MIT-ში შექმნეს ლაზერი, რომელსაც შეუძლია, რომ შორიდან ყურში ჩაგჩურჩულოთ
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლინკოლნის ლაბორატორიის მეცნიერებმა შექმნეს ლაზერი, რომელსაც ადამიანის ყურთან, ჰაერში, მოლეკულების აღგზნება და სივრცეში ხმის ტალღების წარმოქმნა შეუძლია.
"ჩვენი სისტემა რამდენიმე მეტრის მანძილიდან მუშაობს", - აცხადებს გუნდის ლიდერი და ფიზიკოსი ჩარლზ ვინი.
ასეთი სისტემის გამოყენება უამრავ სხვადასხვა დარგში შეიძლება, მაგალითად, სარეკლამო ან სამხედრო სფეროში. თანაც, მეცნიერების თქმით, აღნიშნული სისტემა სრულად უსაფრთხოა.
"ახალ სისტემაში გამოყენებული ლაზერი ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს", - აცხადებს ვინი.
ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც ხმის ბგერების კონკრეტული მიმართულებით კონცენტრირება შეიძლება, უკვე დიდი ხანია არსებობს, თუმცა ამ დრომდე არსებული სისტემების უმეტესობა ამ მიზნის მისაღწევად დინამიკებს იყენებდა - მიდგომა, რომელიც ნაკლებად ეფექტურია.
ლაზერებზე დაფუძნებული ოპტიკური სისტემით კი ბგერების "გადაცემა" უფრო შორ მანძილებზე შეიძლება.
ტექნოლოგიის მთავარი კომპონენტი თულიუმის 1,9-მიკრომეტრიანი ლაზერია. ფოტოაკუსტიკური ეფექტის მეშვეობით, ლაზერი ჰაერში არსებულ წყლის მოლეკულებში ვიბრაციებს იწვევს, რითაც ხმოვან ბგერებს ვიღებთ.
"აღნიშნული ტექნოლოგია მშრალ კლიმატშიც იმუშავებს, რადგან ჰაერში მცირე რაოდენობით წყალი პრაქტიკულად ყოველთვის არის. იმისათვის, რომ სისტემამ იმუშაოს, ჰაერში მინიმალური რაოდენობის წყლის მოლეკულებია საჭირო", - აცხადებს ვინი.
აღნიშნული ტექნოლოგიის სისუსტე ის არის, რომ ის მხოლოდ კონკრეტულ დისტანციაზე მუშაობს. თუ ლაზერს უფრო მივუხალოვდებით, ან დავშორდებით, ხმის გაგებას ვეღარ შეძლებთ.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული ტექნოლოგია ერთ დღეს კომერციული გახდება", - აცხადებს ინჟინერი რაიან სულენბერგერი.
კვლევა ჟურნალ OSA Publishing-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები