ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი პირი დააკავა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დაკავებულებმა მოქალაქეებისგან და სხვადასხვა შპს-სგან ხელშეკრულებით იქირავეს ექვსი ავტომობილი, რომლებიც შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ნაწილებად დაშალეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა 4 ავტომობილის ნაწილები ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დანარჩენი ავტომანქანების ამოღების მიზნით, საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის ა ქვეპუნქტით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.