მოხეტიალე სირიელი ბედუინების ყოველდღიურ ცხოვრებაზე უნიკალურ ინფორმაციას გვაწვდის.
არქივი მოიცავს ისტორიული პირებისა და მოვლენების ამსახველ უამრავ ფოტოს, მაგრამ ის ინახავს ისეთი გარდამტეხი მომენტების მაჩვენებლ კადრებსაც, რომლებიც ისტორიას მხედველობიდან გამორჩა, და ნათელს ჰფენს საუკუნის განმავლობაში მიმდინარე სოციალურ წეს-ჩვეულებათა ცვლილებებს. უცნობი ეგვიპტელი ფოტოგრაფის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში გადაღებულ სტუდიურ პორტრეტზე თავსაბურავებით პოზიორი ორი ახალგაზრდა ქალია წარმოდგენილი. ორივე მათგანს თეთრი პირბადე ერთ მხარეს შეუხსნია და გადასაღებად სახის ნაკვთებს აჩენს. მუარკეჩი ფიქრობს, რომ ეს ისეთი ფორმალური ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუშია, რომელზეც არაბი ქალები დაუფარავი სახით არიან ასახულები.
ქალის სხეულის მიმართ ცვალებად დამოკიდებულებებს განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს სომეხი-ეგვიპტელი ფოტოგრაფი ვან ლეო, რომელმაც 1950-60-იანი წლებში შოუბიზნესის წარმომადგენელთა ასობით ეროტიკული ფოტო გადაიღო, შემდეგ კი, 80-იან წლებში, რელიგიური კონსერვატიზმის მკვეთრი ზრდის გამო, მათი უმეტესობის ღუმელში დაწვა მოუწია.
არაბული ფოტოების ფონდის კოლექციებში ასეთი ბუდუარული პორტრეტების გადარჩენილი ნიმუშებიცაა დაცული. მათ შორისაა ეგვიპტელი მსახიობის, ნადია აბდელ ვაჰების თამამი ფოტოები. მან თავად სთხოვა ვან ლეოს, მისთვის 18 განსხვავებულ პოზაში გადაეღო ფოტოების სერია, რომელშიც ის თანდათან იხდიდა ტანსაცმელს. 1959 წელს გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოში ის გამომწვევად უყურებს კამერას და წინდის გასახდელად ერთი ფეხი ჰაერში აქვს აწეული. ქალს ტანს მხოლოდ კორსეტი უფარავს და მაღალქუსლიანი ფეხაცმელი აცვია.
კაცებიც იღებდნენ ნახევრად-შიშველ ან შიშველ ფოტოებს. ბოდიბილდინგი მეოცე საუკუნის შუა ხანებში პოპულარული ჰობი იყო და კაცები ფოტოებში დაჭიმული კუნთებით ან თავიანთი ჯილდოებით ხშირად იწონებდნენ თავს. ეგვიპტელი ფოტოგრაფის, ჯამალ იუსეფის ერთ-ერთი ნამუშევარი თეთრ საცვლებში გამოწყობილ სამ მამაკაცს ასახავს, რომლებიც უხეშად თლილი ქვის გარშემო სამკუთხოვანი განლაგებით დგანან. ამით სცენა გამარჯვებულების პოდიუმს ემსგავსება, შუქთა თამაში კი მოდელთა კუნთებს გამოკვეთს.
სხვა ეგვიპტური კოლექციები ასახავენ ისეთ ტრადიციებს, რომლებიც დღესაც წარმატებით განაგრძობენ არსებობას. მათ შორისაა ადგილობრივი ტკბილეულის წარმოება. 1960 წელს ფოტოგრაფი მუჰამედ იუსეფი მინის ნაჭრის ქვეშ დაწვა, რათა კნაფეს, ტკბილი ცომისა და რბილი ყველისგან შემდგარი ადგილობრივი დესერტის, დამზადების პროცესში მყოფი კაცის ფოტო გადაეღო. მზარეულის მომღიმარი სახე და თეთრი ქუდი მის მიერ შუშის ზედაპირზე მოზელილი ტკბილი ცომის პირველი ფენის რგოლშია მოქცეული.
რეგიონში მოღვაწე ბევრი ფოტოგრაფი კომპოზიციასა და ტექნიკაზე ექსპერიმენტებს ატარებდა. 1922 წელს უცნობი პალესტინელი ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ სახალისო ფოტოში ერთი კაცის ოთხ განსხვავებულ პოზიციაზე დასაფიქსირებლად გადაფარვის ტექნიკაა გამოყენებული. ავტორი სიურეალისტურ სცენას ქმნის, სადაც სამი იდენტური კაცი მაგიდას საჭმელად შემოსხდომია, ცენტრში მჯდომი ცბიერად იღიმება და თან საკუთარ თავს დანით ჭრის.
დაახლოებით ამავე პერიოდშია გადაღებული მარი ალ-ხაზენის, ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფი ქალის, ფოტო. ის ლიბანში 1899 წელს დაიბადა, იყო ფემინისტი და მოყვარული ფოტოგრაფი. მისი ავანგარდული კომპოზიციები და გადაღების მანერა, რომლითაც საკუთარ თავსა და სხვა ქალებს ტრადიციულად კაცებთან ასოცირებული ისეთი აქტივობების დროს ასახავდა, როგორებიც მოწევა, ცხენის ტარება და ნადირობაა, ალ-ხაზენს მიმზიდველ და ორიგინალურ ფიგურად აქცევს. მის ერთ-ერთ პრინტზე ჩანან ცხენებზე ამხედრებული ქალი და კაცი. ქალი წინა პლანზეა, კაცის ფიგურა კი მის უკან ჩანს. ორმაგი ექსპოზიცია, რომელიც ადამიანების ბუნების მწვანე ფონით გადაფარვით მიიღწევა, სიურეალისტურ, მაგრამ მშვენივრად ბალანსირებულ კომპოზიციას ქმნის.
რეგიონის დაძაბული ისტორიიდან გამომდინარე, ბევრ ფოტოში იარაღის შემჩნევაა შესაძლებელი. მაგრამ, მუარკეჩის თქმით, ამ ფოტოებს ზოგჯერ არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ლიბანელ ფოტოხელოვანს, ჰაშემ ელ მადანის, თავისი მშობლიური ქალაქის, სიდონის, ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ათასობით ფოტო, მათ შორის იარაღით პოზიორი კაცებისა და ბავშვების ათობით პორტრეტი აქვს გადაღებული. ეს ფოტოები მან 1970-იან წლებში, ლიბანის სამოქალაქო ომის დაწყებამდე გადაიღო.
მადანის ერთ ფოტოზე აღბეჭდილია ულვაშებიანი კაცი, რომელსაც თავზე ტრადიციული ქუფია შემოუხვევია, სამხედრო ქურთუკს ატარებს და კალაშნიკოვი უჭირავს. ცოტა ხნის წინ კაცი, რომელიც ფონდის ოფისს სტუმრობდა, კედელზე ჩამოკიდებული ამ ფოტოსურათის ხილვამ გააკვირვა. მან თქვა, რომ ეს კაცი ბაბუამისი იყო, რომელიც სახელმწიფო ელექტრო-კომპანიისთვის მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაბუამისი მილიციის წევრი არ ყოფილა, როდესაც პორტრეტის გადასაღებად წავიდა, მან ამ ფორმით პოზირება გადაწყვიტა. "ეს კამერის წინ მისი მაჩოობის ჩვენების გზა იყო", - ამბობს მუარკეჩი, - "ასეთ ფოტოებს სტუდიებში იღებდნენ და ეს პრაქტიკა გარკვეული ტიპის მასკულინობის წარმოჩენას ემსახურებოდა".
ფონდის ონლაინ არიქივი მიზნად ისახავს ახლო აღმოსავლეთის შესახებ პერსპექტივების გაფართოებას. მუარკეჩი კოლექციებზე საჯარო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თავისი მოვალეობის - მასალის დაცვისა და შენახვის ნაწილად აღიქვამს. "არქივი არის ინსტრუმენტი, რომელიც უნდა გამოიყენო", - ამბობს ის, - "დაცვის ბევრი განსხვავებული გზა არსებობს. თუ პატარა ბავშვი ნახავს ფოტოს და ის მას წარმოსახვის განვითარებში დაეხმარება ან მის მეხსიერებაში ემოციური მიზეზების გამო დარჩება, ჩვენთვის ეს მასალის შენარჩუნების ფორმაა - ასე იქმნება ისტორიები, რომლებსაც თან ვატარებთ და მოგონებები, რომლებიც მოვლენებსა და რეგიონის წარსულს აცოცხლებს".
კომენტარები