ავსტრალია კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად მილიარდ ხეს დარგავს
ავსტრალიის მთავრობა მილიარდი ხის დასარგავად ემზადება, მიზანი პარიზის კლიმატური შეთანხმების პირობების დაკმაყოფილებაა.
მთავრობის ვარაუდით, პროექტი, რომელიც 2050 წლამდე გაგრძელდება, ატმოსფეროდან ყოველწლიურად 18 მილიონ ტონა სათბურის გაზს გაწმენდს. ეს კლიმატთან ბრძოლის ნაკლებად ტექნიკური მეთოდის კარგი მაგალითია.
აღნიშნული სიახლე შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ემთხვევა, რომლითაც დადგინდა, რომ ხეების დარგვის მასობრივ კამპანიას მსოფლიოში გამოყოფილი სათბური გაზების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება შეუძლია.
კვლევაში მონაწილე მეცნიერმა ტომას ქრაუზერმა The Independent-თან განაცხადა, რომ კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად ხეები ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იარაღია.
თანამგზავრებითა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით ქრაუზერმა დაადგინა, რომ დედამიწაზე ამჟამად სამ ტრილიონზე მეტი ხეა.
მილიარდი შთამბეჭდავი რიცხვია, თუმცა, ქრაუზერის თქმით, დედამიწაზე არსებულ პარკებში, ტყეებსა და მიტოვებულ მიწებზე კდიევ დაახლოებით 1,2 ტრილიონი ხის დარგვაა შესაძლებელი.
"ხეების დარგვა ძალიან ლამაზი პროცესია, რადგან მასში ჩართვა ყველას შეუძლია. ხეები ადამიანებს პირდაპირი გაგებით აბედნიერებენ, ისინი წმენდენ ჰაერს, დადებითად მოქმედებენ წყალზე, საკვებზე, ეკოსისტემაზე", - აცხადებს ქრაუზერი.
ამჟამად ავსტრალია ქვეყანაში გამომუშავებული ენერგიის ორ მესამედს ქვანახშირისგან იღებს. ავსტრალია ასევე ქვანახშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ექსპორტიორია.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი სკოტ მორისონი აცხადებს, რომ ქვეყანა პარიზის კლიმატის შეთანხმებით დაწესებულ მოთხოვნებს - 2030 წლისთვის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოყოფას 2005 წელთან შედარებით დაახლოებით 27 პროცენტით შეამცირებს.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის თქმით, თუ ქვეყანა კლიმატის ბრძოლაში უფრო აქტიურად არ ჩაერთვება, მას პარიზის შეთანხმებით მიღებული დავალებების შესრულება გაუჭირდება.
კომენტარები