საქართველოში მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის "ლეონარდო და ვინჩის" დასკვნითი ეტაპი ჩატარდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ. შესაძლოა ამ კონკურსის მასშტაბურობა ამ ერთ წინადადებაში არ იკითხებოდეს, თუმცა თუ უფრო სიღრმისეულად შევხედავთ მას, უამრავ სასიამოვნო ფაქტს აღმოვაჩენთ.

15 ნოემბერს თიბისი გალერეაში ახალგაზრდების ხმაური მთელ შენობაში ისმოდა. ამის მიზეზი კი კონკურსის ფინალი იყო, რომელსაც სკოლის მოსწავლეების მიერ 2018 წელს შექმნილი საუკეთესო ინოვაციები უნდა გამოევლინა. გალერეაში სულ 18 ფინალისტის სტენდი და ინოვაცია იყო წარმოდგენილი, რომელსაც დაინტერესებული ადამიანები დასტრიალებდნენ.

აღმოჩნდა, რომ 2018 წელი ძალიან გამორჩეული იყო როგორც ჩართულობის, ისე გამოგონებების მხრივაც. ახალგაზრდებმა თანამედროვე გამოწვევები ძალიან სწორად შეაფასეს და ისეთი ინოვაციები შექმნეს, რომლებიც მნიშვნელოვანი პრობლემების გადაწყვეტას გვთავაზობს.

გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა, რომლებსაც საკუთარი დასრულებული პროექტები მონაწილეებმა თავად წარუდგინეს. კონკურსის პირველმა, მეორე და მესამე ადგილოსნებმა სხვადასხვა საჩუქრები და ფულადი პრიზები მიიღეს. გარდა ამისა, გამარჯვებულსა და თავის სიმპატიას თიბისი სტატუსმა ყოველწლიური სტიპენდიაც დაუნიშნა.

მესამე ადგილი - უსინათლოს სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა

ფოტო: სერა ძნელაძე

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეები ქუთაისის 22-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, ნატა სულაქველიძე და გვანცა მაჩიტიძე იყვნენ. მათ უსინათლო ადამიანებისთვის სიარულის მაკორექტირებელი სენსორული სისტემა შექმნეს, რომელიც ობიექტს სხეულზე უმაგრდება და სხვადასხვა დაბრკოლებების შეხვედრისას ვიბრაციას ან ხმოვას შეტყობინებას გამოსცემს. პროგრამასა და მოწყობილობას, რომელიც ახალგაზრდა გამომგონებლებმა შექმნეს, უნარი აქვს დააფიქსიროს და შეისწავლოს გარემოში სხეულების ურთიერთგანლაგება მომხმარებლის მიმართ და მას მოსალოდნელი საფრთხე თავიდან ააცილოს.

"ჩვენ ამ ინოვაციის შექმნა გადავწყვიტეთ იმის გამო, რომ უსინათლო ადამიანებს ცხოვრება უფრო გავუმარტივოთ, ვინაიდან მათთვის დღევანდელი ჩვენი გარემო არ არის კარგად ადაპტირებული. ეს პრობლემა მხოლოდ ლოკალური არ არის. ვფიქრობ, მსგავსი დაბრკოლებები ყველა ქვეყანაში აქვთ უსინათლოებს", - უთხრა ნატა სულაქველიძემ On.ge-ს.

ფოტო: სერა ძნელაძე

ნატა პროგრამირებას ბავშვობიდან სწავლობს, პერიოდულად კი Microsoft-ის სკოლაში მიემგზავრება აშშ-ში და იქ იმაღლებს კვალიფიკაციას. ფიქრობს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ სწორედ ამ მიმართულებით აპირებს კარიერულ განვითარებას.

ნატას და გვანცას დუეტი "ლეონარდო და ვინჩის" კონკურსში მესამე ადგილზე გავიდა.

მეორე ადგილი - კვების პროდუქტების მენიუ კალორიებით - ერთი ნაბიჯი ჯანსაღი კვებისკენ

ინოვაციების კონკურსში მეორე ადგილზე საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეები გავიდნენ. ერეკლე თაბაგარმა, ნინო მაკასარიშვილმა და თამარ დეკანოიძემ შეიმუშავეს ტექნიკა, რომლითაც ნებისმიერი სახეობის რესტორნის მენიუს კალორიულობის დადგენაა შესაძლებელი.

ამ მეთოდის დასატესტად მოსწავლეებმა მემორანდული გააფორმეს საჩხერეში მდებარე ერთ-ერთ რესტორანთან, რომელმაც თავისი კერძების შესწავლის უფლება დართო ინოვატორებს. შედეგად, სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს მეთოდი, რომლითაც ნებისმიერი კერძის კალორიულობის დათვლაა შესაძლებელი უტყუარი სიზუსტით. მათ მიერ განხორციელებული სამუშაოები საჩხერის რესტორანში უკვე გამოყენებულია და დათვლილი კალორიები მენიუში ფასებთან ერთად არის მითითებული.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშნელოვანია, შესაბამისად ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ ჩვენი იდეების განხორციელება. შევიმუშავეთ მეთოდი, რომლითაც მარტივად ვითვლით ნებისმიერი კერძის კალორიას და რესტორნებს ვეხმარებით, რომ მენიუში მიუთითონ ეს ინფორმაცია", - ამბობს ერეკლე თაბაგარი.

საჩხერის გუნდმა კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა.

პირველი ადგილი - უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოთათვის

ფოტო: სერა ძნელაძე

პირველ ადგილზე სენაკში მდებარე წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა - გიმნაზიის მოსწავლეები გავიდნენ. მილანა გაგულიამ, არიამ ბახტაძემ და ანა კალანდარიშვილმა შექმნეს უნივერსალური მოწყობილობა უსინათლოებისთვის, რომლებიც შშმ პირებს ცხოვრებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. მოწყობილობა უსინათლო ადამიანებს დაეხმარება მათ ადაპტაციაში, ისე, რომ ვიზუალური დეფექტების კომპენსაცია მოხდება უსაფრთხო ანალიზატორებით - შეხებითა და მოსმენით.

მოწყობილობა რეაგირებს ხმოვან ბრძანებაზე, ირჩევს მედიკამენტს და იძლევა ხმოვან
შეტყობინებას მის მიერ შერჩეული მედიკამენტის შესახებ. მას ასევე შეუძლია შეახსენოს მედიკამენტის დასახელება და მისი მიღების დრო. მოწყობილობა ეხმარება პიროვნებას ისეთი წამლების მიღებაში, რომელთა ოდენობა განისაზღვრება წვეთების რაოდენობით. ის ავტომატურად ახდენს წვეთების დათვლასა და წყლის დოზირებას.

"ჩვენი პროექტი, ვფიქრობთ, ბევრი ადამიანის ცხოვრებას გაამარტივებს. მასზე მუშაობა ექვსი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და გუნდის სამივე წევრი, მენტორთან ერთად, შეუსვენებლად ვმუშაობდით. მე მჯერა, რომ ამ იდეას წინ კიდევ დიდი გზა აქვს", - გვითხრა მილანა გაგულიამ.

პირველ ადგილზე გასვლის გამო, სენაკელმა სკოლის მოსწავლეებმა თიბისისგან ყოველთვიური სტიპენდია მიიღეს საჩუქრად, რომელიც მათ ერთი წლის განმავლობაში ჩაერიცხებათ.

გრან პრი - გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა

კონკურსში გრან პრის მფლობელი სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები გახდნენ. დეა ილარიონოვამ და შორენა და მარინა გუჯაბიძეებმა გარემოს მრავალფუნქციური მონიტორინგის სისტემა შექმნეს. კერძოდ, მობილური დეტექტორის საშუალებით, შესაძლებელია გარემოს პარამეტრების ცვლილებების კონტროლი ისეთ ხალხმრავალ ადგილებში, როგორიცაა: სკოლა, საბავშვო ბაღი, ოფისი, საავადმყოფო და სხვა. ასევე შესაძლებელია სხვადასხვა აირების გაჟონვის არა მხოლოდ დეტექტირება, არამედ მისი გამომწვევი კერის პოვნა.

დეა ილარიონოვა ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ პროექტი მისთვის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი იყო და ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერია.

ფოტო: სერა ძნელაძე

"იმდენად დიდი კონკურენცია იყო, მიჭირს დაჯერება, რომ გრან პრი მოვიგეთ. ძალიან მიხარია და იმედი მაქვს, რომ ამ პროექტს მომავალში ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია", - აღნიშნა დეამ.

თიბისის რჩეული - MineGuard

თიბისის რჩეული ახალგაზრდა გამომგონებელი, ივერი ჯაჯანიძე გახდა, რომელმაც უნიკალური რობოტი შექმნა. MineGuard-ს შეუძლია შახტაში მუშაობა ბევრად უსაფრთხო და
კონტროლირებადი გახადოს. ის არის აღჭურვილი ტენიანობის, გაზის სენსორებით, ნიმუშების ამღები კოვშით და რაც მთავარია, ვიდეოკამერით, რაც უწყვეტი დაკვირვების საშუალებას იძლევა როგორც შახტაზე, ასევე სამუშაო პროცესზე.

ივერის სჯერა, რომ მისი გამოგონება შახტაში მომუშავე ადამიანების უსაფრთხოებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. ბოლო დროს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევები კი, რომელსაც არაერთი მუშა შეეწირა, მისი შთაგონების წყარო იყო.

ფოტო: სერა ძნელაძე

"ვფიქრობდი იმ მუშებზე, რომლებიც შახტებში დაიღუპნენ და გამიჩნდა იდეა, როგორ შემეჩერებინა ეს პროცესი. რობოტი, რომელიც შევქმენი, ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება იქცეს", - თქვა ივერიმ.

"სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ მოვიგებდი. რობოტზე კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო და ახლა უბრალოდ მიხარია, რომ თიბისის რჩეული გავხდი", - დაამატა მან.

თიბისისგან მან ყოველწლიური სტიპენდია მიიღო საჩუქრად.

დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ნათია ზედგენიძე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი - ზვიად გაბისონია, თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე და თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, ალექსანდრე მაყაშვილი.

"დღეს წარმოდგენილი პროექტები ზუსტად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ახალგაზრდება შემოგვთავაზეს პრობლემის ძალიან გონივრული გადაჭრის გზები. ჩვენი მომავალი სწორედ აქ გადის, ტექნოლოგიების განვითარებაზე და სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ პროექტი წარმატებული იყო", - თქვა ალექსანდრე მაყაშვილმა On.ge-სთან საუბარში.


მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2018 წლის იანვარში გამოაცხადა და მასში VIII-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. 38 საკონკურსო განაცხადიდან 22 თბილისიდან, 16 კი შემდეგი რეგიონებიდან იყო წარდგენილი: ქუთაისი, რუსთავი, საგარეჯო, ბათუმი, ვანი, ხონი, საჩხერე, წილკანი.

გრან პრით დაჯილდოებული პროექტის ავტორი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრება. პირველ ადგილზე გასული - 5000 ლარით, მეორე ადგილზე გასული - 3000 ლარით, მესამე ადგილზე გასული პროექტის ავტორი კი - 2000 ლარით დაჯილდოვდება. ასევე, თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმამ - StatusDonates.ge პირველ ადგილზე გასული პროექტის ავტორისთვის სპეციალური პრიზი - ყოველთვიური, ერთწლიანი სტიპენდია დააწესა.

გამარჯვებული პროექტების ავტორები (მხოლოდ IX-XII კლასის მოსწავლეები) აშშ-ში, ინტელის საერთაშორისო სამეცნიერო-საინჟინრო გამოფენაზე - Intel ISEF საქართველოს სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსი - „ლეონარდო და ვინჩი“ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით წელს მეცხრედ ტარდება. 2016 წლიდან პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი. კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, სამეცნიერო სფეროში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, სამეცნიერო მიმართულებებით მოზარდების ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან დაინტერესება. 2010 წლიდან დღემდე კონკურსში 402 საკონკურსო განაცხადი იყო წარდგენილი, რომელთაგან 53 გამარჯვებული პროექტი გამოგონებად ჩაითვალა.