რა მოხდა 20 ივნისს თბილისში — მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა მოხდა 20 ივნისამდე?

17 ივნისს ევროპული საქართველოს წევრმა გიორგი კანდელაკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში 19 ივნისს იგეგმებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება, რომელსაც რუსეთის დუმის რამდენიმე დეპუტატი დაესწრებოდა. კანდელაკი ამბობდა, რომ დუმის დეპუტატების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა არასასურველი იყო და ზიანს მიაყენებდა, როგორც ჩვენი საქართველოს სუვერენიტეტს, ასევე, საერთაშორისო ავტორიტეტს.

ვინ არის გავრილოვი და რა უნდოდა მას საქართველოში?

სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრი და რუსეთის დუმის მოქმედი დეპუტატია, რომელიც საქართველოს მარ­თლმა­დი­დებ­ლური ასამ­ბლე­ის ფარგლებში სტუმრობდა.

ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი

სერგეი გავრილოვის შესახებ ქართული ოპოზიცია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ის აფხაზეთის ომის დროს ქართველების წინააღმდეგ იბრძოდა. გარდა ამისა, სერგეი გავრილოვი ცნობილია იმითაც, რომ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს.

რატომ დაიწყო აქციები 20 ივნისს?

რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, რომელიც აფხაზეთსა და ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად განიხილავს, საქართველოში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა.

აღნიშნულმა ფაქტმა ოპოზიციის დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა, ხოლო ევროპული საქართველოსა და ნაციონალური მოძრაობის წევრების აქტიურობით, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა.

ფოტო: ევროპული საქართველო

შესვენების შემდეგ თინა ბოკუჩავამ, ელენე ხოშტარიამ და სხვა პოლიტიკოსებმა გავრილოვს საშუალება არ მისცეს ხელმეორედ დაეკავებინა ირაკლი კობახიძის სკამი, ხოლო კაკო ბობოხიძემ რუს დეპუტატს წყალი შეასხა.

როდის და სად დაიწყო პირველი აქცია?

რუსი დეპუტატის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილის დაკავებას სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია მოჰყვა. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს. მათ ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით: სირცხვილი მთავრობას, Go and Take Away Russian Troops (წადი და გაიყვანე რუსული ჯარი).

ასამბლეის ჩაშლის შემდეგ, სერგეი გავრილოვი და სხვა რუსი დეპუტატები საქართველოს პარლამენტიდან სასტუმრო რედისონში გადაიყვანეს. სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმაც სასტუმროსთან გადაინაცვლა, სადაც პროტესტი გაგრძელდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ასამბლეა შეჩერებულიყო და გავრილოვსა და რუსულ დელეგაციას საქართველო დაეტოვებინათ.

აქციის მონაწილეების აქტიურობამ შედეგი გამოიღო და გავრილოვმა ჯერ რედისონის შენობა, შემდეგ კი საქართველო დატოვა.

ამით პროტესტი არ დასრულებულა. ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი საღამოს შვიდ საათზე რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსეს.

აქცია პარლამენტთან და აქტივისტების მოთხოვნები

20 ივნისს, 19:00 სთ-ზე, პარლამენტთან დაგეგმილი აქცია დაიწყო. მოქალაქეები რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ, პარალელურად კი მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს, მათ შორის ირაკლი კობახიძის გადადგომა იყო.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში რუსთაველზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეციალურად მოწყობილ სცენასთან გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც საზოგადოებას მიმართეს. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა საღამოს ათი საათისთვის სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა.

დაპირისპირება აქტივისტების პარლამენტში შეღწევის მცდელობას მოჰყვა. მათ წინააღმდეგობა სამართალდამცავებმა გაუწიეს და ვითარების განმუხტვას შეეცადნენ. მას შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლა კიდევ რამდენჯერმე სცადეს, რის გამოც სამართალდამცავებსა და მათ შორის დაპირისპირება არაერთხელ განახლდა.

აქციის დაშლა

ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ამის შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა აქტივისტმა სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

ერთ-ერთ ფოტოგრაფს ზურგში არაერთი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, რუსთავი 2-ის ოპერატორს კისრის არეში მოხვდა რეზინის ტყვია, ამავე ტელევიზიის ჟურნალისტმა თამარ ბაღაშვილმა კი მხარი მძიმედ დაიზიანა. დაშავდნენ სხვა ჟურნალისტებიც და აქციის მონაწილეები. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 240 დაშავებულიდან 80 სამართალდამცავი იყო.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

გურამ მურადოვი 20 ივნისის ღამეს

გურამ მურადოვი 20 ივნისის ღამეს

ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge

შსს-მ ოფიციალური განცხადება ოპერაციის დაწყებიდან საათნახევრის შემდეგ გააკეთა. მათი თქმით, პარლამენტის შენობაში შეჭრის, მოქალაქეთა და პოლიციელთა ჯანმრთელობის დაზიანების და ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად გამოიყენეს "კანონით გათვალისწინებული იძულების პროპორციული სპეციალური საშუალებები".

დილის სამი საათისთვის ძალოსნებმა "ტერიტორიის გასუფთავება" წყლის ჭავლის გამოყენებითაც დაიწყეს, თუმცა მოქალაქეების ნაწილი დაშლას არ აპირებდა, რასაც მორიგი დაპირისპირებები მოჰყვა. სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს 9 აპრილის ბაღში მისდევდნენ და რეზინის ტყვიებს გამიზნულად ესროდნენ.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

აქციის დაშლა თითქმის 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გამთენიისას კი სიტუაცია შედარებით განეიტრალდა. აქციის დაშლა დაკავებებით დასრულდა.

ქართული ოცნების რეაგირება

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო. მათგან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. ისიც, აქციის დაშლიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თუმცა ამას წინ უსწრებდა პრესსამსახურის განცხადება, რომ კობახიძე არც თანამდებობას ტოვებდა და არც ვიზიტს წყვეტდა.

20 ივნისი რიცხვებში

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

  • ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში გადაიყვანეს 240 ადამიანი;
  • დაშავებულია მინიმუმ 34 ჟურნალისტი;
  • დაშავებულებს შორის მოხვდა 80 პოლიციელი;
  • დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ, რომელიც, მისი დის თქმით, უბრალო გამვლელი იყო და აქციაში არ მონაწილეობდა;
  • აქციის მონაწილეებიდან 3 რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება;
  • შსს-მ დააკავა აქციის 305 მონაწილე.

კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა ჯგუფებმა რუსეთის საზღვარი გაარღვიეს
  2. რა გავიგეთ ალიევისგან კობახიძესთან შეხვედრის შესახებ
  3. სააკაშვილი: ეჭვი არ მეპარება, რომ კალაშოვი საქართველოს არჩევნებისთვის გაათავისუფლეს
  4. იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა ორმა მოსამართლემ, რომლებსაც კლანთან აკავშირებენ — რა ხდება
  5. შაქრო კალაშოვი ციხეს ვადამდე დატოვებს — რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მიხეილ სააკაშვილი: მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები, ეს ხალხი მთლიანად ივანიშვილის სინდისზეა

მე ვნახე მექსიკის ნარკოკარტელების სარდაფში მსხდომი ქართველები. ეს არის ის ხალხი, ვინც არის მთლიანად ივანიშვილის…