წინასაარჩევნოდ განულებული ვალები, ანუ ინიციატივა, რომელიც უპასუხისმგებლობას ახალისებს
წინასაარჩევნოდ მთავრობა ვალების მხოლოდ იმ ადამიანებისთვის განულებას გეგმავს, რომელთა სესხის ძირი თანხაც 2000-ს არ აღემატება და ხანდაზმულობის ვადა მინიმუმ ერთი წელია. ინიციატივის მიღმა რჩებიან პირები, რომლებმაც 2000 ლარამდე სესხი აიღეს, თუმცა საბანკო ისტორიის არგაფუჭების გამო გადავადების თანხა ერთხელ მაინც გადაიხადეს.
ეკონომისტი გიორგი პაპავა ფიქრობს, რომ წინასაარჩევნოდ ვალების განულების ინიციატივა საზოგადოებაში არასწორ მოლოდინებს გააჩენს და უპასუხისმგებლო მიდგომას წაახალისებს. პაპავას აზრით, ადამიანებს ექნებათ განცდა, რომ მათ ვალს ოდესმე სხვა გადაიხდის. ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა დაკრედიტების სისტემაზეც უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, პოლიტიკურ პარტიებს საშუალებას მისცემს ამომრჩეველს წინასაარჩევნოდ თანხა გადაუხადოს.
"ეს არის ამომრჩევლისთვის თანხის გადახდის ერთ-ერთი ფორმა. სხვა მსესხებლებში უპასუხისმგებლობა წახალისდება, თუ დაიჯერებენ, რომ მათ ვალს სხვა გადაიხდის", — ამბობს ექსპერტი On.ge-სთან საუბრისას.
პაპავას განმარტებით, ყველაფერს ართულებს კონტექსტი:
"ეს რომ პოლიტიკური კონტექსტიდან განცალკევებული ინიციატივა იყოს, ანუ კერძო კომპანია ახორციელებდეს, პრობლემა არ იქნებოდა, ხოლო როცა სახელმწიფოა ჩართული არასამართლიანი ინიციატივა გამოდის".
გიორგი პაპავას აზრს იზიარებს საზოგადოებისა და ბანკების ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი კეპულაძე.
"როცა ადამიანი ხედავს, რომ ვიღაცას თუნდაც მცირე სესხი აპატიეს, თავადაც ფიქრობს, რომ შეუძლია არ გადაიხადოს. ცალკე პრობლემაა ადამიანი, რომელსაც ერთხელ აპატიეს და სესხს მეორე ჯერზეც აიღებს. ეს არის რისკი სესხის აღებისა და დაბრუნების სისტემისთვისაც, რომელიც ნდობას ემყარება", — განუცხადა კეპულაძემ On.ge-ს.
მისი აზრით, ვალების განულების ინიციატივა სარისკოა როგორც საბანკო სექტორისთვის, ისე სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.
"ეს არის წინასაარჩევნო პროცესი. ვიცით, ვისია ფონდი ქართუ და რატომ შეიძლება უნდოდეს, თუნდაც საქართველოს ყველაზე მდიდარ ადამიანს ამდენი ადამიანის ვალის გასტუმრება. არის თუ არა ეს მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა — ამაზე უკვე პოლიტპიარის ტექნოლოგიებმა და მცოდნეებმა უნდა ისაუბრონ", — განაცხადა კეპულაძემ.
ვალების განულების ინიციატივის პარალელურად, ხშირად გვესმის სიტყვები "პასუხისმგებლიანი დაკრედიტება", რომელიც, მმართველი გუნდის თქმით, ჭარბვალიანობის პრობლემას მოაგვარებს.
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემით სესხის გაცემა გართულდება. ბანკი ვალდებული იქნება შეისწავლოს კლიენტის ისტორია, დაადგინოს კრედიტის რეალური საჭიროება და განსაზღვროს თანხა, რომლის გადახდის საშუალებაც კლიენტს აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ დაკრედიტების ახალი წესი უკვე ორჯერ გადავადდა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები პირობას იძლევიან, რომ ეს სისტემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია ამბობს, რომ ვალების განულების ინიციატივის მიზეზი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის არარსებობა იყო.
"ფაქტობრივად, განუკითხავი იყო საბანკო სექტორის მიდგომა კლიენტების მიმართ. ვალების განულება ერთჯერადი აქციაა, არა იმიტომ, რომ არჩევნებია, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერს თავი ახლა მოეყარა", — უთხრა On.ge-ს დეპუტატმა.
კაკულია განმარტავს, რომ პასუხისმგებლიანმა დაკრედიტებამ შესაძლოა, საბანკო სექტორში გარკვეული პრობლემები შექმნას, დროებით შეაფერხოს გაყიდვები ან ბიზნესაქტივობა.
პასუხისმგებლიანი დაკრედიტება ჭარბვალიანობის დაძლევის "ამოსავალ წერტილად" მიაჩნია ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანსაც.
"დღეიდან ვერც საფინანსო ინსტიტუტები შეძლებენ "უპრაგონოდ" დაკრედიტებას და ვერც ფიზიკური პირები აიღებენ ასეთ სესხებს. შესაბამისად, ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება და შემდგომში პასუხისმგებლობა ორივე მხარემ უნდა გაიზიაროს, საფინანსო ინსტიტუტებმაც და მსესხებლებმაც", — განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ვალის განულების ინიციატივა ერთჯერადი აქტია, მომავალი "თამაშის წესები" კი დაკრედიტებასა და "ასეთი დოზით ჭარბვალიანობას" გამორიცხავს.
"თუ სამომავლოდ ვინმე მაინც მოხვდება ე.წ. შავ სიაში არ ნიშნავს, რომ მის მაგივრად ისევ ვინმე გადაიხდის", — განუმარტა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა.
ეკონომიკის ექსპერტისთვის, გიორგი პაპავასთვის გაუგებარია, რას ეძახის მთავრობა ჭარბვალიანობას და რა პარამეტრებით ითვლის ამ მონაცემს. მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება სიღარიბის მიზეზად ჭარბვალიანობას მოაზრებს, რაც ცალსახად მცდარია.
"არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ, თუ ჭარბვალიანობას მოვაგვარებთ, ეს ხალხი გამდიდრდება. ვალის აღების მიზეზი უფულობაა, გადაუხდელობის მიზეზი შემოსავლის არქონა, მაღალი პროცენტი კი რისკიანი მსესხებლების კატეგორიაში ყოფნითაა გამოწვეული", — ამბობს გიორგი პაპავა.
ამავე თემაზე:
- მამუკა მდინარაძე: მოქალაქეები სუფთა ფურცლიდან დაიწყებენ, არანაირი ცუდი საკრედიტო ისტორია
- ვალების ჩამოწერაზე მთავრობის ინიციატივას პროკურატურა შეისწავლის
- ფონდი ქართუ: ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ინიციატივისთვის უკვე დარეზერვებულია 100 მილიონი ლარი
- ეს არის ტრიუკი და სასოწარკვეთილება — გრიგოლ ვაშაძე ვალების ჩამოწერის სამთავრობო ინიციატივაზე
- Vivus: უცნობი მიზეზის გამო ფინანსთა სამინისტრომ ჩვენთან კონტაქტი შეწყვიტა
- არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე მთავრობა 600000 ადამიანს საბანკო დავალიანებას უნულებს
კომენტარები