დავით ბაქრაძე საპრეზიდენტო არჩევნებებში მონაწილეობას მეორედ იღებს. 2013 წელს ის ნაციონალური მოძრაობიის, დღეს კი ამავე მოძრაობის დაშლის შედეგად ჩამოყალიბებული პარტიის, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია.

დავით ბაქრაძის საარჩევნო პროგრამა სტანდარტულ მიმართულებებს ეფუძნება, მათ შორისაა: ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, თავდაცვა, სოციალური კეთილდღეობა.

ბაქრაძე ფიქრობს, რომ კონსტიტუციურად შეზღუდული უფლებებითაც კი, ქვეყანას შეიძლება ყავდეს ქმედითი პრეზიდენტი, რომელიც ხალხს ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

ბოლო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით იზღუდება, კანდიდატების დაპირებების ნაწილი პრეზიდენტის ვალდებულებებში აღარ შედის, ნაწილი კი არც აქამდე შედიოდა. ამ შემთხვევაში On.ge დავით ბაქრაძის დაპირებების პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან შესაბამისობას არ იკვლევს.

განათლება

ჩვენ გვაქვს ორი მიდგომა:

  1. ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების უცხოეთში სწავლებას. ამიტომ, ჩემი გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის არანაკლებ 50%-ს დაიხარჯება უცხოეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული ქართველი სტუდენტების დასაფინანსებლად;
  2. იმავდროულად, ევროპული საქართველოს საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას, უკვე მომავალი წლიდან როგორ გაიზარდოს.

ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით, სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი.

სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს - მინიმუმ 1000 ლარამდე გაეზარდოს

8000 სტუდენტით სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა.

გადასახადები

ევროპული საქართველო გამოსავალს ვხედავთ, ერთი მხრივ, გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში, რომ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა — ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს.

ევროპულმა საქართველომ პარლამენტში წარვადგინეთ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, ფასების დასტაბილურებასა და მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზეა ორიენტირებული. ეს პაკეტი გულისხმობს:

  • ბენზინზე, დიზელსა და გაზზე აქციზის დაუბრუნებას ძველ მაჩვენებელზე, რითაც საწვავის ფასის მინიმუმ 20 თეთრით გაიაფებაა შესაძლებელი;
  • დღგ-ით დაუბეგრავი ბრუნვის ზღვარი 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაზრდას;
  • განაწილებული მოგების 15%-იანი გადასახადი შემცირებას 10%-მდე;
  • საშემოსავლო გადასახადის შემცირებას 20%-დან 18%-მდე.

ამასთან, ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, საშემოსავლო გადასახადის ნაწილის ხარჯზე მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგების გაზრდას ითვალისწინებს.

ეკონომიკა

მე და ჩემი საპარლამენტო გუნდი — ევროპული საქართველო — გამოსავალს ვხედავთ, ერთი მხრივ, გადასახადების დაწევაში და, მეორე მხრივ, ბიუჯეტის სწორად გადალაგებაში, რომ ბიუჯეტში აკრეფილი გადასახადებით ისევ ხალხმა ისარგებლოს და არა ქართული ოცნების ბიუროკრატიამ. ჩვენი მიდგომაა — ნაკლები ფული ბიუროკრატიას, მეტი თანხა ხალხს და ბიზნესს.

"მცირე მთავრობის" მოდელის რეალურად დანერგვით, დაბალი გადასახადებით, ადამიანებისა და ბიზნესის საქმიანობაში ნაკლები ჩარევით, მიმზიდველი საინვესტიოციო გარემოს შექმნით, ფისკალურიდისციპლინითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, მიზნობრივი სოციალური პოლიტიკის განხორციელებით შესაძლებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილებისშექმნა, სიღარიბისა და უმუშევრობის დაძლევა, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება დაყოველივე ამის შედეგად — მეტი კეთილდღეობის, განვითარებისა და სოციალური დაცულობისუზრუნველყოფა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის.

მაღალი ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს, არამედ მოტივაციას შეუქმნის უცხოეთში წასულ თანამოქალაქეებს, სამშობლოს დაუბრუნდნენ და თავისი ცოდნა და ენერგია საკუთარ სამშობლოში გამოიყენონ.

დასაქმება

გადასახადების დაწევით, ბიუროკრატიის შემცირებით, ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმით, ბიზნესის დაცულობის უზრუნველყოფითა და ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა, რომელიც უმუშევრობის დაძლევის, ფასების დასტაბლურების, სიღარიბის შემცირების ერთადერთი გზაა.

სამშობლოში დაბრუნებამდე, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ჩვენი თანამემამულეებისთვის უცხოეთის შრომითი ბაზრების გახსნას და დასაქმების ქვოტების გამოყოფას უნდა მივაღწიოთ, ეს ლეგალურ სამუშაოს, მეტ ხელფასსა და დაცვის გარანტიებს ნიშნავს. ამ საკითხს და ინვესტიციების მოზიდვას განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობ სხვა სახელმწიფოების პრეზიდენტებთან, სახელმწიფოს მეთაურებთან და ბიზნეს წრეებთან ურთიერთობაში.

მისასალმებელია, რომ საქართველოში ვიზიტისას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დადებითად გამოეხმაურა ჩემს წინადადებას ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეებისათვის დასაქმების ქვოტების გამოყოფის თაობაზე. ახლა ამას სჭირდება თანმიმდევრული პოლიტიკის გამხორციელება, რომ ეს შესაძლებლობა ჩვენი თანამემამულეებისათვის რეალობად იქცეს.

ჯანდაცვა

სიღარიბის დასაძლევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აუცილებელი (თუმცა არასაკმარისი) პირობაა. ამისათვის 400-მდე დასახელების მედიკამენტის თანადაფინანსების კომპონენტი (სხვადასხვა შემოსავლის მქონე ჯგუფებისთვის განსხვავებული პროპორციით) საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში უნდა გაჩნდეს. ოღონდ ამისათვის ჯერ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ხარჯთეფექტიანობა უნდა გაიზარდოს, რისთვისაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ადმინისტრირება სადაზღვევო კომპანიებს უნდა გადაეცეთ. ჯანდაცვაზე გამოყოფილი სახელმწიფო (და არასახელმწიფო) ფინანსების ეფექტური ხარჯვა ასევე ხარისხის ამაღლების აუცილებელი წინაპირობაა.

სოციალური უსაფრთხოება

გადასახადების შემცირების პირობებშიც კი, ბიუჯეტში რჩება საკმარისი რესურსი ხალხზე ორიენტირებული, მიზნობრივი სოციალური პროგრამებისთვის, რათა 2019 წლიდან

  • 50 ლარით გაიზარდოს პენსია 720 ათასი ასაკით პენსიონერისა და 125 ათასი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის;
  • 45-დან 60 ლარამდე გაიზარდოს დევნილის შემწეობა 273 400 დევნილისთვის;
  • საარსებო შემწეობა დამატებით დაენიშნოს 100,000 ადამიანს; პირველ რიგში, ყურადღება მიექცეს მათ, ვისაც ქართული ოცნების გაუმართლებელი პოლიტიკის გამო, საარსებო შემწეობა შეუწყდა.

იმავდროულად, ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული ალტერნატიული დაგროვებითი საპენსიო სისტემა უზრუნველყოფს ღირსეულ პენსიას მომავალი პენსიონერებისათვის. ამ სისტემით, რომელიც საპენსიო სქემაში ჩართვის ნებაყოფლობით პრინციპზეა აგებული, დღეს 40 წლის 500 ლარიანი დარიცხული ხელფასის მქონე მასწავლებელი ქალი პენსიაზე გასვლის მომენტიდან, საბაზო პენსიაზე დამატებით, დაგროვებითი სქემით მიიღებს ყოველთვიურად 1 026 ლარს.

ნარკოტიკი

ერთი მხრივ, ეფექტური ბრძოლა ნარკორეალიზატორებთან, მეორე მხრივ, კი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისათვის ეფექტური და სრულფასოვანი სოციალური და ჯანდაცვის სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება.

ადგილობრივი თვითმმართველობა

რეგიონების გამოცოცხლება მეტი თვითმმართველობით და მეტი ადგილობრივი ინიციატივითაა შესაძლებელი. რეგიონებში მოქალაქეები ცენტრიდან მომავალი ბიუროკრატიული სირთულეებით არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი. რეგიონებს საკუთარ თავზე მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ.

ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესება, კერძოდ:

  • საპარლამენტო გუნდთან ერთად მივაღწევთ საბიუჯეტო პრიორიტეტების შესაბამისად გადანაწილებას და მთავრობის საზედამხედევლო საქმიანობით უზრუნველვყოფთ სოფლად გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და გზების მშენებლობის ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებას და უსწრაფეს დასრულებას;
  • ვაიძულებთ მთავრობას, გამოყოს თანხები ქვეყანაში დამატებითი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოსაყვანად და სამართლიანად გასანაწილებლად ყველა რეგიონში;
  • საბიუჯეტო პრიორიტეტად ვაქცევთ ირიგაციის თემას მოსახლეობისთვის სარწყავის წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით;
  • საპარლამენტო გუნდთან ერთად აღვადგენთ სოფლის დახმარების პროგრამას, რათა ადგილობრივებმა თავად გადაწყვიტონ, რაში დაიხარჯოს მათთვის გამოყოფილი თანხები.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხები

დეოკუპაციის წარმატებით განსახორციელებლად, “ევროპული საქართველო” საჭიროდ მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ აქტიურობას რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, რათა მან აიღოს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები, მათ შორის, სუვერენული ქვეყნის თანხმობის გარეშე მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების განლაგების დაუშვებლობის პრინციპი, და შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი უკლებლივ ყველა ვალდებულება.

დეოკუპაციის პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ დოკუმენტებში უკვე დამკვიდრებული ტერმინის — ოკუპაცია —შენარჩუნება; საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება და ამ რეგიონებში ეთნიკური წმენდისა და ეთნიკურ ნიადაგზე დევნის ფაქტების აღიარება.

ამავე დროს მნიშვნელოვანია პრაგმატული თანამშრომლობა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობასთან და გამყოფი ხაზების თანდათანობით გაქრობა სავაჭრო, სამედიცინო, ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო და ადამიანებს შორის ნორმალური ურთიერთობების აღდგენის გზით.

უმცირესობათა უფლებები

დავიცავთ ეროვნული, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებებს. უზრუნველვყოფთ, რომ კანონის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობა იყოს დაცული. დაუსჯელს არ დავტოვებთ დისკრიმინაციის, ჩაგვრის, ძალადობისა და ძალადობისკენ მოწოდების შემთხვევებს, რაც ამ უმცირესობებისთვის საზოგადოებაში ინტეგრაციაში ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელია. სახელმწიფო უწყებებში უზრუნველვყოფთ სიტუაციას, რათა უმცირესობები არ დაიჩაგრონ და მათთვის სხვა მოქალაქეებივით ხელმოსაწვდომი იყოს სახელმწიფო სერვისები.

გარემოს დაცვა/ეკოლოგია

ეკოლოგიურ გამოწვევებზე პასუხის გაცემა ცხოვრების ხარისხზე და მომავალ თაობათა ჯანმრთელობაზეზრუნვის შემადგენელი ნაწილია, რაც თავის მხრივ მოიცავს:

  • საქართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრადობის შენარჩუნებას;
  • ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი (უსაფრთხო) გარემოს დაცვასა და შენარჩუნებას;
  • საერთაშორისო, პირველ რიგში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი მოთხოვნებისა და სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;
  • საქართველოს დაცული ტერიტორიების გაზრდას;
  • მსხვილ ქალაქებში სრულფასოვანი საკანალიზაციო სისტემის შექმნაზე მუშაობის გაგრძელება და ამ პროცესში საერთაშორისო დონორების და უცხოური პარტნიორების დახმარების მოზიდვას;
  • საქართველოს ბუნების შესახებ თანამედროვე ინფორმაციული ბაზის შექმნას.

საგარეო პოლიტიკა და სტრატეგიული თანამშრომლობა

განუხრელი მსვლელობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით;

  • ამერიკის შეერთებული შტატებთან სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრირება (ოთხი თავისუფლების მიღწევა);
  • ევროკავშირის და სხვა პარტნიორ პარტნიორ ქვეყნებთან სამუშაო ქვოტებზე შეთანხმების მიღწევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შეთხვევაში, შეეძლოთ ლეგალურად იმუშავონ ამ ქვეყნებში, რაც მეტ ანაზღაურებას, მათი შრომის უფლებების დაცვას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ნიშნავს;
  • შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების განახლება. ამ მოლაპარაკებებს საფუძველი ჩაეყარა 2012 წელს, თუმცა ექვსი წელია “ქართულ ოცნებას” ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადაუდგამს;
  • ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს ეფექტურად გამოყენება, რათა რუსული ბაზარი ღია იყოს ქართული პროდუქციისთვის;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება და ოკუპირებული ტერიტორიების არ-აღიარების პოლიტიკის წარმოება.

ჩვენ უნდა:

  • ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პარალელურად, გავაძლიეროთ ევროკავშირის ჩართულობას საქართველოს უსაფრთხოება განმტკიცებაში;
  • ევროკავშირის ფონდებიდან მოვიზიდოთ თანხები, რათა ყველა მეწარმემ შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პაკეტით სარგებლობა;
  • ჩვენ ევროკავშირის ფონდებიდან უნდა მოვიზიდოთ თანხები საქართველოს რეგიონების განვითარებისათვის;
  • შევქმნათ პირობები, რომ 2019 წლიდან დაიწყოს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც არის ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ყველაზე მჭიდრო ფორმა, როგორიც აქვს ისლანდიას, ნორვეგიასა და ლიხტენშტეინს.

რეგიონული თანამშრომლობა

მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ხელს ეუწყობს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ეკონომიკურიკავშირების გაფართოებას და ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან საქართველოს კიდევ უფროდაახლოებას. ანაკლიის ყურეში საზღვაო პორტის აშენება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას ახალსიმაღლეზე აიყვანს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობაა და კავკასიის ეკონომიკურადმიმზიდველ, მშვიდობიან და უსაფრთხო რეგიონად გადაქცევა. საქართველოს ტრადიციულადკეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს რეგიონის ქვეყნებთან: აზერბაიჯანთან, თურქეთთან, სომხეთთან, უკრაინასთან.

თავდაცვის პოლიტიკა

თავდაცვის სფეროში ჩვენი პრიორიტეტებია:

  • საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი გაძლიერება და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან მათი ურთიერთქმედების გაუმჯობესება. ამ მიზნით მონაწილეობას უნდა ვიღებდეთ ნატოს ეგიდით და/ან ნატოს წევრ-სახელმწიფოებთან ერთად საქართველოსათვის ხელმისაწვდომ ყველა წვრთნასა და მისიაში, ასევე გაეროსა და ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში;
  • შეირაღებული ძალების ეტაპობრივად, სრულად გადავიყვანა პროფესიულ-საკონტრაქტო სისტემაზე და, შესაბამისად, უარს თქმა სავალდებულო სამხედრო სამსახურზე;
  • ნატოს სტანდარტებზე მორგებული ტერიტორიული რეზერვის კონცეფციის შემუშავება და განხორციელება, რომელიც იქცევა როგორც პროფესიონალური არმიის შევსების, ისე სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ეფექტურ სკოლად;
  • სამხედრო პირთა სოციალურ დაცვა: უნდა გაიზარდოს მათი შრომის ანაზღაურება; გაფართოვდეს ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი; დაღუპული სამხედრო პირების შვილები სასწავლო გრანტით სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს;
  • შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია-აღჭურვა; განსაკუთრებულ ყურაღება უნდა მიექცეს ქვეყნის საჰაერო თავდაცვისუნარიანობასა და კიბერ-უსაფრთხოებას;
  • სამხედრო მრეწველობის გაძლიერება, რომელიც, ერთი მხრივ, განამტკიცებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, ხოლო, მეორე მხრივ, გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს ასობით მილიონი დოლარის ოდენობით;
  • საქართველოს პარლამენტის როლის გაძლიერება შეიარაღებული ძალების სამოქალაქო ზედამხედველობის სფეროში, ნატოს სტანდარტების შესაბამისად.

ჩვენი ხედვა სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების შესახებ ემყარება შემდეგ პრინციპებს:

  • ლიბერალური და დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული სისხლის სამართლის პოლიტიკა;
  • სახელმწიფოსთან დავისას მოქალაქის უფლებების გაფართოება;
  • პროკურატურის უფლებების შეკვეცა და საპარლამენტო კონტროლის გაზრდა;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცება.

ამავე თემაზე: