5 რჩევა, როგორ ვიზრუნოთ სუკულენტებზე
ამ სტატიის გასახსნელად ორი მიზეზი გაქვთ — ან სახლში სუკულენტებს უვლით და დამატებითი ინფორმაციის მიღება გსურთ, ან აპირებთ, რომ იყოლიოთ და წინასწარ გეგმავთ სასურველი პირობების შექმნას.
ნებისმიერ შემთხვევაში, კარგ ადგილას მოხვდით. იმედი მაქვს, რომ ამ სტატიის დახმარებით, დღეს სუკულენტებზე და მათზე ზრუნვის წესებზე ერთ სიახლეს მაინც შეიტყობთ.
პირველ რიგში, სუკულენტი კაქტუსს არ ნიშნავს. თითქმის ყველა კაქტუსი სუკულენტია, თუმცა ყველა სუკულენტი ნამდვილად არაა კაქტუსი.
სუკულენტი, მაგალითად ალოე, წყალს თავის ღეროში, ან ფოთლებში ინახავს. ამიტომაა მისი ნაწილები რბილი და მსუქანი. იმავე მიზეზით, ის გარემო პირობების მიმართ გამძლეა და მშრალ ეკოსისტემაში გადარჩენა შეუძლია.
თუმცა, თუ მათი სახლში გახარება გსურთ, სიყვარული, სინაზე და ზრუნვა ისევე არ უნდა მოაკლოთ, როგორც სხვა მცენარეებს.
გთავაზობთ 5 რჩევას, რომელიც სუკულენტების ახალმა ან მომავალმა პატრონებმა უნდა გაითვალისწინონ.
1. ტერაკოტა
თუ თქვენი სუკულენტი ისევ იმ პლასტმასის ყუთშია, რომელშიც იყიდეთ, დროა, რომ გამომწვარი თიხისაგან დამზადებულ ქოთანში გადაიტანოთ, რადგან პლასტმასის პატარა ყუთი თქვენს მცენარეს გაზრდაში ხელს უშლის.
გარდა ამისა, პლასტმასის ქოთნებში მიწა ძალიან ნელა შრება, რაც სუკულენტებს საერთოდ არ მოსწონთ — შეიძლება დიდი ხნით სველ მიწაში ყოფნით ფესვებმა ლპობაც კი დაიწყონ. თიხის ქოთნებში კი, მიწა "სუნთქავს" და მალე შრება.
თიხის ქოთნის შერჩევისას თქვენი მცენარის ზომაც გასათვალისწინებელია. სუკულენტის ახალი სახლი წინაზე დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით ფართო უნდა იყოს.
თუ თქვენი მცენარისთვის მაინცდამაინც მინის ყუთი გინდათ, რომ შეარჩიოთ, მაშინ შეიძინეთ ან გამოიწერეთ ვულკანური ქვები, რომლებსაც მინის ქოთნის ძირში დააწყობთ. ის ფესვებს გადაჭარბებული ტენიანობისგან დაიცავს.
2. მზის აბაზანები
როგორც არ უნდა გიყვარდეთ მზეზე ნებივრობა, დამიჯერეთ, ის მცენარეს თქვენზე მეტად უყვარს. მზის სინათლის ქვეშ მას დღეში საშუალოდ 6 საათის გატარება სჭირდება. თუმცა, თუ ახალი დარგულია, მზის სხივებს შედარებით ნელა უნდა შეაჩვიოთ და ხანდახან ჩრდილის ქვეშაც მოაქციოთ. მაგალითად, ფარდის უკან.
არ დაგავიწყდეთ, რომ მცენარე უნდა შემოაბრუნოთ, რომ ის ყველა მხრიდან მიეფიცხოს მზეს.
ასე რომ, იპოვეთ თქვენს სახლში ფანჯარა, რომელიც ყველაზე მზიანია და თქვენს მცენარეს დასაბინავებლად მყუდრო, თბილი და ნათელი ადგილი მოუწყეთ.
თუ სუკულენტს ფორთოხლისფერი ან იასამნისფერი შეფერილობა აქვს, მას მზე კიდევ უფრო უყვარს და შესაძლოა მის სახლში გამოკეტვას გარეთ დაბინავება ჯობდეს.
3. ნიადაგის შერჩევა/დატენიანება
სუკულენტებისთვის ნიადაგის შერჩევა მნიშვნელოვანია და მისთვის უბრალოდ ეზოში ამოთხრილი მიწის გამოყენება არასწორია. შეგიძლიათ მიწა სილით, პერლიტით ან პემზით გააფხვიეროთ.
სუკულენტს ფაქიზი ფესვები აქვს, ამიტომ გადარგვისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.
ფოტო: Erika Raxworthy
ფოტო: Erika Raxworthy
სუკულენტების ნიადაგს სასუქით "კვება" ხშირად არ სჭირდება. მას ეს დანამატი განსაკუთრებით გაზაფხულისა და ზაფხულის პერიოდში, ზრდის პროცესისას ეხმარება. გადაჭარბებული სასუქის შემთხვევაში მცენარე სწრაფად გაიზრდება და მალე დასუსტდება.
მცენარე მაშინ უნდა მორწყათ, როცა მიწა მთლიანად გამომშრალია, ამიტომ ის წინასწარ უნდა შეამოწმოთ პატარა ჩხირით 1-2 სანტიმეტრის სიღრმეზე. მორწყვისას კარგად დააკვირდით და სანამ ქოთნის ნახვრეტიდან წყალი არ გამოჟონავს, მორწყვა არ შეწყვიტოთ. თუ თქვენი მცენარის ქოთანს არ აქვს სადრენაჟო ხვრელი, მაშინ ნიადაგის დასატენიანებლად ნაკლები წყალი გამოიყენეთ. შემოდგომისა და ზამთრის განმავლობაში სუკულენტები ზოგადად ისვენებენ, ამიტომ ამ პერიოდში მათ ნაკლებად სჭირდებათ დატენიანება.
შესასხურებელი სარწყავის ხმარების შემთხვევაში, შესაძლოა მცენარის ფოთლებს სოკო გაუჩნდეს, ფესვები კი დასუსტდეს. ამიტომ მისი გამოყენება არარეკომენდირებულია.
ფოტო: Erika Raxworthy
სუკულენტის ნიადაგის დასატენიანებლად შეგიძლიათ ქოთანი წყალში ჩადგათ და ის მას ძირში არსებული ხვრელიდან შეიწოვს. როდესაც ზედაპირს ტენიანობა დაეტყობა, ქოთანი წყლიდან ამოიღეთ.
4. ჯანმრთელობა და სუფთა ფოთლები
სახლის ყვავილები მტვერსა და ჭუჭყს იკრობენ. ეს გარდაუვალია, თუმცა ამას მცენარის ზრდის შეფერხება შეუძლია, ამიტომ თქვენი სუკულენტების მსუქანი ფოთლები დანამული ტილოთი ფაქიზად გაასუფთავეთ. რთულ წერტილებამდე მისაღწევად კი პატარა ზომის სახატავი ფუნჯი გამოიყენეთ.
თუ თქვენი მცენარის ღეროსკენ რამდენიმე მკვდარ ფოთლებს დაინახავთ, საშიში არაფერია — ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა და იმას ნიშნავს, რომ მცენარე გასხლას საჭიროებს. ფრთხილად მოსწყვიტეთ მკვდარი ფოთლები და მცენარე მათგან გაათავისუფლეთ.
ფოტო: studio.laf / Instagram
თუმცა, თუ მცენარეს მკვდარი ფოთლები თავისით დაცვივდა, ან ყვითელი შეფერილობა დაედო, ან შეხებისას უჩვეულოდ ფაფუკი მოგეჩვენათ, მაშინ პრობლემა გაქვთ — თქვენი სუკულენტი გადაჭარბებული დოზით წყლის მიღებისგან იტანჯება. ამ შემთხვევაში, დაელოდეთ ნიადაგის სულ ამოშრობას და მორწყვის ახალი განრიგი შეადგინეთ.
მცენარეზე შავი წერტილები ასევე გადამეტებული ტენიანობის ნიშანია — ამ დროს, დამატებითი ზომების მიღება მოგიწევთ: მოაჭერით მცენარის წვერი, მოაშორეთ შავწერტილიანი ნაწილები. მოჭრილი ნაწილი 3-5 დღით გადადეთ გასაშრობად და შემდეგ ახალ ნიადაგში ჩარგეთ.
თუ თქვენი მცენარის ფოთლები ნაოჭდება, ან მშრალი, დაბერებული და გაუხეშებული ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას წყალი აკლია. ამ შემთხვევაში, ის ისე უნდა მორწყოთ, როგორც მესამე ქვეთავში წერია. სწორად მორწყვის რამდენიმე ეტაპის შემდეგ თქვენი მცენარე ბედნიერ იერსახეს დაიბრუნებს.
5. მწერების არიდება
თუ ყველა ზემოთ აღნიშნულ რჩევას გაითვალისწინებთ, თქვენს მცენარეს მწერების პრობლემა არ შეექმნება.
მაგრამ, თუ ეს მაინც მოხდება და ყვავილს მწერი შეესევა, მზად უნდა იყოთ. თქვენი ყვავილის გამოსაჯანმრთელებლად მცირე ძალისხმევა დაგჭირდებათ.
ახალგაზრდა სუკულენტებს ყველაზე ხშირად ქინქლები, კოღოები და მოსკიტები ესხმიან თავს. მათი მოზიდვის საუკეთესო გზა გადაჭარბებულად დატენიანებული ნიადაგია. თუ ისეთ მიწას აარჩევთ, რომელიც ადვილად შრება, მწერები თქვენ და თქვენს მცენარეს ნაკლებად შეგაწუხებთ.
ფქვილისებრი ცრუფარიანები ის საძაგელი მწერები არიან, რომლებიც სუკულენტებში მყუდრო ბინის მოწყობას ცდილობენ. მათ მოსარიდებლად ნიადაგი ალკოჰოლის რამდენიმე წვეთით მორწყეთ. თუ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, აუცილებლად შეწამლეთ. იქამდე, სანამ მწერებით დაავადებულ მცენარეს არ განკურნავთ, ის სხვებს მოარიდეთ.
კომენტარები