ბოლო 10 წელში საქართველოში გრიპით გარდაცვლილთა სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (NCDC) საქართველოში გრიპით ავადობის ბოლო 10 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ამ სტატისტიკაში წლების მიხედვით გრიპით გარდაცვალების შემთხვევებიც შედის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ( NCDC) ცნობით, საქართველოში გრიპისმაგვარ დაავადებებსა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორულ ინფექციებზე (SARI) ზედამხედველობას 2009 წლიდან ახორციელებენ.
გრიპით ავადობის ბოლო 10 წლის სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009-2010 და 2010-2011 წლებში დაფიქსირდა. 2009-2010 წლებში 1550 შემთხვევა, ხოლო 2010-2011 წლებში ყველაზე მაღალი — 1995. ამ წლების შემდეგ გრიპის მაჩვენებელმა დაიკლო და პანდემიის ზღვარს ანუ 450 შემთხვევას ყოველ 1000 მოსახლეზე შემდეგ წლებში გადააჭარბა. ამ წლებში ე.წ. ღორის გრიპის შემთხვევები არ ფიქსირდება:
- 2011-2012 (H3N2) — 490 შემთხვევა;
- 2013-2014 (H3N2) — 479 შემთხვევა:
- 2014-2015 წლის სეზონზე (RSV) — 485 შემთხვევა.
ე.წ. ღორის გრიპი დომინანტური იყო 2010, 2011, 2013, 2017 წლებში და კვლავ აქტუალურია მიმდინარე წელს. ბოლო ინფორმაციით, 2019 წელს ე.წ. ღორის გრიპის 276 შემთხვევა დაფიქსირდა.
გრიპით გარდაცვალების ბოლო 10 წლის სტატისტიკა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, გრიპის ვირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ემთხვევა პერიოდს, როცა გრიპის პანდემიამ პიკს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 50 დაფიქსირდა 2016 წელსაც, როცა გრიპის ვირუსი პანდემიის ზღვარის ქვემოთ იყო.
ლეტალობის შემთხვევები წლების მიხედვით:
- 2009-2010 — 33;
- 2010-2011 — 53;
- 2011-2012 — 5;
- 2012-2013 — 23;
- 2013-2014 — 9;
- 2014-2015 — 10;
- 2015-2016 — 50;
- 2016-2017 — 6;
- 2017-2018 — 2;
- 2018-2019 — 10.
მიმდინარე სეზონისთვის, საქართველოში თანაცირკულირებს ე.წ. ღორის გრიპი და A (H3N2). საქართველოში ე.წ. ღორის გრიპი 2018 წელს დეკემბრის დასაწყისში გამოვლინდა, მომდევნო პერიოდში მისი ცირკულაციის არეალი გაფარდოვდა, ავადობა თანმიმდევრულად გახდა უფრო ინტენსიური და გამოიწვია ავადობის მაღალი ტალღა. ე.წ. ღორის გრიპის თვისებების გამო, მოიმატა ჰოსპიტალიზებულთა რიცხვმაც.
რეკომენდაციები
დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს, რომ გრიპი ჩვეულებრივ მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა და უმეტესად ახასიათებს სწრაფი გამოჯანმრთელება. მიუხედავად ამისა, ეს გადამდები რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია გრიპის ვირუსით, ზოგჯერ შესაძლოა გახდეს მძიმე დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი. სეზონურმა გრიპმა მსოფლიოს მასშტაბით, ყოველწლიურად შესაძლოა გამოიწვიოს 3-5 მილიონი მძიმე დაავადების შემთხვევა და 290 000-დან 650 000-მდე სიკვდილი.
"არ აგერიოთ ერთმანეთში გრიპი და უბრალო გაციება. გრიპის ვირუსით დაავადების შემთხვევაში უყურადღებობას შესაძლოა მოჰყვეს გართულებები და ლეტალური შედეგიც კი, ამიტომ ავადმყოფმა სიმპტომების გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს", — აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.
გრიპის ვაქცინა
გრიპის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია. გრიპის ვირუსი მუდმივად განიცდის ცვლილებებს, შესაბამისად, მისი საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველწლიურადაა საჭირო. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში გრიპის სეზონი ჩვეულებრივ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დგება, შესაბამისად, ოქტომბერი არის საუკეთესო დრო გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის.
- გრიპის ვირუსი შეიძლება სწრაფად გავრცელდეს ხველის ან ცემინებისას, როცა ვირუსი წვეთებად გაიფრქვევა ჰაერში. ის ასევე შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებული ხელებით ან ზედაპირებით;
- გრიპი ადამიანთა უმეტესობას გადააქვს მსუბუქად და არ ესაჭიროებათ სამედიცინო დახმარება ან ანტივირუსული მედიკამენტები;
- გრიპის მძიმე შემთხვევებისას შესაძლებელია მკურნალობა ჩატარდეს გრიპის საწინააღმდეგო სპეციფიკური ანტივირუსული მედიკამენტებით და არა ანტიბიოტიკებით, რომლებიც გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ;
- ანტივირუსული პრეპარატების მიწოდება მაღალი რისკის ჯგუფებისთვის დაავადების ადრეულ ეტაპზე - დროული და გართულებების გარეშე გამოჯანმრთელებისთვისაა საჭირო;
- მსუბუქი სიმპტომების მქონე ადამიანები სასურველია დარჩნენ სახლში, მოსვენებულ მდგომარეობაში, დალიონ დიდი რაოდენობით წყალი, მიიღონ ნოყიერი საკვები და მოერიდონ კონტაქტს სხვებთან. თუ სიმპტომები დამძიმდება მიმართეთ ექიმს;
- გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხოა და გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალებაა, რომელიც ამცირებს ეპიდემიის მასშტაბებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისა და გრიპის სერიოზული გართულებების განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების ვაქცინაცია, ყოველ წელს, გრიპის სეზონის დაწყებამდე.
2018-2019 წლების გრიპის სეზონისათვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის სახელმწიფოს მიერ მაღალ რისკჯგუფებად განისაზღვრა:
- ორსულები;
- 18 წლამდე დიაბეტით დაავადებულნი;
- დიალიზზე მყოფი პირები;
- ბავშთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადარნი და მათი მომსახურე პერსონალი;
- C ჰეპატიტით დაავადებული პირები, რომლებიც გადიან ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსს;
- აივ ინფიცირებული პირები;
- სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების სამსახურების თანამშრომლები.
საქართველოში, მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია სახელმწიფომ დაიწყო 2012-2013 წლების სეზონიდან, ყოველწლიურად მზარდი ოდენობით. 2018-2019 წლების სეზონზე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა უსასყიდლოდ მიეწოდა 41 000-მდე მოქალაქეს, 15 000-მდე აიცრა კერძო სექტორში. მომავალი სეზონისთვის სახელმწიფო, მოქალაქეთათვის, 80 000 დოზა გრიპის ვაქცინის შეძენას გეგმავს.
ამავე თემაზე:
კომენტარები