შაბათს, შეკვეთილში, ბლექ სი არენას 10 ათას კაციან დარბაზში სეზონი ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა, ენიო მორიკონემ გახსნა.

ოსკარის მფლობელმა კომპოზიტორმა მუსიკალური მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში, 600-მდე მუსიკალური ნაწარმოები შექმნა.

კონცერტი ჩექინ ჯორჯიას ფარგლებში გაიმართა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნებოდა.

კონცერტის დაწყებამდე

ოფიციალური დროით, კონცერტი 9-ის ნახევარზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ის 43 წუთის დაგვიანებით დაიწყო.

სანამ ჭიშკარი გაიღებოდა, აღმოჩნდა, რომ გალავნის გარეთ იყვნენ ისინი, ვისაც ბილეთები არ ჰქონდათ შეძენილი. ბილეთები კი სალაროებში კვლავ იყიდებოდა.

ფოტო: On.ge

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო [რადგან იგივე მოხდა აეროსმიტის კონცერტის წინ], ადგილზე მრავლად იყვნენ გადამყიდველები, რომლებიც ზუსტად სალაროს წინ იდგნენ და უბილეთოებს 60-ლარიან ბილეთებს 100 ლარად სთავაზობდნენ.

ამის მიუხედავად, ბლექ სი არენას გარშემო კარგი განწყობა სუფევდა. მზე ანათებდა, მუსიკოსების პარკის წინ მდებარე 5 მლნ ლარის ღირებულების შადრევნიდან კი, მორიკონეს კომპოზიციები ისმოდა.

მოლოდინები

ლეგენდარული კომპოზიტორის მოსასმენად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან და საზღვარგარეთიდან ყველა ასაკის ადამიანი იყო ჩამოსული. ისინი საყვარელი კომპოზიციების მოსმენამდე წუთებს ითვლიდნენ.

გიორგი, 24 წლის: "ვიცი, რომ ფილმების საუნდტრეკებს შეასრულებს, თუმცა ყველაზე მეტად, მინდა ერთხელ ამერიკაში რომ მუსიკაა, ეგ დაუკრას".

ნინო, 46 წლის: "ბილეთი ჩემმა შვილებმა მიყიდეს, რადგან მორიკონეს დიდი ხნის მსმენელი ვარ. იცით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია აქ ყოფნა, მოლოდინები დიდი მაქვს, იმის მიუხედავად, შეასრულებს თუ არა ჩემს საყვარელ მუსიკას".

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი ფრენა და თბილისიდან მატარებლის სპეციალური რეისიც დაინიშნა.

საუბარი მსმენელთან ზეციური მუსიკით

ენიო მორიკონე ქართველი მსმენელისთვის ბლექ სი არენას სცენაზე 9 საათსა და 12 წუთზე გამოვიდა, რასაც დარბაზის შეუჩერებელი აპლოდისმენტები მოჰყვა. არ ყოფილა არანაირი "გამარჯობა საქართველო" ან "მიკვარხართ", - გენიალური იტალიელი მუსიკოსი მასზე შეყვარებულ ადამიანებს თავისი უკვდავი ხელოვნებით ესაუბრა.

მორიკონემ კონცერტი The Legend of 1900-ის [ლეგენდა პიანისტზე] ამავე სახელწოდების საუნდტრეკით გახსნა

დაპირებისამებრ, მორიკონემ საკუთარ არჩეულ რეპერტუარში ნაცნობი და უცნობი კინომუსიკა შეიტანა. მან შეასრულა ნაწარმოებები ისეთი ფილმებიდან, როგორიცაა Bugsy, Nuovo Cinema Paradiso, The good, the bad and the ugly, The Mission და ა.შ.

მორიკონეს გვერდს უმშვენებდნენ დიდი ხნის პარტნიორები, სოპრანო სუზანა რიგაჩი და ფადოს შემსრულებელი, დულჩე პონტესი. ეს უკანასკნელი სცენაზე ფეხშიშველი გამოვიდა და ისე შეასრულა თავისი უძლიერესი ხმით კომპოზიციები.

ენიო მორიკონე და დულჩე პონტესი: La Luz Prodigiosa

ენიო მორიკონე და სუზანა რიგაჩი: The Ecstasy of Gold

მორიკონე თავად დირიჟორობდა რომის სიმფონიურ ორკესტრს, რომელთა უკანაც თბილისის ოპერის გუნდი იდგა, 70 შემსრულებლით.

თითქმის 2-საათიანი კონცერტის შემდეგ, მორიკონე მსმენელმა ბისზე დაახლოებით ოთხჯერ გაიხმო და ამის შემდეგ, მან კვლავ რამდენჯერმე შეასრულა კომპოზიციები რიგაჩისთან და პონტესთან ერთად.

ენიო მორიკონეს კონცერტის დასრულების შემდეგ მსმენელები ემოციებს ვერ მალავდნენ. მელოდია, რომელიც ჩვენთვის კინოეკრანებთან იყო დაკავშირებული, ამჯერად პირდაპირ სცენიდან იღვრებოდა და კიდევ ერთხელ გვაგრძნობინებდა, რომ მუსიკას საოცარი ძალა აქვს.