როგორ აგრძელებს ცხოვრებას ზოოპარკი სტიქიიდან 3 წლის შემდეგ – ინტერვიუ ხატია ბასილაშვილთან
3 წელი გავიდა თბილისში მდინარე ვერეს ადიდების შედეგად გამოწვეული წყალდიდობიდან, რომლის დროსაც 21 ადამიანი დაიღუპა და ორი უგზოუკვლოს დაიკარგა. სტიქიამ გაანადგურა ზოოპარკი, ცხოველების ნაწილი გაიქცა, ნაწილმა კი წყალდიდობას თავი ვერ დააღწია.
სტიქიის შემდეგ, ზოოპარკის გზისპირა ტერიტორიაზე განადგურებული ვოლიერების სრული დემონტაჟი განხორციელდა, ადგილი მიწით მოასწორეს და სხვადასხვა მცენარე დარგეს. ზოოპარკმა მიიღო უამრავი ცხოველი, გაჩნდა თეთრი ლომის პირველი სამი ბოკვერიც.
ამ და სხვა ცვლილებებზე ესაუბრა On.ge თბილისის ზოოპარკის მეცნიერ-თანამშრომელსა და დირექტორის ასისტენტს, ხატია ბასილაშვილს.
სტიქიიდან სამი წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ზოოპარკში. აგრძელებთ ზრდას?
ზოოპარკში სულ ხდება რაღაც ცვლილება, ისე არ გაივლის თვე ან კვირა, რომ რაღაც სიახლე არ მოხდეს. აი, მაგალითად გუშინ, სიმბოლურად 13 ივნისის წინა დღეს, ფრინველები ჩამოგვივიდა. ცოტა ხნის წინ კი, წარმოუდგენელი რამ მოხდა. არწივი ზოოპარკში, მისთვის დამახასიათებელი სირთულეების გამო, აქამდე არასდროს გამრავლებულა, მაგრამ, ახლა შეეძინა ბარტყი. ეს ჩვენთვის იმხელა ზეიმი და დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რომ ვერ აღვწერთ. თან ისეთ სიმაღლეზე ჰყავს შემალული, რომ სურათის გადაღება შეუძლებელია. ასეთი წვრილმანი ამბები, რაც უცხო თვალისთვის შეიძლება უმნიშვნელო ჩანდეს, რეალურად ზოოპარკისთვის და მისი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ცხოველებსაც სულ ვიღებთ. სომხეთთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები და სომხეთის ზოოპარკში ცხოველების გაშვებას ვგეგმავთ. წაიყვანეს უკვე რაღაც ნაწილი, ზებრები, ლამები, მგლებიც უნდა წაიყვანონ. ამ შეთანხმების მიხედვით, მათაც უნდა გამოგვიგზავნონ ცხოველები.
ჩვენც სულ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მოვიძიოთ ინფორმაცია და რაღაც ახალი ვისწავლოთ. მაგალითად, როგორ შევუქმნათ არწივს პირობები გასამრავლებლად, როგორ გამოჩეკონ ბუხრინწებმა ბარტყები. ესეც ზოოპარკის განვითარებაა, რადგან დიდი ცოდნის შეძენასთან და მის გამოყენებასთანაა დაკავშირებული. ინფორმაციის მოძიებასაც ცოდნა უნდა, რადგან უნდა იცოდე, სად ისწავლო და მერე ეს რეალურ გამოცდილებაში გადმოიტანო.
ამ ინფორმაციას როგორ იღებთ? ვინ გიზიარებთ ამ გამოცდილებებს?
ზოოპარკებს გვაქვს დიდი საინფორმაციო ქსელი, სადაც აზრს ვკითხულობთ და ინფორმაციას ვცვლით. ესაა ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაცია (EAZA).
უამრავი ქვეყანა დაეხმარა თბილისის ზოოპარკს 13 ივნისის შემდეგ. თუ აგრძელებთ მათთან ურთიერთობას?
კი, წყალდიდობის შემდეგ ვინც დაგვეხმარა, ყველასთან აქტიური ურთიერთობა გვაქვს, განსაკუთრებით ამერიკის ზოოპარკებთან, რადგან ისინი ძალიან დაგვიმეგობრდნენ და სულ გვიზიარებენ რჩევებს.
თქვენ თუ ეხმარებით სხვა ზოოპარკებს?
ინფორმაციის გაცვლა სხვა ზოოპარკებთანაც მუდმივად ხდება. აი ახლა, მაგალითად, სომხეთის ზოოპარკმა გადაწყვიტა დიდი ცვლილებების განხორციელება და ძველი, საბჭოური გალიების გადაკეთება. ჩვენ მათ ჩვენს ხელთ არსებული გამოცდილების გაზიარებითა და ცხოველებით ვეხმარებით. ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება ზოოპარკების ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია.
ხართ თუ არა ტექნიკურად უფრო მზად 13 ივნისის მსგავსი მოვლენებისთვის? და სახელმწიფოსგან თუ არსებობს გარანტიები, რომლებიც ადრე არ იყო?
სტიქიური მოვლენა ისეთი რამაა, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ და შეიძლება ისე მოხდეს, რომ არაფრის საშუალება არ იყოს იმ წამს. წყალდიდობას რაც შეეხება, ზოოპარკიდან სამეცნიერო ჯგუფი იყო წასული ამერიკაში და სწორედ საგანგებო სიტუაციებში ეფექტიანად გამკლავების წესებზე გაიარეს ტრენინგები. ესაა გეგმა, რომელიც ამერიკელ პარტნიორებთან ერთად დავწერეთ, რომელშიც გაწერილია, როგორ უნდა გავუმკლავდეთ წყალდიდობას, ხანძარს. ესაა ზოოპარკის შიდა წესია, როგორ უნდა მოიქცნენ თანამშრომლები კრიტიკულ სიტუაციებში.
რაც შეეხება სახელმწიფოსგან გარანტიებს, არ ვიცი, რა გიპასუხოთ. 3 წლის წინ, ეს იყო მათთვისაც პირველი შემთხვევა და არ იცოდნენ, როგორ უნდა გამკლავებოდნენ ასეთ საგანგებო სიტუაციებს, ახლა კი, იმხელა გამოცდილება გვაქვს, რომ თუ რამე მოხდა, უფრო მზად დავხვდებით.
გერმანიაში, რამდენიმე კვირის წინ, დაიტბორა ზოოპარკი და ცხოველები გაიქცნენ ქუჩაში. თუ შესთავაზეთ ინფორმაციული ან სხვა სახის დახმარება?
რა თქმა უნდა გავიგეთ. ზოოპარკს მიეცა თავისუფლად მოქმედების საშუალება და მათ ძალიან სწრაფად იპოვეს გაქცეული ცხოველები. თუმცა, როგორც ვიცი, ერთი დათვი მოკლეს, დანარჩენი ლომები, ვეფხვები დრონებით დაიჭირეს. პატარა ქალაქში მოხდა ეს და დრონებით გადაუფრინეს, გადაიღეს, დააფიქსირეს ცხოველები და ჯგუფები გავიდნენ, დააძინეს ცხოველები და დააბრუნეს ზოოპარკში. იქ იმდენად სწრაფად დაიმორჩილეს სიტუაცია, რომ სანამ ამბავი ჩვენამდე მოაღწევდა, პრობლემა უკვე გადაჭრილი იყო.
ახალ ზოოპარკში გადასასვლელად, 1 წლის წინ, საკმარისი ფული არ იყო. ახლა რა სიტუაციაა?
ახლაც ასეა. დამატებითი თანხები არ გვაქვს. ჩვენ მერიისგან ყოველწლიურად ვიღებთ ფიქსირებულ ბიუჯეტს, რომელიც იხარჯება ცხოველების კვებაზე, ზრუნვასა და თანამშრომლების ხელფასებზე. ანუ ესაა ბიუჯეტი, რითიც ზოოპარკი არსებობს. მეორე არის საკუთარი შემოსავალი, ანუ ბილეთის ფასი, რომელიც საკმაოდ ცოტაა იმისთვის, რომ ზოოპარკს დიდი ცვლილებების გაწევაში გამოადგეს, თუმცა ამ თანხით გაკეთდა პატარა დათვებისა და პატარა მგლების, ასევე ნიამორებისა და ირმების ვოლიერები.
არსებული ბიუჯეტიდან ხშირად ვცდილობთ თანხის დაზოგვას, სხვადასხვა რამის მოკლებას და ზოოპარკის ხარჯებით თბილისის ზღვაზე რაღაცების გაკეთებას. ახლა ვასრულებთ ფოცხვერის ვოლიერს და ალბათ ორ კვირაში გადავიყვანთ იქ ცხოველს. ამის მერე დავასრულებთ ჯიხვების და მტაცებელი ფრინველების, არწივისა და ფასკუნჯების, ვოლიერებს.
ცალკე ბიუჯეტი ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადასატანად არ არსებობს. ის რაც აქამდე გაკეთდა, ვგულისხმობ დათვებისა და მგლების ვოლიერებსა და საბავშვო მოედანს, გერმანიის თანამშრომლობის ფონდმა დააფინანსა.
კომენტარები