ფსიქოლოგი განმარტავს, რატომ არ უნდა ვუმეოროთ პატარა გოგოებს, რომ ლამაზები არიან
"2 წლის დისშვილი მყავს. ის საოცარია - ცეკვავს ისე, თითქოს არავინ უყურებდეს და უყვარს წიგნი, სახელად "კვანტური ფიზიკა ბავშვებისთვის". რომ ჰკითხო, თავად რისგან შეიქმნა, ეს ორი წლის გოგო გიპასუხებთ, რომ - ატომებისგან და თან გაოცებული მხრებს აიჩეჩავს, რომ ასეთი მარტივი რამ ჰკითხეთ. მე სულ ვეუბნები, რომ საოცარი ბავშვია, მაგრამ არ ვეუბნები, რომ ლამაზია. არ ვამახვილებ ყურადღებას მის სამოსზე, ან იმაზე, როგორი საყვარელია. როდესაც დაიბადა, გადავწყვიტე, მის ცხოვრებაში ის ადამიანი ვყოფილიყავი, ვინც გარეგნობაზე არ ელაპარაკებოდა. ჩემს დისშვილს ბევრი ადამიანი ეუბნება, რომ ძალიან ლამაზია, უბრალოდ მე ერთ-ერთი მათგანი არ ვარ", - წერს ფსიქოლოგი რენე ინგლენი Psychology Today-სთვის.
ფსიქოლოგი ამბობს, რომ როდესაც ბევრს ვსაუბრობთ რამეზე, ჩვენ ვტოვებთ მესიჯს, რომ ეს თემა ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი სიტყვებით, თუ ჩვენ ბავშვებს სულ სიკეთეზე ვესაუბრებით, ისინი გააცნობიერებენ, რომ სიკეთე აუცილებელი რამაა. ან თუ მათ სხვა ადამიანების მიმართ გულუხვობისთვის შევაქებთ, გაიაზრებენ, რომ ზრუნვა აუცილებელია:
"და როდესაც პატარა გოგოებს გამუდმებით გავუმეორებთ, რომ ლამაზები არიან, ჩვენ მათ ვაფიქრებინებთ, რომ გარეგნობა მათთვის ყველაზე მთავარი საზრუნავია"
კვლევის მიხედვით, გოგოებს მშობლები თუ ნაცნობები ადრეული ასაკიდან უმახვილებენ ყურადღებას გარეგნობაზე.
მშობლებს, რომელთა შვილებიც 24 საათის დაბადებულნი იყვნენ, მეცნიერებმა სთხოვეს, შვილი დაეხასიათებინათ.
ბიჭების დედ-მამისგან განსხვავებით, გოგოების მშობლები ამბობდნენ, რომ მათი შვილები ლამაზები, საყვარლები და უსუსურები იყვნენ. იმის მიუხედავად, რომ ჩვილები დიდად არ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან ზომა-წონითა თუ სხვა მახასიათებლებით.
როდესაც 11 თვის ბავშვების მშობლებს ჰკითხეს, როგორ ვითარდებოდნენ მათი შვილები, გოგოების დედები ამაყობდნენ, რომ მათმა შვილებმა შეძლეს და მუხლებზე ხოხვა ისწავლეს. ბიჭების დედები კი ფიქრობდნენ, რომ მათი პატარები მამაცები იყვნენ და თანატოლ გოგონებთან შედარებით, მეტი რამის გაკეთება შეეძლოთ. რეალურად კი, ჩვილები გოგოები და ბიჭები ერთმანეთისგან მოტორიკული შესაძლებლობებით არ განსხვავდებიან, ისინი ფიზიკური განვითარების საფეხურებს თითქმის ერთდროულად გადიან.
ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გოგოები და ბიჭები სტერეოტიპულ დამოკიდებულებას, პირველ რიგში, მშობლებისგან აწყდებიან.
ფსიქოლოგი დასძენს, რომ გოგოების შექება, გარეგნობის გარდა, სხვა მახასიათებლების აღნიშვნითაც შეიძლება:
"დაუსვით გოგოებს კითხვები და გაიგებთ, რა აინტერესებთ ყველაზე მეტად. ღია კითხვები მათ საშუალებას მისცემს, მეტი ილაპარაკონ და ეს მათ მეხსიერებისა და აზრის ჩამოყალიბების განვითარებაშიც დაეხმარება. ჰკითხეთ, რისი კეთება მოსწონთ, რას სწავლობენ, რა აინტერესებთ. სთხოვეთ, რომ რამე მოვლენა ან საგანი აღგიწერონ. სთხოვეთ, გაჩვენონ საყვარელი სათამაშოები და წიგნები, ჰკითხეთ, რა არის მათი გეგმები".
რენე ინგლენი ასევე გირჩევთ, გოგოებს უთხრათ, რომ მათი აზრებით დაინტერესებულები ხართ:
"შეაქეთ გოგო, როცა დავალებას წარმატებით გაართმევს თავს. მადლობა გადაუხადეთ, რომ სხვებს კარგად ექცევა და აღნიშნეთ, როგორ გახარებთ მისი ინტერესი სხვადასხვა მოვლენების მიმართ".
ფსიქოლოგი დასძენს, რომ ეს მიდგომები ბიჭებზეც აუცილებლად უნდა გავავრცელოთ, იმის მიუხედავად, რომ მათ "ფასს" საზოგადოება გარეგნობის მიხედვით არ ადგენს:
"მშობლად ყოფნის მთავარი ვალდებულება ჩვენს შვილებთან საუბარი და ურთიერთობაა. ნუ მისცემთ თავს უფლებას, დაუფიქრებელი გზავნილებით თქვენს შვილებს არასასურველი შეხედულებები ჩამოუყალიბოთ. მთავარი ისაა, რას ფიქრობენ, გრძნობენ და განიცდიან ჩვენი შვილები".
კომენტარები