მე-20 საუკუნის ლიტერატურულ ისტორიაში ძნელად თუ მოიძებნება ისეთი სენსაციური მოთხრობა, როგორიც შირლი ჯექსონის ლატარიაა, რომელიც დღეს უკვე ამერიკული პროზის უბადლო კლასიკად მიიჩნევა. ესაა ნაწარმოები, რომელმაც ავტორსაც და გამომცემელსაც აღშფოთებული და განრისხებული მკითხველების წერილების ზღვა დაატეხა თავს და რომელიც გამოქვეყნებიდან თითქმის ოთხმოცი წლის შემდეგაც აგრძელებს ადამიანების დაზაფვრას.

შირლი ჯექსონის სახელს შეიძლება მისი ყველაზე ცნობილი რომანის, ჰილჰაუსის მოჩვენების, დამსახურებით იცნობდეთ — ესაა ამერიკული ჰორორის კლასიკოსად მიჩნეული მწერლის ერთადერთი წიგნი, რომელიც ქართულად ითარგმნა. ამასთან, რამდენიმე წლის წინ ნეტფლიქსმა ნაწარმოების მიხედვით გახმაურებული მინისერიალი გადაიღო. თუმცაღა ჯექსონს კიდევ არაერთი საინტერესო რომანი და 200-ზე მეტი მოთხრობა ეკუთვნის, საყოველთაო აღიარება მას სწორედ ლატარიამ მოუტანა. ეს ჩემი არც პირველი გამოქვეყნებული მოთხრობა არ გახლდათ და არც უკანასკნელი, მაგრამ ყოველ ჯერზე ვრწმუნდებოდი, რომ მხოლოდ ლატარია რომ დამეწერა და დამებეჭდა, მაინც იქნებოდა ხალხი, ვინც ჩემს სახელს არ დაივიწყებდაო, აღნიშნა ჯექსონმა წლების შემდეგ თავის საჯარო ლექციაში.

ტრადიცია, ფანატიზმი და სისასტიკე

ქვემოთ შეხვდებით სპოილერს. თუ მოთხრობა არ წაგიკითხავთ და სიუჟეტის დეტალების გაგება არ გსურთ, შეგიძლიათ ეს ქვეთავი გამოტოვოთ ან გაეცნოთ ნაწარმოებს ჟურნალ არილის ვებგვერდზე და შემდეგ დაგვიბრუნდეთ.

ზემოხსენებული სამი სიტყვა ნაწარმოების თემატიკას მოკლედ აჯამებს. მოთხრობაში მოქმედება ერთ პატარა სოფელში 27 ივნისის დილას იწყება, როცა "ცა მოწმენდილი იყო, მზე ჩახჩახებდა და ჰაერი ზაფხულის საამო სითბოთი გაჟღენთილიყო". ამ იდილიური სურათის აღწერას სხვა საყოფაცხოვრებო დეტალების ჩამოთვლა მოჰყვება: სკოლიდან დათხოვნილი ბავშვები თამაშობენ, კაცები ამინდსა და მოსავალზე ლაპარაკობენ, ქალები კი ერთმანეთში ჭორებს ცვლიან. თითქოს, სოფლისთვის ზაფხულის ერთი ჩვეულებრივი დილა დგას, მაგრამ ამ დღეს მნიშვნელოვანი ამბის მოლოდინში არიან — მოედანზე ყოველწლიური ღონისძიება, ლატარია, უნდა გაიმართოს. გათამაშების პრინციპით, მოსახლეობა ირჩევს თანასოფლელს, რომელსაც — მხოლოდ მოთხრობის დასასრულს ხდება ცნობილი, თუ რა ბედი ეწევა — იმავე მოედანზე დაუნდობლად ჩაქოლავენ, შემდეგ კი თავ-თავიანთ რუტინულ საქმეებს ისე მიუბრუნდებიან, თითქოს, არც არაფერი მომხდარა.

ლატარიის მნიშვნელობა მოთხრობაში გამოკვეთილად არ იხსნება, მაგრამ პერსონაჟების საუბრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოსახლეობა ამ რიტუალს მიაწერს მოსავლიანობას და მომდევნო წლის სიავკარგეს. ერთ სცენაში მოხუცი კაცი შეიტყობს, რომ ზოგიერთ სხვა სოფელში ლატარიას აღარ ატარებენ და ამ ფაქტით აღშფოთებული ახალგაზრდების ლანძღვას მოჰყვება. მოხუცი იმაზეც ბრაზობს, რომ რიტუალის ტრადიციული ელემენტები დაიკარგა.

შემორჩენილი ელემენტების დეტალურად აღწერას კი ჯექსონი დიდ ადგილს უთმობს: როგორ უნდა შედგეს ლატარიის მონაწილეთა სია, რა ფორმალური წესები უნდა შესრულდეს ცერემონიის დაწყებამდე. ამ ყველაფრით ავტორი მიანიშნებს, როგორ უკითხავად და დაუფიქრებლად მიჰყვება ტრადიციას სოფლის ფანატიკოსი მოსახლეობა.

უარსო ტრადიციების ბრმად მიმდევრობის გარდა, ლატარია 21-ე საუკუნის მკითხველსაც ბევრ საკითხზე აფიქრებს, მათ შორის ყველაზე აქტუალურია ბრბოს ფსიქოლოგია და არენდტისეული "ბოროტების ბანალურობა". ამ მხრივ პარალელების გავლება შეიძლება საქართველოში ბოლო წლებში მომხდარ არაერთ ამბავთანაც, თუნდაც 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებთან.

სალანძღავი წერილები, ჟურნალის გაუქმებული გამოწერები და მოთხრობის აკრძალვები

შირლი ჯექსონი 1956 წელს

ფოტო: Erich Hartmann / Magnum Photos

შირლი ჯექსონმა ლატარია ივნისის ერთ მზიან დღეს, სულ რაღაც ორ საათში დაწერა. მოგვიანებით იხსენებდა, რომ ამ შავბნელი ამბის იდეა იმავე დილას დაებადა, როცა ეტლში მჯდომ შვილთან ერთად აღმართზე ადიოდა. დაწერილი ტექსტი მაშინვე უდეპეშა თავის აგენტს, რომელიც მოთხრობას განსაკუთრებული აღფრთოვანებით არ შეხვედრია. თუმცა, ლატარია მაინც გაეგზავნა ჟურნალ The New Yorker-ს, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ამერიკულ გამოცემას, რომლის რედაქციამ დაბეჭდვის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

თუმცა, The New Yorker-ში ლატარიის მნიშვნელობა მაინცდამაინც კარგად ვერ გაიგეს, მათ შორის, ვერც ჟურნალის მაშინდელმა რედაქტორმა ჰაროლდ როსმა, და რადგან ჯექსონსაც არ შეუწუხებია თავი ნაწარმოების განმარტებით, დაბეჭდვამდე ტექსტში მხოლოდ ერთი ცვლილება მოითხოვეს — მოთხრობაში მოქმედების განვითარება ჟურნალის გამოსვლის თარიღთან დაკავშირებული უნდა ყოფილიყო.

ასე და არანაირი სენსაციის მოლოდინით გამოქვეყნდა ლატარია The New Yorker -ის 1948 წლის 26 ივნისის ნომერში. თუმცა, ხალხის რეაქციამ არ დააყოვნა: ასობით მკითხველმა ჟურნალის გამოწერა გააუქმა, რედაქცია კი წერილს წერილზე იღებდა, სადაც ხან ლანძღავდნენ, ხან აღშფოთებას გამოთქვამდნენ, ხანაც, უბრალოდ, მოთხრობის არსის ახსნას სთხოვდნენ. "აღმაშფოთებელი", "საძაგლობა", "სრული უაზრობა", — ესაა ის რამდენიმე ეპითეტი, რომლებიც წერილებში ხშირად მეორდებოდა. ჟურნალში ზოგიერთი რეკავდა კიდეც. The New Yorker-ში ასეთი გამოხმაურება არცერთ სხვა ლიტერატურულ პუბლიკაციაზე არ ახსენდებოდათ.

წერილებს, ხშირად რედაქციიდან გადაგზავნილს, მრავლად იღებდა თავად ავტორიც — ზოგჯერ დღეში 10-ზე მეტსაც კი. ჯექსონი წლების შემდეგ ხუმრობდა, საფოსტო ყუთი შიშის გარეშე ბოლოს 1948 წლის 26 ივნისს გავხსენიო. ზოგიერთი ადრესანტი იმასაც ფიქრობდა, რომ ლატარია, რეალურად, მხატვრული ტექსტი არ იყო და ავტორს სთხოვდა, გაემხილა, სად ხდებოდა მსგავსი ამბები.

ლატარიის გამოქვეყნებას არც მწერლის ახლობლები არ შეხვედრიან აღფრთოვანებით. ჯექსონმა უკმაყოფილებით სავსე წერილი მშობლებისგანაც კი მიიღო; იქნებ, რამე ისეთი დაგეწერა, რომ ხალხი გაახალისოო, სთხოვდა დედამისი. ამ დილას ავტობუსში ყური მოვკარი, ერთი კაცი შენს მოთხრობაზე ლაპარაკობდაო, ჯექსონს სწერდა მეგობარიც: "მინდოდა, მეთქვა, ავტორს ვიცნობ-მეთქი, მაგრამ რომ მოვისმინე, რას ამბობდა, გადავიფიქრე".

მოთხრობას ზოგან კიდევ უფრო მძაფრი რეაქციით შეხვდნენ. მაგალითისთვის, სამხრეთ აფრიკის კავშირში ლატარია საერთოდ აიკრძალა, რადგან იმ დროისთვის ჩაქოლვა აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ჯერ კიდევ მიღებული და გავრცელებული პრაქტიკა იყო.

ლატარიის მორალი და გავლენა

1969 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ლატარია, რეჟისორი ლარი იასტი

ფოტო: Encyclopædia Britannica, Inc.

იმ წერილებს, რომელთა ავტორებიც მოთხრობის მნიშვნელობის ახსნას ითხოვდნენ, The New Yorker შაბლონური ტექსტით პასუხობდა, ლატარია იგავური მოთხრობაა და მისი ინტერპრეტირება მრავალნაირად შეიძლებაო: "ავტორმა ასე გვაჩვენა, როგორ ვლინდება მიკროსამყაროში თავმოყრილი მტრული დამოკიდებულებები, შურისძიების წყურვილი და სხვების დევნის წადილი გლობალურად, დაუსრულებელი და ტრადიციული ფორმით, და როგორ უმიზეზოდ იღებენ ადამიანებს სამიზნეში".

თავად ავტორს კი ნაწარმოების არსის განმარტება უფრო უჭირდა. ჯექსონის თქმით, ლატარიის წერისას ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ძველისძველი სასტიკი რიტუალის თანამედროვეობაში გადმოტანით და ნატურალისტური აღწერით მკითხველებს ელდას დასცემდა და ჩვენს ცხოვრებაში არსებულ უარსო ძალადობაზე დააფიქრებდა.

მწერალმა თავის მიზანს მიაღწია. ყოველ შემთხვევაში, სწორედ "ელდის დაცემად" იხსენებს მოთხრობის წაკითხვის შემდგომ ემოციებს უკვე ჩვენი დროის ჰორორის კლასიკოსი, სტივენ კინგი.

კინგი ერთადერთი არაა, ვისზეც შირლი ჯექსონმა გავლენა მოახდინა. უშუალოდ ლატარიის ფაბულითაა ნასაზრდოები სხვა არაერთი თანამედროვე ბესტსელერიც, თუნდაც სიუზენ კოლინზის შიმშილის თამაშები.

მოთხრობა, რომელმაც რვა ათწლეულის წინათ ამერიკელი მკითხველი განარისხა, დღეს აშშ-ის სკოლებში სავალდებულო საკითხავია. ნაწარმოები სხვადასხვა სახით, მათ შორის, კინო, სატელევიზიო და სასცენო ადაპტაციებითაც აგრძელებს არსებობას.

თუ წიგნების კითხვა და მათი განხილვა არასდროს გბეზრდება, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი გვერდიც და...