ფოტოები გმირთა მოედნიდან — სოხუმის დაცემის 25 წელი
ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დილიდან ხალხმრავლობაა. 25 წლის წინ ამ დღეს სოხუმი დაეცა. უკვე 25 წელია ომში დაღუპულ გმირებს პატივს მიაგებენ მათი ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები, ვეტერანები...
აფხაზეთის დაცემის დღესთან დაკავშირებით, სამგლოვიარო ვიზიტები გმირთა მოედანზე 10:00-დან დაიწყო. პირველი ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მივიდნენ.
შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ არ იყო. ეს იყო საქართველოსა და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ომი.
"საქართველოს ერთიანობა ის მიზანია, რომლითაც თაობები იცხოვრებენ, იშრომებენ და ამ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ.
"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობთ, რომ აღვადგინოთ ის ნდობა, აღვადგინოთ ის ურთიერთობები, რომელიც გვქონდა ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს როლზე მშვიდობიანი გზით ოკუპაციის პრობლემის მოგვარების საქმეში.
"27 სექტემბერი არის რუსეთის აგრესიით გამოწვეული ქართველთა და აფხაზთა საერთო ტრაგედია, რომელსაც ჩვენი საერთო ქვეყნის ოკუპაცია მოჰყვა შემდეგში. დღეს ჩვენი ვალდებულებაა, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისა და საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის", – აღნიშნა ლევან იზორიამ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა თქვა, რომ 25 წელი გავიდა იმ საუბედურო კონფლიქტიდან, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა გამოცხადებული რუსიფიკაციის ქრონიკა.
მთავრობის წევრების შემდეგ, გმირთა მოედანზე პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი მივიდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურს დამკვიდრდეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია და "სოხუმის დაცემის დღეს ვისაუბროთ მხოლოდ იმაზე, რაც გვაერთიანებს და არა იმაზე, რაც გვყოფს".
ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გმირთა მოედანზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და თბილისის მერ, კახა კალაძესთან ერთად მივიდა.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის და იქნება აფხაზური ენის, იდენტობის, ქვეყნის გამთლიანების დამცველი.
"ვეცდები, ყველანაირად დავიცვა ეს მოვალეობა", - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.
"რა იგულისხმეთ, როდესაც აფხაზეთზე განგრენა თქვით", — ეს კითხვა გმირთა მოედანზე სალომე ზურაბიშვილს ერთ-ერთმა მოქალაქემ დაუსვა.
ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთი განგრენისთვის არ შეუდარებია და ეს სიტყვები მასზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა თქვა.
— რა იგულისხმეთ აფხაზეთზე?
— არაფერი, ის, რომ სამეგრელოს მეზობელია.
— არა, განგრენა არისო...
— არ მითქვამს.
— როგორ არა, ტელევიზორში მოვისმინე.
— მე არ მითქვამს, ოქრუაშვილმა თქვა ჩემზე.
ქართული ოცნების დამოუკიდებელი კანდიდატის შემდეგ, გმირთა მოედანზე ძალა ერთობაშიას ლიდერები მივიდნენ, მათ შორის გიორგი ვაშაძე და ზაალ უდუმაშვილმა.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველო გაერთიანდება და სოხუმი საქართველოს დედაქალაქი იქნება.
გმირთა მოედანზე ასევე მივიდნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები, ასევე აფხაზეთის მთავრობის წარმომადგებლები და აფხაზეთის ომის ვეტერანები.
პოლიტიკოსების ყოველწლიური ვიზიტი გმირთა მოედანზე დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დაასრულა. მისი თქმით, ეს არის ტრაგედია როგორც აფხაზებისთვის, ასევე ქართველებისთვის.
"მინდა, ამ ტკივილმაც რაღაცნაირად გვიბიძგოს, რომ დავიწყოთ ერთმანეთთან საუბარი, შერიგების სერიოზული პროცესი და შევძლოთ თანაცხოვრება ერთიან საქართველოში. ეს არის ჩემი ოცნება" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
სოხუმის დაცემის 25 წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 27 სექტემბერს, საქართველოს სახელმწიფო დროშები ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე დაშვებულია.
კომენტარები