როგორ შევქმნათ პოლიტიკური პარტია? — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ქართულმა ოცნებამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე მიიღო. 2020 წლის არჩევნები პროპორციული წესით ბარიერის გარეშე ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ თუ პარტიებს პროპორციული წესით არჩევნებში 5-პროცენტიანი ბარიერი უნდა გადაელახათ და მხოლოდ ამის შემდეგ ეძლეოდათ პარლამენტში მანდატები, ახლა რაიმე ბარიერის დაძლევა აღარ დასჭირდებათ. ამ ცვლილებამ შესაძლოა, რიგით ადამიანებსა და პატარა პარტიებს მოტივაცია გაუჩინოს 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. შედეგად, კი ჭრელ პარლამენტს მივიღებთ. ამ ფონზე, On.ge-ს რამდენიმე მკითხველმა მიმართა კითხვით, თუ როგორ იქმნება პოლიტიკური პარტია.

პოლიტიკური პარტიის შექმნისა და რეგისტრაციის წესს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონი არეგულირებს.

რა არის პოლიტიკური პარტია?

პარტია არის მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი გაერთიანება, რომელთაც საერთო მსოფლმხედველობა აქვს. პარტია დარეგისტრირებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით და თავის საქმიანობას უნდა ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ფარგლებში.

პარტიის შექმნისა და საქმიანობის პრინციპებია:

  • პარტიაში გაწევრიანებისა და პარტიიდან გასვლის ნებაყოფლობითობა;
  • დამოუკიდებლობა და თვითმმართველობა;
  • არჩევითობა და ანგარიშვალდებულება;
  • პარტიების თანასწორობა კანონის წინაშე;
  • პარტიის შექმნისა და საქმიანობის საჯაროობა.

პარტია არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს.

დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს.

როგორ შევქმნათ პარტია?

პარტიის შექმნისა და მის საქმიანობაში მონაწილეობის უფლება საარჩევნო უფლების მქონე ყველა საქართველოს მოქალაქეს აქვს. საქართველოს მოქალაქე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პარტიის წევრი.

თუ პარტიის შექმნას აპირებთ, აუცილებელია, რომ თქვენს გარშემო მინიმუმ 300 ადამიანი შემოიკრიბოთ. ამ 300-კაციანმა ჯგუფმა უნდა ჩაატაროს პარტიის დამფუძნებელი ყრილობა. ამისთვის წინასწარი ნებართვა არ გჭირდებათ. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის წესდება უნდა მიიღოთ. ყრილობას ესწრება ნოტარიუსი და ამოწმებს ოქმს.

რა უნდა ეწეროს პარტიის წესდებაში?

წესდებაში უნდა აღინიშნოს პარტიის:

  • სახელწოდება, აგრეთვე მისი შემოკლებული დასახელება, თუ ასეთი გამოიყენება;
  • იურიდიული მისამართი;
  • საქმიანობის მიზნები (ამოცანები) და მათი განხორციელების ფორმები;
  • წევრად მიღებისა და წევრობის შეწყვეტის წესი და პირობები;
  • წევრის უფლება-მოვალეობები;
  • ორგანიზაციული სტრუქტურა;
  • ხელმძღვანელი, აღმასრულებელი და მაკონტროლებელი ორგანოების შექმნის წესი, მათი კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადა;
  • ზოგად და სპეციალურ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი და წარმომადგენლობის ფარგლები;
  • ქონების შექმნის წყაროები და მისი გამოყენების წესი;
  • წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი და პირობები;
  • საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები (რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის წესები);
  • სიმბოლიკის აღწერილობა, თუ ასეთი გამოიყენება.

წესდება შეიძლება შეიცავდეს სხვა დებულებებსაც, რომლებიც ეხება პარტიის საქმიანობას და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.

პარტიის სახელწოდება, მისი შემოკლებული დასახელება და სიმბოლიკა არ შეიძლება ემთხვეოდეს სხვა, უკვე რეგისტრირებული ან ლიკვიდირებული პარტიის სახელწოდებას, შემოკლებულ დასახელებასა და სიმბოლიკას, თუ ამ პარტიის ლიკვიდაციის დღიდან 4 წელზე ნაკლებია გასული. აკრძალულია პარტიის სახელწოდების, შემოკლებული დასახელებისა და სიმბოლიკის გამოყენება ამ პარტიის ნებართვის გარეშე.

როგორ დავარეგისტრიროთ პარტია?

პარტია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უნდა დარეგისტრირდეს. პარტიის რეგისტრაცია საგადასახადო რეგისტრაციასაც მოიცავს.

პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება პარტიის რეგისტრაციის შესახებ, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) ხელმოწერით (ხელმოწერებით);
  • ნოტარიუსის მიერ დამოწმებული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ოქმი;
  • პარტიის არანაკლებ 1 000 წევრის სია, სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პირადობის მოწმობის ნომერის, სამუშაო ადგილის, საცხოვრებელი ადგილის მისამართისა და ტელეფონის მითითებითა და მათი ხელმოწერებით;
  • პარტიის წესდება;
  • ცნობა პარტიის იურიდიული მისამართისა და ტელეფონის შესახებ;
  • პარტიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) ხელმოწერის (ხელმოწერების) ნოტარიულად დამოწმებული ნიმუშები;
  • ესკიზები პარტიის ბეჭდის, ემბლემისა და სხვა სიმბოლიკის გამოსახულებით, თუ ასეთები გამოიყენება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამოწმებს წარდგენილი დოკუმენტების სისწორეს და პარტიის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მათი წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

რა შემთხვევაში ამბობენ უარს პარტიის რეგისტრაციაზე?

პარტიის რეგისტრაციის შემთხვევაში სარეგისტრაციო მოწმობას გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში გაიცემა.

პარტიას შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე, თუ მისი წესდება ან სარეგისტრაციოდ წარდგენილი სხვა დოკუმენტები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ან ამ კანონის მოთხოვნებს.

პარტიის რეგისტრაციაზე უარის თქმის შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 7 დღის ვადაში აცნობოს და მიზეზიც მიუთითოს.

პარტიას შეუძლია რეგისტრაციაზე უარი ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს სასამართლოში.

რეგისტრაციაზე უარის თქმის მიზეზის აღმოფხვრის შემთხვევაში განმცხადებელს შეუძლია ხელახლა წარადგინოს დოკუმენტები სარეგისტრაციოდ.

რა შეადგენს პარტიების ქონებას?

პარტიის ქონებას ქმნის:

  • საწევრო შენატანები;
  • შემოწირულებები;
  • კანონით დადგენილ შემთხვევებში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხა;
  • სიმბოლიკის დამზადებითა და გავრცელებით, ლექციების, გამოფენებისა და სხვა საჯარო ღონისძიებების მოწყობით, აგრეთვე საწესდებო მიზნებიდან გამომდინარე საგამომცემლო და სხვა საქმიანობიდან მიღებული წლიური შემოსავალი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მინიმალური საბაზო დაფინანსების ორმაგ ოდენობას;
  • პარტიას უფლება აქვს, აიღოს კრედიტი მხოლოდ საქართველოს კომერციული ბანკისაგან საერთო რაოდენობით არაუმეტეს ერთი მილიონი ლარისა კალენდარული წლის განმავლობაში.

პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 60 000 ლარს, ხოლო თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 120 000 ლარს. პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 200 ლარს.

შემოწირულების მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

დამატებითი ინფორმაცია პარტიების საქმიანობის წესისა და ფინანსების შესახებ წაიკითხეთ აქ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  4. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  5. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც

გირჩევთ

ახლა კითხულობენ