ოსკარის მფლობელ მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს საკმაოდ დატვირთული 2017 წელი ჰქონდა და ასეთივე 2018 ექნება.

BBC-ის ინფორმაციით, მსახიობმა გადაწყვიტა შემდეგი წელი დასვენებას დაუთმოს, კარიერას დროებით ზურგი აქციოს და აქტივიზმში გადაინაცვლოს.

"შემდეგ წელს კინოსგან დავისვენებ. ერთ-ერთ ორგანიზაციაში მივდივარ მოხალისედ და ვეცდები, რომ ახალგაზრდებიც ჩავრთო პოლიტიკაში", - ამბობს ლოურენსი.

ჯენიფერ ლოურენსი, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ისედაც ყოველთვის ახერხებდა თავბრუდამხვევი კარიერის პარალელურად დრო სხვადასხვა, მნიშვნელოვანი აქტივობებისთვისაც გამოენახა. ის აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, ცდილობს დაძლიოს სექსიზმი კინოინდუსტრიაში და პარალელურად, რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციის დონორიც არის.

ჯენიფერ ლოურენსი ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია. ის უკვე ოთხჯერ იყო ნომინირებული ოსკარზე, Silver Linings Playbook-ში შესრულებული როლისთვის, კი ეს ჯილდო მოიპოვა კიდეც.

2018 წელს ლოურენსის მონაწილეობით ორი ფილმი გამოდის.