თბილისი მოლში პოპ კულტურისა და ტექნოლოგიების ფესტივალი Caucasus Con ჩატარდა
საქართველოში პირველად პოპ კულტურისა და ტექნოლოგიების ფესტივალი ჩატარდა. თბილისი მოლში 2-დან 4 ნოემბრის ჩათვლით Caucasus Con-ზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა ამ ახალი წამოწყების მონაწილეები და დამსწრეები გამხდარიყვნენ. ფესტივალი Anime Lab-ის ორგანიზებით, თიბისისა და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით ჩატარდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი, ისე სომეხი და აზერბაიჯანელი გეიმერები, ანიმაციებისა და ვიდეო-თამაშების შემქმნელები და სხვ.
ღონისძიებები ოთხ ძირითად მიმართულებას აერთიანებდა:
- ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალი;
- კომპიუტერული თამაშების ფესტივალი;
- გამოფენა;
- ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტების მასტერკლასები;
ანიმაციური ფილმების საბავშვო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა კონკურსი ანიმაციური ჯემი, რომელიც 48 საათში მოკლემეტრაჟიანი ანიმაციების შექმნას გულისხმობდა. კონკურსანტებს სამუშაო თემად გარემოს დაცვის პრობლემები ჰქონდათ. საუკეთესო ნამუშევარი ფესტივალის დასკვნით დღეს მოწვეულმა ჟიურიმ გამოავლინა. გარდა ამისა, შედგა გამორჩეული და უახლესი ანიმაციური ფილმების ჩვენებაც, რომელსაც უამრავი ადამიანი დაესწრო.
კომპიუტერული თამაშების ფესტივალის ფარგლებში კონკურსი თამაშების პროტოტიპისა და დასრულებული ვერსიების შექმნაში გაიმართა. ჩატარდა კოსტიმირებული წარმოდგენებიც, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს წინასწარ დარეგისტრირებულმა კონკურსანტებმა თამაშების ცნობილი პერსოპნაჟების კოსტიუმებით, რომლებიც მათ თავად შექმნეს.
Caucasus Con-ის მიმდინარეობისას ჩატარდა გამოფენაც, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საბავშვო და გასართობი ტექნოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი მსოფლიო ბრენდები და ინდუსტრიაში მოღვაწე ლოკალური და საერთაშორისო კომპანიები, სტარტაპერები, რომლებ თავიანთი პროდუქტები და სერვისები წარმოადგინეს.
ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი On.ge-სთან საუბარში ყვება, რომ Caucasus Con-ის ჩატარების იდეა ინდუსტრიის განვითარებში წვლილის შეტანის სურვილმა გაუჩინა. მისი აზრით, ასეთი მასშტაბური ღონისძიებები დაეხმარება ქართველებს ამ სფეროში წარმატების მიღწევაში.
"საქართველოში უამრავი ნიჭიერი ადამიანია ამ სფეროში. ჩვენთან ძალიან ბევრი კარგი ანიმაცია და თამაშები იქმნება, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესახებ არავინ არაფერი იცის", - ამბობს ის.
ორგანიზატორი აღნიშნავს, რომ ფესტივალზე მოსული ადამიანები გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა გაიგეს, რომ წარმოდგენილი ანიმაციები ქართველებს ეკუთვნოდათ.
"ამ დღეებში უამრავი ადამიანი მოვიდა ფესტივალზე დასასწრებად. ანიმაციების ნაწილში, მაყურებლების უდიდეს ნაწილს არც კი სჯეროდა, რომ ეს ქართველების შექმნილი იყო. სწორედ ამის პოპულარიზაციაში დაგვეხმარება ასეთი ღონისძიებების ჩატარება" - ამბობს დავითი.
ორგანიზატორები ფესტივალის ჩატარებას ყოველწელს აპირებენ. მათი თქმით, მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება. ამჯერა მოლაპარაკებები მიმდინარეობს თამაშების მწარმოებელ დიდ კომპანიებთან, თუმცა მათი სახელების დასახლებისგან თავს იკავებენ.
"ჩვენ ვაპირებთ, რომ ფესტივალის მასშტაბი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და ამისთვის, ისეთი მოწვეული სტუმრები გვეყოლებიან, რომლებიც თანამედროვე ვიდეო-თამაშების ინდუსტრიას ლიდერობენ", - გვითხრა დავითმა.
კომენტარები