პარტნიორის კონტენტი

ისტორიული დაჯილდოება ისტორიულ შენობაში - ყველაფერი "საბა" 2018-ის შესახებ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოება 2018 წელს გერმანიაში, ფრანკფურტის მერიის ისტორიულ შენობაში ჩატარდება. გამარჯვებული ქართველი მწერლები კუთვნილ ჯილდოს Kaisersaal-ის სცენაზე მიიღებენ - დარბაზში, რომელშიც რომის იმპერიის იმპერატორების სადღესასწაულო ღონისძიებები იმართებოდა ხოლმე. ამ უდიდესი გამოწვევებისთვის "საბა" განსაკუთრებულად ემზადება.

ფრაკფურტის წიგნის ფესტივალის ქართული პროგრამა

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგება. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა კულტურის სფეროში, სადაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავტორის წიგნია წარმოდგენილი. სწორედ ეს არის ის ადგილი, სადაც ავტორები და გამომცემლები წარადგენენ მათ მიერ გამოცემულ წიგნებს, უზიარებენ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს, ყიდიან და ყიდულობენ თარგმნისა და გამოცემის უფლებას და ა.შ. გარდა ამისა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა უცხო კულტურის გაცნობისა და მასთან დაახლოებისთვის საუკეთესო ადგილია. აქ თითოეულ ქვეყანას თავისი პავილიონი აქვს წარმოდგენილი, რომლის კონცეფციაც ეროვნულ სიამაყეებს აერთიანებს.

2018 წელს საქართველოს ეროვნული სტენდი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იქნება. მას საპატიო სტუმრისთვის განკუთვნილი მთელი პავილიონი ექნება დათმობილი. აქ წარმოდგენილი იქნება არამარტო ქართველი მწერლების წიგნები, არამედ ქართველი ხელოვანების მიერ შექმნილი სხვადასხვა ნამუშევრები, ღვინო, ხელოვნურ ინტელექტზე შექმნილი ლიტერატურული ჩეტბოტები და სხვ.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ქართული ნაწილის კულმინაცია კი, ლიტერატურული პრემია "საბას" რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც ფრანკფურტის მერიის ისტორიული შენობის დიდებულ დარბაზში გაიმართება.

ფრანკფურტის მერიის ისტორიული შენობა

ფოტო: Shutterstock

2018 წელს ლიტერატურული პრემია "საბას" დაჯილდოება ფრანკფურტში, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება. რომერი - ასე ქვია შუა საუკუნეებში აგებულ ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო გერმანულ შენობას, რომელიც მეცამეტე საუკუნეში წარმატებული ვაჭრების, რომერების ოჯახმა ააგო. 1405 წელს ვაჭრების ოჯახმა გადაწყვიტა ეს ისტორიული შენობა გაეყიდათ, რის შემდეგაც, შენობა გერმანიის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ცენტრად იქცა. რომერების მიერ აგებული შენობა ქალაქის საკრებულომ იყიდა და იქ ფრანკფურტის მერია განთავსდა.

ასე დაიწყო ისტორიის წერა. უკვე 600 წელია ეს შენობა ქალაქის ცენტრში ამაყად დგას, წინ წმ. ნიკოლოზის ტაძარს გადაჰყურებს და ყოველდღიურად ათასობით დამთვალიერებლის ყურადღებით იწონებს თავს. შენობას რომ შეხედავთ, შესაძლოა ის ძალიან პატარად მოგეჩვენოთ, თუმცა სინამდვილეში ფრანკფურტის მერია თერთმეტ ნაგებობას აერთიანებს, რომლებიც ერთმანეთთან არქიტექტურულად არის დაკავშირებული.

ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ფრანკფურტის მერიის ისტორიულ აივანზე. ეს აივანი ფრანკფურტის ერთ-ერთ მთავარ მოედანს გადმოჰყურებს. ამის გამო, აივნიდან პოლიტიკოსები და სპორტსმენები მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ესალმებიან ხოლმე და მათ სიტყვით მიმართავენ.

ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ფრანკფურტის მერიის ისტორიულ აივანზე. ეს აივანი ფრანკფურტის ერთ-ერთ მთავარ მოედანს გადმოჰყურებს. ამის გამო, აივნიდან პოლიტიკოსები და სპორტსმენები მოედანზე შეკრებილ საზოგადოებას ესალმებიან ხოლმე და მათ სიტყვით მიმართავენ.

ფოტო: Shutterstock / Feldmann

მომიჯნავე შენობების შეძენა ეტაპობრივად ხდებოდა და ისინი ნელ-ნელა ერთიანდებოდა. მიუხედავად მისი გამორჩეული არქიტექტურისა, ფრანკფურტის მერია მხოლოდ ლამაზი ექსტერიერით არ გამოირჩევა. ის უდიდესი ისტორიული ცენტრია გერმანელებისთვის, რომელსაც სამი ძირითადი დარბაზი აქვს: Römerhalle, Schwanenhalle და Kaisersaal. სამივე დარბაზის კედლები დიდი სახელმწიფო მოღვაწეების საიდუმლოებებს ინახავს, თუმცა მათი დანიშნულება დღეს უფრო მეტად კულტურულია, ვიდრე პოლიტიკური.

ისტორიული დარბაზები, კულტურა და "საბას" დაჯილდოება Kaisersaal-ში

მართალია ფრანკფურტის მერია მუზეუმი არ არის, მაგრამ იქ მაინც ძალიან ხშირად იმართება კულტურული ღონისძიებები. ამის ნათელი მაგალითია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, რომელსაც პირველად სწორედ ამ დარბაზებმა უმასპინძლა. Römerhalle და Schwanenhalle ფრანკფურტის მერიის ყველაზე ძველი დარბაზებია, რომლებიც ფაქტობრივად 600 წელია არ შეცვლილა. რაღაც სასწაულით, ისინი მეორე მსოფლიო ომის დამანგრეველ შედეგებსაც გადაურჩნენ და ყველაზე პრესტიჟულ წიგნის ბაზრობას დღემდე მასპინძლობენ.

Römerhalle და Schwanenhalle-ზე ერთი სართულით ზემოთ, ფრანკფურტის მერიის ყველაზე დიდებული დარბაზი, Kaisersaal მდებარეობს, რომელშიც 12 ოქტომბერს ლიტერატურული პრემია "საბა" 2018-ის დაჯილდოება გაიმართება. ეს არის ქართული კულტურისა და "საბას" ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რადგან ფრანკფურტის მერია Kaisersaal-ს მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებს უთმობს ადგილს.

ფოტო: Ulrich Knapp

Kaisersaal ცნობილი იყო როგორც "იმპერატორების დარბაზი", რომელშიც რომის იმპერიის დროს კორონაციის შემდგომი ცერემონიები იმართებოდა ხოლმე. ამ დარბაზში რომის იმპერიის ყველა იმპერატორის პორტრეტების უნიკალური და განუმეორებელი კოლექცია ინახება, მათ შორის ედუარდ შტაინლეს მიერ შექმნილი ალბერტ პირველისა და ფერდინანდ მესამის პორტრეტები.

ლიტერატურული პრემია "საბას" ისტორია მოკლედ

ლიტერატურული პრემია "საბა" თიბისიმ 2003 წელს დააარსა. ამ ხნის განმავლობაში "საბამ" საქართველოს ყველაზე პრესტიჟული და ავტორიტეტული ლიტერატურული ჯილდოს წოდება მოიპოვა და მისი მიღება ნებისმიერი ქართველი მწერლისთვის დიდ მიღწევად ითვლება. 2003 წლიდან დღემდე სხვადასხვა ნომინაციებში "საბამ" 111 ავტორს 145 ჯილდო გადასცა. 15 წლის განმავლობაში ლიტერატურული კონკურსის მონაწილეებს შორის საუკეთესო ავტორები სამოცმა ჟიურის წევრმა შეარჩია, რომლებმაც ჯამში 3000-ზე მეტი წიგნი შეაფასეს.

2005 წ. აკა მორჩილაძე იღებს კუთვნილ ჯილდოს რომანისთვის "სანტა ესპერანსა".

2005 წ. აკა მორჩილაძე იღებს კუთვნილ ჯილდოს რომანისთვის "სანტა ესპერანსა".

ფოტო: საბას ფოტოარქივი

წელს გამარჯვებულები 10 სხვდასხვა ნომინაციაში გამოვლინდება, მათგან 6 ნომინაციის ფინალისტების ვინაობა კი უკვე ცნობილია. დარჩენილი 4 ნომინაციის ფინალისტების სახელები და გვარები უშუალოდ დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.

წლევანდელი ფინალისტებიდან "საბას" ლაურეატები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

  • საუკეთესო რომანი
  • საუკეთესო პროზაული კრებული
  • საუკეთესო პოეტური კრებული
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  • საუკეთესო ქართული თარგმანი
  • ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი
  • ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა
  • ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა
  • პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

გაიგეთ მეტი:

სამი ახალი ნომინაცია პირველად "საბას" ისტორიაში

როგორც ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" დირექტორი, ირინა ჯავახაძე, On.ge-სთან საუბარში აცხადებს, პრემია "საბა" წელს სამ ახალ ნომინაციაშიც გამოავლენს ლაურეატებს. ესენია: ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა, ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა და პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის. ამ ნომინაციების დამატება "საბამ" ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის მინიჭებას დაუკავშირა. .

გასული 15 წლისგან განსხვავებით, "საბა 2018"-ის დაჯილდოება ორ ენაზე გაიმართება. წამყვანები რატი ამაღლობელი და ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი დორის აკრაპი იქნებიან.

ნომინაცია "საუკეთესო უცხოური თარგმანი"

სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან "საბა" საერთაშორისო კონკურსი გახდა. მას დაემატა ახალი ნომინაცია "საუკეთესო უცხოური თარგმანი", რომელშიც უცხოელი მთარგმნელები და გამომცემლობები მონაწილეობენ.

ამ ნომინაციაში წარმოდგენილ თარგმანებს უცხოელი ლიტერატორები აფასებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან. დღემდე ნომინაციის შეფასებაში 25-ზე მეტი უცხოელი ლიტერატორი და მწერალი მონაწილეობდა, რომლებიც აფასებენ თარგმანის ხარისხს თავის მშობლიურ ენაზე. მათი რეცენზიები მიეწოდება "საბას" ჟიურის, გამარჯვებულის გამოსავლენად.

2013-2018 წლებში „საბამ“ ქართული ნაწარმოებების 20 სხვადახვა ენაზე გამოცემული 140 რომანი განიხილა, რომლებიც მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში გამოიცა.

წაიკითხეთ:

ვინ დაესწრება წლევანდელ დაჯილდოებას?

წლევანდელ დაჯილდოებას უცხოელი მწერლები, გამომცემლობები, კრიტიკოსები, ხელოვანები, საერთაშორისო მედია, გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები, ფრანკფურტის მერი და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი დაესწრებიან.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ცერემონიას უცხოური გამომცემლობების წარმომადგენლები დაესწრებიან. ასეთი საპატიო სტუმრების მოწვევა ემსახურება კონკრეტულ მიზანს - ქართული წიგნის პოპულარიზაციას. ამ ნაბიჯით ჩვენ გვსურს, რომ მათში თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გავზარდოთ და ხელი შევუწყოთ რაც შეიძლება მეტი ახალი ტექსტის გამოცემას უცხოური გამომცემლობების მიერ", - ამბობს ირინა ჯავახაძე On.ge-სთან საუბარში.

დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გერმანიის დროით 20:30 სთ-ზე დაიწყება, თბილისის დროით კი 22:30 სთ-ზე. მისი ყურება TV პირველის პირდაპირ ეთერში, ასევე თიბისისა და საბას ფეისბუქ გვერდებზე იქნება შესაძლებელი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. საახალწლო საჩუქრები — ქართული სოციალური საწარმოები, რომელთა პროდუქტებითაც ნებისმიერს გაახარებთ
  2. ოქსფორდის წლის სიტყვად "ტვინის ლპობა" დასახელდა — აი, რას ნიშნავს ეს
  3. მითია თუ რეალობა? — ქვიზი 1956 წლის რეპრესიებზე
  4. ქვიზი: მოგვიყევი შენს მეგობარზე და გეტყვით, რა აჩუქო ახალ წელს
  5. ნინო ხარატიშვილი: აუცილებლად მოვა ახალი წელი და გაიმარჯვებს თავისუფლება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პრეზიდენტი: ამ პირობებში არ შეიძლება სხვა პოლიტიკური გამოსავალი იყოს, თუ არა არჩევნების დანიშვნა

იმედი მაქვს, რომ ყველამ დეტალურად წაიკითხა [ეუთო/ოდირის დასკვნა] იმიტომ, რომ ყველამ დეტალურად უნდა წაიკითხოს ეს…