10 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო, როცა პირველად მიფრინავ
ისევე როგორც სხვა ყველაფერი, პირველი ფრენაც ყოველთვის დასამახსოვრებელია. ამ დროს სიხარული თუ დაბნეულობა ის ემოციებია, რომლებიც ნებისმიერ თქვენგანს შეიძლება დაეუფლოს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ირაციონალურ მღელვარებასა და შიშებს მნიშვნელოვანი გეგმების ჩაშლის საშუალება უნდა მისცეთ. პირიქით, კონკრეტულ საორგანიზაციო საკითხებზე კონცენტრირდით, რომელთა წინასწარ გათვალისწინება და მოგვარება, ნებისმიერი მიმართულებით ფრენას გაცილებით სასიამოვნოსა და კომფორტულს გახდის.
მოკლედ, თუ მოგზაურობას გეგმავთ და ფიქრობთ, რომ ამ კუთხით სასარგებლო რჩევები არ გაწყენთ, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა.
ნახეთ 10 რამ, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, როცა პირველად მიფრინავთ:
1. მიდით აეროპორტში გაფრენამდე 2 საათით ადრე
არანაირი რჩევის გათვალისწინებას არ ექნება აზრი, თუ პუნქტუალურობას არ გამოიჩენთ და აეროპორტში ფრენამდე მინიმუმ ორი საათით ადრე არ მიხვალთ. თვითმფრინავში ჩასხდომა 30-35 წუთით ადრე იწყება და სანამ თქვენთვის განკუთვნილ სავარძელში მოკალათდებით, მნიშვნელოვანი ფორმალობების გავლაც მოგიწევთ, რასაც თავის მხრივ გარკვეული დრო სჭირდება.
დროის მოგების მიზნით რეგისტრაცია უმჯობესია ონლაინ გაიაროთ, თუმცა თუ ვერ ახერხებთ, მოძებნეთ სარეგისტრაციო დახლი, სადაც წინასწარ შეძენილი ბილეთისა და პასპორტის წარდგენის შემდეგ გადმოგცემენ სპეციალურ ტალონს, სადაც თვითმფრინავში ჩასხდომის ზუსტ დროსა და ადგილის ნომერს ამოიკითხავთ.
თუ რამეს ვერ გაიგებთ, ნუ მოგერიდებათ, დახმარება აეროპორტის რომელი თანამშრომელს სთხოვეთ.
2. გაეცანით აკრძალული ნივთების სიას
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, საპასპორტო და პირადი უსაფრთხოების პროცედურის გავლა მოგიწევთ, სადაც თქვენს ხელთ არსებული ბარგი საგულდაგულოდ შემოწმდება და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ აკრძალული ნივთების სიას გულდასმით გაეცნოთ.
ნებისმიერი სახის იარაღი, ბასრი საგნები, ქიმიური ან მომწამვლელი ნივთიერებები, ყველა სახეობის სითხეები და გელები, რომელსაც 100 მლ-ზე მეტი მოცულობა აქვს, თუ აალებადი საგნები კატეგორიულად აკრძალულია.
3. წინასწარ გაზომეთ და აწონეთ ბარგი
უხერხულობისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების თავიდან ასარიდებლად, წინასწარ გაზომეთ/აწონეთ ბარგი, რადგან მისი წონა ლიმიტირებულია და დასაშვებ ნორმაზე გადაცილების შემთხვევაში, თქვენ დამატებით თანხის გადახდა მოგიწევთ.
მაგალითად, თუ ვიზეარით მიფრინავთ, 10 კილოგრამი ბარგის წაღება სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.
ჩაბარებამდე ბარგის შეფუთვა კი გაფრენის დარბაზში მოთავსებული აპარატის დახმარებით არის შესაძლებელი.
4. აუცილებლად დაგეგმეთ ბიუჯეტი და ყველა შესაძლო ხარჯი წინასწარ გაითვალისწინეთ
სანამ ოცნება აგისრულდებათ და რომელიმე ქვეყანაში სამოგზაუროდ გაფრინდებით, დარწმუნდით, რომ ამისთვის საკმარისი ფინანსებიც გაგაჩნიათ. თუმცა, საკმარისი ფული ყველაფერს სულაც არ ნიშნავს. ბიუჯეტის წინასწარ დაგეგმვაც მნიშვნელოვანია, რადგან გაუთვალისწინებელ ან დაუფიქრებელ ხარჯებს ყველაფრის გაფუჭება შეუძლია.
პირველ რიგში, გადაახურდავეთ ფული იმ ქვეყნის ვალუტაზე, სადაც მიფრინავთ. ასევე გაითვალისწინეთ ავტობუსის/ტაქსის, სასტუმროს, ბარგის (რომელსაც წონას უკანა გზაზე მეგობრებისთვის წამოღებული საჩუქრები მნიშვნელოვნად მატებს), ახალი ნომრისა და სხვა ხარჯები.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მოგზაურობაში თანხა მთლიანად არ უნდა დახარჯოთ, რადგან, როდესაც დაბრუნდებით, 20-30 ლარი ტაქსით სახლამდე მისასვლელადაც დაგჭირდებათ.
5. აუცილებლად შეამოწმეთ, თუ როგორი ამინდი დაგხვდებათ დანიშნულების ადგილზე
დიახ, აუცილებლად გადაამოწმეთ, თუ როგორი ამინდი დაგხვდებათ დანიშნულების ადგილზე, რათა სამგზავრო ჩემოდანში შესაბამისი ტანსაცმელი ჩაალაგოთ. მაგალითად, თუ პარიზში მიფრინავთ, შარფი არ გაწყენთ, ხოლო ათენში საზაფხულო ტანსაცმლითაც ადვილად გახვალთ.
6. გადაწყვიტეთ, როუმინგი გირჩევნიათ თუ ადგილზე ნომრის შეძენა
თუ ახალი ნომრის ყიდვას არ აპირებთ, მნიშვნელოვანია, რომ როუმინგის მომსახურების წესებს წინასწარ გაეცნოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ როუმინგი საშუალებას მოგცემთ, საკუთარი ნომრით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მეგობრებსა და ოჯახის წევრებს დაუბრკოლებლად ეკონტაქტოთ.
აღსანიშნავია, რომ როუმინგის გამავალი და შემომავალი ზარიც ფასიანია. გამომდინარე იქიდან, რომ ოპერატორების უმრავლესობა ტარიფებს წელიწადში რამდენჯერმე ცვლის, დარეკვის წესებისა და ტარიფების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად მიმართოთ იმ კომპანიას, რომლის ნომერიც ახლა გაქვთ.
7. მოსახერხებელი ტანსაცმელი ჩაიცვით
ახალი არაფერია იმაში, რომ ნებისმიერ ტრანსპორტით მოგზაურობისას, უმჯობესია მოსახერხებელი და კომფორტული ტანსაცმელი გეცვათ. მით უმეტეს მაშინ, როდესაც შედარებით შორ მანძილზე მიფრინავთ და თვითმფრინავში რამდენიმე საათის გატარება ან მეტიც, დანიშნულების ადგილზე ჩასვლამდე, ერთი რეისიდან მეორეზე გადაჯდომა გიწევთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომფორტული ფეხსაცმელი, რომელიც საშუალებას მოგცემთ, მგზავრობისას თავისუფლად იგრძნოთ თავი, ჩაფრენის შემდეგ კი - ბევრი იაროთ ფეხის ტკივილის გარეშე.
8. ნუ გაიკეთებთ ბევრ აქსესუარს, თორემ შემოწმებაზე დიდხანს დაგაყოვნებენ
ყელსაბამები, ბეჭდები, საყურეები და ფეხის სამაჯურები ადგილზე ჩაფრენისთვის შეინახეთ. აეროპორტის თანამშრომლებს აქსესუარები დიდად არ უყვართ და არც თქვენ მოიხიბლებით უსაფრთხოების აპარატის ქვეშ რამდენჯერმე გავლით.
9. გაასწორეთ საათი იმ ქვეყნის დროზე, რომელშიც მიფრინავთ
იმისათვის, რომ ისეთივე ორგანიზებული და პუნქტუალური დარჩეთ, როგორიც აეროპორტში გაფრენამდე ორი საათით ადრე მიხვედით, აუცილებლად გაასწორეთ საათი იმ ქვეყნის დროზე, რომელშიც მიფრინავთ.
10. არ ინერვიულოთ - ოდესღაც ყველა მოგზაური გაფრინდა პირველად
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ფრენა ზოგჯერ მართლაც უკავშირდება მსუბუქ აღელვებასა და შფოთვას, გეტყვით, რომ არ უნდა ინერვიულოთ - ოდესღაც ხომ ყველა მოგზაური პირველად გაფრინდა?!
და აი, თვითმფრინავში ჩაჯდომაც დაიწყო. თქვენ უკვე თქვენთვის განკუთვნილ კომფორტულ სავარძელში ხართ მოკალათებული და ძალიან მალე, ჩვენგან ძალიან შორს მოლივლივე ქათქათა ღრუბლებს ზემოდან გადმოხედავთ და საუცხოო ხედით დატკბებით.
ბედნიერ ფრენას გისურვებთ!
კომენტარები