UEFA-მ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის რეგლამენტში ცვლილებები დაამტკიცა.

მომდევნო 2018-2019 წლების სეზონიდან პლეიოფის დამატებით ტაიმებში გუნდებს მეოთხე ცვლილების გამოყენების უფლება ექნებათ. აქამდე დამატებითი ტაიმები ცვლილებათა რაოდენობაზე არანაირ გავლენას არ ახდენდა.

გარდა ამისა, უეფას სუპერთასზე, ასევე ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის ფინალში, გამონაკლისის სახით, გუნდებს შეეძლებათ, განაცხადში 18-ის ნაცვლად, 23 ფეხბურთელი ჰყავდეთ, რაც სათადარიგოთა სკამზე ფეხბურთელების რაოდენობას შვიდიდან თორმეტამდე გაზრდის.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯგუფური ეტაპის შემდეგ კლუბებს უფლება ექნებათ, შეზღუდვის გარეშე დაიმატონ (შეიძინონ) სამი ახალი ფეხბურთელი, მათ შორის ისინიც, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე სხვა კლუბის მაისურით ასპარეზობდნენ.

ცვლილებათა სრულ სიას, შეგიძლიათ, UEFA-ს ოფიციალურ საიტზე გაეცნოთ.