გასულ კვირას Falcon Heavy-ის სამივე ამაჩქარებელი დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდა, ორი მათგანი კეიპ კანავერალის საჰაერო ბაზაზე, ერთი კი ოკეანეში არსებულ მოძრავ პლატფორმაზე.

თუმცა, მოძრავი პლატფორმა შტორმში მოხვდა, რასაც ამაჩქარებლის დაკარგვა მოჰყვა.

"შაბათ-კვირის განმავლობაში ოკეანე აღელვებული იყო, შემდეგ შტორმი კიდევ უფრო გაძლიერდა, რის გამოც ამაჩქარებელი პლატფორმიდან გადაყირავდა. ამაჩქარებლები მნიშვნელოვანია, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი SpaceX-ის გუნდის უსაფრთხოებაა. აღნიშნული შემთხვევა მომავლის მისიებზე გავლენას არ მოახდენს", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ცენტრალური ამაჩქარებელი Falcon 9-ის ამაჩქარებლის მოდიფიცირებული ვერსიაა, Falcon Heavy, რომელმაც წინა კვირას მეორედ იფრინა და პირველი კომერციული მისია განახორციელა, სამი ასეთი რაკეტისგან შედგება.

აღნიშნული ფრენა ასევე პირველი იყო, როდესაც SpaceX-მა სამივე ამაჩქარებლის დასმა შეძლო. პირველი ფრენისას Falcon Heavy-ს ცენტრალური ამაჩქარებელი მცურავ პლატფორმას ასცდა და ოკეანეში ჩავარდა.

SpaceX-ს პლატფორმაზე დამჯდარი რაკეტების დასაფიქსირებლად სპეციალური რობოტი, Octagrabber ჰყავს, თუმცა ცენტრალური ამაჩქარებლის მცირედით განსხვავებული დიზაინის გამო Octagrabber მის დაჭერას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

Falcon Heavy-ს შემდეგი მისია ზაფხულშია დაგეგმილი, მანამდე კი SpaceX-ს საკმარისი დრო აქვს, რომ Octagrabber-ს ცენტრალური ამაჩქარებლის დაჭერის უნარი შესძინოს.