თუ კონდიციონერი თავს გატკიებთ, მარტო არ ხართ
როდესაც გარეთ 35 გრადუსია, ნიავი არ იძვრის და მზე არავის ინდობს კონდიციონერი, შესაძლოა, შვების პოვნის ერთადერთი გზა იყოს. თუმცა უარყოფითი მხარეები, ისევე როგორც სხვა ყველაფერს, კონდიციონერსაც აქვს.
თუ შეამჩნევთ, რომ კონდიციონერით გაგრილებულ სივრცეში ყოფნისას თავი ხშირად გტკივდებათ, ამას, შესაძლოა, რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.
კონდიციონერი ჰაერს არა მარტო აგრილებს, არამედ მას აშრობს კიდეც. შესაბამისად ამ დროს ოთახში ტენიანობა იკლებს. მშრალი ჰაერის დიდი ხნის განმავლობაში სუნთქვას თქვენი სასუნთქი გზების, ლორწოვანი გარსებისა და მთელი სხეულის გაუწყლოებაც კი შეუძლია. ასეთ დროს ტვინის მკვებავი სისხლძარღვები იკუმშება, რამაც, შესაძლოა, თავის ტკივილამდე მიგვიყვანოს.
თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ქიმიური ნივთიერებები და ალერგენებიც შეიძლება იყოს. თუ კონდიციონერი და მისი ფილტრები რეგულარულად არ იწმინდება, ოთახში, კონდიციონერმა, შესაძლოა, სხვადასხვა მავნე ნივთიერება გაავრცელოს, მათ შორის სოკოს სპორებიც. ასევე აუცილებელია, რომ ოთახს გამართული ვინტილაციაც ჰქონდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კონდიციონერი დახურულ სივრცეში მუდმივად ერთ ჰაერს დაატრიალებს, რომელიც, შესაძლოა, დაბინძურებული იყოს.
ცივ ჰაერს სამწვერა ნერვის გაღიზიანებაც შეუძლია, რათ თავის ტკივილს გამოიწვევს. ეს უფრო მეტად იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ კონდიციონერი ძალიან დაბალ გრადუსზე გიყენიათ.
გახსოვდეთ, აუცილებელია, რომ კონდიციონერი რეგულარულად წმინდოთ, რათა თავიდან აირიდოთ მასში სოკოს სპორებისა და ობის გავრცელება. ასევე სასურველია, რომ კონდიციონერის გამოყენებისას ოთახი რეგულარულად გაანიავოთ.
კომენტარები