ჰოლოკოსტის გახსენების დღეს დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, სენდი ბაშომმა ტვიტერზე ფოტო დადო და მიაწერა:

"1944 წელს ჩემს მეგობრებს, ვერნერსა და ვოლტერს აუშვიცში ერთსა და იმავე რიგში გაუკეთეს ტატუ. ფეისბუქის დახმარებით, ისინი 72 წლის შემდეგ პირველად შეხვდნენ ერთმანეთს".

Facebook გვერდმა NowThis ამ შეხვედრის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გადარჩენილები დანომვრის პროცესს იხსენებენ:

"რიგში ვიდექით, შიშვლები, როცა შენი რიგი მოახლოვდებოდა, ვიღაც ჟანგიანი სამართებლით გაშორებდა თმას გენიტალიებიდან, სხვა - თავს გპარსავდა, ვიღაც - ხელს გიკავებდა, რომ ტატუ გაეკეთებინა. ჩვენ გაგვიმართლა: ვინც ტატუ გაგვიკეთა, უკვე გამოცდილი იყო. ისეთი ადამიანებიც მინახავს, რომელთაც მთელ ხელზე აწერიათ რიცხვები"

აუშვიცის შესახებ

პოლონეთში განლაგებული აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკი დაახლოებით 40 ობიექტისგან შედგებოდა, რომელთაგანაც ზოგიერთი საკონცენტრაციო იყო, ზოგიც - განადგურებისთვის განკუთვნილი. აქ გერმანელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიდან მოჰყავდათ ებრაელები, ბოშები, სამხედრო ტყვეები.

აუშვიცი1945 წლამდე მოქმედებდა, ამ პერიოდის განმავლობაში ნაცისტებმა ამ ბანაკში მილიონზე მეტი ადამიანი დახოცეს.