მაიკ პენსი: 2024 წელს ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე დაბრუნდებიან
გუშინ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ამერიკელები მთვარეზე ასტრონავტებს მომავალ ხუთ წელიწადში დასვამენ.
აშშ-ს მთავრობა ადამიანის მთვარეზე გაგზავნას 2028 წლისთვის გეგმავდა, თუმცა პენსის თქმით, ეს თარიღი დამაკმაყოფილებელი არ არის.
"ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია", - აცხადებს ის.
პენსმა 21-ე საუკუნის კოსმოსურ რბოლაზე ისაუბრა და ახსენა, რომ ახლა აშშ-ს მიზანი მთვარეზე ასტრონავტების 2024 წლისთვის გაშვებაა.
"სისწრაფე ჩვენი ამოცანა უნდა იყოს. გასული საუკუნის მსგავსად, კოსმოსში პირველობა 21-საუკუნეშიც უნდა შევინარჩუნოთ. ეს ჩვენს ეკონომიკასა და უსაფრთხოებასაც წაადგება, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კოსმოსში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ახალ ფრონტზე წესებს, კანონებსა და ღირებულებებს სწორედ ის ადგენს, ვინც იქ პირველი მოხვდება. აშშ-ს მიზანი კი სწორედ ეს არის", - განაცხადა პენსმა.
პენსის თქმით, აშშ-ს შემდეგი დიდი ნაბიჯი მთვარეზე მუდმივად დასახლებული ბაზის შექმნა და იმ ტექნოლოგიების განვითარებაა, რომლითაც ამერიკელი ასტრონავტები გეზს უკვე მარსისაკენ აიღებენ.
ბაზა, დიდი ალბათობით, მთვარის სამხრეთ პოლუსზე განთავსდება. ცნობილია, რომ მთვარის ამ რეგიონში დიდი რაოდენობით წყლის ყინული მოიპოვება. აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც ქვეყნის კოსმოსურ პოლიტიკას განსაზღვრავს, დღეს გამოსცემს რეკომენდაციას, რომლითაც ის NASA-ს ურჩევს, რომ პილოტირებული მისიების სამიზნედ მთვარის ეს რეგიონები შეარჩიონ.
ვიცე-პრეზიდენტი აღიარებს, რომ 2024 წელი საკმაოდ აგრესიული და ამბიციური თარიღია, თუმცა მას სჯერა, რომ ამ დროში მთვარეზე ადამიანების გაგზავნა რეალურად შესაძლებელია.
მთვარეზე ადამიანის გაგზავნისათვის სრული ჩართულობა იქნება საჭირო. თუ ნასა საკუთარი პროგრამის, Space Launch System-ის რაკეტების დასრულებას აღნიშნული თარიღისათვის ვერ მოასწრებს, სააგენტომ ამ მიზნის მისაღწევად შესაძლოა კომერციულ კომპანიებთან ითანამშრომლოს.
პენსმა ასევე განაცხადა, რომ NASA უფრო მოხერხებულ და პასუხისმგებლიან სააგენტოდ უნდა იქცეს.
1972 წელს განხორციელებული Apollo 17-ის მისიის შემდეგ მთვარეზე ადამიანს ფეხი აღარ დაუდგამს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წელს ხელი კოსმოსური პოლიტიკის პირველ დირექტივას მოაწერა, რომლითაც მთვარეზე დაბრუნება ქვეყნის ერთ-ერთ ამოცანად ოფიციალურად იქცა.
2022 წლისთვის NASA მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის აგებასაც აპირებს, რომელსაც ასტრონავტები მთვარის ზედაპირზე დასაშვებად გამოიყენებენ. გარდა ამისა, ახლა ნასა საეკიპაჟო კაფსულა Orion-ზეც მუშაობს, რომლის საცდელი ფრენაც ჯერ კიდევ 2014 წლის დეკემბერში განხორციელდა.
კომენტარები