თინეიჯერი ჰაკერები, რომლებმაც ინტერნეტი შეცვალეს
პირველი კიბერ-დამნაშავეების აქამდე უცნობი ისტორია
1983 წლის 12 ოქტომბერს ბილ ლანდერტმა თავის დეტროიტელ მეგობარ კრისს დაურეკა. კრისმა ნაჩქარევად აცნობა მეგობარს, რომ მის სახლში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები შევიდნენ, გაჩხრიკეს და უთხრა, რომ მასთან აღარასოდეს დაერეკა. ბილმა არ იცოდა, რა მოხდა, მაგრამ იცოდა, რომ თუ FBI კრისის სახლში შევიდა, ე.ი. სულ მასე მასაც ეწვეოდნენ.
მეორე დღეს ბილის მშობლების სახლში თორმეტამდე აგენტი შევიდა და ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ტექნიკა, მათ შორის, ბილის კომპიუტერიც ამოიღეს. 18 წლის ბილი და 14 წლის კრისი თინეიჯერი ჰაკერების ჯგუფის, The Inner Circle (შიდა წრე) ლიდერები იყვნენ. FBI-მ ჩაატარა კოორდინირებული ოპერაცია, რომელიც ცხრა სხვადასხვა შტატში ერთდროულად მიმდინარეობდა და ჯგუფის წევრების მოდემები, კომპიუტერები და სხვადასხვა ქსელებში შეღწევის ხელნაწერი ინსტრუქციები ამოიღო.
The Inner Circle 15 თინეიჯერი ჰაკერისგან შემდგარი ჯგუფი იყო. ბილი, კრისი და ჯგუფის სხვა წევრები სხვადასხვა ქსელებში შედიოდნენ:
- GTE Telemail, რომელიც იმხანად ისეთი კომპანიების ელ.-ფოსტების სერვერი იყო, როგორებიცაა Coca-Cola, Raytheon, Citibank და NASA.
- Arpanet, რომელსაც სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები და სამხედრო პერსონალი იყენებდა, ვიდრე 80-იანი წლებში Milnet-ზე მუშაობა დასრულდებოდა.
კრისი ონლაინ ფორუმებზე (Bulletin Board) ხშირად ტრაბახობდა პენტაგონის დაჰაკვის შესახებ. 80-იანებში The Inner Circle ერთადერთი ჰაკერული დაჯგუფება არ ყოფილა, მაგრამ სამთავრობო ქსელებსა და ელ. ფოსტებზე წვდომის გამო ის FBI-ს ყურადღების ქვეშ მოექცა. სწორედ ამ ჯგუფის საქმიანობამ განაპირობა კიბერდანაშაულზე ყურადღების გამახვილება და აშშ-ში პირველი ანტი-ჰაკერული კანონმდებლობის მიღება 1984 წელს.
ონლაინ გამოცემა Gizmodo-ს ჟურნალისტმა მეთ ნოვაკმა The Inner Circle-ის წევრებთან დაკავშირება გადაწყვიტა, რათა გაეგო, როგორ დამთავრდა მათი დაკავების ამბავი და როგორ განვითარდა მათი ცხოვრება ამ მოვლენების შემდეგ.
ბილისა და კრისის ისტორია ჩვეულებრივი ცნობისმოყვარეობით იწყება, ინტერნეტის დაბადების ეპოქაში, როცა ჯერ კიდე არ არსებობდა ანტი-ჰაკერული კანონები. იმ პერიოდში ამერიკელებისა და, მათ შორის, FBI-ის თანამშრომელთა უმრავლესობას არც კი ესმოდა სიტყვა მოდემის მნიშვნელობა. ეს პერიოდი 1979-1983 წლები იყო, ე.წ. ველური დასავლეთი ბავშვებისთვის, რომლებმაც პერსონალურ კომპიუტერებში დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ფილმ Wargames-ით შთაგონდნენ. ამ პერიოდის ბავშვები კიბერ სივრცეში მალევე გაერკვნენ, თუმცა ბევრი მათგანი შარშიც გაეხვა.
Wargames-ის გამოსვლის შემდეგ ვისაც ფული ჰქონდა, თითქმის ყველამ შეიძინა კომპიუტერი და ჰაკერობას შეუდგა. ბევრ მათგანს ეგონა, რომ ისინიც შეძლებდნენ სამხედრო ქსელებში შეღწევას და წითელი ღილაკით თამაშს. რაც, რა თქმა უნდა, არ გამოუვიდათ. თუმცა გარდა ატომური იარაღების სისტემაში შეღწევისა, 80-იანი წლების ბავშვებს კომპიუტერისა და ინტერნეტის საშუალებით სხვა რამით გართობაც შეეძლოთ.
The Inner Circle-ზე დაკვირვება FBI-მ 1982 წლიდან დაიწყო, თუმცა მათ აღმოჩენასა და დაკავებას ერთი წელი მოანდომა. ოპერაციის წარმატება ინტერნეტის თვითგამოცხადებული შერიფის, ჯონ მაქსფილდის დამსახურება იყო. ჯონ მაქსფილდი ე.წ. ტელეფონის ჰაკერი იყო - Phone Phreak. მაქსფილდმა თინეიჯერი ჰაკერების ნდობა სხვადასხვა ონლაინ ფორუმებზე აქტიურობისას მოიპოვა, რის შემდეგაც ინფორმაციას მათ შესახებ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აწვდიდა.
კრისმა, მოწყენილობისას, Coca-Cola-ს მენეჯერების ელექტრონული მიმოწერა წაშალა და ადმინისტრატორის პაროლის საშუალებით მათი სახელები და მისამართები შეცვალა. GTE კომპანია, რომელიც Telemail-ის სერვერს მართავდა აღნიშნულის გამო, ცხადია, უკმაყოფილო იყო. მათ FBI-ს მიმართეს და გარდა ქსელში არალეგალურად შეღწევისა, ბიუროს ფინანსური ზარალიც დაათვლევინეს. FBI-ს გამოთვლების თანახმად, BMW-ს მესიჯ სერვისით სარგებლობით ჰაკერებმა GTE $0.29-ით აზარალეს. Rayton-ის ქსელით უკანონოდ სარგებლობა კი კომპანიას $298 დაუჯდა. ფინანსური ზარალი მცირე იყო, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა GTE-ს სანდოობასა და რეპუტაციას მიადგა.
მეთ ნოვაკი ბილსა და კრისს ესაუბრა, თუმცა ვერ შეძლო The Inner Circle-ის სხვა წევრებთან ან ჯონ მაქსფილდთან დაკავშირება. მაქსფილდი ყოველთვის ჩრდილში ცხოვრობდა, თუმცა 1983 წელს, როდესაც გავრცელდა ცნობები მისი ინფორმატორობის შესახებ, ის ინტერნეტ მომხმარებელთათვის ყველაზე საძულველ პიროვნებად იქცა.
ნოვაკი ბილ ლანდერტს სანტა მონიკაში Starbucks-ში შეხვდა. ჟურნალისტი ყვება, რომ მათი შეხვედრის ორგანიზება არც ისე ადვილი იყო, რადგან 52 წლის ბილი უსახლკაროა და თვითონაც არ იცის, სად დაუღამდება და სად გაუთენდება. ბილი უკვე 30 წელია ქუჩაში ცხოვრობს. ინტერვიუს ჩაწერისას ის თავდაჯერებულად საუბრობდა, როგორც ადამიანი, რომელსაც არ ეშინია საკუთარი აზრის გამოთქმის, თუმცა გარკვეულ მომენტებში ეტყობოდა, რომ ნოვაკს ბოლომდე არ ენდობოდა.
14 წლის ბილმა თავისი პირველი კომპიუტერი, TRS-80 1980 წელს იყიდა ელექტრო მაღაზიათა ქსელში RadioShack. მას $500 ჰქონდა მოგროვებული და 8 კილობაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელის ყიდვა უნდოდა, თუმცა მამამისმა $500 დაუმატა და 16 კილობაიტიანი კომპიუტერი უყიდა.
ბილმა მალევე ისწავლა პროგრამირების ენა BASIC, რის შემდეგაც უკვე სხვა ენების შესწავლა დაიწყო. მან ონლაინ-ფსევდონიმად The Cracker აირჩია და თავისნაირ ახალგაზრდებს ერთერთი ონლაინ ფორუმის საშუალებით დაუკავშირდა. მათთან ერთად ახალგაზრდა ჰაკერმა ახალი სივრცეები აღმოაჩინა.
ბილი ორი ჰიპის ოჯახში გაიზარდა და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. მისი მამა ასტრონომიით იყო გატაცებული და ტელესკოპებს აწყობდა, რომლებსაც იაფად ჰყიდდა. ძირითადი შემოსავალის წყარო კი სათბურის ნათურებით ვაჭრობა იყო. ბილი ვარაუდობს, რომ მისი დაკავების შემდეგ FBI მამამისსაც სდევნიდა, რადგან უფროსი ლანდერტი LSD-სა და კოკაინის მომხმარებელი იყო და ბიურო შვილის დაკავებას მისგან ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებდა.
ბილი და მისი მეგობრები პირველ კომერციულ ქსელ Telemail-ს ერთმანეთთან დასაკავშირებლად იყენებდნენ. როგორც ყოფილი ჰაკერი ყვება, მას ვიღაცამ უთხრა, რომ Telemail ადმინისტრატორის პაროლად მხოლოდ ერთ ასოს, A-ს იყენებდა.
“რამდენიმე გვარისა და A-ს კომბინაცია ვცადე და ძალიან ბევრ ანგარიშში შევედი”. ამბობს ბილი. “ამ ქსელს ძირითადად საკომუნიკაციოდ ვიყენებდით”.
ბოლო 30 წლის მანძილზე ბილი ფსიქიურ დაავადებას ებრძვის. ის სან დიეგოს, ლოს ანჯელესისა და სანტა ბარბარას ქუჩებში ცხოვრობს. მას მანიაკალური დეპრესიის დიაგნოზი აქვს და რამდენჯერმე ძალით მოათავსეს ადგილობრივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ხანდახან თავის ძმასთან მიდის, რათა მის სახლში იბანაოს.
როცა ჰაკერობის მოტივაციაზე საუბრობს, ბილი ამბობს, რომ მას უბრალოდ აინტერესებდა, რა ხდებოდა “იქ”. მის ნათქვამს FBI-ს გამოძიებაც ადასტურებს. როდესაც ის ფინანსურ ქსელში შედიოდა, ფულს არ იპარავდა, უბრალოდ პროცესებს და ტრანზაქციებს აკვირდებოდა. ხანდახან ოინებსაც გეგმავდნენ. მაგალითად, სატელეფონო ოპერატორებს სხვადასხვა შტატებიდან ერთ დიდ საკონფერენციო ზარში რთავდნენ. ერთხელ ბილის მეგობარმა კრისმა ასეთ საკონფერენციო ზარში სამხედრო მაღალჩინოსნებიც ჩართო.
დაკავებიდან 9 თვის განმავლობაში ბილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. ის ამბობს, რომ ადვოკატის აყვანა არ სურდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ სასამართლოზე მსაჯულებსა და მოსამართლეს თავის უდანაშაულობაში ადვილად დაარწმუნებდა. მისი თქმით, ის გეგმავდა ეთქვა, რომ მისი დანაშაული ისეთივე სიმძიმის იყო, როგორც დიდ სახლში შესვლა, რომლის კარი ისედაც ღია იყო და უბრალოდ იქაურობის დათვალიერება. ეს არგუმენტი ლეგიტიმური იქნებოდა იმ ადამიანისთვის, რომელიც ჰიპურ კულტურაში გაიზარდა, თუმცა ფედერალური მოსამართლე და მსაჯულები ამ ჩვენებას არ მიიღებდნენ.
ბილი მამამ დაარწმუნა, რომ ადვოკატის აყვანა იყო საჭირო. აიყვანეს კიდეც, რის შემდეგაც საპროცესო გარიგება გაფორმდა. ბილმა დანაშაული აღიარა, საკომუნიკაციო თაღლითობა და 3-წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. მისი ოჯახი ალასკაზე გადასახლდა, ხოლო თვითონ კალიფორნიაში დარჩა მეგობართან. ის ცოტა ხანი კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ მექსიკაში წავიდა, ბოლოს კი - ორეგონში. პრობაციის ოფიცერისგან მგზავრობის ნებართვა არ აუღია, ამიტომ როგორც კი ორეგონში დაბრუნდა, ის დააკავეს და კალიფორნიაში გადაიყვანეს, სადაც 3 თვე იჯდა ციხეში.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ბილმა ფულის შოვნა გადაწყვიტა, თუმცა საჭმლისა და საცხოვრებლზე მეტად კომპიუტერის შეძენა უნდოდა.
მან ლიტერატურული აგენტი იპოვა და წიგნის დაწერა განიზრახა. “Out of the Inner Circle”-მა (შიდა წრის მიღმა) მაიკროსოფტის დაინტერესება გამოიწვია და ბილს ავანსად $5 500 გადაუხადეს, რითაც მან ახალი კომპიუტერი შეიძინა. წიგნი 1984 წელს გამოვიდა და მომავალი 2 წლის განმავლობაში ავტორის შემოსავლის წყაროდ იქცა.
2 წლის შემდეგ, როცა წიგნის გაყიდვებმა იკლო და შემოსავალიც გაქრა, ბილი ახალ-ახალ სამსახურებს ეძებდა და იცვლიდა. მან საიენტოლოგიის ეკლესიაშიც დაიწყო მუშაობა კვირაში $200-ის სანაცვლოდ, თუმცა მალევე გაირკვა, რომ მისი ხელფასი დღეში $1 იყო და წამოვიდა. ის ახლა სოციალური დაცვის პროგრამისა და საჭმლის კუპონების საშუალებით ცხოვრობს.
მისი მთელი ქონება ცელოფნის სამ დიდ პარკშია თავმოყრილი. ის ამბობს, რომ ხშირად პარავენ ნივთებს და არ იცის, სხვა უსახლკაროები ქურდობენ თუ პოლიცია იღებს და ყრის. მისი თქმით, ახალი პლედების ყიდვა სამ კვირაში ერთხელ უწევს, ხოლო მისი სამსუნგის $150-იანი ტაბლეტი მუდმივად მოპარვის რისკის ქვეშაა.
ბილი ამბობს, რომ პოლიცია მას მუდმივად ავიწროვებს. ძალოვნები ცდილობენ უსახლკარო ადამიანები ქალაქის ცენტრალური უბნებიდან გაყარონ და მათი არსებობა მიჩქმალონ. მისი თქმით, ერთხელ სანტა ბარბარაში, ხიდის ქვეშ ცხოვრებისას მასთან პოლიციის ოფიცერი მივიდა, ხელბორკილები დაადო, მისი პარკები გაჩხრიკა და უთხრა, რომ ქუჩის ამ მხარეს ყოფნა აკრძალული იყო და, თუ მეორე მხარეს არ გადავიდოდა, “უკანონო კემპინგის” ბრალდებით დააკავებდა. ის იმავე საღამოს გადავიდა ქუჩის მეორე მხარეს, მაგრამ პოლიციელმა მაინც დააჯარიმა. ბილის ვარაუდით მას $10 ათასამდე ჯარიმა აქვს გადასახდელი სახელმწიფოს სასარგებლოდ. გადაუხდელობით ეს ჯარიმები კიდევ უფრო იზრდება და იზრდება.
ბილის მეგობარი კრისის ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. ბილი ამბობს, რომ კრისთან 30 წელია არ ულაპარაკია და არც არასდროს შეხვედრია მას, მაგრამ კარგად ახსოვს მათი ონლაინ მეგობრობა და ამ ადამიანს კვლავ მეგობრად თვლის.
კრისი ამჟამად დეტროიტში ცხოვრობს, მას 80-იანების ინტერნეტში Wizard of Arpanet-ის (Arpanet-ის ჯადოქარი) სახელით იცნობდნენ. ის ხალისიანი პანკი ბიჭუნა იყო, რომელიც სხვადასხვა ფორუმებზე ხშირად ტრაბახობდა მის მიერ გატეხილი სხვადასხვა ქსელების შესახებ. მეთ ნოვაკთან სატელეფონო საუბრისას, კრისმა ჟურნალისტს სთხოვა, რომ მისი ნამდვილი სახელი არ გამოეყენებინა. ის ამჟამად “კომპიუტერულ სფეროში” (დაზუსტებისგან თავი შეიკავა) მუშაობს და ოჯახს არჩენს.
კრისის პირველი კომპიუტერი Atari 2600 იყო.
“ჩადებდი პატარა კარტრიჯს, 1 კილობაიტი ოპერატიული მეხსიერება გქონდა და ძალიან მაგარი რაღაცების კეთება შეგეძლო. მერე Atari 400-ზე გადავედი, რომელიც უფრო მაგარი იყო, იმიტომ რომ პროგრამირება შეგეძლო, მერე ამ კომპიუტერს მოდემიც მივუერთე და რაღაცებში გარკვევა დავიწყე”, ამბობს კრისი.
“დეტროიტში საინტერესო ბევრი არაფერი ხდებოდა”, იხსენებს კრისი, “ამიტომ ინტერნეტში და ფორუმებზე ახალ-ახალი ადამიანების აღმოჩენამ ძალიან გამიტაცა. უამრავი ინფორმაცია იყო, რამაც დამაინტრიგა. ისეთივე სოციალური ქსელი იყო, როგორებიც დღესაა, უბრალოდ მაშინ გრაფიკული ინტერფეისი არ ჰქონდა, თუმცა ძირითადი კონცეპტი იგივეა”.
80-იანი წლების ჰაკერობის მთავარი გამოწვევა უფასო სატელეფონო ზარების განხორციელება აღმოჩნდა. ტელეფონ-ფრიკერები ამას 1960-იანი წლებიდან ახერხებდნენ, მაგრამ ინტერნეტისთვის ეს ბევრად უფრო საჭირო იყო. ადგილობრივ ფორუმებზე შესვლა ძვირი არ ღირდა, მაგრამ თუ Dial-up ინტერნეტით დეტროიტიდან სხვა ქალაქში ან სხვა ოლქთან დაკავშირება მოგინდებოდათ, ტელეფონის ქვითარი ასტრონომიულ თანხებს ურტყამდა. ამიტომ ჰაკერების პირველი ნაბიჯი სატელეფონო კომპანიის სისტემის დაჰაკვა იყო.
“ამ დროს შენს წინაშე მთელი სამყარო იხსნებოდა”, ამბობს კრისი, “მე შემეძლო დეტროიტიდან ნიუ-იორკის ან სან დიეგოს ფორუმებთან დაკავშირება”. ამ კავშირების დამყარების შემდეგ The Inner Circle-ის წევრები და სხვა ჰაკერები ერთმანეთს სხვადასხვა სისტემის გატეხვის გზებს ასწავლიდნენ. თუმცა, მაშინდელი სისტემები იმდენად დაუხვეწავი იყო, რომ სიტყვა “გატეხვა” გადამეტებულია. ქსელში შესასვლელი პაროლები ოპერაციულ ინსტრუქციებში ეწერა, ხოლო თავდაპირველი პაროლის შეცვლით თავს არავინ იწუხებდა.
კრისის საყვარელი საქმიანობა Arpanet-სა და სამხედრო სისტემებში შესვლა იყო.
“თავიდან Arpanet-ის სხვადასხვა ქსელებში დავძვრებოდი, მერე როგორღაც კავშირის მთავარ წერტილს მივაგენი და იქიდან უკვე ახალ-ახალი ჰოსტები აღმოვაჩინე”, ამბობს კრისი.
“ამის მერე ქსელში განთავსებული ყველა სისტემა აღმოვაჩინე. ყველაში სათითაოდ შევედი და ვტესტავდი, რამდენად მუშაობდა ეს სისტემები”. FBI-ს გამოძიების მასალების მიხედვით Arpanet-სა და პენტაგონს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ ქსელში ვიღაც 14 წლის დეტროიტელი ბიჭი დაძვრებოდა. ინფორმაცია ამის შესახებ მათ ჯონ მაქსფილდმა მიაწოდა, რომელსაც ამ ჰაკინგის შესახებ ცნობები თავის მხრივ კრისმა მიაწოდა ონლაინ ტრაბახისას.
კრისს ვერც კი წარმოედგინა, რომ ინფორმაციას მის შესახებ მისი ერთერთი ონლაინ მეგობარი გასცემდა. საქმე ისაა, რომ არც FBI და არც სხვა ძალოვანი სტრუქტურა მაქსფილდს არ დაკავშირებია და მის ხელთ არსებული ინფორმაციით არ დაინტერესებულა, ის თავად დაუკავშირდა გამომძიებლებს. მაქსფილდის მონათხრობის მიხედვით, როდესაც ის პირველად მივიდა ბიუროში და აგენტებს “ვიღაც ბავშვების” შესახებ მოუყვა, რომლებიც სხვადასხვა ქსელებში დაძვრებოდნენ, FBI-ს თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ეს ყველაფერი “ცუდად ჟღერდა”, მაგრამ სიტყვა “მოდემის” გაგონებაზე ყველა მათგანი დაიბნა, რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდათ რაზე იყო საუბარი.
პირველი კონტაქტის შემდეგ მაქსფილდი ბიუროს აგენტებთან ინტენსიურად თანამშრომლობდა. რამდენიმეჯერ რეალურ შეხვედრებსაც გაუკეთა ორგანიზება და ერთხელ FBI-ს საშუალება მისცა, ბავშვების შეკრება ფარულად გადაეღოთ.
“სხვადასხვა ჰაკერები დაპატიჟა თავისთან, დეტროიტში. ჰოდა, ჩვენც შევიკრიბეთ, მის ოფისში ვიყავით, რაღაც ჰაკერულ ჯემ-სესიას ჰგავდა, ბევრი კომპიუტერებით და ტელეფონებით,” იხსენებს კრისი. შეკრებაზე მთელი ამერიკიდან ჩავიდნენ სკოლის მოსწავლეები და კოლეჯის სტუდენტები.
მაქსფილდის თქმით, ყველაზე მეტად Wizard of Arpanet-ის ანუ კრისის უნარებმა გააკვირვა. თავად კრისს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ კლავიატურაზე თითის ყოველი დაჭერით საკუთარი თავის ინკრიმინაციას ახდენდა.
“ვინც მიდი-მოდიოდა, ყველას ფოტოები გადაიღეს”, - ამბობს კრისი, “რაღაც კლავიატურის მონიტორინგის სისტემაც ჰქონდათ, რომელითაც აკონტროლებდნენ, რას ვაკეთებდით. შეკრებაზე ყველას ვაჩვენე Arpanet-ის ჰოსტების სია და ვუთხარი, რომ ნებისმიერ კომპიუტერში შემეძლო შეძრომა”.
მაქსფილდი ჟურნალისტებთან საუბარს გაურბოდა, თუმცა ერთერთ ჟურნალისტს მაინც მისცა ინტერვიუ წიგნისთვის.
“ჰაკერებს თავიანთი ბინძური ფანტაზიების განხორციელება კომპიუტერების საშუალებით შეუძლიათ”, - ამბობს მაქსფილდი ამ ინტერვიუში, “თან არავინ აქცევს ყურადღებას. ეს ხალხი ისეთივე ბანდაა, როგორც ქუჩის განგსტერები, უბრალოდ ბნელი კუთხეების ნაცვლად ისინი ფორუმებზე იკრიბებიან”.
მაქსფილდი იმდენად ეზიზღებოდათ კიბერ საზოგადოებაში, რომ ლეგენდარული 2600Magazine-ის (1984 წელს დაარსებული ჟურნალი, რომელიც ჰაკერობის, სატელეფონო სისტემებისა და ინტერნეტ პროტოკოლების შესახებ წერს) პირველი ნომრის მთავარი თემა FBI-ს ოპერაცია იყო, სადაც ღიად ეწერა მაქსფილდის ინფორმატორობის შესახებ.
კრისის დაკავებისას FBI-მ მისი საძინებელი გაჩხრიკა და კომპიუტერი და ხელნაწერები წაიღო. Associated Press-თან საუბრისას დედამისმა თავისი შვილი დაცვა:
“ის უბრალოდ ამბობდა, რომ შეეძლო სისტემაში შესვლა, თორემ არავისთვის არაფერი დაუშავებია. ის უბრალოდ შედიოდა, ნახულობდა და გამოდიოდა”.
გამოძიების ფედერალური ბიურო ორი პრობლემის წინაშე იდგა: პირველი - დამნაშავეთა ასაკის გამო გამო საზოგადოებრივი აზრი მათ წინააღმდეგ იყო, მეორე - მაშინ უბრალოდ არ არსებობდა ანტი-ჰაკერული კანონმდებლობა. “კომპიუტერულ სისტემაში” შეღწევა კანონს არ ეწინააღმდეგებოდა. FBI-მ ტელეკომუნიკაციის სისტემით თაღლითობის კანონის ინტერპრეტაციით შეძლო დამნაშავეთა დაკავება. იმ დროს კრისი 14 წლის იყო და გამოძიებას არ ჰქონდა გადაწყვეტილი, წაეყენებინათ თუ არა მისთვის ბრალი.
LA Times-მა სტატიაც გამოაქვეყნა: “FBI გენიოს ბავშვებს არ ინდობს”. თუმცა, ბიურო 18 წლამდე ჰაკერებს მსუბუქად მოეპყრო. ეს გათვლილი ნაბიჯი იყო, რადგან მაშინ ამერიკელებმა არ იცოდნენ ჰაკინგის მნიშვნელობა და ვერ ხვდებოდნენ, რას აკეთებდნენ ეს ბავშვები. მთელი ეს ამბავი ჩვეულებრივ ბულინგს ჰგავდა, თითქოს სახელმწიფო ცნობისმოყვარე ბავშვებს ავიწროებდა. ამ ისტორიამ განსაკუთრებული ინტერესი მას შემდეგ გამოიწვია, რაც 4 კალიფორნიელ ახალგაზრდას გამომძიებლებმა კომპიუტერები ჩამოართვეს.
FBI-მ კრისს ბრალი არ წაუყენა. ის სახლში დაბრუნდა და სკოლაში სწავლა განაგრძო.
“ძალიან პოპულარული გავხდი, ჩემზე წერდნენ, ინტერვიუებს ვიძლეოდი, მერე შეყვარებულიც გავიჩინე და ყველაფერი ძალიან კარგად იყო,” მხიარულად იხსენებს კრისი.
1983 წლის ოქტომბერში, იმავე თვეს, როცა თინეიჯერი ჰაკერების აყვანის ოპერაცია ჩატარდა, FBI-მ კონგრესს ახალი და ძლიერი ანტი-ჰაკერული კანონმდებლობის შექმნა სთხოვა.
FBI-მ თავისას მიაღწია და კონგრესმა 1984 წელს პირველი ანტი-ჰაკერული კანონი მიიღო.
დისკუსია: თქვენი აზრით უნდა დაესაჯათ თუ არა ახალგაზრდა ჰაკერები?