საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა, რომელიც 25 მაისს დააკავეს, გათავისუფლებულია. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფეისბუქზე დაწერა.

მისი თქმით, 4 საათიანი ჩხრეკის შემდეგ, სამართალდამცველებს მარიხუანას გარდა, მისი სახლიდან არაფერი ამოუღიათ.

"პირველ რიგში, მადლობა ყველას, ვინც ამ თითქმის 48 საათის განმავლობაში ჩემზე იფიქრა და იდარდა. კარგად გამოვიძინე და სათქმელიც დამიგროვდა:)) მადლობა ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლის წყალობითაც მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლის სანქციები გაუქმდა, ანუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი არ აღმოჩნდა. თითქმის 4 საათიანი ჩხრეკის შედეგად ჩემი საცხოვრებელი სახლიდან სამართალდამცველებს მარიხუანას გარდა არაფერი ამოუღიათ", - დაწერა ნოდარ ჩაჩუამ.

შსს-ში ნოდარ ჩაჩუას დაკავების ფაქტს არ ადასტურებდნენ და აცხადებდნენ, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. ჟურნალისტის დაკავება საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ დაადასტურა.