ჭამის შემდეგ ყველას გვიგვრძნია დაღლილობა. არსებობს მოსაზრება, რომ საჭმლის გადამუშავებას დიდი ენერგია სჭირდება, რის გამოც დასვენების სურვილი გვიპყრობს.

თუმცა, სინამდვილეში რატომ ვგრძნობთ ძილიანობას ჭამის შემდეგ? უნდა ვშფოთავდეთ ამის გამო?

პირველ რიგში, ამის მიზეზი ისაა, რომ სხეულს ენერგია სჭირდება. ენერგიას მხოლოდ სავარჯიშო დარბაზში ან მინდორში სირბილისას არ ვხარჯავთ, ენერგია უბრალოდ არსებობისთვის და სუნთქვისთვისაც კი გვჭირდება.

და ამ ენერგიას საკვებიდან ვიღებთ.

გადამამუშავებელი სისტემა საკვებს გლუკოზად გარდაქმნის, შემდეგ კი ენერგიის სახით კალორიებს გვაწვდის. ასე გარდაიქმნება საკვები სასიცოცხლო ენერგიად. ამ პროცედურის გარდა, მონელების სისტემას ორგანიზმის მიმართ კიდევ უამრავი პასუხისმგებლობა გააჩნია.

გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც დანაყრებულის შეგრძნებას აწვდის ტვინს. იზრდება შაქრის რაოდენობა სისხლში, გამომუშავდება ინსულინი, რომელიც შაქარს სისხლიდან უჯრედებში გადასვლაში ეხმარება და საბოლოოდ ენერგიას აწვდის.

არსებობს ჰორმონები, რომლებიც ძილიანობის შეგრძნებას იწვევენ, მაგალითად სეროტონინი და მელატონინი. ისინი კვების შემდეგ გამოიყოფიან.

ასე რომ, ზოგადად, ჭამის შემდეგ ძილიანობის შეგრძნება სრულიად ნორმალური მოვლენაა და სადარდებელიც არაფერი გაქვთ. თუმცა, შეგიძლიათ შეარჩიოთ საკვები ისე, რომ დაღლილობის შეგრძნება მცირედით მაინც აირიდოთ.

საკვები, რომელიც შეიცავს ტრიპტოპანს

ტრიპტოპანი არის ამინომჟავა, რომელიც სხეულში სეროტონინს წარმოქმნის. სწორედ ესაა ის ერთ-ერთი ჰორმონი, რომელიც კვების შემდეგ გამოიყოფა და ძილიანობას იწვევს. მას ძილის რეჟიმის დასარეგულირებლადაც იყენებენ.

შესაძლებელია, რომ თქვენს ძილზე სწორედ ის საკვები იყოს პასუხისმგებელი, რომელიც ტრიპტოპანს შეიცავს. ესენია:

  1. ისპანახი
  2. სოიო
  3. კვერცხები
  4. ყველი
  5. ტოფუ
  6. თევზი

ტრიპტოპანს დიდი რაოდენობით შეიცავს ინდაურის ხორციც. ეს ფენომენი კარგად იციან აშშ-ში და ხუმრობენ, რომ მადლიერების დღის სადილის შემდეგ ადამიანი შეიძლება ღრმა ძილს მიეცეს.

თუმცა, თუ ინდაურის ხორცს სხვა საკვებთან შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ მასში არც ისე დიდი რაოდენობითაა ტრიპტოპანი, მადლიერების დღეს კი ნახშირწყლების შემცველ სხვა საკვებს და ალკოჰოლს იღებენ.

როგორც HuppPost-თან ინტერვიუში მედიცინის პროფესორი პამელა პიკი ამბობს, ძილიანობას ეს ექვსი პროდუქტი იწვევს:

  1. მაკარონი
  2. ბანანი
  3. წითელი ხორცი
  4. ალუბალი
  5. ორაგული
  6. სალათის ფურცელი

პამელა დასძენს, რომ მადლიერების საღამოს ძილიანობას ინდაურის ხორცი კი არა, ტრიპტოპანის ნახშირწყლებთან თანხვედრა იწვევს:

"ინდაური არ იწვევს ძილიანობას მადლიერების საღამოს. ეს მასზე დამატებული ნამცხვრის, მოცვის და ფუნთუშების ბრალია".