როგორ ვიმოგზაუროთ ჭკვიანურად: 7 რჩევა ჩემოდნის ჩასალაგებლად
მოგზაურობისას ერთ-ერთი ყველაზე აუცილებელი რამ ჩემოდნის სწორი ჩალაგებაა. არ აქვს მნიშვნელობა, თქვენი მოგზაურობა რამდენიმე დღე გრძელდება, თუ - კვირა. ეს ის რჩევებია, რომელთა გათვალისწინებაც თავიდან გაუთვალისწინებელ პრობლემებს აგარიდებთ.
1. ჩამოწერეთ წასაღები ნივთები რამდენიმე დღით ადრე
წინასწარ ჩამოწერილი ნივთების სია საშუალებას არ მოგცემთ, რომ რაიმე დაგრჩეთ. რაც მთავარია, ეს პროცესი გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიწყოთ. შექმენით სია მობილურში და დახედეთ ხოლმე, როცა ორიოდე წუთი გამოგითავისუფლდებათ სამსახურში ან მგზავრობისას.
შეგიძლიათ, ჩემი სიითაც იხელმძღვანელოთ, ოღონდ თქვენი საჭიროებისამებრ შეცვალეთ:
წასაღები ნივთების სია:
- პასპორტი
- ფული
- დაზღვევა
- ბილეთები
- საცხოვრებელი ადგილის ჯავშანი
- მობილური
- ფოტოაპარატი (თუ მიგაქვთ)
- ლეპტოპი (თუ მიგაქვთ)
- ამ ყველაფრის დამტენები
- ორი შარვალი
- გამოსაცვლელი ფეხსაცმელი
- საცვლები და წინდები
- გრძელმკლავიანი მაისური
- მოკლემკლავიანი მაისური
- ჰუდი/სვიტერი
- სავარცხელი
- საღეჭი რეზინი
- მშრალი და სველი ხელსახოცები მგზავრობისთვის
- ღამის ტანსაცმელი
- პირსახოცი (თუ სასტუმროში არ მიდიხართ)
- წელის ჩანთა
- კბილის ჯაგრისი და პასტა (თუ ადგილზე ყიდვას არ აპირებთ)
- აუცილებელი წამლები და პირადი ჰიგიენის ნივთები
- სამგზავრო ბალიში (თუ გაქვთ)
- გარე დამტენი
- ფეხსაცმელი აბაზანისთვის
- ყურსასმენები
- სათვალე
2. გაითვალისწინეთ: რაც უფრო დიდია ჩემოდანი, მით მეტ რამეს ჩადებთ მასში
იყიდეთ იმხელა ჩემოდანი, რამხელაც გჭირდებათ, სხვა შემთხვევაში მას ბოლომდე გაავსებთ და მერე წელი გეტკინებათ. სასურველია, ჩემოდანი ნაჭრის კი არა, მყარი მასალის იყოს, რომ ზედმეტი ნივთები არ ჩატენოთ მასში. საუკეთესო ვერსია 55 სმ-იანი ჩემოდანია, რომლის გამოყენებაც ხელბარგადაც შეგიძლიათ
თუ ვიზეარით დაფრინავთ, ბარგის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.
3. გადმოალაგეთ ყველაფერი, რაც გეჩვენებათ, რომ ჩასალაგებელია და დაუნდობლად გაფილტრეთ
ჰკითხეთ თავს: ნამდვილად გჭირდებათ ფენი, ფრჩხილების მოვლის კომპლექტი, ელექტროჯაგრისი და ქოლგა? ხანდახან ჩალაგებულ ნივთებს და ტექნიკას ხელუხლებლად ვაბრუნებთ ხოლმე სახლში და თანაც რამდენიმე დღე თუ თქვენს ვარცხნილობას საკუთარ ნებაზე მიუშვებთ, ბევრი არაფერი დაშავდება.
4. ნუ "გაფლანგავთ" სივრცეს
ფეხსაცმელი ჩემოდანში ზედმეტად დიდ ადგილს იკავებს, ხოლო მათში წინდების ჩაწყობით თქვენ შეგიძლიათ, ეს ადგილი უფრო ეფექტურად გამოიყენოთ. წინდების გარდა ფეხსაცმელში შეგიძლიათ პარკში გახვეული საცვლებიც ჩააწყოთ.
5. გაითვალისწინეთ უკუდათვლის ანუ 5-4-3-2-1 წესი
1-კვირიანი მოგზაურობისთვის ასეთი მანტრა არსებობს: 5 საცვალი და 5 წყვილი წინდა (დამატებით იყიდეთ ან გარეცხეთ), 4 ზედა, 3 ქვედა (ამაში შედის შარვალიც და ქვედაბოლოც), 2 წყვილი ფეხსაცმელი და ერთი ქუდი.
ამ ჩამონათვალს სიტუაციის გათვალისწინებით შეგიძლიათ დაამატოთ საცურაო კოსტიუმი, სავარჯიშო ტანსაცმელი და კაბა.
6. არასდროს "ამოალაგოთ" პირადი ჰიგიენის ნივთები
"ცალკე გქონდეთ ჰიგიენის ნივთები, რომელთაც სამოგზაუროდ იყენებთ", - ამბობს მარი კონდო, რომელსაც მინიმალიზმის თემაზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი ეკუთვნის. წინასწარ ჩალაგებული სამოგზაურო ნაკრები დროს დაგიზოგავთ და ამგვარად, არც კბილის ჯაგრისი დაგრჩებათ და არც ლინზების შესანახი ყუთი. აქვე შეგიძლიათ ჩადოთ დამატენიანებელი კრემი ან თმის სამაგრები, ყოველდღიური მოხმარებისთვის კი შეგიძლიათ სხვა ნივთები გამოიყენოთ.
და ბოლოს:
7. გადაუღეთ სურათი ყველა მნიშვნელოვან სამგზავრო დოკუმენტს და შეინახეთ ისინი ტელეფონში
ჯობია, ყველაფრისთვის მზად იყოთ. სურათები ამობეჭდილ დოკუმენტებს ხშირ შემთხვევაში ანაცვლებს, ასე რომ, ციფრული ასლის ქონა თითქმის ყველა უსიამოვნებისგან დაგიცავთ.
რამეს ხომ არ დაამატებდით?
კომენტარები