რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა და რატომაა უკეთესი — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

მეოთხე დღეა საქართველოს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქცია იმართება. აქტივისტები ქუჩაში რუსი დეპუტატების საქართველოში ვიზიტისა და პარლამენტში თავმჯდომარის სკამის დაკავების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა მათი დაშლა გადამეტებული ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიების გამო თვალისა და მხედველობის დაკარგვა, მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა. აქციები არ შეწყვეტილა, ისევ გრძელდება სახელწოდებით #სირცხვილია. მთავარ მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებაა.

რა წერია კონსტიტუციაში?

საკონსტიტუციო ჩანაწერით, 2020 წლის არჩევნები არსებული, მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება. პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წელს ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

20 ოპოზიციურმა პარტიამ 300 000-ზე მეტი ხელმოწერა მოაგროვა და პარლამენტს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. უმრავლესობა ცვლილებას არ აპირებს და ამბობს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე ქვეყანა 2024 წლიდან გადავა.

რა როლი აქვს საარჩევნო სისტემას პოლიტიკურ პროცესებში?

ფოტო: საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტი

საარჩევნო სისტემა პოლიტიკურ პროცესში ნეიტრალური ფაქტორი არ არის. ზოგიერთი სისტემა ძლიერ პოლიტიკურ პარტიებს აძლევს უპირატესობას და ხელს უწყობს ერთპარტიული ან ორპარტიული პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას, სხვა — საშუალო პარტიებს აძლევს წარმომადგენლების გაყვანის საშუალებას, რითაც მრავალპარტიულ სისტემას ამკვიდრებს; ზოგი მოდელი პარტიის ცენტრალიზებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს, ზოგი პირიქით — შიდაპარტიული ბრძოლის სტიმულირებას ახდენს.

რა ტიპის საარჩევნო სისტემები არსებობს?

საარჩევნო სისტემები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა: მაჟორიტარულ და პროპორციულ სისტემებად. მაჟორიტარული სისტემა, თავის მხრივ, ფარდობით და აბსოლუტურ უმრავლესობის სისტემებად იყოფა. პროპორციული კი პრეფერენციულ და პარტიული სიების სისტემად.

გარდა ამისა, არსებობს შერეული საარჩევნო სისტემაც, რომელიც აერთიანებს მაჟორიტარული და პროპორციული სისტემების ნიშნებს სხვადასხვა ვარიაციებით. თითოეულ ამ სისტემას დადებითი და უარყოფითი მხარეები გააჩნია.

საარჩევნო სისტემების საკვანძო განმასხვავებელი ნიშნებია: საარჩევნო ოლქების მასშტაბი, ბიულეტენის სტრუქტურა, საარჩევნო ბარიერი, პარტიული სიების ტიპი, ასარჩევ დეპუტატთა რაოდენობა და ა.შ.

საარჩევნო სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი საარჩევნო ფორმულაა, რომელიც განსაზღვრავს მიღებული ხმების მიხედვით მოპოვებული მანდატების რაოდენობას.

როგორია ქართული საარჩევნო სისტემა?

საქართველოს პარლამენტის 77 წევრი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 წევრი — მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტი ხმა მიიღო. საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტი დააგროვა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემების საფუძველზე ტარდება.

მერის არჩევნებში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო. ასევე, არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პრეზიდენტობის ის კანდიდატი, რომელსაც ხმაარჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა მისცა.

რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა?

პროპორციული სისტემა პირველად ბელგიაში გამოიყენეს 1889 წელს. ამჟამად, 50‐ზე მეტ ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ისრაელში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში.

ამ სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

პროპორციული საარჩევნო სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ როგორი წესით აძლევს ხმას ამომრჩეველი და როგორი წესით ნაწილდება მანდატები პარტიებს შორის; მთელი ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ დაყოფილია რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად.

საარჩევნო ზღურბლი არის პარტიული სიის მიერ მიღებულ ხმათა მინიმალური პროცენტული რაოდენობა, რომელიც პარტიას უფლებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს მანდატების განაწილებაში. ზღურბლის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხვდებიან სუსტ პარტიათა წარმომადგენლები. ქართული ოცნების გადაწყვეტილებით 2024 წლიდან პარტიებს 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

როგორ ნაწილდება მანდატები პარტიულ სიებში პროპორციული სისტემის დროს?

არანაკლებ მნიშვნელოვანია მანდატების განაწილება თვითონ პარტიულ სიაში. აქ სხვადასხვა ვარიანტის გამოყენებაა შესაძლებელი:

  • ხისტი სიების;
  • მოქნილი სიების;
  • პრეფერენციების.

ხისტი სიები

ხისტი სიების გამოყენებისას ამომრჩეველი ხმას აძლევს სასურველ პარტიულ სიას მთლიანობაში.

პრეფერენციები

პრეფერენციების დროს ამომრჩეველი ხმას აძლევს სიას და კანდიდატებსაც. ამასთან, ანიჭებს მათ რიგით ნომრებს (1,2,3,...), რითაც მიუთითებს, კანდიდატების როგორი თანამიმდევრობაა მისთვის უფრო სასურველი. პრეფერენციების სისტემა გამოიყენება ფინეთში, ბელგიაში, ჰოლანდიაში. ეს მეთოდი პროპორციული წარმომადგენლობის მიღწევის საშუალებას იძლევა.

ამ სისტემის ნაკლი ისაა, რომ ამომრჩეველი ორიენტირდება ცალკეულ პოლიტიკურ ფიგურაზე და არა მთლიანად პარტიის ინტერესებსა და მიზნებზე.

მოქნილი

მოქნილი სიების სისტემა, სწორედ, წინა ორი სისტემის ნაკლოვანებების გადასალახავად შემოიღეს. მისი გამოყენებისას ამომრჩეველს საშუალება ეძლევა აირჩიოს როგორც პარტიული სია, ასევე განსაზღვროს პრეფერენციები — ერთი ან რამდენიმე კანდიდატის მითითებით.

მანდატს ის კანდიდატი მიიღებს, რომელსაც ამომრჩეველთა მეტი მხარდაჭერა ექნება. შედეგად, დეპუტატი შეიძლება გახდეს ისეთი კანდიდატი, რომელიც პარტიული სიის ბოლოში იმყოფებოდა. ეს სისტემა გამოიყენება შვეიცარიაში, ავსტრიაში, იტალიაში.

რას ნიშნავს ე.წ. თავისუფალი სიები პროპორციულ სისტემაში?

ე.წ. თავისუფალი სიების შემთხვევაში ისევე, როგორც მაჟორიტარული წესისას, ბიულეტენებში კანდიდატთა სია მოცემულია ანბანური თანამიმდევრობით, მაგრამ მითითებულია პარტიულობაც. პარტიებს მანდატებს მისი წევრი კანდიდატების მიერ მიღებული ჯამური ხმების რაოდენობის მიხედვით უნაწილებენ. იმას, თუ კონკრეტულად, ვინ მოხვდება მომავალი პარტიული ფრაქციის შემადგენლობაში, მხოლოდ ამომრჩევლის ინდივიდუალური მხარდაჭერა განსაზღვრავს.

რას ნიშნავს ერთადერთი გადასაცემი ხმის სისტემა პროპორციულ სისტემაში?

ეს სისტემა ამომრჩეველს საშუალებას აძლევს თავისი დამოკიდებულება გამოხატოს როგორც პარტიის, ასევე კონკრეტული კანდიდატის მიმართ. ეს სისტემა აერთიანებს როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემის ბევრ დადებით თვისებას.

გარდა ამისა, ამ სისტემაში ერთი სიით გადიან კანდიდატები სხვადასხვა პარტიიდან. ამრიგად, ამომრჩეველს საშუალება ეძლევა ერთდროულად ხმა მისცეს როგორც პარტიას, ასევე კონკრეტულ კანდიდატს. სისტემა მხოლოდ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოიყენება.

რა არის პროპორციული სისტემის უპირატესობა?

  • პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში პარტიების მიერ მიღებული ხმებისა და ადგილების არაპროპორციულობის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში;
  • ეს გამორიცხავს იმას, რომ პარტია, რომელიც ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე ნაკლებს იღებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, ¾-ით შევიდეს;
  • პროპორციული საარჩევნო სისტემა აყალიბებს მრავალპარტიულ სისტემას, მაჟორიტარული კი ორპარტიულ სისტემას წარმოშობს. პროპორციული სისტემის პირობებში პარლამენტში უფრო მეტი პარტიაა წარმოდგენილი და უფრო მეტია ეფექტური პარტიების რაოდენობა, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში;
  • პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში მთავრობა ძირითადად კოალიციურია. მაჟორიტარული და შერეულ-მაჟორიტარული სისტემის პირობებში კი თითქმის ყოველთვის ერთპარტიულ;
  • იმ ქვეყნებში, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას იყენებენ, ქალთა წარმომადგენლობის დონე უფრო მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მაჟორიტარული ან შერეული საარჩევნო სისტემა გამოიყენება;
  • პროპორციული საარჩევნო სისტემის პირობებში პარტიული გამმიჯნავი ხაზები უფრო ძლიერია, ვიდრე მაჟორიტარულ და შერეულ სისტემებში.

რა უარყოფითი მხარე აქვს პროპორციულ სისტემას?

  • ამომრჩევლისთვის რთულია პარტიული სიებით წარდგენილი კანდიდატების ვინაობაში გარკვევა და გადაწყვეტილებას, ჩვეულებრივ, ლიდერთა მიმართ თავისი დამოკიდებულების მიხედვით იღებს. ამის გამო კი არჩეულ პირთა შორის ისეთებიც ხვდებიან, რომელთა ფუნქციაც, ფაქტობრივად, მხოლოდ კვორუმის შექმნა და კენჭისყრაში მონაწილეობაა;
  • როცა პარტიების შიდა მოწყობა არადემოკრატიულია, პარტიულ სიებს მხოლოდ პარტიის ხელმძღვანელობა და არა პარტიის წევრები ადგენს;
  • თუ ქვეყანაში პოლიტიკური სიჭრელეა, წარმომადგენლობითი ორგანოც მრავალფეროვანი გამოვა, რამაც შესაძლოა პოლიტიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს.

რას ნიშნავს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა?

საქართველოში ამჟამად მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მოქმედებს. მაჟორიტარული ყველაზე ძველი საარჩევნო სისტემაა. მისი სახელი ფრანგული სიტყვა majorité–სგან მოდის, რაც უმრავლესობას ნიშნავს.

მაჟორიტარული სისტემის გამოყენებისას დეპუტატის მანდატებს მიიღებენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებმაც კანონით დადგენილი ხმების უმრავლესობა მიიღეს.

მაჟორიტარული სისტემა უმეტესად ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში
გამოიყენება. თუმცა, შესაძლებელია მისი მრავალმანდატიან ოლქშიც გამოყენება, როცა ხმას აძლევენ ერთიან პარტიულ სიებს.

ერთმანდატიან ოლქში, ჩვეულებრივ, კენჭს იყრიან კონკრეტული პირები, მრავალმანდატიანში კი ხმას აძლევენ როგორც გარკვეულ პიროვნებებს, ისე პარტიულ სიებსაც.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა მსოფლიოს 90–ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის აშშ‐ში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთსა და კანადაში.

ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა

ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა მაჟორიტარული სისტემის ყველაზე მარტივი ნაირსახეობაა. არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც მიიღო ყველაზე მეტი ხმა, თუნდაც მას მხარს უჭერდეს ამომრჩევლების ნახევარზე ნაკლები. ამ სისტემით არჩევნები ერთ ტურად ტარდება. როგორც წესი, არ ადგენენ არჩევნების ჩატარებულად ამომრჩეველთა აუცილებელ მინიმუმს. ეს სისტემა არ იძლევა ოლქის ყველა ამომრჩევლის ინტერესის გათვალისწინების საშუალებას: კანდიდატი შეიძლება არჩეულ იქნეს ამომრჩეველთა აბსოლუტური უმცირესობის მიერ, თუ არჩევნების მომენტში ისინი შეადგენდნენ ფარდობით უმრავლესობას. ასეთ შემთხვევაში არჩეული კანდიდატის საწინააღმდეგოდ ხმის მიმცემთა ხმები "დაკარგულად" ითვლება.

ეს სისტემა, ფაქტობრივად, უგულვებელყოფს საშუალო და მცირე პარტიების ინტერესებს. ვთქვათ, ერთ ოლქში კენჭს იყრის 4 კანდიდატი და მათ მიერ მიღებული ხმები შემდეგნაირად განაწილდა: ა —11%, ბ — 23%, გ — 34% და დ — 32%. გამარჯვებულია "გ" კანდიდატი, რომელმაც ხმების 34% მიიღო, თუმცა მის წინააღმდეგ ხმა მისცა 66%-მა.

ფარდობითი უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა ითვლება ერთ‐ერთ ყველაზე ნაკლებდემოკრატიულ საარჩევნო სისტემად, რომლის ძირითად სუსტ მხარეებად მიიჩნევენ:

  • ამომრჩეველთა ხმების მნიშვნელოვანი რაოდენობის "დაკარგვა";
  • პარტია, რომელმაც ხმათა ნაკლები რაოდენობა მიიღო, შეიძლება მოიპოვოს მანდატების აბსოლუტური უმრავლესობა.

აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა

ეს სისტემა კანდიდატის ასარჩევად მოითხოვს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, ამომრჩეველთა ხმების 50% + 1. ამასთან, როგორც წესი, საჭიროა ამომრჩეველთა იმ მინიმალური რაოდენობის დაწესება, რომელიც აუცილებელია კანდიდატის ასარჩევად.

თუ ვერც ერთი პრეტენდენტი ვერ მიიღებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას, იმართება მეორე ტური, ჩვეულებრივ, ორი კვირის შემდეგ, რომელშიც მონაწილეობს მხოლოდ ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. ამ სისტემის გამოყენებისას რამდენიმე ტურიც იმართება ხოლმე.

ეს სისტემა ითვალისწინებს ამომრჩეველთა უმრავლესობის ინტერესებს, თუმცა არჩეული პრეტენდენტის წინააღმდეგ მიცემული ხმები ამ შემთხვევაშიც იკარგება. მეორე ნაკლს დაბალეფექტიანობა წარმოადგენს.

ეს სისტემა, როგორც წესი, არჩევნების მეორე ტურს ან ხელახალ კენჭისყრას გულისხმობს. ხშირად, მეორე ტურში კანონმდებლობა არანაირ ბარიერს არ ითვალისწინებს, რადგან ამომრჩეველთა აქტიურობა ისედაც დაბალია.

არსებობს გზა, რომლითაც შესაძლებელია აბსოლუტური უმრავლესობის სისტემის
ნაკლებეფექტურობის პირველივე ტურში გადალახვა — ე.წ. ალტერნატიული ხმის მიცემის წესი. ამ წესით, კენჭისყრისას ამომრჩეველი ხმას ერთ კანდიდატს აძლევს, მაგრამ მიუთითებს სხვებსაც (შეუძლიათ არც მიუთითონ), უპირატესობის რიგითობის მინიჭებით — გვარების გასწვრივ შესაბამისი რიცხვების დასმით.

კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარული სისტემა

არჩეულად ითვლება კანდიდატი ან კანდიდატთა სია, რომელიც მიიღებს ამომრჩეველთა ხმების განსაზღვრულ — კვალიფიცირებულ რაოდენობას. კვალიფიცირებული რაოდენობა კანონმდებლობით განისაზღვრება და, როგორც წესი, აბსოლუტურ უმრავლესობაზე მეტია, მაგალითად, ხმების 2/3 ან 3/4. ამ სისტემას ძალიან იშვიათად იყენებენ. ამის მიზეზი მისი არაეფექტიანობაა.

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მაჟორიტარულ სისტემას?

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დადებითი მხარეებია:

  • გასაგებად უფრო მარტივია — ამომრჩეველი ხმას კონკრეტულ კანდიდატს აძლევს და ნათლად ჩანს, სხვებს ვინ აჯობა;
  • შედარებით მცირეა იმის ალბათობა, რომ არჩეული ორგანო პოლიტიკურად "ჭრელი" აღმოჩნდეს.

უარყოფითი მხარეებია:

  • ე.წ. "დაკარგული" ხმების რაოდენობა შეიძლება საგრძნობი აღმოჩნდეს, იმაზე მეტიც კი, ვიდრე გამარჯვებულის მიერ მიღებული ხმებია;
  • მხარდამჭერთა რაოდენობით მეორე პარტიამ, თუნდაც ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე მყოფ პარტიას უმნიშვნელოდ ჩამორჩებოდეს, შეიძლება ვერც ერთი, ან ძალიან ცოტა მანდატი მიიღოს;
  • მხარდამჭერთა რაოდენობით პირველმა პარტიამ შეიძლება უფრო ნაკლები მანდატი მიიღოს, ვიდრე გავლენით მეორე პარტიამ, თუ მის მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა კონცენტრირებულია რამდენიმე მსხვილ საარჩევნო ოლქში. უფრო მეტ ოლქში კი მის მხარდამჭერთა რაოდენობა ოდნავ ჩამორჩება მეორე პარტიისას;
  • შეიძლება ისე მოხდეს, რომ არჩეულ ორგანოში უმრავლესობა მოსახლეობის უმცირესობის წარმომადგენელთა ხელში აღმოჩნდეს;
  • საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ გაურკვეველი პოლიტიკური შეხედულებების, მაგრამ საარჩევნო ოლქის ამომრჩევლებისთვის კარგად
    ცნობილი ან დიდი ფინანური შესაძლებლობის მქონე პირი გაიმარჯვებს.

რას ნიშნავს შერეული საარჩევნო სისტემა?

შერეული საარჩევნო სისტემების გამოყენების მიზანი სხვადასხვა სისტემის დადებით მხარეთა გაერთიანება და ნაკლოვანებათა შემცირებაა. შერეულ სისტემებში სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული სისტემების ელემენტები. ამ ელემენტების თანაფარდობაზე დამოკიდებულებით ზოგი სისტემა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემისაკენ იხრება, ზოგი — პროპორციულისაკენ.

კუმულაციური კენჭისყრის მეთოდი

კუმულაციური კენჭისყრის მეთოდი გულისხმობს რამდენიმე ხმის გაერთიანების უფლებას ერთი ან სხვადასხვა კანდიდატის სასარგებლოდ. ეს სისტემა, ჩვეულებრივ, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამოიყენება და ამომრჩეველს ეძლევა იმდენი ხმის უფლება, რამდენი ადგილიცაა გასანაწილებელი. პრეფერენციის გამოხატვა, რიგითობის მინიჭების ნაცვლად, ხდება ხმის მიცემის ჯერადობით. ამომრჩეველს შეუძლია მისთვის სასურველ კანდიდატს ხმა მისცეს ორჯერ, სამჯერ და ა.შ.

პარალელური კენჭისყრა

ამის მაგალითია გერმანიის ბუნდესტაგის ქვედა პალატა, რომელიც სანახევროდ მაჟორიტარული, სანახევროდ კი პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატებით კომპლექტდება.

პარალელური სისტემა ითავსებს სიითი პროპორციული სისტემისა და პლურალურ/მაჟორიტარული სისტემების დადებით ნიშნებს. ის იმ საარჩევნო სისტემების ვარიანტია, რომლებშიც წარმომადგენლები აირჩევიან როგორც გეოგრაფიული საარჩევნო ოლქებიდან, ისე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვეულებრივ, პარტიული სიებით.

ამომრჩეველს აქვს ორი ხმის უფლება — ერთი პარტიული სიისთვის და მეორე საარჩევნო ოლქის კანდიდატისთვის. საარჩევნო ოლქის წარმომადგენელი, ძირითადად, აირჩევა მარტივი უმრავლესობის პრინციპით.

პარტიული სიებიდან კანდიდატების შერჩევა ხდება იმ რიგითობის მიხედვით, რომელიც პოლიტიკურმა პარტიამ არჩევნების დაწყებამდე წარადგინა.

შეზღუდული კენჭისყრა

შეზღუდულ კენჭისყრას იყენებენ მრავალმანდატიან ოლქში. ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს რამდენიმე კანდიდატს. ხმების რაოდენობა შეზღუდულია და ნაკლებია გასანაწილებელ ადგილებზე. გამარჯვებულია კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს.

რას ნიშნავს კონსენსუსის მეთოდი შერეულ საარჩევნო სისტემაში ყურადღებას?

ზოგადად, ამომრჩეველი ხმას აძლევს მისთვის სასურველ კანდიდატს თუ პარტიას ან, თუ მისთვის სასურველი კანდიდატურა არ არის წარმოდგენილი, ყველას წინააღმდეგ.

ხდება ისეც, რომ ამომრჩეველს აქვს მკვეთრად გამოხატული ანტიპატია კონკრეტული კანდიდატის მიმართ და ამასთან, არ ემხრობა არც ერთ სხვას. ამიტომ, ის ხმას აძლევს ამ კანდიდატის წინააღმდეგ და შესაბამისად, ირჩევს კონკურენტს.

კონსენსუსის მეთოდის გამოყენება გულისხმობს, რომ ამომრჩეველს ორი არჩევანი ეძლევა — მას შეუძლია ხმა მისცეს როგორც სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ, ისე არასასურველი კანდიდატის წინააღმდეგ. ან გააკეთოს მხოლოდ ერთი არჩევანი ვინმეს სასარგებლოდ ან წინააღმდეგ.

როგორია საარჩევნო სისტემების გამოყენების გეოგრაფია?

2005 წლისათვის მსოფლიოს 199 ქვეყნიდან და ტერიტორიიდან, სადაც არჩევნები ტარდება, 91-ში საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად გამოიყენებოდა მაჟორიტარული ტიპის სისტემები, 72 ქვეყანაში — პროპორციული წარმომადგენლობის სისტემები, 30-ში კი შერეული სისტემები (დარჩენილი 6 ქვეყნის საარჩევნო პროცედურა არცერთ ამ სისტემაში არ ჯდება). აღსანიშნავია, რომ დამკვიდრებული დემოკრატიის ქვეყნებში, მეტწილად, პროპორციული სისტემები გამოიყენება.

სტატია ეყრდნობა საქართველოს პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის მიერ 2019 წელს საარჩევნო სისტემების შესახებ გამოცემულ პუბლიკაციას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 10 ორგანიზაცია ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის გადადგომას ითხოვს
  2. საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს
  3. მამუკა მდინარაძე: რომ ვთქვა, რეალურად 6 ათასი იყო-თქო, მთელი ღამე კლავიატურასთან და ბანერების მომზადებაში უნდა გაათენონ და იყოს 400 000
  4. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  5. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც

გირჩევთ

ახლა კითხულობენ