დგება თუ არა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დასასრული
ტლანქი სპორტული ფეხსაცმელი დღითიდღე პოპულარული ხდება. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის გარშემო კი სულ უფრო მწვავე დებატები ჩაღდება: ზოგისთვის ის ტანჯვასთან და ჩაგვრასთან ასოცირდება, ზოგისთვის - სექსუალურობასთან, ძლიერებასთან და თავისუფლებასთან.
2014 წლის იანვარში კარლ ლაგერფელდმა შანელის ახალი კოლექციის ჩვენება სახელდახელოდ აშენებულ კამბონ კლუბში გამართა. მოდელები პოდიუმზე კარა დელევინის წინამძღოლობით უზარმაზარი, ფართო კიბეებიდან სიმებიანი ორკესტრის მუსიკის ფონზე ეშვებოდნენ. ისინი თვლებით გაფორმებულ და დოლბანდის, ტვიდის და ორგანზას ქსოვილებით შეკერილ სამოსში იყვნენ გამოწყობილები. თითქოს ყველაფერი ისე იყო, როგორც ნებისმიერი სხვა მაღალი მოდის შოუზე. თუმცა მოდელების ჩაცმულობას, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ნაცვლად, ხელნაკეთი კედები ამშვენებდა, რომელთაგან თითოეულის დამზადებას 30 საათი დასჭირდა და, დაახლოებით, 3,000 ევრო ღირდა. მართალია, ასეთმა არჩევანმა ბევრ კრიტიკოსს ააწევინა წარბი, მაგრამ ეს, ამასთან, მაღალ მოდაში ახალი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯიც იყო.
ასე მიიღეს სპორტული ფეხსაცმელი მაღალი მოდის დახვეწილ და ბრწყინვალე სამყაროში. თუკი აქამდე მათი სამსახურში ან წვეულებაზე ჩაცმა კომფორტის ხარჯზე დრესკოდის დარღვევად მიიჩნეოდა, ამ ჩვენების მერე ისინი თვით შანელის მიერ მოწონებული ძვირფასი აქსესუარები გახდნენ.
მას შემდეგ ხუთი წელი გავიდა და თითქოს ფეშენებელური და დახვეწილი კედების ტრენდი არსად აპირებს წასვლას. შანელის შოუზე გამოჩენის მერე ისინი უფრო გიჟურები და ტლანქები, და უმრავლეს შემთხვევაში უფრო ძვირადღირებულებიც, გახდნენ. რაც უფრო ფერადი და მოუქნელი ფორმისაა კედი, მით უფრო მოდურია ის. მოდის საძიებო პლატფორმა Lyst-ის მიხედვით, 2018 წელს სამი თვის განმავლობაში ათ ყველაზე ხშირად დაძებნილ ნივთთაგან ოთხი სწორედ კედები იყო. მართალია, მოდური სპორტული ფეხსაცმლის პოტენციალი პირველად ნაიკისა და ადიდასის მსგავსმა სპორტულმა ბრენდებმა დაინახეს, მაგრამ მაღალი მოდის სახლებმაც მალევე გააცნობიერეს, როგორ შეიძლებოდა მათი მაღალი შემოსავლის წყაროდ ქცევა. ეს ბრენდები კი ყველასათვის საოცნებო აქსესუარების შექმნის ექსპერტები არიან.
ინსტაგრამი სავსეა ჯიჯი და ბელა ჰადიდებისა თუ ჰეილი ბიბერის მსგავსი ისეთი ე.წ. ინფლუესერებით, რომლებიც ტლანქ სპორტულ ფეხსაცმელს ამაყად უხამებენ ყველანაირი ტიპის სამოსს, იქნება ეს კოქტეილის კაბა თუ ჯინსები და უბრალო მაისური. მათ საყვარელ მოდელებში ლუი ვიტონის Archlights და ბალენსიაგას Triple S-იც შედის, რომელთა ფასი 600-დან 1000 ევრომდე მერყეობს.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილის შემდგომ წვეულებაზე მისული სერენა უილიამსის ვალენტინოს კაბის ქვეშ კედების დალანდვა იყო შესაძლებელი. ჩოგბურთელი საკუთარ ქორწილშიც კი სპორტული ფეხსაცმლით გამოცხადდა. მართალია, სულ რაღაც ათწლეულის წინ სპორტული ფეხსაცმელი ვერაფრით ჩაითვლებოდა ფორმალური სიტუაციებისთვის შესაფერის აქსესუარად, მაგრამ დღეს ადამიანების მენტალიტეტი საგრძნობლადაა შეცვლილი. დრესკოდი მეტწილად უფრო თავისუფალი გახდა. შედეგად, კედებს სამსახურში ქუჩის და სპორტულ ტანსაცმელთან ერთად უფრო ხშირად იცვამენ.
Lyst-ის მოდის რეპორტიორის, მორგან ლე კაერის თქმით, "თაობა X-ისა და მილენიალების წარმომადგენლები ეწინააღმდეგებიან დისკრიმინაციულ და სექსისტურ მოსაზრებას, რომ ქალებს სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ეცვათ. შედეგად, ისინი ამ სტილზე სულ უფრო ხშირად ამბობენ უარს". ალბათ შემთხვევითი არაა, რომ კედების პოპულარიზაცია ფემინიზმის მეოთხე ტალღასა და არაბინარული გენდერული იდენტობების შესახებ მეტად ფართო საჯარო დისკურსის გაჩენას დაემთხვა. "ძვირფასი კედები ჩვენი დროის სიმბოლო და გენდერულად ნეიტრალური ჩაცმის სტილის გამოხატულებაა", - ამბობს ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმის კურატორი, ლუსია სავი.
სექსი და ძალაუფლება
თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს პატრიარქალურ სისტემაში ქალის წინსვლის შენელების სიმბოლოდ ჩავთვლით, მაშინ მოდური კედები ამასთან დაპირისპირების მართლაც შესანიშნავი საშუალება შეიძლება იყოს. მაგრამ ნიშნავს ეს იმას, რომ მაღალი ქუსლი ფეხსაცმელზე საერთოდ გაქრება? ალბათ არა. დღესდღეობით თავბრუდამხვევად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებისადმი ჩვენი დამოკიდებულება ჩახლართული ფემინისტური დავის საგანია. ხშირად მათ უკან მდგარი სიმბოლიზმი კონტექსტსა და პირად აზრზეა დამოკიდებული. "ეს ის ფეხსაცმელია, რომელსაც მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, ამბიციების წარმოსაჩენად, ჟურნალის ყდებზე, წითელ ხალიჩებზე, დაჯილდოებებზე, სხდომათა დარბაზებში და პარლამენტის შენობებში ვიცვამთ", - წერს სამერ ბრენანი წიგნში მაღალი ქუსლი, რომელიც ამ წლის მარტში გამოიცა, - "პარადოქსულია - ან, შეიძლება, არც - რომ 150 წლის განმავლობაში ის ფეტიშური ინდუსტრიის მიერ სექსისთვის განკუთვნილ აქსესუარად აღიქმებოდა".
მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და ძალაუფლებას შორის ურთიერთობის ტიპი ისტორიულ დროსა და ადგილზეა დამოკიდებული. სინამდვილეში, ისინი თავდაპირველად მამაკაცურობის გამოსახატად ეცვათ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ევროპაში მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულს აზიიდან შემოვიდა. მათ მამაკაცები ცხენოსნობისას იყენებდნენ, რადგან ქუსლები უზანგში ფეხის გამაგრებას აადვილებდა. ისინი ევროპელებისთვის სპარსეთის სამხედრო ძლიერებასთან ასოცირდებოდა, ამიტომაც მათი ენთუზიაზმით ჩაცმა პირველად კაცებმა დაიწყეს, ქალებმა და ბავშვებმა კი - მხოლოდ მოგვიანებით. ლუი XIV, რომელიც საფრანგეთს 1643-1715 წლებში მართავდა, ერთ-ერთი პირველი გავლენიანი ფიგურა იყო, რომელმაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს პოპულარიზაცია გაუწია. სხვადასხვა ორნამენტით გაფორმებული მისი ფეხსაცმელები, მართალია, ფიზიკური აქტივობებისთვის შეუფერებელი იყო, მაგრამ მის მაღალ სტატუსს კი წარმატებით უსვამდა ხაზს.
დღეს, ზოგიერთ პროფესიულ სფეროში დაწესებული დრესკოდის მიხედვით, ქალებს სამსახურში მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ჯერ კიდევ მოეთხოვებათ. 2016 წელს დიდ ბრიტანეთში მდივნის პოზიციაზე მომუშავე ნიკოლა თორფი სამსახურიდან სახლში ამ წესის დაუმორჩილეობლობისთვის გაუშვეს. ეს ერთი შეხედვით უბრალო ინციდენტი დიდ სკანდალში გადაიზარდა. შედეგად, 150,000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას, სადაც იმ კანონის შემოღებასთან ერთად, რომელიც დამსაქმებლებს ქალებისთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების დავალდებულებას აუკრძალავდა, სექსისტურ დრესკოდებთან დაკავშირებით საპარლამენტო გამოძიების ჩატარებასაც ითხოვდნენ. თუმცა კანონი დღემდე არ მიუღიათ.
ჯერ კიდევ მოქმედი დრესკოდის მიხედვით, ქალებს წითელ ხალიჩაზეც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ეცვათ. 2015 წელს კანის კინოფესტივალზე ქალებს დაბალძირიანი ფეხსაცმლებით საპრემიერო კინოჩვენებებზე დასწრების უფლება არ მისცეს, რასაც საზოგადოებისგან ძლიერი კრიტიკა მოჰყვა. მსახიობები, მათ შორის ემილი ბლანტი და ბენისიო დელ ტორო, მოდისადმი ფესტივალის მიერ ტირანული ნორმების დაწესების წინააღმდეგ გამოვიდნენ. 2018 წელს კი კრისტენ სტიუარტმა პროტესტის ნიშნად წითელი ხალიჩა ფეხშიშველმა გაიარა.
თუმცა მოდური ტრენდების მერყევი ბუნება იმაზე მიგვანიშნებს, რომ, როგორც კი რომელიმე მათგანს საზოგადოების ყველა ფენა აიტაცებს, მაშინვე მისი საწინააღმდეგო ტრენდი ირაცხება გემოვნებიანად. კედების ასეთი პოპულარობა მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის აქტუალობის დაბრუნებას ნამდვილად მოასწავებს. ამის დასტური ბოლოდროინდელი მოდის კვირეულებია, სადაც სპორტული ფეხსაცმლის ნახვა სულ უფრო იშვიათადაა შესაძლებელი. ბალენსიაგას კრეატიულმა დირექტორმა და დიზაინერმა, დემნა გვასალიამ, რომელიც ძვირადღირებული და გამიზნულად შეუხედავი ე.წ. მამის კედების ტრენდის ფუძემდებელია, უკანასკნელი შემოდგომა-ზამთრის კოლექციაში ერთი სპორტული ფეხსაცმელიც კი არ გამოიყენა.
თუმცა, იმის მიუხედავად, რომ ძვირფასი კედების ტრენდი პოპულარობაში იკლებს, The NPD ჯგუფის მოდური ფეხსაცმლისა და აქსესუარების ანალიტიკოსი, ბეთ გოლდსტეინი ამბობს, რომ ფორმალურ სივრცეებში სპორტული ჩაცმულობის დაშვება ქალების ცხოვრების სტილის გრძელვადიანი ცვლილების დასტურია. "ჩემი აზრით, კედებს უბრალო ახირებად ვერ მივიჩნევთ, ამისათვის ისინი უკვე ზედმეტად დიდი ხანია, არ კარგავენ აქტუალობას. მომხმარებლები დატვირთული ცხოვრების სტილის გამო პრიორიტეტს კომფორტს ანიჭებენ და, შესაბამისად, მოდაში სპორტული სტილიც მეტად ვითარდება. ეს ზრდა, ბუნებრივია, შენელდება, მაგრამ კედები მომავალშიც ყველაზე მოთხოვნად ფეხსაცმლად დარჩება". 2018 წელს ბრიტანული საბაზრო კვლევის ორგანიზაციის, Mintel-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ში 18-34 წლის ასაკის ჯგუფის მყიდველები, რომლებიც მოსახლეობის 37 პროცენტს შეადგენენ, ფეხსაცმლის შეძენისას პირველ რიგში კომფორტს აქცევენ ყურადღებას.
ონლაინ მაღაზია Matches Fashion-ის მოდისა და გაყიდვების დირექტორი, ნატალი კინგჰემი ამბობს: "ადამიანებს არ მოსწონთ იმის შეგრძნება, თითქოს სხვისთვის იცვამენ. მათთვის კომფორტი, პრაქტიკულობა და საინტერესო დეტალები მეტად მნიშვნელოვანი გახდა. შედეგად, დაბალძირიან ფეხსაცმელზე, ლამაზად გაფორმებულ ჩექმებზე თუ სპორტულ სანდალებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება". კინგჰემი ასევე ამბობს, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მოყვარული მომხმარებლებიც კი შედარებით დაბალი ქუსლის მქონე, კომფორტულ ფეხსაცმელზე აკეთებენ არჩევანს. "საინტერესოა, რომ მაღაზიათა თაროებზე შემოდებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმლების უმრავლესობის ქუსლის სიგრძე 90 მილიმეტრი ან ნაკლები გახდა. ბევრ ახალ, ვანდლერის მსგავს ბრენდს ან მათ, ვისაც, ბოტეგა ვენეტას მსგავსად, ახალი კრეატიული მიმართულება აქვთ არჩეული, კოლექციებში 90 მილიმეტრზე მაღალი ქუსლი აღარ მოეპოვებათ". ერთი ახალი და უკვე წარმატების გზაზე შემდგარი ბრენდი, რომელიც კინგჰემს განსაკურებით მოსწონს, გრეი მეთერსია და ისიც შედარებით დაბალქუსლიან ფეხსაცმელს ამზადებს: "მათი უჩვეულო დიზაინი, მაგალითად სფერული ქუსლები, სკულპტურული დეტალებით სავსე ძვირფას საკოლექციო ნივთებს წააგავს".
ლუსია სავის სჯერა, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის დანიშნულება, შესაძლოა, შეიცვალოს, მაგრამ მათი ტარების ჩვევას ვერასოდეს მოვიშორებთ. "როლი, რომელიც მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა კულტურაში ითამაშა, საუკუნეებს ითვლის და არამგონია, რომ ის გაქრეს. ფეხსაცმლის დიზაინი, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიცვალოს, მაგრამ მისი დამზადებისას სიმაღლე ისევ მნიშვნელოვან ფაქტორად დარჩება", - ამბობს სავი.
უკანასკნელ წლებში კაცებისთვის შექმნილი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო ხშირად გვხვდება პოდიუმებსა და წითელ ხალიჩებზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიგვანიშნებას იმაზე, თუ როგორ იცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ქუსლების მიმართ. ახლა გუჩის, კელვინ კლაინის, ივ სან ლორანის და ბალენსიაგას კოლექციებში მაღალქუსლიანი და ბრჭყვიალა, თამამი პრინტებით გაფორმებული ჩექმები გვჭრიან თვალს.
2018 წელს იტალიელმა დიზაინერმა ფრანჩესკო რუსომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ისეთი ხაზი გამოუშვა, რომელიც ნებისმიერი გენდერული იდენტობის მქონე ადამიანისთვის იყო განკუთვნილი - იტალიური საზომი სისტემის მიხედვით, მათი ზომა 35-დან 45-მდეა. რუსომ ჟურნალ ვოგთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: "ამ კოლექციას არ აქვს პოლიტიკური დატვირთვა და არც პოლემიკისთვის შექმნილა. ის, უბრალოდ, გვიჩვენებს, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება. ჩემი აზრით, ჩვენი მოვალეობაა, შევკეროთ ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს". შეზღუდული რაოდენობით დამზადებულმა ამ ფეხსაცმელებმა ისეთი პოპულარობა მოიპოვეს, რომ ახლა ბრენდს ისინი მუდმივ კოლექციაშიც აქვს ჩამატებული.
ბრუკლინში დაფუძნებული საიროუ კიდევ ერთი ბრენდია, რომელიც ქუსლების ტრადიციულ დანიშნულებასა და სიმბოლიზმს თავდაყირა აყენებს. კომპანია კაცის ზომის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებს ყიდის, რომლებსაც კაცები, ტრანსექსუალები თუ ქვიარები ერთნაირად მოიხმარენ. კოლექციაში არსებული ელეგანტური ფეხსაცმელი თავისუფალი სტილით გამოირჩევა. ბრენდის მანიფესტია, ხელი შეუწყოს მრავალფეროვნებას ვიზუალით და ძლიერებას ერთიანობით.
ალბათ მნიშვნელოვანიც სწორედ ესაა. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის აკრძალვის ნაცვლად, ისინი ძალდატანებითი გენდერული მოლოდინებისა და სოციალური ნორმების წნეხისგან უნდა გავათავისუფლოთ. ამის მერე მაღალი ქუსლი ფეხსაცმლის უბრალო, რიგით სტილად იქცევა. მათი ჩაცმის თუ არ ჩაცმის გადაწყვეტილება კი, რა თქმა უნდა, ადამიანებმა დამოუკიდებლად უნდა მიიღონ. სხვა თუ არაფერი, ის, რაც ერთისთვის პატრიარქალური ან ფიზიკური შევიწროების სიმბოლოა, მეორისთვის, შესაძლოა, თავისუფლების ნიშანი იყოს.
კომენტარები