სოციალური მუშაკი — პროფესია, რომლის მნიშვნელობასაც სისტემა ვერ ხვდება
4 წლის ნინოს გარდაცვალებამ ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით ქვეყანაში არსებული სისტემური ხარვეზები გამოაააშკარავა. სოციალური მუშაკები წლებია საუბრობენ პრობლემებზე, პასუხისმგებელ პირებს დახმარებას სთხოვენ, უშედეგო მცდელობების შემდეგ კი სისტემას სამუდამოდ ტოვებენ. სამუშაო გარემო, ანაზღაურება, ტრანსპორტირება, საქმეთა რაოდენობა, სერვისების ნაკლებობა — ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბავშვთა ზრუნვის სისტემის ეფექტურობას აფერხებს და სოციალური მუშაკის სამუშაოს ხარისხზეც პირდაპირ აისახება.
გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრში ახლა 10 სოციალური მუშაკია დასაქმებული. ორი მათგანი 4 წლის ნინოს გარდაცვალების საქმის გამო გაათავისუფლეს. ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურ მუშაკს გადაცდომა დაუდგინა და მასთან ერთად უფროსი სოციალურ მუშაკი, ანუ მის საქმეზე პასუხისმგებელი პირიც გაათავისუფლა.
გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის სხვა სოციალურმა მუშაკებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებები სისტემური ხარვეზების გამო გააკრიტიკეს.
"ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც ვიმყოფებით მუდმივად "საოპერაციოში", სადაც უამრავი ბავშვია "ნარკოზის" ქვეშ და თქვენ არ გვაძლევთ სათანადო "აღჭურვილობას", რომ გავაკეთოთ ჩვენი საქმე", — წერია განცხადებაში.
პირველი შემთხვევა არ არის, როცა გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვს. 4 წლის ნინოს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე სოციალურმა მუშაკებმა სააგენტოს უფროსს წერილი მისწერებს და კადრების დამატება სთხოვეს. ისინი წერდნენ, რომ საქმეს ვეღარ უმკლავდებოდნენ და დახმარება სჭირდებოდათ. ამ წერილამდე იყო ბევრი განცხადება, შეხვედრა, თხოვნა, თუმცა უშედეგოდ.
სერვისცენტრი საჯარო დაწესებულებაა, თუმცა უსაფრთხოების სამსახური არ იცავს. 2017 წელს სწორედ ამ ცენტრში დაესხნენ თავს ბენეფიციარები სოციალურ მუშაკებს, დაზარალებულებს შორის იყო სოციალური მუშაკი სოფი ხვთისიაშვილიც.
"ნორმალურ სამუშაო პირობებს ვითხოვდით, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტრო იმაზე აპელირებდა, რომ ჩვენ მხოლოდ კარგი ხელფასები და კეთილმოწყობილი გარემო გვსურდა. ეს ასე არ არის. ვინც სოციალური მუშაობის არსში ერკვევა, ზუსტად მიხვდება, რატომაა გარემო მნიშვნელოვანი", — ამბობს სოფი ხვთისიაშვილი.
გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრში სამუშაო პირობები განსაკუთრებით რთულია, უფრო სწორად ღირსებისშემლახველი, როგორც ბენეფიციარებისთვის, ისე სოციალური მუშაკებისთვის.
ინფრასტრუქტურა — ძველი და გაუმართავი, დერეფნები — ბნელი და მოუწესრიგებელი. მოსაცდელში რამდენიმე სკამი ბენეფიციარებისთვის, უფეხო, მორყეული, ამოტრიალებული...
დერეფნის დასაწყისში პირველივე ხის კარს დიდი ასოებით აწერია "სოციალური მუშაკი", კარი ღიაა, საკეტი არ აქვს... ვარდისფერკედლებიან ოთახში 8 მაგიდა დგას, იმდენად მცირე ადგილია, რომ ერთ მაგიდასთან რამდენიმე სოციალური მუშაკი მუშაობს, ყველგან ფურცლები და საქაღალდეებია, ჭერიდან წყალი ჟონავს, იატაკი აყრილია, კომპიუტერები მტვერითაა დაფარული, ოთახში ელექტროგამათბობლით სოციალური მუშაკები თბებიან, სახლიდან თავად მოიტანეს. ოთახის ერთ კუთხეში ხის ძველი გატეხილი სკამი დევს. ეს ბენეფიციარის მისაღები ადგილია, სხვა არ არის. კედელზე ფანქრით მინაწერია: "სოციალური მუშაკები ნამდვილი გმირები არიან".
გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრი
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
სოფი ხვთისიაშვილი იხსენებს, რომ ამ სერვისცენტრში მუშაობის პერიოდში ერთ კომპიუტერს სამ თანამშრომელთან იყოფდა, რაც კონკრეტულ შემთხვევებზე მათ ეფექტურ მუშაობასა და რეაგირებას აფერხებდა.
ახლა კომპიუტერების პრობლემა მოგვარებულია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება მთავარი — ბენეფიციარების კონფიდენციალობა.
კონფიდენციალობის დარღვეული პრინციპი
სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორის, ქეთი გიგინეიშვილის თქმით, სოციალური მუშაობის წარმატება ინდივიდის საჭიროებების გათვალისწინებაზე, ეთიკის ნორმებისა და ბენეფიციარის პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე დგას. საქმის შემდგომი წარმატება ბენეფიციარსა და სოციალურ მუშაკს შორის არსებულ ნდობაზეა დამოკიდებული. ამის მიუხედავად, ინდივიდუალური გასაუბრების ოთახები პრობლემად რჩება არა მხოლოდ გლდანში, არამედ სხვა სერვის-ცენტრებშიც.
სოფი ხვთისიაშვილი იხსენებს, რომ ბენეფიციარის ვიზიტისას იძულებულები იყვნენ უფროსი სოციალური მუშაკისთვის ოთახის დათმობა ეთხოვათ. თუმცა, ცალკე ოთახის არარსებობის გამო ხშირად რამდენიმე ბენეფიციარს ერთ ოთახში უსმენდნენ.
"ირღვეოდა როგორც კონფიდენციალობა, ისე ბენეფიციარის ინტერესიც, თუმცა სხვა გზა არ იყო. ხშირად, სკამიც არ გვქონდა, რომ ყველასთვის შეგვეთავაზებინა. იდგნენ ფეხზე, ჩვენც ფეხზე ვიდექით და მაგიდებთან ვესაუბრებოდით. ყველას ესმოდა სხვა ბენეფიციარის პირადი ინფორმაცია", — ამბობს ის.
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო საქართველოში 68 ტერიტორიულ ერთეულს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი ისანი სამგორის სერვის-ცენტრია. სოციალურმა მუშაკმა ქეთევან ხუციშვილმა ამ სერვის-ცენტრში 6 თვე იმუშავა. გლდანის შემდეგ ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ იქაა.
მოსკოვის გამზირის #25-ში მესამე სართულზე მეურვეობა-მზრუნველობის დეპარტამენტია. 15 სოციალური მუშაკი რამდენიმე ვიწრო და მოუწესრიგებელ ოთახშია განთავსებული, არ არის ადგილი არქივისთვის და ბენეფიციარების მონაცემები ერთ ოთახში, იატაკზე იყრის თავს.
"აბსოლუტური კატასტროფა" — ამ სიტყვებით აღწერს ქეთევან ხუციშვილი ისანი-სამგორის სერვისცენტრში მუშაობის პერიოდს.
"სკამები არ არის, გათბობა არ არის, შუქი არ არის, საპირფარეშოებიდან სუნი გამოდის. ბენეფიციარი იძულებული იყო, ყველას თანდასწრებით გაეზიარებინა თავისი პერსონალური მონაცემები. სხვა გამოსავალი არ იყო. მაშინ დერეფანში უნდა გავსულიყავი, კედელზე სამუშაო რვეული მიმედო და ჩამეწერა", — ყვება ქეთევან ხუციშვილი.
ისანი-სამგორის სერვის-ცენტრი
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.ge
ის იხსენებს შემთხვევას, როცა ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა მოუწია და მიმღები ოჯახის ძებნისას მისი სერვის-ცენტრში, სტრესულ გარემოში გაჩერება მოუხდა:
"ოფისი ხმამაღალი ნათქვამია, სივრცე არ იყო, რომ ბავშვს გამოეცვალა, საკვები მიეღო. ისიც კი არ შემეძლო სასმელი წყალი მიმეწოდებინა, რადგან შენობაში სუფთა სასმელი წყალი არ მოდის".
ფოტო: სალომე ჩადუნელი / On.g
სამუშაო პირობები ყველგან ერთნაირი არ არის. საგრძნობლად გაუმჯობესებული მდგომარეობაა დიდუბე-ჩუღურეთის სერვის-ცენტრში. 4 წლის ნინოს საქმეზე გათავისუფლებული სოციალური მუშაკებიდან ორი სწორედ ამ სერვიც-ცენტრში მუშაობდა. ნინო მათი ბენეფიციარი მაშინ იყო, როცა მიმღებ ოჯახში იზრდებოდა. ამ სერვისცენტრში ოთხი სოციალური მუშაკი დარჩა, თავისი მაგიდა და კომპიუტერი ყველას აქვს, თუმცა ინდივიდუალური შეხვედრის ოთახი აქაც პრობლემად რჩება. ბენეფიციარის მიღება მათაც საერთო ოთახში უწევთ.
ფოტო 1: სალომე ჩადუნელი / On.ge / ფოტო 2: სალომე ჩადუნელი / On.ge
ბევრი საქმე, ცოტა სოციალური მუშაკი
განსაკუთრებით მწვავე პრობლემაა საქმეების ოდენობა. სოციალური მუშაკების თქმით, სერვის-ცენტრებში საქმეებთან შედარებით არასაკმარისი კადრები მუშაობენ, რაც აფერხებს ეფექტურობას და შეცდომის დაშვების რისკს ზრდის.
გლდანი-ნაძალადების სოციალური მუშაკის მარიამ ბანძავას თქმით, თვეში დაახლოებით 100 შემთხვევის მართვა უწევთ.
"საქმეების რაოდენობა იმდენად ბევრია, რომ სხვადასხვა ტიპის მომართვაზე ადეკვატური რეაგირება, შესაძლოა, ვერ მოახდინო. სოციალური მუშაკი მუდმივად უნდა განვითარდეს, უნდა იკითხოს, მოისმინოს. როცა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უწევს მუშაობა, კომპეტენციის განვითარებას ვერ ახერხებს, მით უმეტეს, როცა მისი დამსაქმებელიც ვერ აძლიერებს მის მანდატს", — ამბობს სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, მსგავსი ოდენობის საქმეები ერთეულების პრობლემაა და "ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშოთ".
სოციალური მუშაობის შესახებ ახალი კანონით, რომელიც 2021 წლიდან ამოქმედდება და სფეროს დაარეგულირებს ერთ სოციალურ მუშაკზე საქმეების მაქსიმალურ კვოტად 50-ია განსაზღვრული.
აუნაზღაურებელი ტრანსპორტირება
"რაც უფრო კარგად მუშაობს სოციალური მუშაკი, მით უფრო ცოტა ხელფასი მიაქვს სახლში. ეს მართლაც ასეა"
გადაჭარბებულ საქმეს ტრანსპორტირების ხარჯებიც ემატება. ცოტამ თუ იცის, რომ სოციალური მუშაკები ნებისმიერი გასვლითი ვიზიტის დროს ტრანსპორტირების ხარჯებს თავად ფარავენ.
"რაც უფრო კარგად მუშაობს სოციალური მუშაკი, მით უფრო ცოტა ხელფასი მიაქვს სახლში. ეს მართლაც ასეა", — ამბობს სოფი ხვთისიაშვილი.
სააგენტოში უფროსი სოციალური მუშაკის ხელფასი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 1 000 ლარია, სოციალური მუშაკის - 800 ლარი, ხელზე 650-ს იღებენ. რეგიონების მიხედვით ანაზღაურებაც განსხვავებულია. ხელფასი 2015 წლის შემდეგ არ გაზრდილა. მაშინაც მხოლოდ 50 ლარი მოუმატეს და უთხრეს, რომ ტრანსპორტირებისთვის იყო გათვალისწინებული.
სოციალური მუშაკების თქმით, გადაუდებელი შემთხვევების დროს ოპერატიულობა მნიშვნელოვანია. ამიტომ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აზრს კარგავს და ტაქსია საჭირო. ზოგიერთ ადგილას სატრანსპორტო სისტემა საერთოდ არაა გამართული. ამ მხრივ, რეგიონები განსაკუთრებით პრობლემურია.
კადრების გადინება
სოციალური მუშაკი სოფი ხვთისიაშვილი აღიარებს, რომ ყველა ეს პრობლემა სამუშაოს ხარისხსა და ემოციურ მდგომარეობაზე პირდაპირ აისახება. შედეგად, კი პროფესიონალი კადრები, სოციალური მუშაკების ყველაზე დიდ დასაქმების სისტემას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამუდამოდ ტოვებენ და აღარ უბრუნდებიან.
ქვეყნის მასშტაბით სააგენტოში სულ 239 სოციალური მუშაკია დასაქმებული, მათგან 68 თბილისში. თუმცა როგორც სააგენტოში ამბობენ, დასაქმებულთა სტატისტიკა მუდმივად იცვლება, რადგან ხშირია კადრების გადინება.
"ვაღიარებ, რომ ჩემი ძალიან ბევრი საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო ბომბზე, გადაღლილობისა და მძიმე ემოციურ ფონზე, შეიძლება, რაღაც შემშლოდა".
"არ მინდოდა გავმხდარიყავი სისტემის მსხვერპლი სოციალური მუშაკი, მე ვეღარ ვხედავდი ენთუზიაზმსა და ხარისხს ჩემს თავში. ფიზიკურად შეუძლებელი იყო იმდენ საქმეში ხარისხიანად გემუშავა. ვაღიარებ, რომ ჩემი ძალიან ბევრი საქმე შეიძლებოდა ყოფილიყო ბომბზე, გადაღლილობისა და მძიმე ემოციურ ფონზე, შეიძლება, რაღაც შემშლოდა", — ასე ხსნის წასვლის მიზეზებს სოფი ხვთისიაშვილი.
ამავე მიზეზით დატოვა ისანი-სამგორის სერვისცენტრი ქეთევან ხუციშვილმაც. მისი თქმით, ხვდებოდა, რომ საქმეებს ვეღარ უმკლავდებოდა:
"ვიცოდი, რომ ოჯახისა და ბავშვის გამოსაკვლევად, დასკვნის დასაწერად მჭირდებოდა იმდენი დრო, რამდენიც არ მქონდა. ვიცოდი, რომ დროის ნაკლებობა პირდაპირ აისახებოდა, რომ მე სწორ დასკვნას და შეფასებას ვერ გავაკეთებდი. შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. გავიზიარე პრინციპი, რომ "თუ ვერაფერს ვერ აკეთებ, რამე არ უნდა გააფუჭო", — ამბობს ქეთევანი.
სოციალური მუშაკები ჩივიან, რომ ვაკანტური ადგილები არ ივსება და წასული სოციალური მუშაკების საქმეების გადანაწილებაც თავად უწევთ.
"სააგენტოში არის ასე... ადამიანების წასვლის შემდეგ ამ კადრების ადგილი ორთქლდება. ვინმე თუ მიდის, აღარ ამატებენ. იციან, რომ ჩვენ ასე თუ ისე გადავინაწილებთ იმ საქმეებს და ზედმეტი ფულის ხარჯვა აღარ უღირთ. გლდანი კადრების დამატებას ზაფხულიდან ითხოვდა, საქმეს ვეღარ აუდიოდნენ", — ამბობს სოფი ხვთისიაშვილი.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, "კვალიფიკაცია სოციალური მუშაკების მთავარი გამოწვევაა", რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრო გადამზადებას საკუთარ თავზე აიღებს. მისივე განმარტებით 237 სოციალური მუშაკიდან 130-ს სოციალური მუშაკის კვალიფიკაცია არ აქვს. მათი გადამზადება გაზაფხულიდან დაიწყება.
პროტესტი საჯარო სივრცეში
4 წლის ნინოს გარდაცვალების შემდეგ სისტემაში მომუშავე სოციალურმა მუშაკებმა საჯარო აქტივობები დაიწყეს. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც გეგმავს საზოგადოებას გააცნოს, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში სოციალური მუშაკობა და რა გამოწვევების წინაშე დგანან ისინი.
სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ ახალი კადრების დამატებით, ხელფასების გაზრდითა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებით არ შეიცვლება. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო სწორად ვერ ხედავს სოციალური მუშაკის როლს და ამით რისკის ქვეშ დგება ნებისმიერი შემთხვევა, რომელზეც ყოველდღიურად რეაგირება უწევთ.
"სოციალური მუშაკები უნდა ვმუშაობდეთ ბენეფიციარების ინტერესებიდან გამომდინარე, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, უწყებათაშორისი კოორდინაცია პრობლემაა. ჩვენ ყველა უწყებასთან გვიწევს კომუნიკაცია და ყველა უნდა იაზრებდეს, ვინ არის სოციალური მუშაკი და რა არის მისი ფუნქცია. ჩვენი სამომავლო თხოვნაა, სოციალური მუშაკის როლი ადეკვატურად გაიაზრონ ", — ამბობს მარიამ ბანძავა.
სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორის ქეთევან გიგინეიშვილის თქმით, პრობლემა ხელშესახებია, ბავშვზე ზრუნვის სისტემა და ბავშვთა კეთილდღეობის პოლიტიკა გამოწვევებს ვეღარ პასუხობს. ამ არასწორი და დაგვიანებული პოლიტიკის მძიმე შედეგის ერთ-ერთ მაგალითად ქეთევან გიგინეიშვილი 4 წლის ნინოს გარდაცვალებას ასახელებს.
"კადრებს პროფესიული განვითარება, გაძლიერება და მხარდაჭერა სჭირდებათ. უნდა არსებობდეს მუდმივად ინსტრუმენტები, რომლითაც შეძლებენ სოციალური მუშაკები ბენეფიციართან წარმატებით იმუშავონ, სამუშაო გარემო-პირობები ნორმალიზებული უნდა იყოს. ამ ადამიანებს უწევთ ბენეფიციარებთან მუშაობა, რასაც გარეგანი ფაქტორები ხელს არ უნდა უშლიდეს", — აცხადებს ქეთევან გიგინეიშვილი.
სოციალურ მუშაკებმა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2017 წელს მიმართეს. პეტიციას "მოვითხოვთ, სოციალურ მუშაკებს მიეცეთ პროფესიული ვალდებულებების აღსრულების საშუალება" ხელს აწერდნენ ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციები, მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, პოლონეთის, უნგრეთის, თურქეთის, კოსოვოს, მოლდავეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციები.
სოციალური მუშაკები ითხოვდნენ:
- სამუშაო ინსტრუმენტების (მეთოდებისა და მოდელების) შემუშავებასა და გადამზადებას;
- ღირსეულ სამუშაო გარემოსა და პირობებს, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურებას;
- სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელიც სოციალური მუშაკების პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებდა.
ჯანდაცვის სამინისტრომ ბავშვთა ზრუნვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა მხოლოდ რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა სოციალური მუშაობის შესახებ კანონი მიიღო. ეს კანონი 2021 წლიდან ამოქმედდება, იქამდე კი ჯანდაცვის სისტემა უნდა მოემზადოს. გაიწერება სამოქმედო გეგმა და შემუშავდა სამუშაო პრინციპები. ჯანდაცვის სისტემის მაღალჩინოსნები მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 4 წლის ნინო გარდაიცვალა და სამომავლო აქტივობებზეც ამ ტრაგედიის შემდეგ დაიწყეს საუბარი.
ტრაგედიის შემდეგ გააქტიურებული სისტემა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროში ამ წლების განმავლობაში "გულხელდაკრეფილები" არ ყოფილან. ის სისტემურ პრობლემებს აღიარებს და ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ამ "პრობლემების სწორად დანახვაზე მუშაობს".
თამილა ბარკალაიას ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2018 წლის სექტემბერში სოციალური მუშაობის სპეციფიკა გაეროს ბავშვთა ფონდისა და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით შეისწავლა.
"ჩვენ უნდა გაგვეანალიზებინა ის ვალდებულებები, რომელიც დღეს აქვს სოციალურ მუშაკს და უნდა გვეპასუხა კითხვაზე, როგორ შეიძლება ეს სამსახური ამ პირობებში განვავითაროთ ", — ამბობს თამილა ბარკალაია.
კვლევის შედეგად რეკომენდაციები შემუშავდა, მათ შორისაა პროცედურებისა სტანდარტიზაცია, ხარისხის კონტროლი და შენარჩუნება.
მინისტრის მოადგილე სოციალურ მუშაკებს ჰპირდება, რომ მიმდინარე წელს გაიზრდება სოციალური მუშაკების რაოდენობაც, დაიწყება ხელფასის გაზრდაზე ფიქრიც და უახლოეს მომავალში სოციალური მომსახურების სააგენტო მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს. კითხვაზე, კონკრეტულად როდის უნდა ველოდოთ ამ ცვლილებებს, ბარკალაია ზუსტად ვერ პასუხობს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ თებერვალში საქართველოს მასშტაბით დამატებით 50 სოციალური მუშაკის ვაკანსიას გამოცხადდება.
"სოციალურ მუშაკებს საშუალება ექნებათ საინიციატივო ჯგუფში ნებისმიერი პრობლემური საკითხი დააყენონ"
მინისტრის ხელმძღვანელობით საკოორდინაციო საბჭოც იქმნება, რომელიც პირველ სხდომას მომავალ კვირას გამართავს. საკოორდინაციო საბჭოს წევრები იქნებიან: თავმჯდომარე მინისტრი, მინისტრის კურატორი მოადგილე, სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი და მისი კურატორი მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი და მოადგილე, მეურვეობა მზრუნველობის დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის შესაბამისი სამმართველოების წარმომადგენლები, ტერიტორიული ერთეულების ორი წარმომადგენელი და ორი სოციალური მუშაკი.
"კომისიის მანდატი არის კოორდინაცია, სისტემური და სადისკუსიო საკითხების განხილვა, თუ რამდენად სწორია კონტროლის მექანიზმი. სოციალურ მუშაკებს საშუალება ექნებათ დააყენონ ნებისმიერი საკითხი, რომელსაც საჭიროდ ჩათვლიან, ხოლო პოლიტიკის დონეზე იქნება განხილვა, როგორ გადაწყდება ესა თუ ის საკითხი", — განმარტავს თამილა ბარკალაია.
სერვისების დეფიციტი
გარდა სოციალური მუშაკების მძიმე სამუშაო პირობებისა, ბავშვის გარდაცვალების საქმემ ბავშვთა ზრუნვის სისტემების გაუმართაობისა და სერვისების ნაკლებობის პრობლემაც გამოავლინა. სერვისებისა და ამ სერვისების მიწოდების არაეფექტურობაზე საუბრობენ სოციალური მუშაკებიც.
"სარეაბილიტაციო და ოჯახის მხარდამჭერი სერვისები არ არის განვითარებული, რაღაცები ნაწილ-ნაწილ დონეზე კეთდება, მაგრამ ზოგადად ბავშვზე ზრუნვის რეფორმა და სერვისების განვითარების სპექტრიც ძალიან ფრაგმენტულია და არ არის ისეთი შედეგიანი, როგორსაც ახლა ვისურვებდით", — ამბობს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის დირექტორი, ქეთი გიგინეიშვილი.
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ კრიტიკულად საჭიროა უფრო ქმედითი გახდეს საქართველოს მთავრობის დადგენილება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების შესახებ. დოკუმენტი სხვადასხვა უწყებას დროულ რეაგირებას და ურთიერთთანამშრომლობას ავალდებულებს ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით.
ბავშვზე ზრუნვის სისტემის მუშაკების საქმე
მეურვეობასა და მზრუნველობის სოციალური მუშაკები მინიმუმ 18 მიმართულებით მუშაობენ. მათ შორისაა ისეთი მომსახურებები და პროგრამები, როგორიცაა რეინტეგრაცია, მინდობით აღზრდა, შვილად აყვანა, დღის ცენტრები, ვაუჩერების გაცემა. შვილად აყვანის რეგისტრაცია, საპროცესო წარმომადგენლობა და სხვა. სოციალური მუშაკები ისეთ საქმესაც ასრულებენ, რაც მათი ვალდებულება საერთოდ არ არის. მათი საქმის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი "არ ავნო" არასწორი პოლიტიკისა და მართვის სისტემების გაუმართაობის გამო, ხშირად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
"მეშინია, რომ არის საქმეები, სადაც ბავშვებს გაუმართლათ და ნინოს მსგავსი დასასრული არ აქვთ".
"მეშინია, რომ არის საქმეები, სადაც ბავშვებს გაუმართლათ და ნინოს მსგავსი დასასრული არ აქვთ, მაგრამ მათი ბედი სახარბიელო მდგომარეობაში საერთოდ არ არის.. ხელახლა უნდა შეისწავლონ საქმეები და თავიდან დაიგეგმოს სამოქმედო გეგმები. ეს ყველა პასუხისმგებლობაა, რადგან ასეთი შრომის სტანდარტი და სისტემა დავამკვიდრეთ", — ამბობს სოციალური მუშაკი ქეთევან ხუციშვილი.
კომენტარები