იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე სუფრის მარილი აღმოაჩინეს
იუპიტერის თანამგზავრის, ევროპას ზედაპირის ქვეშ არსებული ოკეანე დედამიწის ოკეანეებს, შესაძლოა, იმაზე მეტად ჰგავდეს, ვიდრე გვეგონა.
Science Advances-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მეცნიერებმა ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის სპექტროგრაფით ევროპას ზედაპირი ინფრაწითელ დიაპაზონში შეისწავლეს, რის შედეგადაც მათ მთვარის ზედაპირზე ნატრიუმის ქლორიდის კვალი აღმოაჩინეს, რაც იგივე სუფრის მარილია.
2015 წელს მეცნიერმა კევინ ჰენდმა ლაბორატორიაში ევროპას ზედაპირზე არსებული პირობების სიმულირება მოახდინა. ექსპერიმენტში მან ზედაპირზე ოკეანის მარილი განათავსა, შემდეგ კი ის რადიაციის დიდი დოზით დაამუშავა. ამის შედეგად მის მიერ გამოყენებულმა მარილმა ისეთივე შეფერილობა მიიღო, როგორიც ევროპაზე მარილით მდიდარ რეგიონს აქვს. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებული დაკვირვებების გათვალისწინებით, როგორც ჩანს, ევროპას ეს რეგიონი მარილით მართლაც მდიდარია.
მთვარის დანარჩენ ზედაპირთან შედარებით, მარილით მდიდარი რეგიონი უფრო ახალგაზრდაა, რის გამოც მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მარილის წყარო, შესაძლოა, ზედაპირის ქვეშ არსებული ოკეანე იყოს.
ამ დრომდე მიჩნეული იყო, რომ ევროპას ოკეანეებში არა ნატრიუმის ქლორიდის, არამედ მაგნიუმის სულფატის მარილები იყო.
Discover Magazine-ს თქმით, თუ ევროპას ოკეანეები სუფრის მარილს მართლაც შეიცავს, ჩნდება შესაძლებლობა, რომ იქ ჰიდროთერმული წყაროებიც არსებობდეს.
კომენტარები