ამერიკელმა ექიმებმა, ენდოკრინოლოგებმა და ფსიქოლოგებმა 40-ზე მეტი დიეტა შეისწავლეს საფრთხეების კუთხით და საკუთარი რეკომენდაციები გამოაქვეყნეს. ექსპერტებმა თითოეული დიეტა შვიდი კრიტერიუმის მიხედვით გაანალიზეს: სწრაფი და გრძელვადიანი წონის კლება, სიიოლე, უსაფრთხოება, შემადგენლობა, კორელაცია დიაბეტთან და კორელაცია გულის დაავადებებთან.

ყველაზე ცუდ დიეტად კეტოგენური დიეტა დასახელდა, რომელიც გასულ წლებში ყველაზე პოპულარული დიეტა იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. მას დუკანის დიეტა მოსდევს. ზოგადი რეკომენდაციის თანახმად, დიეტები, რომლებიც ნახშირწყლების შეზღუდვას ითვალისწინებენ, პრობლემის დროებით მოგვარებას სთავაზობენ ადამიანებს. ნახშირწყლების მნიშვნელოვანი შეზღუდვა ენერგიის ნაკლებობას, თავბრუსხვევასა და ძილიანობას იწვევს. ხილისა და ბოსტენულის გარეშე ხანგრძლივად ცხოვრება კი ვიტამინების ნაკლებობასთანაა დაკავშირებული. გვერდითი ეფექტებია ასევე ცუდი სუნი პირიდან და შეკრულობა.

ექსპერტებმა კეტოგენური დიეტის შემადგენლობაც გააკრიტიკეს. მასში საკვების 70%-ს ცხიმი წარმოადგენს.

საუკეთესო დიეტად მედიტერიანული კვების პრინციპებზე დაფუძნებული დიეტა, Dash დასახელდა (Dietary Approaches to Stop Hypertension). დიეტა მაღალი წნევის დაბალანსებაზეა ორიენტირებული და ძირითადად ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება. დაშვებულია ასევე მარცვლოვანი პურისა და ორგანული საკვების მიღება. საუკეთესოდ ის დიეტები დაასახელეს, რომლებიც რაციონის ბოსტნეულით შევსებას გვთავაზობენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დიეტისა და ჯანმრთელობის ინდუსტრიაში ამ ექსპერტების აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, კეტოგენურ და დუკანის დიეტებს წინ რთული წელი ელით.