ფეისბუქმა გამჭვირვალე პლატფორმა შექმნა, სადაც აქტიური რეკლამების მოძებნა შეგიძლიათ
ფეისბუქზე ახლა უკვე შეგეძლებათ მოძებნოთ და გაარკვიოთ, თუ რამდენი დახარჯა თქვენი ინტერესის ქვეშ მყოფმა ფეისბუქის გვერდმა რეკლამაზე და შეიცვალა თუ არა გვერდმა სახელი ახლო წარსულში.
გუშინ ფეისბუქმა რეკლამების ბიბლიოთეკა გაუშვა, რომლის მიზანიც ფეისბუქზე განთავსებული რეკლამების გამჭვირვალობის გაზრდაა. ეს საკითხი პრობლემური მას შემდეგ გახდა, რაც გამოაშკარავდა, რომ 2016 წელს სოციალურ ქსელში გაშვებული რეკლამებით სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ.
პლატფორმაზე ფეისბუქ გვერდების შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება შეგეძლებათ, მაგალითად, როდის შეიქმნა გვერდი, შეუცვლია თუ არა მას ოდესმე სახელი, ან გაერთიანებულა თუ არა ის სხვა გვერდთან, ასევე დაადგენთ იმასაც თუ რომელი ქვეყნიდან იმართება ის. რეკლამების მოძებნა პლატფორმაზე სიტყვებით ან გვერდის სახელწოდებებით შეგეძლებათ.
ახალი პლატფორმა ჟურნალისტებს, მკვლევარებსა და ამ თემით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს საშუალებას მისცემს, რომ გადაამოწმონ, ხომ არ შეიცავს ფეისბუქზე განთავსებული რეკლამები ყალბ ინფორმაციას, ან ხომ არ ემსახურება ის რაიმე სახიფათო მიზანს.
ფეისბუქმა ბიბლიოთეკაში ვადაგასული და არააქტიური აპოლიტიკური რეკლამების შენახვა შეწყვიტა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი უცნობია, მაგრამ რეკლამების განმთავსებლების ნაწილმა განაცხადა, რომ ვადაგასული რეკლამების ბიბლიოთეკაში დატოვება მათ კონკურენტებს სარეკლამო სტრატეგიების მითვისების საშუალებას მისცემდა.
იცვლება პოლიტიკური შინაარსის რეკლამების განთავსების პროცესიც. ახლა ამ ტიპის რეკლამების განთავსებისას დამკვეთი ვალდებული იქნება, რომ საკუთარი ადგილმდებარეობა შესაბამისი დოკუმენტებით დაადასტუროს.
ამის მიზანი ისაა, რომ ქვეყნებს აღარ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩაერიონ და ადგილობრივ პოლიტიკურ გარემოზე გავლენა მოახდინონ.
ფეისბუქი პოლიტიკური შინაარსის რეკლამებს სპეციალურ იარლიყსაც დაურთავს, რომელშიც გაცხადებული იქნება რეკლამის განმთავსებელი, მისი ბიუჯეტი, რეკლამის სამიზნე აუდიტორია და ა.შ.
ფეისბუქი ამ ახალ ხელსაწყოებს ამჟამად ბრაზილიაში, ინდოეთში, უკრაინასა და ისრაელში ნერგავს, რადგან ეს ქვეყნები არჩევნებისთვის ემზადებიან. ფეისბუქის თქმით, ახალი ხელსაწყოები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხელმისაწვდომი ივნისში გახდება.
ახალი პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს რომ პრობლემური და არაკეთილსინდისიერი რეკლამები მონიშნონ, რომლებსაც შემდეგ ფეისბუქი გადაამოწმებს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი რეკლამა გაუქმდება.
კომენტარები