პირველად ისტორიაში: თინეიჯერი მომაკვდინებელი დაავადებისგან ფაგოთერაპიით განიკურნა
ბრიტანელი თინეიჯერის ჯანმრთელობის მდგომარეობა საოცრად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ის გახდა პირველი ადამიანი, რომელსაც ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციის საწინააღმდეგოდ გენმოდიფიცირებული ფაგით უმკურნალეს.
17 წლის იზაბელა ჰოლდევეის ფილტვის გადანერგვის ოპერაციის შემდეგ ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექცია განუვითარდა. საავადმყოფოში ცხრა თვის გატარების შემდეგ ის ექიმებმა სახლში დააბრუნეს, სადაც ის პალიატიურ მკურნალობას გადიოდა. ამავდროულად კი მისმა ექიმებმა აშშ-ში არსებულ ერთ-ერთ ლაბორატორიასთან თანამშრომლობით ექსპერიმენტალური მკურნალობის მეთოდი შეიმუშავეს.
კვლევის უკან მდგარი მეცნიერები აცხადებენ, რომ ბაქტერიების მკვლელი ვირუსები, ანუ ფაგები, შესაძლოა ალტერნატიული მკურნალობის ერთ-ერთი ეფექტური გზა იყოს. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექცია ანტიბიოტიკებით მკურნალობას არ ექვემდებარება.
იზაბელას დედამ ინფორმაცია ფაგოთერაპიის შესახებ ინტერნეტში მოიძია, შემდეგ ეს ინფორმაცია ექიმებამდე მიიტანა. მისი თქმით, მისი შვილი, რომელსაც ფაგების თერაპიამ სულზე მოუსწრო, დედამიწაზე ყველაზე იღბლიანი ბავშვია.
იზაბელას კისტური ფიბროზი აწუხებს, ეს გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ფილტვებში ზედმეტი ლორწო გროვდება. მისი ფილტვები ორი ტიპის ბაქტერიით რვა წლის განმავლობაში იყო დაინფიცირებული. ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ საუკეთესო გამოსავალი ფილტვის გადანერგვა იყო, თუმცა არსებობდა შანსი, რომ მისი ინფექცია კიდევ უფრო გავრცელებულიყო. ასეც მოხდა, ფილტვის გადანერგვის შემდეგ ინფექცია ჭრილობასა და ღვიძლს მოედო.
საბედნიეროდ, მისი საავადმყოფო პიტსბურგის უნივერსიტეტის ერთ-ერთ მეცნიერთან, პროფესორ გრაჰამ ჰეტფულთან თანამშრომლობდა, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში ფაგების კოლექციებზე მუშაობდა. ჰეტფული ექიმებთან ერთად იმ ფაგის ძიებას შეუდგა, რომელიც იზაბელას და მის საავადმყოფოში მყოფ კიდევ ერთ პაციენტს განკურნავდა.
ფაგები ვირუსებია, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ ბაქტერიებს ანადგურებენ. ჰეტფულმა და მისმა კოლეგებმა ათეულობით ფაგი იპოვეს, რომლებიც იმ ტიპის ბაქტერიებს ანადგურებდა, რომლებითაც იზაბელას ორგანიზმი იყო დაინფიცირებული. მათ შეამოწმეს ფაგების ათასობით სხვადასხვა კომბინაცია, რათა შეერჩიათ ზუსტად ისინი, რომლებიც პაციენტების ინფექციის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური იქნებოდა.
2018 წლის იანვარში მეცნიერებმა იპოვეს ფაგი, რომელიც იმ ბაქტერიას ანადგურებდა, რომლითაც მეორე თინეიჯერი იყო დაინფიცირებული. თუმცა მეცნიერებმა დააგვიანეს, პაციენტი თვის დასაწყისში გარდაიცვალა.
იზაბელას სახლში გაგზავნის შემდეგ მეცნიერებმა მისი ინფექციის შესაბამისი ფაგის იზოლირებაც შეძლეს. მათ ასევე იპოვეს ორი სხვა ფაგიც, რომლებიც ამ ბაქტერიებს აზიანებდნენ, თუმცა ვერ კლავდნენ. მეცნიერებმა გენეტიკური მოდიფიკაციებით ამ ორი ფაგიდან ერთ-ერთი გენი წაშალეს, რამაც ისინი უფრო ეფექტური გახადა, საბოლოოდ კი შექმნეს სამი ფაგისგან შემდგარი კოქტეილი. სამი ფაგის ერთდროულად გამოყენების არსი რეზისტენტობის განვითარების რისკის შემცირება იყო.
2018 წლის ივნისში იზაბელა საავადმყოფოშ დაბუნდა და ფაგებით მკურნალობა დაიწყო. ექვს კვირაში ჩატარებული ღვიძლის გამოკვლევით კი გაირკვა, რომ ინფექცია გაქრა.
"მის კანზე არსებული ჭრილობები გაქრა. იზაბელა გამოცოცხლდა, მან ადგომა, სიარული, ჭამა და საკუთარ დასთან კამათი შეძლო", — აცხადებს დედა.
პრაქტიკულად არ იყო არანაირი გვერდითი ეფექტი. ჰეტფულის თქმით, მას არ ეგონა, რომ უახლოეს მომავალში ისინი ამ ფაგებს სამკურნალო მიზნებისთვის გამოიყენებდნენ.
იზაბელა ახლაც მკურნალობს, მას კანზე ინფექციის მხოლოდ ერთი კერაღა დარჩა. ის სკოლაში დაბრუნდა, მას უკვე ნახევარგანაკვეთიანი სამსახურიც აქვს, პარალელურად კი მართვის მოწმობის აღებისთვის ემზადება.
იზაბელას მკურნალობა კლინიკური ცდების ნაწილი არ იყო, რის გამოც რთულია იმის თქმა, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ფაგებით მკურნალობა სხვა პაციენტების შემთხვევაში. ამის დასადგენად ფართომასშტაბიანი კვლევების ჩატარებაა საჭირო.
იზაბელას ექიმის თქმით, ახლა მთავარი კითხვა ისაა, შესაძლებელია თუ არა ფაგებით ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული სხვა ტიპის ინფექციების მკურნალობა.
პაციენტისთვის საჭირო ფაგის პოვნა დიდი გამოწვევაა. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში შესაძლოა თითოეული პაციენტისთვის ფაგები ინდივიდუალურად, ავტომატურად შეირჩეს. ასევე, ზოგი ტიპის ბაქტერია, მაგალითად Staphylococcus aureus გენეტიკურად ჰომოგენურია, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ფაგი მისი ყველა შტამის განადგურებას შეძლებს.
"ამჟამად უცხო ტერიტორიაზე ვიმყოფებით. ეს საკითხი კარგად შესწავლილი არ არის. საბოლოო ჯამში, ფაგების თერაპიას ზოგ ინფექციის შემთხვევაში ალბათ მაღალი ეფექტურობა ექნება, ზოგ შემთხვევაში კი ნაკლები", — აცხადებს ჰეტფული.
კვლევა ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნდა.
გაიგეთ მეტი:
კომენტარები