პატრიარქის ცოდვანი
ავტორიტეტებზე საუბარი ყოველთვის რთულია, რადგან განსაკუთრებულ სიზუსტესა და სამართლიანობას მოითხოვს. მკითხველი არასდროს მაპატიებს თუ კონტექსტს დავამახინჯებ, არასწორ ციტატას მოვიყვან ან უცნაურ ინტერპრეტაციას შევთავაზებ მათ, მაგრამ გამოსავალი არც დადუმებაა.
მე და ჩემი თაობის ბევრი ადამიანი ილია მეორეს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არნახული გავლენის ეპოქაში დაიბადა და გაიზარდა. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა სადღეგრძელოები მის შესახებ ერის გადამრჩენლისა და მფარველის კონტექსტში, ყოველთვის ვხედავდით მის მიმართ მოწიწებასა და სიყვარულს, ისევე როგორც შიშს. ილია მეორე იყო ერთადერთი ადამიანი (და ბევრისთვის დღემდე ასეთად რჩება), რომლის სიტყვაც იყო / არის კანონი.
ისტორიამ გვასწავლა, რომ ავტორიტეტების არსებობა საზიანოა საღი აზრისთვის, განვითარებისთვის და დემოკრატიული ფასეულობებისთვის და თუ საზოგადოებაში ასეთი ადამიანების კულტი არსებობს, მაშინ მათზე საუბარი განსაკუთრებით საჭირო ხდება.
წარსულში მე უკვე გესაუბრეთ ილია ჭავჭავაძის შესახებ. ამჯერად კიდევ ერთი ილიას, საქართველოში ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ილია მეორეს შესახებ მსურს გესაუბროთ. ამ ოპ-ედის სახელი შემთხვევით არ არის შერჩეული. მას "ილიას ცოდვანი" სწორედ იმიტომ ჰქვია, რომ ვეცდები გავაანალიზო პატრიარქის ცოდვები არა საეკლესიო მიმართულებით, არამედ საერო საქმეებში და იმ პოზიციებში, რომელიც საზოგადოებრივ აზრს ქმნის და რომელსაც მძიმე შედეგები მოჰყვება ხოლმე.
ფაქტია, რომ ილია მეორეს — ადამიანს, რომელსაც ბოლო კვლევის თანახმად ქვეყნის მოსახლეობის 83% ნდობას ისევ უცხადებს და მხოლოდ 3% არ ენდობა — საკითხების აბსოლუტურ უმრავლესობასთან დაკავშირებით მცდარი და უფრო ხშირად, დისკრიმინაციული და საზიანო პოზიცია აქვს. სწორედ ამ მოსაზრების მართებულობის დასამტკიცებლად დაგვჭირდება არქივში ჩახედვა და მისი განცხადებების გახსენება.
პატრიარქი და საზოგადოება
ხელოვნური განაყოფიერების შესახებ
საუბარს ვიწყებთ 2014 წელს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში გააჟღერა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ხელოვნური განაყოფიერებითა და სუროგატი დედების მიერ გაჩენილი ბავშვები პრობლემატურნი იქნებიან და ისინი უსიყვარულობისთვის, მარტოობისთვისა და მიუსაფრობისთვის არიან განწირულნი. ეს განცხადება, ძალიან რბილად რომ შევაფასოთ, დისკრიმინაციულია, თუმცა შეფასების შერბილების აუცილებლობას ვერ ვგრძნობ, ამიტომ ვიტყვი, რომ პატრიარქის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები დამამცირებელია და მხოლოდ მის გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას უსვამს ხაზს.
არადა, 2014 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, რომლებიც ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ, განსაკუთრებით ფრთხილები და მზრუნველები არიან ორსულობის პერიოდში, ხოლო მშობიარობის შემდეგ ისევე გამოხატავენ სითბოს, სიყვარულსა და პასუხისმგებლობას, როგორც ბუნებრივად დაორსულებული მშობლები. სხვა კვლევით კი ირკვევა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული ბავშვები არაფრით განსხვავდებიან სხვა ჩვილებისგან.
როგორ იგრძნობს თავს მშობელი, რომელსაც შვილი ამ გზით ეყოლა, ან თავად ბავშვი, როდესაც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ადამიანისგან მსგავს კომენტარს ისმენს? - ამაზე ილია მეორეს, ცხადია, არ უფიქრია.
მაშინ, როდესაც ილია მეორე სამედიცინო პროგესს შვილის გასაჩენად ამორალურად მიიჩნევს, თავად ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად ახალ ტექნოლოგიებს წარმატებით იყენებს (რაც, თავისთავად, ძალიან კარგია და ასეც უნდა იყოს).
იმიგრაციის შესახებ
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ქრისტიანული ფილოსოფიისა და მორალის სადარაჯოზე მდგომი ადამიანი (ზოგიერთებისთვის კი ზე-ადამიანი), ქართული მარშის წევრებზე არანაკლებ საზიანო განცხადებებს აკეთებდა საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ქრისტიანული რელიგიის ფილოსოფია უნივერსალურია და ის ყველა ადამიანს ღვთის შვილად მიიჩნევს, თითოეულ მათგანს ერთნაირ უფლებებსა და მოვალეობებს ანიჭებს, ამიტომ პატრიარქის მხრიდან ადამიანების გარჩევა უცხოელებად და ქართველებად, ეწინააღმდეგება იმ ფილოსოფიას, რომელსაც წესით და რიგით უნდა ქადაგებდეს.
მითუმეტეს, რომ ქვეყანაში ისედაც ჭარბობს შოვინისტური და ქსენოფობიური განწყობები და სასულიერო პირისგან წახალისება მსგავსი მავნებლობის, უდიდესი შეცდომაა. ნაცვლად იმისა, პატრიარქს შეეძლო ეთქვა, რომ ყველა სტუმარი უნდა მივიღოთ როგორც ჩვენი ნაწილი, არ უნდა შეურაცხვყოთ ისინი და მივცეთ საკუთარი თავის რეალიზების საშუალებაო.
ისე, აქვე უნდა აღინიშნოს. პატრიარქი ქართული მარშის წარმომადგენლებსაც შეხვედრია და მათთვის დრო არ დანანებია, თუმცა რუსთაველზე ხვეწნა-ვედრებით მისული ქალბატონი, რომელიც შველას ითხოვდა და პრეზიდენტ ზურაბიშვილმა და ილია მეორეს საუბარს სთხოვდა, არც კი შეიმჩნია.
ეს ეპიზოდიც ცოტათი დამაფიქრებელია, არა?!
ნარკოპოლიტიკის შესახებ
ნარკოპოლიტიკაზე გაკეთებული განცხადებები ილია მეორეს მხრიდან ნამდვილად მოულოდნელი იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, არ ველოდები, რომ საპატრიარქო ოდესმე ლეგალიზების მომხრე იქნება, თუმცა მომხმარებლების მიმართ დამოკიდებულება ნამდვილად დამაზიანებელი იყო, როგორც ადამიანების უფლებების მხრივ, ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისითაც.
პატრიარქმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებაზე ნების დართვა ერის მტრობააო. ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, როგორ შეიძლებოდა ქვეყნის ყველაზე გავლენიან ადამიანს უფრო მავნებლური პოზიცია დაეფიქსირებინა. როგორც ჩანს, პატრიარქს ურჩევნია ნარკოტიკული თრობის საშუალების გამოყენების გამო, ადამიანები ციხეში ჩასვან და ცხოვრება დაუნგრიონ, ვიდრე არჩევანის თავისუფლება ჰქონდეთ და იცხოვრონ თავისუფლად, იმ პირობებში, რომ არავის არაფერს უშავებენ.
პატრიარქმა ამავე განცხადებაში თქვა, რომ მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარება იწვევს მძიმე ნარკოტიკებზე გადასვლას. ამ ერთი კაცის აზრის საწინააღმდეგოდ, ათასობით კვლევა ადასტურებს, რომ მარიხუანა არ არის კარიბჭის ნარკოტიკი. კვლევების თანახმად, მარიხუანა გაცილებით ნაკლებად საშიშია როგორც პიროვნებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. ასე რომ, პატრიარქის ეს განცხადება კვლავ საზიანოდ შეგვიძლია შევაფასოთ.
ამ განცხადებას კი დაემატა ისიც, რომ საპატრიარქოს მოთხოვნით, პარლამენტმა კანაფის შემცველი პროდუქტების წარმოების ლეგალიზების კანონპროექტი შეაჩერა. ის, რომ ნარკოპოლიტიკაში საქართველოს ძვრა არ აქვს და ადამიანებს კვლავ იჭერენ გამოგონილი დანაშაულის გამო, მეტწილად სწორედ საპატრიარქოს დამსახურებაა.
17 მაისი და ოჯახის სიწმინდის დღე
პატრიარქმა და საპატრიარქომ საქართველოში ჰომოფობიის ტალღის გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყვეს ხელი. გავიხსენოთ 2013 წლის 17 მაისი, როცა ათასობით მართლმადიდებელი მრევლი, მღვდლები და სხვა წოდების სასულიერო პირები, ლგბტ თემის წარმომადგენლების რამდენიმე ათეულ ადამიანებს ფიზიკურად გასანადგურებლად მოსდევდნენ.
ის, რასაც ამ ვიდეოში ხედავთ, თავიდან ბოლომდე საქართველოს პატრიარქის პასუხისმგებლობაა. 2013 წლის 16 მაისს მან გაავრცელა განცხადება, რომლითაც თბილისის მერიას სექსუალური უმცირესობების მიერ დაანონსებული აქციის გაუქმებისკენ მოუწოდა. განცხადებაში მრავლად არის გამოყენებული სიძულვილის ენა, ჰომოფობიური პასაჟები და დამამცირებელი მიმართვები, რაც ქვეყანაში მართლმადიდებლობის მთავარ განსახიერებას ნამდვილად არ ეკადრება.
თუმცა მხოლოდ ეს არ არის - მან ამ განცხადებით ფაქტობრივად წაახალისა ის მოვლენები, რომელიც 17 მაისს განვითარდა. პატრიარქი ამბობდა, რომ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ჩატარებული აქცია მართლმადიდებელი მრევლისა და უმრავლესობის უფლებების დარღვევა იყო. მსგავსი სიბეცე იშვიათად შეიძლება ვინმესგან მოისმინოთ. უმცირესობა, სულ რამდენიმე ათეული ადამიანი, როგორ შეიძლება არღვევდეს უმრავლესობის უფლებებს, მაშინ როდესაც მათ არც ძალაუფლება აქვთ ხელთ და მთელი ქვეყანა მათ წინააღმდეგაა.
ილია მეორე იმასაც განმარტავდა, ეკლესია ჰომოსექსუალიზმს ანომალიად და დაავადებად მიიჩნევს, ასეთი ადამიანები ვერ ცხონდებიან და სანამ დროა, მკურნალობა სჭირდებათო. თანაც განმარტავდა, ამას მეცნიერებაც კი მოწმომბსო და ამაში ყველა რელიგია ვთანხმდებითო. თუმცა სულ რამდენიმე წელიწადში რომის პაპს უმასპინძლა, რომელიც, სხვათაშორის, ლგბტ თემის უფლებების დიდი დამცველია. გარდა ამისა, ჩვენ ხომ გვახსოვს, მეცნიერებასა და ემპირიულ ფაქტებში პატრიარქი მაინც და მაინც კომპეტენტური ვერ არის ხოლმე.
ამ ისტორიის გაგრძელება ის იყო, რომ პატრიარქმა 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა და ლგბტ თემის წევრებს წაართვა ყველანაირი უფლება, ამ დღეს რაიმე ღონისძიება ან მანიფესტაცია მოეწყოთ. მრევლს კი, ფაქტობრივად, მოუწოდა, ყოველ 17 მაისს გარეთ გამოსულიყო და "ქართველობა" დაეცვა.
რა შეიძლება მოვთხოვოთ მრევლს, როცა მათი მწყემსი თავად ქადაგებს სიძულვილს და მხარს უჭერს ჩაგვრას?
პატრიარქი და პოლიტიკა
წარსული
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის წარსული ცალკე შესწავლას საჭიროებს. არსებობს ვიდეო და ფოტო მასალები, რომლებზეც თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ, თუმცა არავინ იცის რა იმალება ფარდის მიღმა. ამჯერად ვისაუბროთ მის დამოკიდებულებაზე პუტჩისტების მიმართ, რომლებმაც 90-იან წლებში ქვეყანაში სამოქალაქო ომი წამოიწყეს და ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია, მმართველობიდან არალეგიტიმურად ჩამოაგდეს.
გამსახურდიების ოჯახი საეკლესიო ელიტას რომ არასდროს ეხატებოდა გულზე, ეს ჯერ კიდევ კონსტანტინე გამსახურდიას მოღვაწეობის პერიოდში გახდა ცნობილი, თუმცა, როგორც ჩანს, მემკვიდრეობითი აღმოჩნდა.
მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას უამრავი შიდა და გარე მტრები ჰყავდა, განსაკუთრებით რუსეთის რესპუბლიკაში. რუსეთი ძალიან ცდილობდა დამოუკიდებელი საქართველო პირველსავე წლებში დაესუსტებინა და ამისთვის სეპარატიზმის წახალისებასა და შიდა პოლიტიკაში მოკავშირეების პოვნას ცდილობდა. არც ერთი და არც მეორე მტერს არ გაუჭირდა, მალევე შეძლო ჩრდილოელმა მეზობელმა ორივე მიზნის მიღწევა.
21 დეკემბერს ალმაატში საბჭოთა კავშირი დაშლილად გამოცხადდა, მეორე დღეს კი დსთ შეიქმნა, რომელშიც საქართველო გაწევრიანებას არ აპირებდა. ნემო ბურჭულაძე იხსენებს, რომ იმ დროს ელცინმა გამსახურიდა გააფრთხილა, დილის 8 საათამდე თუ არ დათანხმდები დსთ-ს წევრობას, პრობლემებს შეგიქმნითო. 22 დეკემბერს დილას ჯაბა იოსელიანმა, თენგიზ კიტოვანმა და სხვა მოღალატეებმა ცეცხლის გახსნა დაიწყეს.
სამოქალაქო ომის შემქმნელებმა:
- დაამხეს კანონიერი ხელისუფლება;
- არალეგიტიმურად ჩაიგდეს ხელში ძალაუფლება;
- "ზვიადისტების" წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიები დაიწყეს;
- აწამეს უამრავი ადამიანი;
- მოაწყვეს მასობრივი ყაჩაღობების სერიები და აწამებდნენ საქართველოს მოქალაქეებს;
- საქართველოში მმართველი ჩამოიყვანეს მოსკოვიდან.
ამ ყველაფრის შემოქმედზე კი ილია მეორე დიდი აღფრთოვანებითა და სიყვარულით საუბრობს, რასაც მოცემული კადრებიც ადასტურებს. იგი მხარს უჭერდა როგორც ედუარდ შევარდნაძეს, ასევე ჯაბა იოსელიანს. ისიც კი თქვა, ეს მძიმე ჯვარი, ედუარდ შევარდნაძეს, ღმერთმა უბოძაო...
დაპირისპირების პერიოდში, პატრიარქი ამბობდა, აუცილებელია დემოკრატიული პრინციპები იყოს დაცულიო, თუმცა თვითონ ამისთვის არაფერს აკეთებდა. მეტსაც გეტყვით, მოგვიანებით უფრო დიდ უკიდურესობაშიც გადაიჭრა. ზვიად გამსახურდია სწორედ ამას ჩიოდა, პატრიარქს კონკრეტული პოზიციის დაფიქსირება არ შეუძლია და მისი საუბარი (პერიფრაზირებულად რომ ვთქვათ) წყლის ნაყვააო.
სამაგიეროდ, პატრიარქს პრინციპული პოზიციის დაფიქსირება რამდენიმე ათეული ადამიანის უწყინარ აქციასთან დაკავშირებით, ნამდვილად შეუძლია.
სეკულარიზმი
პატრიარქს არაერთხელ უთქვამს, სახელმწიფო და საეკლესიო საქმიანობა გამიჯნული უნდა იყოს ერთმანეთისგანო, მაგრამ საქმით იგივე არასდროს დაუმტკიცებია. ზემოთ მოყვანილი მაგალითები ამას ისედაც მოწმობს, მაგრამ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ურიგო არ იქნება.
როგორც ჩანს, პატრიარქს გამიჯვნა მხოლოდ ნაწილობრივ ესმის. საპატრიარქო ფაქტობრივად ყოველდღიურად არის ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში და სხვადასხვა კანონის მიღებაზე გავლენას ახდენს. მას მუდამ თავისი მოთხოვნები აქვს - ხან სკოლებში სულიერების გაკვეთილებს ითხოვს, ხან მარიხუანის ლეგალიზების კანონის გაუქმება სურს და სანთლების რევოლუციით იმუქრება, ესწრება საკომიტეტო მოსმენებს და გამოთქვამს საკუთარ აზრს, ამ ბოლო დროს კი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაც განუზრახავს.
ამასაც რომ თავი დავანებოთ, ყოველწლიურად საპატრიარქო 25 მილიონ ლარს იღებს ბიუჯეტიდან. გარდა ამისა, მას სახელმწიფოსგან მუდმივად გადაეცემა მიწები სრულიად უსასყიდლოდ, რასაც ემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი დაფინანსებები და სხვადასხვა პრივილეგიები, როგორიცაა გადასახადებისგან გათავისუფლება, სახელმწიფო დაცვა და სხვა. პატრიარქი არც პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას ერიდება, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გარშემომყოფებზე.
საქართველოში ვინც ცხოვრობს, ყველა კარგად ხედავს, რომ სახელმწიფო და საპატრიარქო ერთმანეთთან უფრო მეტად არიან დაკავშირებულნი, ვიდრე სახელმწიფო და ხალხი. ეს კი სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა იმას, რომ ქვეყანაში სეკულარიზმი მხოლოდ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული და მეტი არაფრით.
უკრაინის საკითხი და ავტოკეფალია
საპატრიარქოს გავლენა პოლიტიკაზე რომ უდიდესია, ეს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხმაც კარგად დაგვანახა. ქართული ოცნება აცხადებდა, უკრაინას ჯერ ვერაფერს მივულოცავთ, საპატრიარქოს პოზიციას ველოდებითო. საპატრიარქომ, თავის მხრივ, რა უნდა ვთქვათ, ჯერ ტომოსი უნდა წავიკითხოთ და დასკვნები მერე გამოვიტანოთო. შემდეგ კი თქვეს, ჯერ აღიარებისთვის ჩვენი რიგი არ დამდგარაო. როგორც ჩანს, ჯერ ვერაფერი დაასკვნეს, ამიტომ საკითხის განხილვა სინოდის მომდევნო სხდომამდე გადაიტანეს.
სამაგიეროდ, ილია მეორე რუსეთის პატრიარქს ასეთი თბილი სიტყვებით მიმართავს:
"უკვე ათი წელი გავიდა, რაც უფლის ნებით თქვენ უმაღლესი იერარქის ჯვარს ატარებთ. ამ დროისა და მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში, თქვენ უდიდესი ინტელექტუალური და სულიერი ძალისხმევა გაიღეთ იმისთვის, რომ თქვენი წვლილი შეგეტანათ არამხოლოდ რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის გაძლიერებაში, არამედ მართლმადიდებლობის განმტკიცებაში", — უთხრა ადამიანს, რომელსაც რუსეთში პუტინის პოლიტიკის გულმხურვალე მხარდამჭერად მიიჩნევენ.
არადა, უკრაინასა და მის ეკლესიას, სწორედ ახლა სჭირდება გვერდში დგომა და მხარდაჭერა, რათა რუსული გავლენებისგან გათავისუფლდეს. საქართველომაც იგივე გზა გაიარა და პატრიარქისთვის ეს მდგომარეობა, წესით, კარგად ნაცნობი უნდა იყოს.
პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები
საქართველოს პატრიარქს განცხადება არ გაუკეთებია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებითაც. ეს მორალური ტერორი, რომელსაც პოლიტიკოსებს უკვე მრავალია წელია უწყობენ, ილია მეორეს ყურადღების მიღმა რჩება მუდამ. არადა, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს თავისი ავტორიტეტის გამოყენება ამ საკითხშიც შეეძლო, რათა დაეცვა ასეთი შემთხვევებისგან ის პოლიტიკოსები, რომელთა კადრებიც საზოგადოების მკაცრი განსჯის საგანი გახდა.
თუმცა ის დუმდა და დუმს დღემდე.
ის, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ...
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა თავისი გავლენები სასარგებლოდაც გამოიყენა, როცა რუსეთის პატრიარქს სთხოვა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაში დახმარება. ეს იყო ცალსახად პოზიტური შემთხვევა და ამის გამო ილია მეორეს, მთელი ქვეყნის სახელით, ნამდვილად ეკუთვნის მადლობა.
...და ბოლოს!
ილია მეორემ 2018 წლის საშობაო ეპისტოლეში ასეთი სიტყვები წარმოთქვა.
ამ სიტყვებში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ნამდვილად ვეთანხმები. ამასთანავე მიჩნდება კითხვა: თუკი ის მართლა ასე ფიქრობს, რითი აიხსნება ის ყველაფერი, რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრეთ?
საღ აზრს თუ მივენდობით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უფრო მეტად პოლიტიკოსია, ვიდრე საეკლესიო პირი. ის მუდმივად მანიპულირებს საზოგადოებრივი განწყობებით, არასოდეს აფიქსირებს თავის აზრს კონკრეტულად, ყოველთვის ცდილობს შეარჩიოს პოპულისტური ფორმულირება და საკუთარი მრევლი არ გაანაწყენოს. ამ მცდელობების გამო კი, როგორც ამ ოპ-ედში ვნახეთ, საზოგადოებისთვის საზიანო პოზიციებს აფიქსირებს. ისეთ თემებზე კი, რომელიც საზოგადოებაში რეზონანსულია და რეაქციას საჭიროებს, ხანდახან განცხადებას საერთოდ არ აკეთებს.
რა თქმა უნდა, ამ ოპ-ედში წარმოდგენილია ზოგადი სურათი, რადგან ეს საკითხი სამეცნიერო კვლევასა და ბიჰევიორისტულ ანალიზს საჭიროებს. უფრო ფართო სურათის დასანახად საჭიროა ფიქრი, როგორი სახელმწიფოს მშენებლობა გვსურს ჩვენ - ისეთის, სადაც პიროვნება არის კერპად ქცეული თუ ისეთის, სადაც თითოეული ადამიანის უფლებები დაცულია?
იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სააღდგომო ეპისტოლეში ამჯერად მაინც დასვამს სწორ აქცენტებს, თუმცა წარსულის გამოცდილება ამის მოლოდინს ნამდვილად არ გვიქმნის.
კომენტარები