ასტრონომებმა ირმის ნახტომის ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელის არსებობა დაასაბუთეს
ირმის ნახტომის ცენტში არსებული შავი ხვრელი, მისი სახელის მიუხედავად, ცარიელი შავი სივრცე სულაც არ არის. ეს არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრში არსებული რეგიონი, რომლის წონაც რამდენიმე მილიონი მზისას უტოლდება. შავი ხვრელი მასთან მიახლოებულ ნებისმიერ ობიექტს ყლაპავს, იქნება ეს კოსმოსური მტვრის ღრუბელი, ვარსკვლავი, თუ ნებისმიერი სხვა რამ. შავი ხვრელის მიზიდულობისთვის თავის დაღწევა სინათლესაც კი არ შეუძლია, რაც ნიშნავს იმას, რომ ასტრონომები მას პირდაპირი გზით ვერ აფიქსირებენ.
მეცნიერები შავი ხვრელის ადგილმდებარეობას მის გარშემო არსებულ რეგიონზე დაკვირვებით ადგენენ. ასტრონომები ტელესკოპებით აფიქსირებენ რეგიონებს, რომლებშიც სხვადასხვა ქაოსური მოვლენები მიმდინარეობს, მის ცენტრში კი სიცარიელეა, რომლის გარშემოც ვარსკვლავები და მტვრის ღრუბლები გროვდება, მათი ჩაყლაპვისას კი უზარმაზარი რაოდენობის რადიაცია გამოსხივდება.
ოთხშაბათს ასტრონომებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, რომელში მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზეც მეცნიერებმა სპეციალური ანიმაციაც შექმნეს, რომელშიც შავი ხვრელის გარშემო მბრუნავ გაზს ვხედავთ.
ასტრონომებმა ამ ინფორმაციის შეგროვება ჩილეში არსებულ ძალიან დიდ ტელესკოპზე არსებული სპეციალური ინსტრუმენტით, GRAVITY-თ შეძლეს, რომელმაც შავი ხვრელის გარშემო მოძრავი ობიექტებიდან წამოსული ინფრაწითელი რადიაცია დააფიქსირა. ასტრონომები ფიქრობენ, რომ აღნიშნული რადიაცია შავი ხვრელის შიდა ორბიტაზე წარმოიქმნა, ეს შავი ხვრელის გარშემო არსებული უკანასკნელი სტაბილური ორბიტაა, მის იქით მოხვედრილი ობიექტები კი შავ ხვრელს თავს ვეღარასდროს აღწევენ.
შავი ხვრელის მიმდებარე რეგიონიდან წამოსული რადიაციით მეცნიერებმა საბოლოოდ შეძლეს იმის დამტკიცება, რომ ჩვენი გალაქტიკის ცენტრში ნამდვილად სუპერმასიური შავი ხვრელი "ცხოვრობს".
საბედნიეროდ, შავი ხვრელის რისხვისგან კაცობრიობა დაცულია, ირმის ნახტომის ცენტრში არსებული შავი ხვრელი დედამიწისგან ძალიან შორსაა და მას ჩვენთვის არანაირი საფრთხის შექმნა არ შეუძლია.
კომენტარები