რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პენტაგონი საქართველოს ტერიტორიაზე ბიოლოგიური იარაღის შექმნაში დაადანაშაულა. ამერიკულმა მხარემ ბრალდებებს აბსურდული, ხოლო ქართულმა მხარემ სიცრუე და ბოდვა უწოდა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსული მხარე ლუგარის ცენტრს პროპაგანდისთვის იყენებს.

4 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების უფროსმა, იგორ კირილოვმა განაცხადა, რომ თბილისში, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს ქმნის და მათ ადგილობრივ მოსახლეობაზე ცდის.

მათი დასკვნა ეფუძნება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს, რომელშიც ლუგარის ცენტრის მუშაობაზეა საუბარი.

როგორც The New York Times წერს, პენტაგონის წარმომადგენელმა, ერიხ პაჰონმა ბრალდებები უარყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას მან დასავლეთის წინააღმდეგ გავრცელებული დეზინფორმაცია უწოდა.

"ლუგარის ცენტრი ეკუთვნის საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს", — განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა.

ლუგარის ლაბორატორია

ლუგარის ლაბორატორია

ფოტო: Al Mayadeen TV

რუსეთის ბრალდებების საპასუხოდ, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა. ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბოლო სამ კვირაში ლუგარის ცენტრისა და ჯანმრთელობის საკითხების მიმართ რუსული პრესა განსაკუთრებით გააქტიურდა. მისივე თქმით, რუსეთის ოფიციალური პირებისა და მედიის მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა.

"ის მხოლოდ და მხოლოდ მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს დისკრედიტაცია ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროგრესისა და ინოვაციების. ეს გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციები", — აღნიშნა გამყრელიძემ.

ცენტრის დირექტორმა განმარტა, რომ ლუგარის ლაბორატორია რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, რადგან აქ ისეთი ექსკლუზიური კვლევები მიმდინარეობს, რომელიც მხოლოდ ამ ლაბორატორიისთვის არის ხელმისაწვდომი.

"პირველ რიგში, ის მიმართულია ადამიანის სხვადასხვა ინფექციური დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და გამომწვევი აგენტების იდენტიფიცირებისთვის", — განმარტა გამყრელიძემ.

როგორც გამყრელიძე ამბობს, ლუგარის ცენტრის მუშაობის გამჭვირვალობისთვის 14-15 ნოემბერს ობიექტს 20-ზე მეტი ქვეყნის ბიოექსპერტი ეწვევა. მისივე თქმით, რუსმა ექსპერტმა ჩამოსვლაზე უარი თქვეს.

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უახლესი შენობაა, რომელიც სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა.

ფოტო: დაავადებათა კონტროლისა და საზგოდაბოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

ცენტრის მშენებლობა დაიწყო 2004 წელს, აშშ-საქართველოს მთავრობებს შორის 1997 წელს ხელმოწერილი ჩარჩო ხელშეკრულებისა და 2002 წელს აშშ თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული შეთანხმების "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ექნოლოგიების, პათოგენების და გამოცდილების გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" საფუძველზე.

ლუგარის ცენტრი აერთიანებს ბიოუსაფრთხოების მეორე და მესამე დონის ლაბორატორიებს, რომელთა მიზანია ადამიანისა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დროული აღმოჩენა და იდენტიფიკაცია "ერთიანი ჯანმრთელობის" პრინციპით.

ცენტრში ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ აკრედიტირებული 3 ვირუსოლოგიური ლაბორატორია (პოლიომიელიტის, გრიპის, წითელა–წითურას). გარდა ამისა, ფუნქციონირებს საერთაშორისო ხარისხის ლაბორატორიები: როტა ვირუსების, ინვაზიური მენინგიტების, მალარიის, ანტიბიოტიკორეზისტენტობის, დიფთერიის და სალმონელოზების დიაგნოსტიკაში, რაც საშუალებას იძლევა ცენტრმა წარადგინოს განაცხადი ჯანმოს მოთანამშრომლე ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად.

ლუგარის ლაბორატორია, როგორც პროპაგანდის იარაღი

მედიის განვითარების ფონდის მკვლევარი, სოფო გელავა ამბობს, რომ ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ შავი პროპაგანდა ახალი არ არის და ეს კამპანია რუსი პოლიტიკოსების, კრემლის მედიისა და მისი ქართული სატელიტების მიერ ლაბორატორიის გახსნის დღიდან ვრცელდება.

"ლაბორატორიის წინააღმდეგ მესიჯები ზოგჯერ ისეთი წინააღმდეგობრივია, აბსურდამდე დადის. ამ ლაბორატორიას აბრალებენ საქართველოდან რუსეთში ვირუსების ექსპორტს, რუსეთის წინააღმდეგ ბიოლოგიური იარაღის შექმნას და 2013 წელს ასადის მიერ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენებაც კი ლუგარის ლაბორატორიას ბრალდებოდა, როცა თავისი არსით ეს ლაბორატორია ბიოლოგიურია", — აღნიშნავს სოფო გელავა On.ge-სთან საუბრისას.

სოფო გელავა

ფოტო: Blue Shield Georgia

უახლოეს წარსულში ლაბორატორიის წინააღმდეგ კამპანიის ახალი ტალღა მარტში სკრიპალების მოწამვლის პარალელურად გაჩნდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მედია "ზვეზდა" არ გამორიცხავდა, რომ ნოვიჩოკი ბრიტანეთში სწორედ საქართველოდან მოხვდა.

"რუსულ მედიაში ამ საკითხების გაშუქების დინამიკას რომ დავაკვირდეთ, ძალიან ნათლად ჩანს, რომ ლუგარის თემის ახლა წამოწევა სკრიპალების საკითხის გადაწონვასა და გადაფარვას ემსახურება მიზნად. ის, რასაც ახლა კრემლი აკეთებს, არის პროპაგანდის მეთოდი: დაადანაშაულე შენი მეტოქე იმაში, რაშიც თავად ხარ ბრალდებული", — ამბობს გელავა.

გელავამ იგორ გიორგაძის მიერ გავრცელებული დოკუმენტებიც შეაფასა. დოკუმენტში საუბარია, რომ, თითქოს, C ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამა ადამიანის გარდაცვალებას იწვევს.

"ორივე მედიკამენტს, რომელზეც გიორგაძე საუბრობს, ევროპული და ამერიკული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს და არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ფართოდ გამოიყენება. რაც შეეხება ბულგარელ ჟურნალისტს, დილიანა გაიტანჯიევას, მას ჯანდაცვის სამინისტროსგან გაჟონილი დოკუმენტაცია კონსპირაციების არგუმენტად მოჰყავს", — აღნიშნა გელავამ On.ge-სთან.

მისივე თქმით, ცალკე აღებული ეს დოკუმენტები და მათი შინაარსი ლაბორატორიის წინააღმდეგ ვერაფერს ამტკიცებს და ჟურნალისტი ცდილობს სიმულაციური არგუმენტები შექმნას და მათი გამოყენებით საფრთხეებისა და განგაშის მდგომარეობა გამოიწვიოს.