იაკუტსკის რეგიონში მეცნიერებმა 42 000 წლის წინ გაყინული კვიციდან სისხლის ნიმუშების აღება მოახერხეს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სიცოცხლისუნარიანი უჯრედების შეგროვებით ისინი ამ კონკრეტული სახეობის ცხენის კლონირებას შეძლებენ.

კვიცი მეცნიერებმა ბატაგაიკაში 2018 წლის 18 აგვისტოს აღმოაჩინეს. აღმოჩენილი ნამარხი მის გარშემო არსებული მრავალწლოვანმზრალი გრუნტის გამო განსაკუთრებით კარგ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ნამარხი ამჟამად გადაშენებული ცხენის სახეობას მიეკუთვნება, რომელსაც ლენსკაია ეწოდება. ამჟამად ნამარხს იაკუტსკის ჩრდილო-აღმოსავლეთის ფედერალური უნივერსიტეტი და სამხრეთ კორეული კომპანია, Sooam Biotech-ის კვლევითი ფონდი სწავლობს, მათი მთავარი მიზანი კი პრეისტორიული ცხენის კლონირებაა.

ამის მისაღწევად მეცნიერებს სიცოცხლისუნარიანი სომატური უჯრედები სჭირდებათ. კვიცის ქსოვილიდან მეცნიერებმა უჯრედების გაზრდა უკვე 20-ჯერ სცადეს, თუმცა 20-ჯერვე უშედეგოდ. აღმოჩენილი ნამარხის დეტალური ანალიზი კი ერთი თვის წინ დაიწყო, აღნიშნული სამუშაო აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

Siberian Times-ის მიხედვით, ახლახან მეცნიერებმა კვიცის გულის სისხლძარღვებიდან სისხლის თხევადი ნიმუშების აღება მოახერხეს. ცხოველის სისხლი, სხეულის მსგავსად, დაბალი ტემპერატურის გამო განსაკუთრებით კარგადაა შემონახული.

ფოტო: NEFU

რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში, იაკუტსკის მამონტის მუზეუმის ხელმძღვანელი სემიონ გრიგორიევი აცხადებს, რომ ნამარხში კუნთის ქსოვილი და ორგანოები იდეალურად არის შემოახული. კვიცს სხეულზე თმაც აქვს.

"ჩვენი კვლევა მიუთითებს იმაზე, რომ სიკვდილის მომენტში კვიცი დაახლოებით 1-2 კვირის, ანუ ახალდაბადებული იყო. კვიცის დაღუპვის მიზეზი ტალახში ჩაძირვა იყო. ცხოველის კუჭ-ნაწლავში ჩვენ დიდი რაოდენობით ტალახი და შლამი აღმოვაჩინეთ, რომელიც ცხოველმა საკუთარი სიცოცხლის უკანასკნელ წამებში გადაყლაპა", - აცხადებს ის.

მისი თქმით, ეს გამყინვარების პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ცხოველია.

ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებენ თუ არა მეცნიერები კვიცის კლონირებას. აღსანიშნავია, რომ რუსი და კორეელი მეცნიერები კვიცის გარდა მამონტის კლონირებასაც ცდილობენ.