შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის კლუბებში გამოძალვისა და იძულების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, 3 კი პასუხისგებაში მისცეს.

შსს-ს ცნობით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება ბათუმში არსებულ დისკო კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურებასთან და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტებზე.

უწყების ცნობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, მათ შორის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღებები.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში, ძალადობის გამოყენების მუქარით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არარსებული მენიუს საფასურის, 730 ლარის გადახდა მოსთხოვეს. ერთ-ერთ მოქალაქეს კი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებაც მიაყენეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამავე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამი პირი მისცეს.

შსს-ს ცნობით, პასუხისგებაში მიცემულები, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კლუბში თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს 2 700 ლარის ოდენობით თანხის გადახდას აიძულებდნენ არარსებული მენიუსთვის.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ჯგუფურად ჩადენილი იძულების ფაქტებზე, მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.