კომპანიას ორი მნიშვნელოვანი ფიგურა, კრის კოქსი და კრის დენიელსი ტოვებენ, კოქსი კომპანიაში პროდუქტების აღმასრულებელი ხელმძღვანელის, დენიელსი კი WhatsApp-ის დირექტორის პოსტს იკავებდა.

კოქსმა და დენიელსმა აღნიშნული გადაწყვეტილებები მას შემდეგ მიიღეს, რაც გასულ კვირას ცუკერბერგმა ფეისბუქის ახალ, კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ მომავალზე ისაუბრა.

კოქსმა კომპანიაში ათ წელიწაზე მეტი გაატარა, ამჟამად კი ის კომპანიის ძირითადი აპლიკაციების ზედამხედველისა და ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა. სწორედ ის იყო ადამიანი, ვისაც ანგარიშებს ინსტაგრამის, WhatsApp-ის, მესენჯერისა და თავად ფეისბუქის უშუალო ხელმძღვანელები აბარებდნენ. მას ხშირად მოიხსენიებდნენ ფეისბუქის მომდევნო მთავარ აღმასრულებელ ხელმძღვანელადაც, ეს იმ შემთხვევაში, თუ ცუკერბერგი თავის პოზიციას დატოვებდა. გასულ წელს, Recode-მა კოქსი ცუკერბერგის შემდეგ კომპანიისათვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანად დაასახელა.

დენიელსი WhatsApp-ის ხელმძღვანელად გასული წლის მაისში დაინიშნა. მანამდე კი ის ფეისბუქის შექმნილ ორგანიზაციას, Internet.org-ს ხელმძღვანელობდა, რომლის მიზანიც მსოფლიოში ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდაა. დენიელსის ხელმძღვანელობის დროს WhatsApp-მა შეტყობინებების გადამისამართების შეზღუდვა დააწესა, რისი მიზანიც ყალბი ინფორმაციის გავრცელებადობის შემცირება იყო. მან ასევე განაცხადა, რომ WhatsApp-ში შესაძლოა სულ მალე რეკლამები გამოჩნდეს, მიუხედავად იმისა, რომ აპლიკაციის შექმნისას დამფუძნებლების ერთ-ერთი მთავარი დაპირება რეკლამებისგან თავისუფალი აპლიკაცია იყო.

თუ რატომ ტოვებენ დენიელსი და კოქსი კომპანიას, უცნობია, ცუკერბერგს საკუთარ პოსტში შესაძლო მიზეზებზე არ უსაუბრია. კოქსმა საკუთარი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის მიუთითებდა, რომ ცუკერბერგის მიერ ფეისბუქისთვის არჩეული ახალი მიმართულება შესაძლოა მისთვის მისაღები არ ყოფილიყო.

“ეს დიდი პროექტი იქნება და მას ისეთი ლიდერები სჭირდება, რომლებიც ამ იდეით აღტაცებულები იქნებიან”, - აცხადებს კოქსი.

კოქსის ჩანაცვლება დაგეგმილი არ არის, ნაცვლად ამისა, ცუკერბერგის თქმით, კომპანიის ძირითადი აპლიკაციების ხელმძღვანელები ამიერიდან ანგარიშს პირადად ცუკერბერგს ჩააბარებენ.